გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 3/6281-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხატია არდაზიშვილი
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ი/მ კ---------------
წარმომადგენელი - კ------------ა
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენელი - მ------------------ი, თ------------–---–ი
მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გ---------------ე, მ----–-–--–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 2-------ის აქტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შესახებ;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 24 აგვისტოს N--- განკარგულება;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4. ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის N--- განკარგულების მიხედვით, ინდივიდუალური მეწარმე ,,კ--------------ს’’ მიეცა ლიცენზია განუსაზღვრელი ვადით ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ლიცენზიის და მათი საქმიანობის ზედამხედველობის წესით’’ გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის თბილისში, მ--------–---–-------------------ში განთავსებულ პუნქტში განხორციელების თაობაზე, ამავე წესით დადგენილი პირობების დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის N--- განკარგულება - ს/ფ 18
4.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2012 წლის 15 მარტის N--- განკარგულებით ინდივიდუალურ მეწარმე ,,კ--------------ს’’ გაუუქმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 02 აპრილის N--- განკარგულებით რეგისტრირებული იქნა ინდივიდუალური მეწარმის ,,კ---------------ს’’ (ს/კ 2----------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------–---–--------- და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2012 წლის 15 მარტის N--- განკარგულება - ს/ფ 50
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 02 აპრილის N--- განკარგულება - ს/ფ 51
4.1.3. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ 2013 წლის 22 მარტის N1---------- აქტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის შესაბამისი სპეციალისტის მიერ დამონტაჟებული იქნა ვიდეომეთვალყურეობის ორი კამერა ინდივიდუალური მეწარმე „კ---------------ს“ ობიექტზე, მდებარე, ქალაქი თბილისი, მ--------–---–------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების შესახებ 2013 წლის 22 მარტის N1---------- აქტი - ს/ფ 22-23
4.1.4. საქართველოს ეროვნულმა ბანკის 2018 წლის 21 მარტს N2------- წერილის მიხედვით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ეცნობათ, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა შესაბამისობაში მოეყვანათ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ,,რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მოთხოვნებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ზომებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დ--------------------------- 2018 წლის 21 მარტის N2------- წერილი - ს/ფ 60
4.1.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N153/04 ბრძანების საფუძველზე:
1. დაევალათ, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეამოწმონ ამ განკარგულების დანართში მითითებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით და ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
2. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულება - ს/ფ 52-53
4.1.6. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 2-------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოწმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - ი/მ „კ---------------“. შემოწმებას დაესწრო მოლარე შ-------------–--------ა, შემოწმების დრო: 12:56 საათი. გაირკვა, რომ ღამის საათებში ვერ ხდებოდა ადამიანის იდენტიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 2-------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტი - ს/ფ 54
- ფოტომასალა - ს/ფ 127-128
4.1.7. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 24 აგვისტოს №5-- განკარგულების მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის 25/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 ივნისის N133/04 ბრძანების საფუძველზე: ი/მ კ---------------ს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ამავე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრების /მახასიათებლების დარღვევის გამო, შემოწმების შედეგად, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 24 აგვისტოს №5-- განკარგულება - ს/ფ 20-21
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’, სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი’’.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 2-------ის აქტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შესახებ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 24 აგვისტოს N--- განკარგულება წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო, თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 02 აპრილის N--- განკარგულებით რეგისტრირებული იქნა ინდივიდუალური მეწარმის ,,კ---------------ს’’ (ს/კ 2----------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ--------–---–--------- და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0------.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ადგილზე შემოწმებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. შესამოწმებლად მივლინებულმა ეროვნული ბანკის თანამშრომელმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სამსახურებრივი მოწმობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 21 მარტს N2------- წერილით აცნობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებს, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე განხორციელდა ი/მ კ---------------ს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება.
სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. ამავე მუხლის მე-71 პუნქტის შესაბამისად, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვადითა და წესით. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში. ხოლო ამავე მუხლის მე-14 პუნქტი მეწარმე სუბიექტს ავალდებულებს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ამავე წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ მახასიათებლები: ა) კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA); ბ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე); გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი; დ) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას; ე) სერტიფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 2-------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტით დგინდება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოწმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - ი/მ კ---------------. შემოწმებას დაესწრო მოლარე შ-------------–--------ა, შემოწმების დრო: 12:56 საათი, გაირკვა, რომ ღამის საათებში ვერ ხდებოდა ადამიანის იდენტიფიკაცია. აღნიშნულს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ფოტო მასალა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის’’ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მხრიდან დარღვეულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობები და ამასთან, საგულისხმოა ის, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, მოსარჩელის მიერ საწინააღმდეგო გარემოება არ წარმოდგენილა და ამასთან, 2019 წლის 13 თებერვალს გამართულ სასამართლო მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ დღეის მდგომარეობით მას შეცვლილი აქვს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და დამატებული აქვს განათება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ კ---------------ს სარჩელი უსაფუძვლოა, ადგილი არ აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 2-------ის აქტის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შესახებ და საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 24 აგვისტოს N--- განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძვლები.
7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ კ---------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, ხოლო იმავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "თ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი/მ კ---------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი