გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.09.2018
საქმის ნომერი
330310116001396282
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
15.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4390-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 თებერვალი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ მეშველიანი

სხდომის მდივანი ეკატერინე ჯანელიძე

 

მოსარჩელე - ს--------------------------------–-----------------------------–ი“

წარმომადგენლები - გ-----------–-----ძე, პ--------------შვილი, გ-----------შვილი

 

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წარმომადგენელი - მ------------------ი

 

მესამე პირი - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

წარმომადგენელი - თ--------–----ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №----1კ განკარგულება .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 06 აპრილის №----1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების მთავარ სპეციალისტს და ამავე განყოფილების წამყვან სპეციალისტს დაევალათ შეემოწმებინათ ს--------------------------------–-----------------------------–ის“ მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე პერიოდში ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მოთხოვნების შესრულება. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 7 აპრილიდან 2016 წლის 29 აპრილამდე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 06 აპრილის №----1კ განკარგულება (ს.ფ. 12);

 

3.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ზემოაღნიშნული განკარგულების საფუძველზე, ს--------------------------------–-----------------------------–ში“, შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, ჩატარებულ იქნა კომპლექსური (სრულყოფილი) შემოწმება, რაც საანგარიშო პერიოდის მიხედვით მოიცავდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფინანსური მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ძირითადი მიმართულებების შემოწმებას. შერჩევა განხორციელდა თანხობრივი ლიმიტის, დროის მონაკვეთისა და ოპერაციების სახეობის მიხედვით. შემოწმების შედეგად დადგინდა:

 

1) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის - 68 შემთხვევა. კერძოდ, ორგანიზაციის მიერ არ მომხდარა დადებული და შესრულებული 68 გარიგების შესახებ ანგარიშის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენა;

 

2) შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ, კლიენტებისა და მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის პროცესის შეფასების მიზნით, შერჩევის მეთოდის გამოყენებით, შესწავლილი იქნა ფიზიკური და იურიდიული პირების შესახებ არსებული ინფორმაცია/დოკუმენტები, რის შედეგადაც დადგინდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის №7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევის – 115 შემთხვევა, კერძოდ, არ ხდებოდა კლიენტებისათვის შესაბამისი რისკის კატეგორიის მინიჭება და მის საფუძველზე, შესაბამისი ზომების გატარება, საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, ასევე, სათანადო სკრინინგი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ გააჩნდა რისკის მართვის სისტემა, რომლის საფუძველზეც უნდა მომხადრიყო კლიენტების რისკის მიხედვით კლასიფიცირება და რისკის დონის შესაბამისი, გაძლიერებული თუ გამარტივებული ღონისძიებების გატარება, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მონიტორინგის პროცესის წარმართვისათვის;

 

3) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არ ხდებოდა გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღრიცხვა, რასაც უნდა უზრუნველეყო საეჭვო, უჩვეული და დანაწივრებული გარიგებების გამოვლენა. ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფდა პოლიტიკურად აქტიური, სანქცირებული და ტერორიზმში მხილებული და/ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების გამოვლენის მიზნით კლიენტების გადამოწმებას (სკრინინგს), რაც მნიშვნელოვან ხარვეზს წარმოადგენდა CFT კუთხით;

 

4) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ არ იყო შემუშავებული კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის განხორციელების წესები და პროცედურები, კერძოდ, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–ში“ არ არსებობდა შიდა კონტროლის სისტემა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ML/TF რისკების გამოვლენისა და მართვის მიზნით შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურების შემუშავებასა და ადეკვატური პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით შესაძლებელი იქნებოდა როგორც პოლიტიკურად აქტიური, ისე სანქცირებული და ტერორიზმში მხილებული პირების მყისიერი იდენტიფიცირება და ასეთის შემთხვევაში, გარიგების ავტომატურ რეჟიმში ბლოკირება. აგრეთვე, საეჭვო და უჩვეულო გარიგებების გამოვლენა; ხოლო მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირისა და სხვა თანამშრომელთა კვალიფიკაცია ვერ უზრუნველყოფდა მონიტორინგის პროცესის ადეკვატურად წარმართვას.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- შემოწმების აქტი (ს.ფ. 28-70);

- 11.05.2016წ. ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 15-27);

 

3.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №----1კ განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50–ე მუხლის მე–2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N----- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე–2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“, „ე“ ,,კ“ ,,ლ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2013 წლის 27 ივნისის №66/04 ბრძანების საფუძველზე: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევის 68 ფაქტის გამო, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,-------------------------–ს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარი;

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-102, მე-15 პუნქტების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე–102, მე–20 და 21–ე პუნქტების მოთხოვნის დარღვევის 115 ფაქტის გამო, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–ს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-9 მუხლის მოთხოვნის დარღვევის გამო, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–ს“ დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე–3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–ს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №----1კ განკარგულება (ს.ფ. 13-14).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს--------------------------------–-----------------------------–ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N----- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №----1კ განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი) არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

მითითებული ორგანული კანონის (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) 471 მუხლის თანახმად, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განსახორციელებლად ეროვნულ ბანკთან იქმნება სააგენტო. სააგენტო წარმოადგენს ერთადერთ სახელმწიფო ორგანოს, რომელიც საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს. ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის მეორე პუნქტიდან გამომდინარე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის მიზნებისათვის სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზედამხედველო ფუნქციების განხორციელებისათვის სააგენტო უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი განკარგულებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.

 

ამავე ნორმატიული აქტის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება სააგენტოს ნორმატიული აქტებით. მე-4 პუნქტის თანახმად კი, სააგენტო უფლებამოსილი იყო ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

 

აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის მონიტორინგის განმახორციელებელი პირი. ამავე კანონის მეორე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგი - ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; „ნ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი არის ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირი, რომელიც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ატარებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ღონისძიებებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლითაც დადგენილია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ვალდებულება - საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უზრუნველყოს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ასევე მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება. მე-5 პუნქტით კი, დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).

 

დადგენილია, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,-------------------------–ი“ წარმოადგენს ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელ პირს. შესაბამისად, მასზე ვრცელდება ამ კანონით დადგენილი ვალდებულებები. ასევე დადგენილია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველია ამ ორგანიზაციის მხრიდან მითითებული ნორმებით და სხვა ნორმატიული აქტების დებულებებით განსაზღვრული ვალდებულებების სათანადოდ შეუსრულებლობა.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონს, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებულ გარიგებათა ერთობლიობა (კომერციული ბანკების, საბროკერო და სადაზღვევო კომპანიების, ადვოკატებისა და საბუღალტრო ან/და აუდიტორული საქმიანობის განმახორციელებელი პირების საშუალებით შესრულებული გარიგებების, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონიტორინგს დაქვემდებარებული ქმედებების გარდა), თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის განსაზღვრული საქმიანობიდან გამომდინარე პირის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დადებული ან შესრულებული გარიგება ან/და გარიგების (მისი თანხის) დანაწევრების მიზნით დადებულ ან შესრულებული გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების ან გარიგებათა (ოპერაციათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში), როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) გარიგება არის საეჭვო ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელ პირს გარიგების შესახებ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ცნობის მიწოდების ვალდებულება წარმოეშობა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგების დადების დროსაც. კანონმდებელი ზემოხსენებულ შემთხვევაში ავალდებულებს მონიტორიგის განმახორციელებელ პირს შეასრულოს აღნიშნული ვალდებულება. ამასთან, ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დამატებითი მითითებების გარეშე ევალება, რაც მოსარჩელეს 68 შემთხვევაში არ შეუსრულებია. აღნიშნულს ცალსახად ადასტურებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის N01/520 წერილი.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მის მხრიდან ადგილი აქვს მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გადაუცემლობის მხოლოდ 5 ფაქტს, ხოლო 9 შემთხვევაში გარიგება არ ექვემდებარებოდა მონიტორინგს, ვინაიდან გარიგების დადების მომენტისათვის თანხა არ შეადგენდა 30 000 ლარს, თუმცა მოსარჩელემ ვერ მოახდინა ამ გარიგებების იდენტიფიცირება. 3 გარიგებებთან მიმართებაში კი აღნიშნა, რომ გაფორმებულია ბანკის აქციონერთან, რომელიც სრულად იდენტიფიცირებულია და არ ექვემდებარეობდა მონიტორინგს. ამ მხრივ სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს გამონაკლისები, როდესაც სამსახურს ცნობა არ მიეწოდება, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება არის ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარიგება. როგორც წესი, ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევისათვის, როდესაც გარიგება საეჭვო არ არის ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ სადავო გარიგებები წარმოადგენდა სწორედ ამ სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებულ საგამონაკლისო გარიგებებს (ოპერაციებს).

 

6.4. სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–ს“ შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი, მე-102, მე-15 პუნქტების და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-6 მუხლის მე–102, მე–20 და 21–ე პუნქტების მოთხოვნის დარღვევის 115 ფაქტის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე, საერთო თანხით 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსარჩელის განმარტებით, ამ კონკრეტულ შემთხვევებში გატარებულია სტანდარტული იდენტიფიკაციის პროცედურები - მითითებულია კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემები და საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ის გარემოება, რომ კლიენტს მინიჭებული არ აქვს გარკვეული რისკის კატეგორია, არ უნდა იქნეს მიჩნეული იდენტიფიკაციის წესების დარღვევად, რადგან არ არსებობდა არანაირი ეჭვი და საფუძველი, რომ კონკრეტული კლიენტები მიჩნეულიყო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით მაღალი რისკის მატარებლად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ოპერაციების თანხების ოდენობა აღემატება 3 000 ლარიან ზღვარს, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად ითვალისწინებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე თუ: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში; დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი დანაწესი განსაზღვრავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.

 

ზემოაღნიშნული კანონის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვრავს პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია კლიენტის იდენტიფიკაციისათვის (გარდა ანგარიშის გახსნის პროცედურებისა). ამასთანავე, მას უფლება აქვს, მოითხოვოს გარიგებასთან (ოპერაციასთან) და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები).

 

მითითებული მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა საიდენტიფიკაციო მონაცემები უნდა შეამოწმოს მინიმუმ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელმწიფოს მიერ გამოცემული ისეთი დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც იძლევა იურიდიული პირის შექმნისა და მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) შესაბამისი უფლებამოსილების დადასტურების საშუალებას.

 

ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე.

 

მე-101 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იურიდიული პირის (აგრეთვე იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც იურიდიული პირი არ არის) იდენტიფიკაციისას და ვერიფიკაციისას მოიპოვოს ინფორმაცია მისი საქმიანობის არსის, მისი მფლობელობის და მმართველობის (კონტროლის) განმახორციელებელი სტრუქტურის შესახებ.

 

მე-102 პუნქტის შესაბამისად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად;

 

ამავე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის ტიპისა და სახის, საქმიანი ურთიერთობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების გათვალისწინებით ან სხვა გზით, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-131 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია მის მიერ რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე გამოვლენილი, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალი რისკის არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს დაბალი რისკის შესაბამისი, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით განსაზღვრული, კლიენტის (მისი ბენეფიციარი მესაკუთრის) იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები. დაუშვებელია იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურების გამოყენება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის არსებობისას.

 

მითითებული მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ და პირად საქმიანობას, ან რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას.

