გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/5183-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი - ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - შპს ,,ჯ-------’’
წარმომადგენელი -თ----------–----–--ა
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენელი - მ------------------ი
მესამე პირი (ასკ-ის მ. 16-2) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი-ო-------------–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულება;
1.2 ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულება;
1.3. საქართველოს ეროვნული ბანკს დაევალოს შპს ,,ჯ--------ის’’ გათავისუფლება დაკისრებული ჯარიმებისგან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ფორმალური და მატერიალური კანონიერება, იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. მესამე პირის წარმომადგენელი დაეთანხმა მოპასუხის პოზიციას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილით აცნობა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა შესაბამისობაში მოეყვანათ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ,,რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მოთხოვნებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 21 მარტის N-------- წერილი (ს.ფ. 63)
3.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე 2018 წლის 1- ივნისს განხორციელდა შპს ,,ჯ-------ის’’ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ, მისამართზე ქ-------–-------------------- და ქ.თბილისი, კ-------------------ში ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 და 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებებით დამტკიცებული წესებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პირობების მოთხოვნათა შესრულების შემოწმება. შემოწმებისას გამოვლინდა, რომ შპს ,,ჯ-------ის’’ ვალუტის გადამცვლელ პუნქტების ვიდომეთვალყურეობის სისტემა არ აკმაყოფილებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით გათვალისწინებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს. კერძოდ, ვერ მოიძებნა 30 დღიანი უწყვეტი ჩანაწერი მისამართზე ქ-------–-------------------- (არის 27 დღე), რომლის შემოწმებას დაესწრო მოლარე ლიკა ოზმანოვა, მან უარი განაცხადა შემოწმების აქტის ხელმოწერაზე. ასევე ვერ მოიძებნა 30 დღიანი უწყვეტი ჩანაწერი მისამართზე ქ.თბილისი, კ-------------------ში (არის 23 დღე), რომლის შემოწმებას დაესწრო მოლარე ტ------–-----ია, რომლის ხელმოწერაც წარმოდგენილია შემოწმების აქტზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ’’ 2018 წლის 1- ივნისის აქტი (ს.ფ.27)
-,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ’’ 2018 წლის 1- ივნისის აქტი (ს.ფ.23)
3.1.3. ,,შპს ,,ჯ------’’-ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულებით შპს ,,ჯ-------ს’’ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვიდეოჩანაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შესაბამისი ჩანაწერებით შენახვის ვადისა და წესის დარღვევის გამო, შემოწმების შედეგად დაეკისრა ფულადი ჯარიმა-2000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,შპს ,,ჯ------’’-ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულება (სფ.21-22)
3.1.4. ,,შპს ,,ჯ------’’-ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულებით შპს ,,ჯ-------ს’’ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვიდეოჩანაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაციის შესაბამისი ჩანაწერებით შენახვის ვადისა და წესის დარღვევის გამო, შემოწმების შედეგად, დაეკისრა ფულადი ჯარიმა-2000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-,,შპს ,,ჯ------’’-ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულება (სფ.25-26).
3.1.5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების 2017 წლის 7 ივნისის N1---------- და N1---------- აქტების თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების ადგილზე (სხვა პროფილის ობიექტზე) ვიდეომეთვალყურეობის სისტემები (კამერები) განთავსდა ამ აქტის მე-5 პუნქტში მითითებული პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. მოსარჩელეს დაეკისრა ვალდებულება უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემების ჩართვა სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემაში. ამდენად, წარმოდგენილი დოკუმენტებით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ-------ის'' დაქვემდებარებაში არსებული ორივე სავალუტო ჯიხურში, ქ. თილისი, თ-------------- და ქ. თბილისი, კ------------------- ვიდეომეთვალყურეობის სისტემები დამონტაჟებულია საკანონმდებლო მოთხოვნების გათვალისწინებით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების 2017 წლის 7 ივნისის N1---------- აქტი (ს.ფ.28-29)
-ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების 2017 წლის 7 ივნისის N1---------- აქტი (ს.ფ.30-31)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ჯ--------ის’’სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სასამართლო, აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 2-----–--------- განკარგულებები აკმაყოფილებენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, გასაჩივრებული აქტების კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.
ამ წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.
ამავე მუხლის მე-14 პუნქტი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვალდებულებას აკისრებს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.
ამდენად, ზემოაღნიშნული წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები, ტექნიკური მახასიათებლები, ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა განეკუთვნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობებს და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე კი მათი დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი საზედამხედველო საქმიანობა.
საქმეში დაცული მასალით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმება. შემოწმების პროცესში გამოვლენილ იქნა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა, კერძოდ, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს არ გააჩნდათ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის არანაკლებ 30 დღის ვიდეოჩანაწერი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის’’ პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი. ამავე წესის მე-5 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში არსებულ ორ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვიდეომეთვალყურეობის სისტემები არ უზრუნველყოფდა უწყვეტ 30 დღიან ჩანაწერს, რის გამოც მას დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის’’ მე-5 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს სარეგისტრაციო პირობების დარღვევის გამო დაეკისრათ ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული გადაწყვეტილებები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ჯ--------ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ჯ--------ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი