გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.01.2020
საქმის ნომერი
330310019003183104
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.01.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7032-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ი/მ ნ---------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წარმომადგენლები - მ-------------------, თ------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 30 აგვისტოს N1--- განკარგულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 2 მარტის N0------ განკარგულებით, რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალური მეწარმის ,,ნ---------------ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შემდეგ მისამართზე: ქ. ბ------------–------------ და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0------. ამავე განკარგულების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე ,,ნ---------------ე“ ვალდებულია დაიცვას ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნები.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 2 მარტის N0------ განკარგულება (ს.ფ. 16-17);

- ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა (ს.ფ. 15).

 

3.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 17 მაისის №9-- განკარგულებით, დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეემოწმებინათ ბათუმის, ქედის, ხულოს, შუახევის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილი სარეგისტრაციო პირობებისა და მომხმარებელთა სათანადო ინფორმირების კუთხით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 2 ივნისიდან 2019 წლის 3 აგვისტომდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 17 მაისის №9-- განკარგულება (ს.ფ. 52).

 

3.3. 2019 წლის 19 ივლისს შედგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტი. შემოწმების აქტის მიხედვით, შემოწმებისას დადგინდა, რომ ი/მ ნ---------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ აკმაყოფილებს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს. დარღვეულია ზემოხსენებული ბრძანების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა და ,,გ“ ქვეპუნქტები, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ.გ“ და ,,ბ.დ“ ქვეპუნქტები, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ, პუნქტის საოპერაციო ფართი ნაკლებია 4 კვ.მ-ზე (3.7 კვ.მ.) და მასში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ობიექტის (სენდვიჩების მაღაზიის) გავლით. სალაროსთან არ არის განთავსებული ,,მოითხოვეთ ქვითარი“ და ,,ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში“. ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერის დათვალიერება (პროგრამული ხარვეზი).

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტი და ფოტომასალა (ს.ფ. 53-57).

 

3.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 30 აგვისტოს №1--- განკარგულების თანახმად, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის N13/04 ბრძანების საფუძველზე: 1. გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმის ,,ნ---------------ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის (სარეგისტრაციო კოდი N6----------) რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით 0------; ძალადაკარგულად გამოცხადდა ინდივიდუალური მეწარმის ,,ნ---------------ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 2 მარტის N0------ განკარგულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 30 აგვისტოს №1--- განკარგულება (ს.ფ. 13).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი დასკვნა

 

სასამართლო გაეცნო სასარჩელო განცხადებას, მოისმინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 30 აგვისტოს №1--- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 2 მარტის N0------ განკარგულებით, რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალური მეწარმის ,,ნ---------------ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შემდეგ მისამართზე: ქ. ბ------------–------------ და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი 0------. ამავე განკარგულების თანახმად, ინდივიდუალური მეწარმე ,,ნ---------------ე“ ვალდებულია დაიცვას ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნები.

 

ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 17 მაისის №9-- განკარგულების საფუძველზე, 2019 წლის 19 ივლისს განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - ინდივიდუალური მეწარმე ,,ნ---------------ის“ შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად, ი/მ ნ---------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ აკმაყოფილებს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, პუნქტის საოპერაციო ფართი ნაკლებია 4 კვ.მ-ზე (3.7 კვ.მ.) და მასში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ობიექტის (სენდვიჩების მაღაზიის) გავლით; სალაროსთან არ არის განთავსებული ,,მოითხოვეთ ქვითარი“ და ,,ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში“. ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ მოხერხდა გარე პერიმეტრის კამერების ჩანაწერის დათვალიერება (პროგრამული ხარვეზი).

 

დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 30 აგვისტოს №1--- განკარგულების თანახმად: 1. გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმის ,,ნ---------------ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის (სარეგისტრაციო კოდი N6----------) რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით 0------; ძალადაკარგულად გამოცხადდა ინდივიდუალური მეწარმის ,,ნ---------------ის“ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 2 მარტის N0------ განკარგულება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – პუნქტი) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (შემდგომში – ფილიალი) საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

 

ამავე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-3 მუხლით დადგენილია პუნქტის/ფილიალის რეგისტრაციის პირობები, კერძოდ, მე-5 პუნქტის თანახმად, პუნქტის/ფილიალის საოპერაციო ფართი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არანაკლებ 4 (ოთხი) კვადრატული მეტრისა; გ) უნდა ჰქონდეს სხვა ობიექტებისგან დამოუკიდებელი შესასვლელი კარი, იმგვარად, რომ არ იყოს შესაძლებელი პუნქტთან/ფილიალთან მოხვედრა სხვა ობიექტის გავლით (გამონაკლისს წარმოადგენს სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, სამორინეები, აეროპორტები, რკინიგზის და ავტოსადგურები და სხვა მსგავსი ობიექტები).

 

მოცემული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტით (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) განსაზღვრულია პუნქტის ვალდებულებები, კერძოდ, მომხმარებელთა დაცვის კუთხით, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია ბ) სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით: ბ.გ) „მოითხოვეთ ქვითარი – Request a receipt!“; ბ.დ) „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში! – Transaction can be cancelled within 30 minutes after you receive the receipt!“.

 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის“ შესაბამისად.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესი“ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან/და სხვა უფლებამოსილმა პირმა.

 

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა (იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა), ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, 1 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის ფოტოსურათებით ირკვევა, რომ აღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ პუნქტის საოპერაციო ფართი ნაკლებია 4 კვ.მ-ზე (3.7 კვ.მ.) და მასში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ სხვა ობიექტის (სენდვიჩების მაღაზიის) გავლით; სალაროსთან არ არის განთავსებული ,,მოითხოვეთ ქვითარი“ და ,,ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში“.

 

ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ გარეპერიმეტრზე არსებული ვიდეოჩანაწერის არარსებობა ვერ იქნება გამართლებული პროგრამული ხარვეზის არსებობით, ვინაიდან ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ნორმატიული აქტის შესაბამისად დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა გამართულ მდგომარეობაში, მათ შორის სათანადო ჩანაწერის დაცვის უზრუნველყოფით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სავალუტო ჯიხურის გამართულად და შესაბამისი ნორმატიული აქტების დანაწესების მიხედვით საქმიანობაზე პასუხისმგებელია მეწარმე სუბიქტი. შესაბამისად, სწორედ საქმიანობაში გამოვლენილი უსწრობა უდევს საფუძვლად სახდელის დაკისებას.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესზე“, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტს გაუუქმოს რეგისტრაცია, თუ: ა) პუნქტი წერილობითი განცხადებით მიმართავს ეროვნული ბანკს რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე; ბ) პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირი (ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში) გარდაიცვალა ან სასამართლოს მიერ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად; გ) განხორციელდა პუნქტის მფლობელი იურიდიული პირის ლიკვიდაცია; დ) კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი საქმიანობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე; ე) დადგინდა, რომ განცხადება შევსებულია ყალბი მონაცემების საფუძველზე; ვ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა განცხადებაში შეტანილი მონაცემების ცვლილების თაობაზე. ზ) დარღვეულია ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული რეგისტრაციის პირობები; თ) დადგინდა, რომ პუნქტმა ეროვნულ ბანკს არ შეატყობინა ფილიალის გახსნის თაობაზე; ი) პუნქტმა ამ წესის მე-9 მუხლის შესაბამისად მივლინებული ეროვნული ბანკის თანამშრომელი არ დაუშვა შემოწმებაზე; კ) ეროვნული ბანკის შემმოწმებელს პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი არ დახვდა რეგისტრირებულ მისამართზე ან პუნქტი არ მოიძებნა რეგისტრირებულ მისამართზე; ლ) არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის წერილობითი მითითებებით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მ) რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში არ განახორციელა პუნქტის საქმიანობა; ნ) ვალუტის გადამცვლელი პუნტის საოპერაციო ფართში ხორციელდება ნაღდი ფულის გადაცვლის ოპერაციებისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა სამეწარმეო საქმიანობა; ო) დარღვეულია ამ წესის მე-7 მუხლის მოთხოვნები.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ: ა) ეს პირდაპირ არის მითითებული კანონში ან მის საფუძველზე გამოცემული ზემდგომი ორგანოს კანონქვემდებარე აქტში; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ეს პირდაპირ არის მითითებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში; გ) დაინტერესებულმა მხარემ არ შეასრულა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი; დ) გაუქმდა ან შეიცვალა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს; ე) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება, აგრეთვე შესაბამისი სამეცნიეროტექნიკური აღმოჩენა ან გამოგონება, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს ართმევს შესაძლებლობას გამოსცეს ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული აქტის მოქმედებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ ინტერესებს.

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული აქტის ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ დაინტერესებულმა პირმა არ შეასრულა ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნები, რომლის შეუსრულებლობაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი. აღნიშნული გარემოება შეფასებული და გამოკვლეული იქნა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2019 წლის 30 აგვისტოს 1--- განკარგულება კანონიერია როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით და შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ინდივიდუალური მეწარმის ნ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე