გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 25.09.2018
საქმის ნომერი
160310018002395228
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
25.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №16031001800--95228

N3/56-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე

სხდომის მდივანი ელენე თაგაური

მოსარჩელე: ზაზ-------------–-–---–ი;

მოპასუხე: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

მოპასუხის წარმომადგენელი: კახ---------------–იძე;

მესამე პირები: ლე------------–-ილი;

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ოქტომბრის N882012725653-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 9 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. მა------ლი (ს.კ 83.02.03.0--).

 

2017 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N882017945205-06 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგენდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა, კერძოდ, 882017945205 განცხადებით წარდგენილ საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, უძრავი ნივთი იყო ზედდებაში 83.02.17.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებთან. შემდგომში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, რადგან ზედდება ვერ გამოსწორდა.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რობ უძრავი ქონება ს/კ 83.02.17.3-- წარმოადგენს ლე------------–-ილის საკუთრებას. აღნიშული უძრავი ქონების უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებულია განაწილების სია და სიის ნომერი 74. უძრავი ნივთი ს/კ 83.02.03.0-- რომლის რეგისტრაციასთან დაკავშირებითაც მოსარჩელეს ჰქონდა განაცხადი შეტანილი ეკუთვნოდა მის მამას - გუ----------------–-–--ლს, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 6 ივნისს და მოსარჩლემ როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო გუ----------------–-–--ლის სახელზე რიცხული უძრავი ქონება.

 

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გუ----------------–-–--ლის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 83.02.03.0-- რომლის უფლების დამდგენი დოკუმენტში მითითებულია განაწილების სიის ნომერი 22. ამდენად აღნიშნულ ამონაწერს თან ერთვის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, სადაც მითითებულია, რომ ამ ნაკვეთის ჩრდილოეთით მდებარეობს ნაკვეთი საკადასტრო კოდით 83.02.03.0-- ხოლო ამ ნაკვეთის სამხრეთით მდებარეობს ნაკვეთი საკადასტრო კოდით 83.02.03.0-- აღმოსავლეთიდან აღნიშნულ უძრავ ქონებას ესაზღვრება გზა.

 

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა განაწილების სია, სადაც დახაზულია ნაკვეთების კონფიგურაცია, გზები და ასევე მითითებულია ნაკვეთების ნომრები და ნომრების შესაბამისად სიაში მითითებულია ის პირები, რომელთაც აღნიშნული ნაკვეთები გადაეცათ.

 

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ ლე------------–-ილს არასწორად აქვს დაზუსტებული წესით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რის გამოც მოსარჩელე ვერ ახერხებს თავისი ნაკვეთის დარეგისტრაციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე ითხოვს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ოქტომბრის N882012725653-05 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2003 წლის 9 მაისს (განცხადების N 832003033097) ქალაქ მა------ლში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1430 კვ.მ ფართობის მქონე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი N 83.02.------0) საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის N327-ე ბრძანებულების თანახმად, დარეგისტრირდა ლე------------–-ილის კომლის საკუთრების უფლება.

 

2012 წლის 10 სექტემბერს სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი იქნა ლე------------–-ილის N882012725653 სარეგისტრაციო განცხადება, ქალაქ მა------ლში მდებარე (საკადასტრო კოდი N83.02.------) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების რეგისტრაციის მოთხოვნით. დაინტერესებულ პირმა აღნიშნული განცხადებას დაურთო, დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელ. ვერსია მიწის სარეგისტრაციო მოწმობა.

 

სამსახურის მიერ 2012 წლის 5 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N888012725653-05 რეგისტრაციის შესახებ და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ლე-------------–---–-ს საკუთრებად. საკადასტრო მონაცემების დაზუსტების შედეგად ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი _ 83.02.17.3-- (ძველი საკადასტრო კოდი 83.02.------) ფართი - 1430 კვ.მ.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ რეგისტრაცია განხორციელდა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძვლები.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის ლე------------–-ილის განმარტებით, მან 2017 წლის 7 დეკემბერს N892017185848 განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მან განცხადებას თან დაურთო საკადასტრო აზომვითი ნახაზი და და მოითხოვა დაზუსტებული მონაცემებით კუთვნილი უძრავი ქონების ს/კ 83.02.17.3-- ნაკვეთის წინა ნომერი 83.02.------ რეგისტრაცია, რომელზედაც დღემდე საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

 

მესამე პირის განმარტებით, თავდაპირველად რეგისტრაცია განხორციელდა არასწორად და მისთვის არ იყო ცნობილი იმის შესახებ, რომ მისი კუთვნილი უძრავი ქონების ნაცვლად დარეგისტრირებული ჰქონდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი. იგი დღემდე სარგებლობს მისი მიწის ნაკვეთით და მოსარჩელის მიწის ნაკვეთთან არანაირი შეხება არ აქვს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1 დადგენილია, რომ 2003 წლის 9 მაისს, უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.03.0-- დარეგისტრირდა გუ----------------–-–--ლის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი;

- საკადასტრო გეგმა;

 

4.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბერს ზაზ-------------–-–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. რაზეც, 2017 წლის 20 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 882017945205-06 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავა, კერძოდ, 882017945205 განცხადებით წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად უძრავი ნივთი ზედდებაშია 83.02.17.3-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან, ხოლო 2017 წლის 24 ნოემბერს N 882017945205-26 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 9 ოქტომბრის განცხადება;

- 2017 წლის 20 ოქტომბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N 882017945205-06 გადაწყვეტილება;

- 2017 წლის 24 ნოემბრის N 882017945205-26 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ;

 

4.1.3 დადგენილია, რომ 2003 წლის 9 მაისს, უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.------ დარეგისტრირდა ლე------------–-ილის საკუთრების უფლება. მიწის ნაკვეთზე შედგა საკადასტრო გეგმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი;

- საკადასტრო გეგმა;

 

4.1.4. დადგენილია, რომ 2012 წლის 10 სექტემბერს, ლე------------–-ილმა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებას თან დაურთო აზ. ნახაზი, ელ ვერია და მიწის სარეგისტრაციო მოწმობა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება მოითხოვა. 2012 წლის 5 ოქტომბრის N882012725653-05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლე------------–-ილის განცხადება და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდი N83.02.17.3-- (წინა N83.02.------) დარეგისტრდა ლე------------–-ილის საკუთრებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2012 წლის 10 სექტემბრის განცხადება;

- 2012 წლის 5 ოქტომბრის N882012725653-05 რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება;

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი ს.კ N83.02.17.3-- მიწის ნაკვეთი იდენტურია ს.კ N83.02.03.0-- მიწის ნაკვეთისა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სიტუაციური ნახაზი 416227/17;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ზაზ-------------–-–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ოქტომბრის N882012725653-05 გადაწყვეტილება. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

6. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ ინსტრუქცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წესს, კერძოდ, მითითებული კოდექსის 60 I მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად იცნოს, იგი უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს ან არსებითად უნდა იყოს დარღვეული მისი გამოცემის წესი.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სასამართლოს მიერ დადგენილ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.03.0-- დარეგისტრირდა გუ----------------–-–--ლის საკუთრების უფლება.

 

დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.------ დარეგისტრირდა ლე------------–-ილის საკუთრების უფლება.

 

დადგენილია, რომ როგორც მოსარჩელის ასევე მესამე პირის უფლება მიწის ნაკვეთზე დასტურდება მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათებითა და ასევე სარეგისტრაციო მოწმობებით, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიწის ნაკვეთის ფართობის და კონფიგურაციის შესახებ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე მითითებული მონაცემებით განხორციელებულია მიწის ნაკვეთების დაუზუსტებელი რეგისტრაცია როგორც მოსარჩელის ასევე მესამე პირის სახელზე.

