გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3057-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
13 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - შპს ,,მი-----------–ი’’
წარმომადგენელი - მ---------–--–---–ი
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენლები - ი---------–----ე, მა-----------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,შპს მი----------------------------–---------ლისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ’’ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის N1----- განკარგულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და მიუთითეს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 მარტის N------ მოხსენებითი ბარათის თანახმად, შპს ,,მი----------------------------–---------ლის’’ მიერ დაირღვა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მოთხოვნები, კერძოდ:
1) მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ორგანიზაციის ვებ გვერდზე ორ სასესხო პროდუქტთან (ავტოსესხი’’, ,,პორტირება’’) დაკავშირებით განთავსებულ სარეკლამო შეთავაზებაში არ არის მითითებული ინფორმაცია პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ. აღნიშნული დარღვევისათვის ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ფაქტი სანქცირების მიზნებისათვის შეფასდა, როგორც დარღვევის ერთი შემთხვევა.
2) მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა მომხმარებლის მ--------–---–ის და ლე----------------ნის მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით, 2019 წლის 25 და 26 თებერვალს ელექტრონული ფოსტის საშუალებით ორგანიზაციას გაეგზავნა საკითხის მოკვლევის მოთხოვნა. მოთხოვნილი ინფორმაცია მათ მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში გაგზავნილი იქნა მხოლოდ 6 და 7 მარტს. შესაბამისად, ორგანიზაციის მხრიდან დაირღვა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით დადგენილი ინფორმაციის მიწოდების ვადები. აღნიშნული დარღვევისათვის წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ფაქტი სანქცირების მიზნებისათვის შეფასდა, როგორც დარღვევის ორი შემთხვევა. შესაბამისად, სანქციის ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 4000 ლარი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2019 წლის 14 მარტის N------ მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 72)
-დანართი N1 (ს.ფ.73-74)
-დანართი N2 (ს.ფ.75-76)
-დანართი N3 (ს.ფ. 77-78)
3.1.2.საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის N1----- განკარგულებით შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 1 შემთხვევის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა-3000 ლარის ოდენობით; შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 2 (ორი) შემთხვევის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე-2000 ლარის ოდენობით, საერთო თანხით 4000 ლარი; შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 7000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის N1----- განკარგულება (ს.ფ.70-71)
3.1.3.საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 17 ოქტომბერს მ-----------------------------–------------–ს’’ აცნობა, რომ მის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში არ გაგზავნილა ანგარიშგების ფორმა მომხმარებლების მიერ სექტემბრის თვეში დაფიქსირებული პრეტენზიების შესახებ. მოსარჩელეს შეახსენეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-11 მუხლის მიხედვით ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს ამ წესის დანართი N9-ში მოცემული სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ და ყოველთვიურად მიაწოდოს აღნიშნული მონაცემები საქართველოს ეროვნულ ბანკს, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. ასევე განემარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მომხმარებლის პრეტენზია არ დაფიქსირდებოდა, საჭირო იყო მიეწოდებინა პრეტენზიების ანგარიშგების ცარიელი ფორმა Excel-ის ფაილის შემდეგ მისამართზე: cp@nbg.gov.ge . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----------------------------–------------–ს’’დაევალა არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა წარედგინა მომხმარებელთა პრეტენზიების შესახებ ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებდა საჯარიმო შესაბამის სანქციებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 13 დეკემბერს მ-----------------------------–------------–ს’’ აცნობა, რომ მის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში არ გაგზავნილა ანგარიშგების ფორმა მომხმარებლების მიერ ნოემბრის თვეში დაფიქსირებული პრეტენზიების შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა 2017 წლის 27 ივლისს მ-----------------------------–------------–ს’’ აცნობა, რომ მის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილებაში არ გაგზავნილა ანგარიშგების ფორმა მომხმარებლების მიერ ივნისის თვეში დაფიქსირებული პრეტენზიების შესახებ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 17 ოქტომბრის N2-------- წერილი (ს.ფ. 82)
-საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 13 დეკემბრის N--------- წერილი (ს.ფ. 83)
-საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 ივლისს N--------- წერილი (ს.ფ. 84)
3.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 9 მარტის N-------- წერილით მ-----------------------------–------------–ს’’ ეცნობა, რომ კონკრეტული შემთხვევის აღწერილობა აჩენდა გონივრულ ვარაუდს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დაფიქსირებულ საკითხებს მოცემული ორგანიზაციის მხრიდან არ ეთმობოდა სათანადო ყურადღება და მათი შესწავლა არ ხდებოდა სრულყოფილად. შესაბამისად, მას მიეცა მითითება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დაფიქსირებული საკითხები შეესწავლათ მეტი პასუხისმგებლობით და მოთხოვნილი საკითხების შესახებ მიეწოდებინა უტყუარი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებითი გაფრთხილების გარეშე უფლებამოსილი იქნებოდა გამოეყენებინა კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 9 მარტის N-------- წერილი (ს.ფ. 85-86)
3.1.5. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 3 მაისის N2-------- წერილით მ-----------------------------–------------–ს’’ ეცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების მხრიდან, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისობის მონიტორინგის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას 2018 წლის 27 თებერვალსა და 2018 წლის 11 აპრილს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მიეცა მითითება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მოთხოვნის დარღვევაზე. კერძოდ, ორგანიზაციის ვებ გვერდზე www. B------.ge განთავსებულ სასესხო პროდუქტების რეკლამირება/შეთავაზებისას მიუხედავად იმისა, რომ მითითებული იყო აღნიშნული პროდუქტების ფასის განმსაზღვრელი პარამეტრები, არ ყოფილა მითითებული ინფორმაცია მის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. ამასთან, ორგანიზაციას განესაზღვრა ამ დარღვევის აღმოფხვრის ვადა 2018 წლის 21 აპრილამდე, აღნიშნული დარღვევა მიმდინარე თარიღამდე არ ყოფილა აღმოფხვრილი.
მოსარჩელეს ასევე შეახსენეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი ვალდებულება, ამასთან, ამავე წერილით მოსარჩელეს დაევალა უმოკლეს ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს წერილის ჩაბარების მომდევნო სამუშაო დღისა დარღვევის აღმოფხვრა.
დამატებით კვლავ ეცნობა ორგანიზაციას, რომ დარღვევის აღმოფხვრის მოთხოვნის უგულებელყოფის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი დამატებითი გაფრთხილების გარეშ გამოიყენებდა კანონმდებლობით განსაზღვრულ სანქციებს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 3 მაისის N2-------- წერილი (ს.ფ. 87-88)
3.1.6. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 ნოემბრის N------ განკარგულებით შპს ,,მ-----------------------------–------------–ს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 2 შემთხვევის გამო, შემოწმების შედეგად დაეკისრა ფულადი ჯარიმა-2000 ლარის ოდენობით; შპს ,,მ-----------------------------–------------–ს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 2 (ორი) შემთხვევის გამო დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; შპს ,,მ-----------------------------–------------–ს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის 2 შემთხვევის გამო, შემოწმების შედეგად დაეკისრა ფულადი ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით; შპს ,,მ-----------------------------–------------–ს’’ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 6000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 20 ნოემბრის N------ განკარგულება (ს.ფ. 90-91)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი’’, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი’’.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის N1----- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:ა) ზედამხედველობა გაუწიოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, დამატებითი მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას; ბ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის წარმოშობის წყაროების და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ (მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ); გ) სამართლებრივი აქტით დაუდგინოს მოთხოვნები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი წილის მფლობელებს; დ) შეამოწმოს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, განახორციელოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების, ანგარიშგების კომპონენტებისა და სხვა მასალების აუდიტი და თავის მიერ განსაზღვრული ფორმით მიიღოს მათგან ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ე) მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შეუჩეროს ან შეუზღუდოს გარკვეული ტიპის ოპერაციები ან/და სახსრების მოზიდვა, აუკრძალოს მოგების განაწილება, დივიდენდების დარიცხვა და გაცემა, შრომის ანაზღაურების გაზრდა, პრემიებისა და სხვა, მსგავსი ანაზღაურების გაცემა, მოსთხოვოს დამატებითი კაპიტალის მოზიდვა; ვ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები; ზ) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება, დააკისროს მას ფულადი ჯარიმა და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან განთავისუფლება; თ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივების კლასიფიკაციის და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ნორმები; ი) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი; კ) სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესი. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
მოცემული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური რისკების შემცირებას.
ორგანული კანონის 641-ე მუხლი აწესრიგებს მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებს, კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი სამართლებრივი აქტით საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა და სესხის გამცემი სუბიექტის მიმართ შესაძლებელია დაადგინოს: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-5 ნაწილით (გარდა საპროცენტო სარგებლისა), მე-7 ნაწილითა და მე-8 ნაწილით (წინსწრებით დაფარვის საკომისიოსთვის) და 868-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები; ბ) სესხის/საბანკო კრედიტის გაცემისას ან სახსრების მოზიდვისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი; გ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მე-300 მუხლის 21 ნაწილით და 301-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესები ან/და დამატებითი წესები.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საფინანსო პროდუქტების შეთავაზებისა და მიწოდებისას, ასევე საფინანსო მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესებსა და პრინციპებს, რაც მოიცავს ასევე, სრული, აუცილებელი, გასაგები, უტყუარი და თავისდროული ინფორმაციის თანმიმდევრული მიწოდების საკითხებს. ამ წესის შემუშავების მიზანია საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ასევე, საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვის და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მომხმარებლის მიერ ახალი საფინანსო პროდუქტებით აქტიურ გამოყენებას, ასევე მათთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკების შემცირებას.
ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკისათვის და უცხოური ბანკების ფილიალებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის–საკრედიტო კავშირებისთვის.
ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, ფინანსურმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს მომხმარებლისათვის საფინანსო პროდუქტის პირობების შესახებ უტყუარი, გასაგები და გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელი, წინასწარ ცნობილი და მის ხელთ არსებული სრული ინფორმაციის დროულად მიწოდება. მათ შორის, პროდუქტის ნებისმიერი არხით შეთავაზებისას ხელშეკრულების გაფორმებამდე, რომელიც მომხმარებელს არ უბიძგებს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტი მიხედვით საფინანსო პროდუქტის შეთავაზების (მათ შორის, ნებისმიერი ფორმით და საშუალებით რეკლამირების) დროს, ფინანსური ორგანიზაციის მიერ არ უნდა მოხდეს საფინანსო პროდუქტის მახასიათებლების შესახებ ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება და/ან შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. მიწოდებული/მიუწოდებელი ან/და არასრულად მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებელს არ უნდა უბიძგებდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღებისაკენ, რომელსაც იგი არ მიიღებდა უტყუარი და სრული ინფორმაციის ფლობის პირობებში.
წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის/დეპოზიტის პროდუქტის რეკლამირებისას შეთავაზებაში მითითებულია ამ საფინანსო პროდუქტის ფასის განმსაზღვრელი ნებისმიერი პარამეტრი, გარდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა (ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, სარგებლობის საკომისიო და ა. შ.), ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს სავალდებულო სახით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზეც.
მოცემული წესის მე-11 მუხლი ადგენს ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულებებს მომხმარებლების პრეტენზიების განხილვასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით; ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის, მოთხოვნილი ელექტრონული არხებით, მიაწოდოს მას არაუგვიანეს მოთხოვნიდან ერთი კვირის ვადაში. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოწვეულია ფინანსური ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ის ვალდებულია ერთი კვირის ვადაში მიაწოდოს საქართველოს ეროვნულ ბანკს შეფერხების მიზეზი და ინფორმაციის მოწოდების სავარაუდო ვადა. იმ შემთხვევაში, თუ მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია ან საჭიროებს დაზუსტებას, საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან მოთხოვნილი შემავსებელი/დამაზუსტებელი ინფორმაცია მოწოდებულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ ან საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებულ გონივრულ ვადებში.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის მე-2 მუხლი ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დარღვევებსა და სანქციებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ეროვნული ბანკი დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია, ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
მოცემული მუხლის მე-8 პუნქტი ითვალისწინებს სანქციებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით“ დადგენილი კონკრეტული მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 19 მარტის N1----- განკარგულებით შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 1 შემთხვევის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა-3000 ლარის ოდენობით.
სადავო განკარგულებით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი გარემოება; შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2019 წლის მარტის თვის მდგომარეობით ორ სასესხო პროდუქტთან (,,ავტო სესხი’’, ,,პორტირება’’) დაკავშირებით განთავსებულ სარეკლამო შეთავაზებაში არ ჰქონდა მითითებული ინფორმაცია პროდუქტის ეფექტური საპროცესო განაკვეთის შესახებ, რითაც დარღვეულია ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ 3.7 ,,ა’’ ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნა-საფინანსო პროდუქტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთზე ინფორმაციის მიწოდების შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საფინანსო პროდუქტის რეკლამირების/ შეთავაზების დროს ინფორმაციის მიწოდებისათვის ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ რეკლამირებულ/ შეთავაზებულ საფინანსო პროდუქტზე; ამდენად, ზემოაღნიშნული დარღვევის გამო მოსარჩელეს განესაზღვრა ჯარიმა ამ წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6.3. სადავო განკარგულების მეორე პუნქტის შესაბამისად, შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის 2 (ორი) შემთხვევის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე-2000 ლარის ოდენობით, საერთო თანხით 4000 ლარი; შპს ,,მი----------------------------–---------ლს’’ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 7000 ლარის ოდენობით.
საქმის გარემოებებით დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ლე----------------ნმა, სატელეფონო კომუნიკაციით, ხოლო მოქალაქე მ--------–---–მა პირადი ვიზიტის დროს, დააფიქსირეს პრეტენზიები მისო ,,ბერმელის’’ მიმართ. შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ მოსარჩელეს ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2019 წლის 25 და 26 თებერვალს გაეგზავნა აღნიშნული მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხის მოკვლევის მოთხოვნა. მოთხოვნილი ინფორმაცია ეროვნულ ბანკს მიეწოდა დაგვიანებით, 6 და 7 მარტს. შესაბამისად, სახეზეა ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის’’ 11.5 მუხლის მოთხოვნის დარღვევა, კერძოდ, ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება მომხმარებლების პრეტენზიების განხილვასა და აღრიცხვასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანების მოთხოვნების დარღვევით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის ან ვადის დარღვევით მიწოდების შემთხვევაში გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;
ზემოაღნიშნული დარღვევის ორი ფაქტის გამო მოსარჩელეს დაეკისრა ჯარიმა ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის’’ 2.8 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, თითოეულ ფაქტზე.
6.4. ამასთან, სასამართლო მიუთითებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.
ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში დაცული მასალები არაერთხელ მიუთითებს მოსარჩელის მხრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებულ საკითხების არასრულყოფილად შესწავლას, საქმის მასალებში წარმოდგენილია არაერთი მითითება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დაფიქსირებული საკითხები შეესწავლა მოსარჩელეორგანიზაციას მეტი პასუხისმგებლობით და მოთხოვნილი საკითხების შესახებ მიეწოდებინა უტყუარი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მისო ,,ბერმელის’’ მიერ დარღვეულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N151/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით’’ დადგენილი ზემოაღნიშნული მოთხოვნები, ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სადავო აქტში მითითებული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს მისო ,,ბერმელის’’ მიერ ,,ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით’’ დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტს.
ზემოაღნიშნულიდან დარღვევებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიმართ გამოცემულ იქნა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის სადავო განკარგულებები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 210 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე მერი გულუაშვილი