გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2019
საქმის ნომერი
330310018002654292
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/6115-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე - შპს ,,ე-–---------ო"

წარმომადგენლები: ს------– ზ-------ი, ი----- წ--------–-

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წარმომადგენლები: მ----- ღ----------ი, თ------------–---–ი, მ------ ხ----–---–-

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი

წარმომადგენელი - გ------- კ------ე

თარჯიმანი - ს----- რ-------------ი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულება შპს ,,ე-–---------ოს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილით აცნობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებს, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

აღნიშნული წერილი შპს ,,ე-–---------ოს" ჩაბარდა 2018 წლის 23 მარტს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 21 მარტის N-------- წერილი (ს.ფ. 63);

- ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ 59).

 

4.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №--- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N153/04 ბრძანების საფუძველზე:

 

1) დაევალათ, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეამოწმონ ამ განკარგულების დანართში მითითებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით და ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

 

2) შემოწმების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულება (ს.ფ. 55);

 

4.1.3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 18 ივლისის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოწმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - შპს ,,ე-–---------ო“. შემოწმებას დაესწრო შპს-ს დირექტორი ს------– ზ-------ი და გაირკვა, რომ არ იყო გამოკრული ქვითრისა და ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერებში იყო წყვეტები და ასევე, ვერ ხდებოდა სახის სრული იდენტიფიცირება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 18 ივლისის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტი (ს.ფ. 60);

 

4.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №--- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის N91/04 ბრძანების საფუძველზე:

 

შპს ,,ე-–---------ოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი N---------- ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.გ“ და ,,ბ.დ“ ქვეპუნქტების და ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-71 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, გაუქმდა ვალუტის პუნქტის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით 0------ და ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,ე-–---------ოს“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2013 წლის 31 დეკემბრის N--- განკარგულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №--- განკარგულება (ს.ფ. 61);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,ე-–---------ოს“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის ი-----დიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

მითითებული ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენცი----- რისკების შემცირებას. ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

ამავე ნორმატიული აქტის 482 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების დადგენის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

 

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 501 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი ეროვნული ბანკი განსაზღვრავს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების წესს.

 

7.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-9 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს პუნქტის/ფილიალის საქმიანობის შემოწმება ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილით აცნობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებს, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. მე-71 პუნქტის თანახმად, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვადითა და წესით.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში. ხოლო, მე-14 პუნქტი კი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვალდებულებას აკისრებს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.გ“ და ,,ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით:

- „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“;

- „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!”.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვადეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ მახასიათებლები:

ა) კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);

ბ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტი----- განათების შემთხვევაში (0.1 აქტი----- განათების გარეშე);

გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;

დ) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას;

ე) სერტიფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული წესის მე-2 და მე-3 მუხლით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები, ტექნიკური მახასიათებლები, ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა განეკუთვნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობებს და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე კი მათი დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი საზედამხედველო საქმიანობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ შემოწმების პროცესში გამოვლენილ იქნა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - შპს ,,ე-–---------ოს“ მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა. კერძოდ, შემოწმების აქტში მითითებულია, რომ არ იყო გამოკრული ინფორმაცია ქვითრისა და ტრანზაქციის შესახებ. ასევე, პუნქტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერში არის წყვეტები და ამასთან, ვერ ხდებოდა ადამიანის იდენტიფიკაცია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ნათლად ადასტურებს ასევე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა. თუმცა, მოსარჩელის პოზიციის თანახმად, ფლობს ქართულ ენას კარგად, მაგრამ არ იცის წერა - კითხვა ქართულად. იყო ახალი დანიშნული დირექტორი, არ ჰქონდა გამოცდილება, არ მიუღია გაფრთხილება და თარჯიმნის გარეშე მოაწერა ხელი შემოწმების აქტს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მსჯელობას ქართულის წერა-კითხვის უცოდინრობაზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ამავდროულად არ უარყოფს ქართული ენის კარგად ფლობის ფაქტს და განმარტავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის ამგვარი მსჯელობა მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, იგი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებების მოთხოვნებს და ასეთი განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის სადავო აქტის ბათილობის კანონიერ საფუძვლად. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილზე, რომლითაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებისათვის ცნობილი იყო, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს შეეძლო ნაცვლად რეგისტრაციის გაუქმებისა გამოეყენებინა ჯარიმა სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ე-–---------ოს“ შემოწმებისას გამოვლენილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობების კომპლექსური დარღვევა, რაც წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდება, თუ არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს.

ამდენად, სასამართლო მითითებულ გარემოებებს მიიჩნევს ზემოაღნიშნული წესებით დადგენილ მოთხოვნების არსებით დარღვევად, დარღვეულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობები და ამასთან, საგულისხმოა ის, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, მოსარჩელის მხრიდან საწინააღმდეგო გარემოება არ დადასტურებულა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. ამასთან, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მისი სასარჩელო მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულება, შპს „ე-–---------ოსთან“ მიმართებაში, სახეზე იყო ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.გ“ და ,,ბ.დ“ ქვეპუნქტების და ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-71 პუნქტებით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა. შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულების გამოცემის და შპს ,,ე-–---------ოს“ ვალუტის პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,ე-–---------ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე