განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002226176
საქმე №3ბ/1379-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ილონა თოდუა
მოსამართლეები - გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „მ------------- კ---------“;
წარმომადგენელი: ზ------ ჟ----ე;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეროვნული ბანკი;
წარმომადგენელი: მ--------- კ--------
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება;
1.1 აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით შპს „მ------------- კ---------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „მ--------------- კ---------“ წარმოადგენს რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საიდენტიფიკაციო ნომრით: 4--------.
2.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7------ განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, 2017 წლის 22 აგვისტოდან 2017 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, განახორციელეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმება, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 6281 მუხლების, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმების მიზნით.
შემოწმების მიზნებისათვის შეირჩა ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ასევე, 2017 წლის 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაცემული, გადავადებული, რესტრუქტურიზებული და რეფინანსირებული სასესხო პროდუქტები - როგორც გაცემულ (შემდგომში, „შესამოწმებელი სასესხო პროდუქტები“), ისე ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებთან დაკავშირებით (შემდგომში, „მოზიდვასთან დაკავშირებული შესამოწმებელი პროდუქტები“).
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ამავე ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის
15 ნოემბრის მოხსენებითი ბარათით ეცნობა შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმების შედეგები.
2.1.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შპს „მ------------- კრედიტს“ (ს-----------), შემოწმების შედეგად გამოვლენილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევით 19 (ცხრამეტი) ფაქტის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა, თითოეული ფაქტის გათვალისწინებით - 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულებით განსაზღვრული 19 ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო მონაცემები შპს „მ------------- კ---------ს“ დირექტორს ეცნობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილითა და მისი დანართით.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
2.2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №9----- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე, სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
2.2.3. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
2.2.4. სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, მითითებული ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, განახორციელოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის ზედამხედველობა ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.
სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზედამხედველობას ახორციელებს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაკისრების გზით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი მოწესრიგება და მათი განვითარებისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც მისი განაცხადის საფუძველზე რეგისტრირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობით.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნები; ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ვ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შპს „მ------------- კ---------“ წარმოადგენს რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. შესაბამისად, მის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, 2017 წლის 22 აგვისტოდან 2017 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, განახორციელეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმება, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 6281 მუხლების,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმების მიზნით. ასევე, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ შემოწმების მიზნებისათვის შეირჩა ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ასევე, 2017 წლის 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაცემული, გადავადებული, რესტრუქტურიზებული და რეფინანსირებული სასესხო პროდუქტები - როგორც გაცემულ (შემდგომში,„შესამოწმებელი სასესხო პროდუქტები“), ისე ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებთან დაკავშირებით (შემდგომში, „მოზიდვასთან დაკავშირებული შესამოწმებელი პროდუქტები“).
2.2.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“, რომლის მე-2 მუხლი შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დარღვევებსა და სანქციებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ან მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლზე განმარტა, რომ თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მ------------- კ---------ს“ (ს-----------) შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევით 19 (ცხრამეტი) ფაქტი, რისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შპს „მ------------- კრედიტს“ (ს-----------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა, თითოეული ფაქტის გათვალისწინებით - 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი მიმართულია საფინანსო სექტორში გამსესხებლის განსაკუთრებული პრივილეგირებული მდგომარეობისაგან მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ. იმ პირობებში, როდესაც ამ ნორმის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში, კანონმდებელმა დააწესა პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი ფინანსური ხარჯისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული ფინანსური სანქციის ზღვრული ოდენობა, რომელიც ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული ნორმა და ოდენობა არ არის დადგენილი სხვა სამართლებრივი აქტით. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან კონკრეტულ 19 ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პროცენტის/ფინანსური სანქციის ოდენობას, კერძოდ, თითოეული ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად აღემატება იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
რაც შეეხება მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი შეეხება მსესხებლისათვის უკვე დაკისრებული ფინანსური სანქციის ოდენობას იმ დროს, როდესაც მართალია სადავო 19 შემთხვევაში ორგანიზაციას კონკრეტული პირებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ჰქონდა ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობაზე მცირე ოდენობით მეტი პროცენტი, მაგრამ რეალურად ამ პირებისათვის ეს თანხა დაკისრებული არ ჰქონდა, სასამართლო მიიჩნევს დაუსაბუთებლად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება ეს არის მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმება და იმ პირობებში, როდესაც მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმებულნი არიან ხსენებული ხელშეკრულებებით (19 ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ფულადი სანქციის ოდენობის დაკისრებაზე წინასწარ განსაზღვრული პირობის დადგომისას, ამ პირობის/გარემოების დადგომისთანავე ეკისრება მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ეს არ არის დამოკიდებული გამსესხებლის კეთილ ნებაზე. შესაბამისად, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელეს იმასთან დაკავშირებით, რომ
„დაკისრებული ვალდებულებისა“ და „ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების“ ტერმინთა სხვადასხვაობის გამო მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეემოწმებინა ამ 19 ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამის მსესხებელ პირებს ზღვრულ ოდენობაზე მეტი პროცენტი რეალურად ჰქონდათ თუ არა დაკისრებული და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაში დასაშვებზე მეტი პროცენტის მითითება ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს.
ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „მ------------- კ---------ს“ მხრიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევების არსებობა, შესაბამისად, წარმოიშვა გასაჩივრებული განკარგულების გამოცემისა და დამრღვევი პირის დაჯარიმების საფუძველი.
2.2.6 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლომ მიუთითითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა- განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილი არა ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 17 ნოემბრის №9----- განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
3. შპს „მ------------- კ----------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, სასამართლომ სრულიად არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი მე-5 ნაწილი. მითითებული ნორმის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
შესაბამისად, აპელანტის განმარტებით,ეროვნულმა ბანკმა შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმება განახორციელა ხელშეკრულების პირობების რევიზიით და არა აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე რეალურად დარიცხული საკომისიო, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმების რევიზიით.
მითითებული ნორმა ცალსახად ადგენს მსესხებლისთვის რეალურად დარიცხული ხარჯებისა და ფინანსური სანქციების მაქსიმალურ ზღვარს და არა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯებისა და ფინანსური სანქციების მაქსიმალურ ზღვარს.
აპელანტი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯი და ფინანსური სანქცია მომავალ პერსპექტივაშიც არ შეიძლება აპრიორად იქნეს მიჩნეული უკვე დაკისრებულ ხარჯად და ფინანსურ სანქციად. ეს უპირველესად დამოკიდებულია მათი დაკისრებისთვის გათვალსიწინებული პირობების დადგომაზე. ასევე, ზოგადად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და ფინანსური სანქციების დაკისრება არის მხარის დისკრეციული უფლებამოსილენა და არა სავალდებულო წესით დასაკისრებელი თანხები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1.1. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს „მ--------------- კ---------“ წარმოადგენს რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საიდენტიფიკაციო ნომრით: 4--------.
4.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, 2017 წლის 22 აგვისტოდან 2017 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, განახორციელეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმება, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 6281 მუხლების, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმების მიზნით(ს.ფ. 68-69);
შემოწმების მიზნებისათვის შეირჩა ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ასევე, 2017 წლის 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაცემული, გადავადებული, რესტრუქტურიზებული და რეფინანსირებული სასესხო პროდუქტები - როგორც გაცემულ (შემდგომში, „შესამოწმებელი სასესხო პროდუქტები“), ისე ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებთან დაკავშირებით (შემდგომში, „მოზიდვასთან დაკავშირებული შესამოწმებელი პროდუქტები“).
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ამავე ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის
15 ნოემბრის მოხსენებითი ბარათით ეცნობა შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმების შედეგები
4.1.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შპს „მ------------- კრედიტს“ (ს-----------), შემოწმების შედეგად გამოვლენილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევით 19 (ცხრამეტი) ფაქტის გამო, დაეკისრა ფულადი ჯარიმა, თითოეული ფაქტის გათვალისწინებით - 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულებით განსაზღვრული 19 ხელშეკრულების საიდენტიფიკაციო მონაცემები შპს „მ------------- კ---------ს“ დირექტორს ეცნობა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილითა და მისი დანართით
სამართლებრივი დასაბუთება
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივრში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. პალატა განმარტავს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
4.2.3. პალატა განმარტავს, რომ სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით, მითითებული ორგანული კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, განახორციელოს კომერციული ბანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟების, ცენტრალური დეპოზიტარების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის ზედამხედველობა ამ კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.
4.2.4. სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ეროვნული ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზედამხედველობას ახორციელებს რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმებისა და სანქციების დაკისრების გზით, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4.2.5. „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორმა: ა) დაარღვია ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან საქართველოს ეროვნული ბანკის ნებისმიერი დებულება, წესი, დადგენილება, მოთხოვნა ან წერილობითი მითითება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვა; ბ) დაარღვია ნებისმიერი პირობა ან შეზღუდვა, რომელიც თან ახლავს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციას ან დართული აქვს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დებულებას; გ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადა ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება ან სხვა არაზუსტი ინფორმაცია; დ) დაარღვია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტის მოთხოვნები; ე) დაარღვია სესხის გაცემასთან ან/და სახსრების მოზიდვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; ვ) განახორციელა ან ახორციელებს არაჯანსაღ ან საფრთხის შემქმნელ სამეწარმეო პრაქტიკას. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი კი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს ანიჭებს უფლებას, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ადმინისტრატორს დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.
4.2.6. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შპს „მ------------- კ---------“ წარმოადგენს რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. შესაბამისად, მის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილება ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს. დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებმა, 2017 წლის 22 აგვისტოდან 2017 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდში, განახორციელეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მ------------- კ---------ს“ შემოწმება, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე და 6281 მუხლების, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 11 პუნქტის, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №151/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ წესის მოთხოვნების დაცვის შემოწმების მიზნით. ასევე, დადგენილია, რომ შემოწმების მიზნებისათვის შეირჩა ორგანიზაციის მიერ 2017 წლის 01 ივნისიდან 2017 წლის 15 ივნისის ჩათვლით, ასევე, 2017 წლის 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაცემული, გადავადებული, რესტრუქტურიზებული და რეფინანსირებული სასესხო პროდუქტები - როგორც გაცემულ (შემდგომში, „შესამოწმებელი სასესხო პროდუქტები“), ისე ფიზიკური პირებისაგან მოზიდულ სახსრებთან დაკავშირებით (შემდგომში, „მოზიდვასთან დაკავშირებული შესამოწმებელი პროდუქტები“).
4.2.7. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცდა „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“, რომლის მე-2 მუხლი შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დარღვევებსა და სანქციებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ეროვნული ბანკი შემოწმების შედეგად დაადგენს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ დაარღვია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმები, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, გააფრთხილოს იგი, გამოიყენოს მის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი სანქცია ან მიიღოს გადაწყვეტილება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი კი ადგენს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-2 ან მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შეზღუდვის დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
4.2.8. პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შპს „მ------------- კ---------ს“ (ს-----------) შემოწმების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის დარღვევით 19 (ცხრამეტი) ფაქტი, რისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის2017 წლის 21 აგვისტოს №7----- განკარგულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შპს„მ------------- კრედიტს“ (ს-----------) დაეკისრა ფულადი ჯარიმა, თითოეული ფაქტის გათვალისწინებით - 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით - 19000 (ცხრამეტიათასი) ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლი მიმართულია საფინანსო სექტორში გამსესხებლის განსაკუთრებული პრივილეგირებული მდგომარეობისაგან მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ. იმ პირობებში, როდესაც ამ ნორმის მიზანს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებების დაცვა სასესხო/საკრედიტო ურთიერთობებში, კანონმდებელმა დააწესა პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-5 ნაწილით იმპერატიულად არის დადგენილი სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი ფინანსური ხარჯისა და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული ფინანსური სანქციის ზღვრული ოდენობა, რომელიც ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150%-ს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული ნორმა და ოდენობა არ არის დადგენილი სხვა სამართლებრივი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში სადავო ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ თითოეული ხელშეკრულებაში დაფიქსირებული პროცენტი/ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად აღემატება იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით, მხარე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია ხელშეკრულების პირობები და ეთანხმება მათ, რაც ნიშნავს, რომ მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმდნენ. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან 19 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი სანქციის ოდენობის დაკისრებაზე წინასწარ განსაზღვრული პირობების დადგომისას, რაც ამ პირობების / გარემოების დადგომისთანავე ეკისრება მსესხებელს.
პალატა აქვე განმარტავს, რომ ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ იმ შემთხევაშიც კი, თუ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კანონმდებლობით დადგენილი ფინანსური სანქციების ზღვრულ ოდენობაზე მეტი "ეს არ ნიშნავს მათ გარდაუვალად დაკისრებას" და "სანქციის დაკისრება მხარის დისკრეციული უფლებამოსილებაა". პალატა მიუთითებს, რომ კერძო სამართლის უზოგადესი პრინციპის თანახმად, დადებული ხელშეკრულება უნდა შესრულდეს.ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებით მხარეები ნებაყოფლობით და ორმხრივად კისრულობენ ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას, რაც სახელშეკრულებო თვითბოჭვის სახელითაა ცნობილი. ამდენად, თუ პირი გადაწყვეტს ხელშეკრულების დადებას და მისი ეს განზრახვა მოლაპარაკების საგნად იქცევა, იქმნება მეორე მხარის კანონით დაცულ მოლოდინი, რაც ხელშეკრულების მბოჭავი ძალის საფუძველია. კანონმდებლის მიზანი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625.5 მუხლში მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიღებისას, კანონმდებლის მიზანს სასესხო პროდუქტით მოსარგებლე მომხმარებელთა უფლებების დაცვა წარმოადგენდა და ეს უფლება დაცულ უნდა იქნას ყველა ეტაპზე, მათ შორის სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრისას. ამასთან ხელშეკრულების პირობების განსაზღვრაში მხარეთა თავისუფლება უზრუნველყოფილია დისპოზიციურობის პრინციპით, თუმცა დაუშვებელია მსესხებელს ხელშეკრულებით დაეკისროს ისეთი ვალდებულება, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
6.1 აპელანტის შპს მ------------- კ---------ს“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ------------- კ---------“ სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ილონა თოდუა
მოსამართლეები გიორგი გოგიაშვილი
შოთა გეწაძე