1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:
ა) ზედამხედველობა გაუწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას;
ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის წარმოშობის წყაროების და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ);
გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს;
დ) შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა;
ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;
ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება;
თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები;
ი) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი;
კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი.
2. ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით.
3. ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
4. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია თავის მიერ დადგენილი წესით შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5527 - ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 3
სექტემბრის ორგანული კანონი
№
4188
- ვებგვერდი, 10.09.2015წ.
საქართველოს 2015 წლის 28
ოქტომბრის ორგანული კანონი
№4468
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 10
მარტის
ორგანული
კანონი
№436
- ვებგვერდი, 22.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 23
დეკემბრის
ორგანული
კანონი №1894
–
ვებგვერდი, 11.01.2018