განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2500-19
საქმე №330310019002917197
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
28 ნოემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი: ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე): საქართველოს ეროვნული ბანკი;
წარმომადგენლები: მ----------------------------------–---–--------------–----–---–-;
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): ინდ. მეწარმე ,,ნ-------------------ე“ (ს/ნ 6----------);
წარმომადგენელი: ნ-------------------ე, გ------–---;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 18.03.2019 წლის N155 განკარგულება და არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) ნ-------------------ე და მისი წარმომადგენელი არ დაეთანხმნენ სააპელაციო საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს სხდომასა და სააპელაციო შესაგებელში დაფიქსირებული პოზიციით ითხოვეს არ დაკმაყოფილდეს აპელანტ საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით, 1) ი/მ ნ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 2) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ჯარიმის - 5000 ლარის დაკისრების თაობაზე.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.2.1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 იანვრის №42-1კ განკარგულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალათ შეემოწმებინათ ი/მ ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ ინავრამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, მათ შორის: ა) ორგანიზაციაში დანერგილი შიდა კონტროლი (შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები); ბ) იურიდიული პირების, რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამიის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის პროცესი; დ) საეჭვო გარიგებების იდენტიფიცირების საკითხი; ე) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობა; ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელთა კვალიფიკცაცია და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პუნქტის მიერ გატარებული ზომები; შემოწმების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდი.
3.2.2. ი/მ ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შესახებ აქტის მიხედვით, ორგანიზაციაში არსებული პროგრამა ვერ უზრუნველყოფდა ML/TF რისკების შემცირებას.
3.2.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულებით, ინდივიდუალური მეწარმე ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო (ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა ინსტრუქციის შემუშავება) ი/მ ნ-------------------ის (რეგისტრაციის №0422221) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
3.2.4. ინდივიდუალურმა მეწარმემ ნ-------------------ემ 2019 წლის 18 თებერვალს შეადგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
3.3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას შემოწმდა მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
3.3.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
3.3.3. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები; ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები), აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები; ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება–მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; ვ2) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ზ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით; თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ ი/მ ნ-------------------ეს შემოწმების მომენტისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო სათანადო დოკუმენტი (ინსტრუქცია/წესი) არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოება ქმნიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მირკოსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით სახდელის გამოყენების აუცილებლობას. 2019 წლის 18 თებერვალს ი/მ ნ-------------------ის მიერ შემუშავებულ იქნა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია, რაც მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა.
3.3.4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ი/მ ნ-------------------ის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რომელიც ექცეოდა როგორც სახდელის დაკისრებისათვის გამოსაყენებელი სპეციალური ნორმატიული აქტის რეგულაციის სფეროში, ასევე მასზე ვრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ძირითადი პრინციპები, რაც სხვაგვარად დარეგულირებული არ არის სპეციალური კანონმდებლობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ჩამდენს. ამასთან, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლი ადგენს, რომ არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
მიეთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მათი გადაწყვეტა კანომდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება. სასამართლო განმარტებით, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.
სასამართლო განმარტებით, სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს გათავისებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ამასთან, ის ხარვეზი, რაც საფუძვლად დაედო პირის სამართალდამრღვევად ცნობასა და სახდელის დაკისრებას, სადღეისოდ გამოსწორებულ იქნა. ამდენად, ი/მ ნ-------------------ის სავალუტო ჯიხურისათვის სახდელის - ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
3.3.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულების მიღების საფუძვლად მიჩნეული სამართალდარღვევის ფაქტი აღმოფხვრილია. შესაბამისად, სახეზეა ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი ითხოვს აპელანტი ითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და არ დაკმაყოფილდეს ნ-------------------ის სარჩელი.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ ინდივიდუალურმა მეწარმემ ნ-------------------ემ 2019 წლის 18 თებერვალს შეადგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია. მხოლოდ ის გარემოება, რომ სასამართლოში წარდგენილი შიდა ინსტრუქცია დათარიღებულია 18.02.2019 წლით, არ ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი ამ პერიოდშია შედგენილი, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ნ-------------------ეს მისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი აქტის გამოცემამდე არ წარუდგენია ეროვნულ ბანკში.
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ „ეროვნული ბანკის 18.03.2019 წლის N155-15 განკარგულების მიღების საფუძვლად მიჩნეული სამართალდარღვევის ფაქტი დღეისათვის აღმოფხვრილია, შესაბამისად სახეზეა აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი".
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მიიჩნია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ექცევა როგორც სპეციალური ნორმატიული აქტის რეგულაციის სფეროში, ასევე მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ,,პრინციპები", შესაბამისად, არასწორია აპელირება 230-ე მუხლზე. სასამართლო გადაწყვეტილება არასრულია, საქართველოს ეროვნული ბანკის 18.03.2019 წლის N155-19 განკარგულების ბათილად ცნობის საფუძვლად არ შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოებები, რომ „ინდ. მეწარმე ნ-------------------ეს გათავისებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედება" და რომ „დღეისათვის სამართალდარღვევის ფაქტი აღმოფხვრილია".
აპელანტის მოსაზრებით, ინდ. მეწარმე ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევა - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ცალსახად ექცევა სპეციალური კანონმდებლობით რეგულირებად სფეროში, რომლის ერთადერთი და იმპერატიული მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ამასთან, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევა, თავისი შინაარსითა და სავარაუდო შედეგით, განეკუთვნება საკმაოდ სერიოზულ დარღვევას. შესაბამისად, მისი მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათს ჩადენილი დარღვევის გათავისებისა თუ დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ მისი აღმოფხვრის შემთხვევაში.
სასამართლომ არ გამოიყენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, ასევე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 18.01.2012 წლის N1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-4 მუხლი, რომლებითაც რეგლამენტირებულია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით შიდა კონტროლის განხორცილებასთან დაკავშირებით, ასევე უპირობო ვალდებულება შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით შიდა ინსტრუქციის შემუშავებასთან მიმართებით.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1. მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3.,,გ“ მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
5.1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 25.01.2019წ. №42-1კ განკარგულების -ი/მ ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შესახებ - თანახმად: 1) დაევალათ საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის კონკრეტულ თანამშრომლებს, შერჩევითი მეთოდის გამოყენებით ადგილზე შეამოწმონ ი/მ ნ-------------------ის (ს/ნ 6----------, რეგისტრაციის N0422221) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 2018 წლის პირველი ივლისიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქარველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, მათ შორის: ა) ორგანიზაციაში დანერგილი შიდა კონტროლი (შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები); ბ) იურიდიული პირების, რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამისი იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის პროცესი; დ) საეჭვო გარიგებების იდენტიფიცირების საკითხი; ე) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობა; ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელთა კვალიფიკცაცია და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პუნქტის მიერ გატარებული ზომები. 2)შემოწმების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდი. 3) განიმარტა განკარგულების გასაჩივრების წესი და ვადა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 იანვრის №42-1კ განკარგულება (იხ. ს.ფ. 116-117)).
5.2. საქმეში წარმოდგენილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ ნ-------------------ის (ს/კ 6----------, რეგისტრაციის N0422221) 2019 წლის მარტით (N130-1კ 11.03.2019) დათარიღებული შემოწმების აქტი (კონფიდენციალური I კატეგორია). შემოწმების აქტში მიეთითა: 1) შემოწმების საფუძველი, ტიპი, მასშტაბები; 2) შიდა კონტროლი; 3) პრაქტიკული საკითხები; 4) პროგრამული უზრუნველყოფა; 5) რეკომენდაციები. შემოწმების აქტი ხელმოწერილია შემმოწმებლთა ჯგუფის წევრების მიერ
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2019 წლის მარტით დათარიღებული შემოწმების აქტი (იხ. ს.ფ. 112-115).
5.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ფულის გათეთრების და ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 11.03.2019 წლის მოხსენებითი ბარათით ეცნობა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 25.01.2019წ. №42-1კ განკარგულების - ი/მ ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შედეგების თაობაზე, კერძოდ: ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, ი.მ. ნ-------------------ის (რეგისტრაციის N0422221) ვერ უზრუნველყოფს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას (არ არის შემუშავებული შიდა ინსტრუქცია) საქართველოს ეროვნული ბანკის 2012 წლის 07 თებერვლის N25/04 ბრძანების მე-5 მუხლის ,,ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჯარიმის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სულ 5000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, ითხოვდნენ მის გადაწყვეტილებას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-11.03.2019 წლის მოხსენებითი ბარათი. (იხ.ს.ფ. 119-122)
5.4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 18.03.2019წ. №155-1კ განკარგულების („ი.მ. ნ-------------------ის (რეგისტრაციის N0422221) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“) თანახმად, 1) ინდივიდუალურ მეწარმე ნ-------------------ის (რეგისტრაციის N0422221, ს/კ 6----------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო (ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა ინსტრუქციის შემუშავება) ი/მ ნ-------------------ის (რეგისტრაციის №0422221) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. 2) განიმარტა ჯარიმის გადახდის წესი, 3) განკარგულების გასაჩივრების ვადა და წესი, 4) განიმარტა ამ განკარგულების აღსასრულებლად მიქცევის წესი, 5) განკარგულება ამოქმედდა მხარისათვის გაცნობისთანავე.
სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 15.1.,,ზ“; 50.2. მუხლები; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დაკისრებისა და აღსრულების წესის 5.,,ჟ“ მუხლი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 18.03.2019 წლი №155-1კ განკარგულება (იხ. ს.ფ. 58-59).
5.5. საქმეში წარმოდგენილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ ნ-------------------ის 18.02.2019 წლით დათრაიღებული ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია".
,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია-ს" შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ წინამდენარე დოკუმენტი წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ ნ-------------------ის შიდა მოხმარების საბუთს, რომლის გამოყენებაც ხდება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ყველა შესაბამისი თანამშრომლის მიერ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების სწორად წარმართვის მიზნით და სავალდებულოა შესასრულებლად. ასევე, აღინიშნა, რომ დოკუმენტი შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის , საქარველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების, FATF-ისა და სხვა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემუშავებული რეკომენდაციებისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია" (იხ. ს.ფ. 11-42).
6. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს:
6.1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 1.1. მუხლით, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48.1. მუხლის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50.2. მუხლით, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება, ხოლო მე-4 ნაწილით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით.
6.2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 30.10.2019 წლის №5226 საქართველოს კანონით) მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; დ) მონიტორინგი - ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ზ) ზედამხედველობა – ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოების მიერ მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი პირების საქმიანობის ზედამხედველობა; მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – ამ კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ნ) მონიტორინგის განმახორციელებელი პირი - ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 30.10.2019 წლის №5226 საქართველოს კანონით) 3.,,ა“ მუხლის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან: ა) კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 30.10.2019 წლის №5226 საქართველოს კანონით) 4.,,ა“ მუხლის თანახმად, საზედამხედველო ორგანოები არიან: ა) საქართველოს ეროვნული ბანკი – კომერციული ბანკებისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისათვის, საბროკერო კომპანიებისა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია 30.10.2019 წლის №5226 საქართველოს კანონით) 8.1. მუხლით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.
6.3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცდა დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“.
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ" დებულების 1.2. მუხლით, ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების – ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს.
მითითებული ,,დებულების“ 4.1. მუხლით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები), აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები; ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება–მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; ვ2) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ზ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით; თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვა); ბ) უზრუნველყოს ელექტრონული ფოსტის ამოქმედება, კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის შექმნა და დანაწევრების მიზნით განხორციელებული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების გამოვლენისათვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა. გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება (თუ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მფლობელი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციების შესრულება); დ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული სხვა მასალების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების საკითხები; ე) უზრუნველყოს მონიტორინგის პროცესის წარმართვა იმგვარად, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტებისათვის (მათი წარმომადგენლებისათვის) არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს (მონიტორინგს დაქვემდებარებულ ოპერაციებთან (გარიგებებთან) მიმართებაში). ვ) უზრუნველყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების მიზნით ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომლების შესაბამისი მომზადება (სწავლება).
6.4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი.
ამ ,,წესის“ 1.1. მუხლის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
ამ ,,წესის“ 5.,,ჟ“ მუხლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება: ჟ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ან/და ადმინისტრატორი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას, დაჯარიმდება – 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 18.03.2019 წლი №155-1კ განკარგულება, რომლითაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის 5.,,ჟ“ მუხლის საფუძველზე, ინდ. მეწარმე ი/მ ნ-------------------ის (რეგისტრაციის №0422221) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით - „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 18.01.2012 წლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სახელდობრ: ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა ინსტრუქციის შემუშავება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ წინამდებარე საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ ნ-------------------ის შიდა მოხმარების დოკუმენტი -18.02.2019 წლით დათრიღებული ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია". სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ი/მ ნ-------------------ემ (მოსარჩელე) განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტი მან წარუდგინა შემმოწმებლებს შემოწმების პროცესში, ამასთან, აპელანტის (მოპასუხე) მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე საწინააღმდეგო მტკიცება. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპაელანტმა (მოპასუხე) განმარტა, რომ შიდა დებულება/ინსტრუქცია არ საჭიროებს რეგისტრაციას.
სააპელაციო პალატა, ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ ნ-------------------ის (ს/კ 6----------, რეგისტრაციის N0422221) შემოწმების აქტი დათარიღებულია 2019 წლის მარტით (N130-1კ 11.03.2019), ფულის გათეთრების და ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისადმი - დათარიღებულია 11.03.2019 წლით, ხოლო სადაავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №155-1კ განკარგულება „ი.მ. ნ-------------------ის (რეგისტრაციის N0422221) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ - დათარიღებულია 18.03.2019წლით.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხადარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის (18.03.2019წ), აგრეთვე 2019 წლის მარტით დათარიღებული შემოწმების აქტისა და 11.03.2019 წლის მოხსენებითი ბარათის შედგენის მომენტისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ი/მ ნ-------------------ის მიერ უზრუნველყოფილი და შემუშავებული გახლდათ შიდა ინსტრუქცია - ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის, რაც მატერიალური სახით წარედგინათ შემმოწმებლებს.
6.6. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-1635-1589(კ-08), სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. საქმის გარემოებების გამორკვევა და ფაქტების დადგენა მართლმსაჯულების უპირველეს ამოცანას წარმოადგენს, სწორედ დადგენილი ფაქტების საფუძველზე ხდება ნორმათა შეფარდება.“
6.7. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
ამ კოდექსის მე-10 მუხლით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24.1,,ბ“ მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული სახდელი - ჯარიმა, რაც ამ კოდექსის 25-ე მუხლის მიხედვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ამასთან, კონკრეტული ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევას და მისი ჩადენისათვის სახდელის დაკისრებას (ჯარიმის შეფარდებას) ახდენს უფლებამოსილი პირი, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით და სწორედ აღნიშნული აქტი წარმოშობს პირისათვის სამართლებრივ შედეგს,სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა (მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ქმედება) წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ამასთან, დავის სამართლებრივ ბუნებას არ ცვლილს ის , რომ ადმინისტრაციული სახდელის (სანქცია) შეფარდების უფლებამოსილება, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა მოწესრიგებულია საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით (საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 07.02.2012 წლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დაკისრებისა და აღსრულების წესი“; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ )
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა. რასაც გააჩნია როგორც „სადამსჯელო“, ისე პრევენციული დანიშნულება და მისი გამოყენება უნდა მოხდეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევის, სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლებისა და სამართალდამრღვევის ზუსტად დადგენის შემდეგ, კანონიერების, თანაზომიერების, პირთა უფლებებისა და კანონიერი თავისუფლებების პრინციპთა დაცვით. მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა იყოს ლეგიტიმური მიზნის შესაბამისი და პროპორციული, მას არ უნდა გააჩნდეს მხოლოდ „სადამსჯელო“ ხასიათი და უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის კომპენსირებას, სამომავლოდ სამართალდარღვევის ჩადენის აცილებას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამართალდარღვევის შინაარსი, გამოწვეული ზიანი და სამართალდამრღვევი სუბიექტის პიროვნება. მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაბამისი კანონშესაბამისი და სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება. განსახილველ შემთხვევაში კი, ვინაიდან ცალსახად დგინდება მოსარჩელის მიერ ინსტრუქციის შედგენის ფაქტი, პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ ი/მ ნ-------------------ის სავალუტო ჯიხურისათვის ჯარიმის დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.
6.8. ზემოთ მითითეთებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, მსჯელობას, ფაქტობრივ-სამართლებრივ თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულება - ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ ნორმატიული და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და არის კანონშეუსაბამო.
ამრიგად, სააპელაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს აპელანტის წარმომადგენლების მოსაზრებებს დავის საგანთან მიმართებაში.
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 4.3. მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკი, მისი აქტივები, ქონება და შემოსავალი, აგრეთვე მის მიერ განხორციელებული საქმიანობა და ოპერაციები თავისუფლდება ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადის, სახელმწიფო გადასახდელის, მოსაკრებლისა და სახელმწიფო ბაჟისაგან.
ამდენად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2.; მე-12; მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე; 372-ე; 386-ე; 390-391-ე; 397-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. აპელანტ საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6), თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) მეშვეობით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში;
4. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
თავმჯდომარე: ლეილა მამულაშვილი
მოსამართლეები: გიორგი ტყავაძე
მანანა ჩოხელი