 

ამ მხრივ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-6 მუხლზე, რომელიც ადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებებს იდენტიფიკაციისა და საიდენტიფიკაციო მონაცემების (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. მითითებული მუხლის მე–102 პუნტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. ამავე მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგი, რომელიც მოიცავს: ა) კლიენტისა და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ მიმდინარე ინფორმაციისა და ჩანაწერების შენახვას; ბ) არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების პერიოდულ განახლებას და მათ მოქმედ ნორმებთან შესაბამისობას; გ) გარიგების დეტალურ შესწავლას, იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა გარიგება კლიენტის შესახებ მის ცოდნას, კლიენტის კომერციულ ან პირად საქმიანობას, და რისკის ჯგუფს და, საჭიროების შემთხვევაში, ქონების (მათ შორის, ფულადი სახსრების) წარმომავლობას. ხოლო 21–ე პუნქტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის და მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი და აწარმოოს მის მიმართ ამ დებულების 61 მუხლით გათვალისწინებული გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების, აგრეთვე გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი. იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების პროცედურები უნდა განხორციელდეს რისკებზე დამყარებული მიდგომის საფუძველზე, კლიენტის (ბენეფიციარი მესაკუთრის) ტიპის, მისი ადგილმდებარეობის (რეგისტრაციის ადგილის), საქმიანობის სფეროს ან გეოგრაფიული არეალის, აგრეთვე საქმიანი ურთიერთობის ხასიათის ან ინტენსივობის, პროდუქტის/მომსახურების ან გარიგების (ოპერაციის) სახის ან თანხის ოდენობის ან სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გაძლიერებული პროცედურების გამოყენების მიზნით, შიდა ინსტრუქციით დაადგინოს შესაბამისი კრიტერიუმები (რისკ-ფაქტორები) და მათ საფუძველზე განსაზღვროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან/და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკის კატეგორიას მიკუთვნებული კლიენტები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, სწორედ აღნიშნულ მიზნებთან არის დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების, მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობა. ამასთან, კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულია კონკრეტული ვალდებულებები, რომელთა აუცილებელი შესრულებითაც არის შესაძლებელი მითითებული მიზნის მიღწევა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული მიზნის მიღწევის უპირველესი საშუალება იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შესრულების ვალდებულებაა, რაც არ მოიცავს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის მხრიდან ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მარტივი პროცედურის განხორციელებას - ფიზიკური პირების შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი ასლების გადაღებას და შენახვას, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერების ასლების გადაღებას და შენახვას. ზემოაღნიშნული კანონიდან და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან გამომდინარეობს, რომ პირის იდენტიფიკაციის დადგენილი წესის შესრულება ასევე გულისხმობს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას - მიიღოს შესაბამისი ზომები კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად; კლიენტთან საქმიანი ურთიერთობის მუდმივი მონიტორინგის ვალდებულებას, ჰქონდეს რისკების მართვის სათანადო სისტემა ისეთი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, რომლის საქმიანობამ შესაძლებელია შექმნას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების მაღალი რისკი, და აწარმოოს მის მიმართ გაძლიერებული იდენტიფიკაციისა და ვინაობის გადამოწმების და გაძლიერებული მონიტორინგის პროცესი.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირი, რომელსაც ეკისრება კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება, ასევე, ვალდებულია, რისკების სათანადო ანალიზის საფუძველზე, განახორციელოს რისკის შესაბამისი დონის მინიჭება, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენა. სწორედ აღნიშნული პროცედურის დაცვის შემდეგ შესაძლებელია, მონიტორინგის განმახორციელებელმა პირმა, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ოპერაციის მიმართ გამოიყენოს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურები.

 

საქმის მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო ასკვნის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ გააჩნდა რისკების მართვის სათანადო სისტემა, ორგანიზაცია არ ახორციელებდა რისკის მინიჭებას, საქმიანი ურთიერთობის მიზნისა და განზრახული ხასიათის შესახებ ინფორმაციის დადგენას.

 

6.5. შემოწმებით აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის და დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „------------------------–ის“ არ გააჩნდა მონაცემთა (გარიგებების/ოპერაციების) აღრიცხვის სათანადო ელექტრონული ბაზა.

 

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება: ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს; ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს); დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება; ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.

 

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-9 მუხლით დადგენილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებანი გარიგებების (ოპერაციების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გარიგების (ოპერაციის) შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნა ვრცელდება როგორც თვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ დადებულ გარიგებებზე და შესრულებულ ოპერაციებზე, ასევე კლიენტების დავალებით შესრულებულ ოპერაციებზე და იმ გარიგებებზე, რომლებიც ოპერაციის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს. მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოპერაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) ოპერაციის შინაარსი (მაგალითად, ფულადი გზავნილის გაგზავნა ან მიღება და სხვ.); ბ) ოპერაციის შესრულების თარიღი, თანხა და ვალუტა, რომელშიც ოპერაცია უნდა შესრულდეს; გ) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომლის დავალებითაც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ახორციელებს ოპერაციას (ოპერაციის განმახორციელებელი პირის); დ) ოპერაციის მეორე მხარე (მისი არსებობის შემთხვევაში) და მისი საბანკო რეკვიზიტები; ე) იმ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც მოქმედებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტის დავალებით (წარმომადგენლის, რწმუნებულის); აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის ან რწმუნების შინაარსი, გამცემი პირი, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მინდობილობის ან რწმუნების დამმოწმებელი პირი (მაგალითად, ნოტარიუსი), დამოწმების თარიღი და ადგილი; ვ) თუ ოპერაცია სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ზ) ოპერაციის შესრულების საფუძველი (ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში). მე-4 პუნქტის მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და კლიენტს შორის დადებული გარიგების, აგრეთვე იმ გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვის დროს, რომელიც გარიგების (ოპერაციის) განხორციელების საფუძველს წარმოადგენს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს შემდეგი ინფორმაცია: ა) გარიგების სახე (მაგალითად, ნასყიდობა, უზურფრუქტი, იჯარა, ლიზინგი და ა.შ.); ბ) გარიგების საგანი (კონკრეტული ნივთი, მატერიალური ფასეულობა ან არამატერიალური უფლება, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, ან მომსახურება, სამუშაო, რომელიც გარიგების თანახმად უნდა შესრულდეს); გ) გარიგების ფორმა (წერილობითი თუ ზეპირი გარიგება);დ) გარიგების მიზანი (მაგალითად, მოგების მიღება, ქველმოქმედება, ვალის გადახდა და სხვ.); ე) გარიგების მონაწილე პირების (მათ შორის მათი წარმომადგენლებისა და მარწმუნებლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები; ვ) გარიგების დადების თარიღი, ადგილი და მოქმედების ვადა; ზ) გარიგების თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს; თ) იმ შემთხვევაში, თუ გარიგება ექვემდებარება რეგისტრაციას (დამოწმებას) – გარიგების მარეგისტრირებელი ორგანოს დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, ადგილი და ნომერი (მაგალითად, გარიგების ნოტარიულად დამოწმების შემთხვევაში). ხოლო მე-5 პუნქტის შესაბამსიად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირების, სისტემატიზაციისა და შენახვის მიზნით მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შესაბამისი სისტემა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები დეტალურად განსაზღვრავენ როგორც პირის იდენტიფიკაციის აუცილებელ პროცედურებს და მისი განხორციელების საშუალებებს, ასევე ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტები ითვალისწინებეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებაბს გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამასთან, აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალური პროგრამული საშუალებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას - საეჭვო გარიგებებისა და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენის მიზნით, მონაცემთა ელექტრონული ბაზის (სისტემის) შექმნის შესახებ. იმისათვის, რომ პროგრამამ უზრუნველყოს საეჭვო, უჩვეულო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა, პროგრამას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა განახორციელოს როგორც ერთი პირის მიერ დროის გარკვეულ პერიოდში, ასევე, ურთიერთდაკავშირებული პირების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების ფილტრაცია, ასევე, საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს სხვადასხვა ინდიკატორები უჩვეულო, დანაწევრებული და საეჭვო ტრანზაქციების იდენტიფიცირებისათვის. საქმის მასალებით, ასევე, მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,-------------------------–ის“ მხრიდან, მითითებულ შემთხვევებში ოპერაციების განხორციელებისას, დარღვეული იყო მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვის წესი. საწინააღმდეგო გარემოების არსებობაზე მოსარჩელემ ვერ მიუთითა. რაც შეეხება მოსარჩელის არგუმენტს მასზედ, რომ გაფორმებული აქვს პროგრამული უზრუნველყოფის ნასყიდობის ხელშეკრულება, სასამართლო ამ მხრივ იზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას და მიუთითებს, რომ შესყიდული ელექტრონული ბაზა ვერ ახდენს ნორმატიული აქტის შესაბამისი სამართლებრივი ნორმებით დადგენილი მოთხოვნების უზრუნველყოფას, წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზაციის მხრიდან ადგილი არ ექნებოდა ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი პროცედურების დარღვევას.

 

6.6. შემოწმებით აქტების თანახმად, მოსარჩელის მხრიდან უზრუნველყოფილი არ იყო ადეკვატური შიდა კონტროლის სისტემის დანერგვა.

 

სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლზე, რომელიც შეეხება მონიტორინგის განმახორციელებელი პირების ვალდებულებებს შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით განახორციელოს შიდა კონტროლი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 103 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.

 

ამ პუნქტის ანალოგიურ დანაწესს შეიცავს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-4 მუხლი. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულ უნდა იქნეს: ა) ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კლიენტის, მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის იდენტიფიკაცია (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები); ბ) პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება; გ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგების) გამოვლენა; დ) ამ დებულებით დადგენილი წესით, კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესისა და პირობების განსაზღვრა; ე) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; ვ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების ფორმით; ვ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; ზ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების თავიდან აცილების კუთხით მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელთა სწავლების ორგანიზება. ამავე მულის მე-3 პუნქტის მიხედვით, შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია, რომელიც უნდა დამტკიცდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს მიერ. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის (მისი ფილიალებისა და წარმომადგენლობების) კლიენტებისა და მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების მსურველი პირების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრეების, ასევე სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციის, გაანალიზებისა და შენახვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის და სამსახურისთვის ანგარიშგების ფორმების წარდგენის პირობები, გარიგების (ოპერაციის) აღსრულების შეჩერების შესახებ ამ დებულების 111 მუხლით გათალისწინებული მითითების შესრულების წესი და პირობები. სამსახურის შიდა ინსტრუქციას უნდა გაეცნოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი. ხოლო მე-4 პუნქტი თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელთა შერჩევის პოლიტიკა (რომელიც მოიცავს თანამშრომელთა კვალიფიკაციისა და რეპუტაციის შესწავლას), შიდა ინსტრუქციით დადგენილი პროცედურები და წესები მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების პროცესებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობის აღკვეთას.

 

სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის შიდა ინსტრუქცია არის დეკლარაცული ხასიათის, არ შეიცავს კონკრეტიკას, მასში კოპირებულია კანონისა და დებულების ნორმები და არ აკმაყოფილებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 24 იანვრის N7 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-4 მუხლით დადგენილ სტანდარტებს.

 

6.7. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N----- ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის” მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“, ,,ე“, ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტების თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად პირისათვის გარიგების (ოპერაციის) განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ე) შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; კ) გარიგებების (ოპერაციების) სპეციალური პროგრამული საშუალებით აღურიცხაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით; ლ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან მისი მმართველი ორგანოს წევრი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების მიღებას და/ან აღნიშნული შიდა კონტროლის პროცედურისა და წესების დაცვას დაჯარიმდება 1 000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული ორგანო, ზემოაღნიშნული დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში უფლებამოსილი იყო მოეხდინა მოსარჩელის სანქცირება. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, ს--------------------------------–-----------------------------–თან“ მიმართებაში სახეზეა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №----1კ განკარგულების გამოცემის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანო, სადავო განკარგულებით უფლებამოსილი იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ერთად, მოეხდინა ,-------------------------–ის“ დირექტორის სანქცირებაც.

 

6.7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 17 მაისის №----1კ განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს--------------------------------–-----------------------------–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე თამარ მეშველიანი