 

დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - ს.კ 83.02.------ პირველადი რეგისტრაციის დროს წარდგენილი საკადასტრო რუკა და შემდგომ დაზუსტებული რეგისტრაციის დროს წარდგენილი საკადასტრო გეგმა არ შეესაბამება ერთმანეთს კონფიგურაციით და ადგილმდებარეობით, რამაც გამოიწვია მოსარჩელის და მესამე პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებს შორის ზედდება.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამავე კანონის 23-ე მუხლის ,,ვ 1“ ქვეპუნქტის თანახმად რეგისტრაციაზე უარის თქმის ერთ-ერთ საფუძველს სარეგისტრაციო მოთხოვნის რეგისტრირებულ მონაცემებთან იდენტურობა წარმოადგენს. ვინაიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლება გამორიცხავს იმავე ნივთზე სარეგისტრაციოდ წარდგენილი უფლების რეგისტრაციას, მარეგისტრირებელი ორგანო ასეთ შემთხვევაში უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის შესახებ. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მესამე პირის სახელზე ნაკვეთის რეგისტრაციამდე უნდა გამოეკვლია ნაკვეთის სხვა პირის სახელზე რეგისტრაციის არსებობა, შეედარებია სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკადასტრო მონაცემებთან თუ სააღრიცხვო ბარათებთან და ამონაწერებთან, დაედგინა სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთების კოდები, მესაკუთრეები, გეოგრაფიული მდებარეობა, რათა სარწმუნოდ დაედგინა საქმისათვი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და არ დაეშვა ერთი ნაკვეთის მიმართ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩანაწერის არსებობა. გადამოწმების ვალდებულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უფრო მაღალი ხარისხით წარმოეშობა იმის გათვალისწინებითაც, რომ უპირატესად სახელდობრ თავად მარეგისტრირებელი ორგანოსათვის არის ცნობილი რეესტრში რეგისტრირებული ყველა მიწის ნაკვეთის ელექტრონული სისტემით აღურიცხაობის შესახებ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. მითითებული მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას, რომლის დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას.

 

„საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).

 

კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის და რეგისტრირებული უფლების დაცვის ფუნქცია აკისრია საჯარო რეესტრს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლიდან, რომლის თანახმად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. იმავე კანონის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის /იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. ხოლო 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

სასამართლო თვლის, რომ საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საჯარო რეესტრის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც უძრავ ქონებაზე ს.კ N83.02.17.3-- (ნაკვეთის წინა N 83.02.------) დარეგისტრირდა ლე------------–-ილის საკუთრების უფლება შელახა იმავე საკადასტრო მონაცემებზე დაუზუსტებელი ფორმით რეგისტრირებული ზაზ-------------–-–---–ის საკუთრების უფლება. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა კი ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, ვინაიდან ამ ობიექტზე სხვა საკადასტრო კოდით, თუმცა იგივე საკადასტრო მონაცემებით დარეგისტრირდა სხვისი უფლება, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს. სადავო გადაწყვეტილებით ვიღებთ მოცემულობას, რომლის მიხედვით ლე------------–-ილის სახელზე იარსებებს რეგისტრირებული უფლება, რომელსაც არ გააჩნია ამ უფლების ობიექტი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი სასამართლოს მხრიდან მისთვის ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დაღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას, რაც გამოიხატა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დაუდგენლობასა და შეუფასებლობაში, რის გამოც შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება და შესაბამისად ამ გარემოებების სასამართლო წესით გარკვევა. ამდენად, არსებობს სადავო საკითხის გადაუწყვეტლად აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 10-ე, მე-12, 22-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

g a d a w y v i t a ;

 

1. მოსარჩელე ზაზ-------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

_ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 5 ოქტომბრის N882012725653-05 გადაწყვეტილება. დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3. დაეკისროთ მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

4. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის №7ა) ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ბოლნისი, სულხან-საბას №113) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე