გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.03.2019
საქმის ნომერი
330310018002708023
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/6953-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი

სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი

მოსარჩელე - შპს „გ----------ი“

წარმომადგენელი - მ--------------ა

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წარმომადგენელი - მ------------------ი, თ------------–---–ი

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 29 აგვისტოს №--- განკარგულება შპს “გ----------ის” ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 15 ნოემბრის №--- განკარგულება შპს “გ----------ის’’ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1 მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელს და მიუთითეს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

3.1. მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

4.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 28 ოქტომბრის N--- განკარგულებით ,,გ----------ი’’ რეგისტრირებული იქნა ვალუტის გადამცვლელ პუნქტად ქ. თბილისში, ა----–-----–-----------ში და მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი N0------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 28 ოქტომბრის N--- განკარგულება - ს/ფ 121

 

4.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 21 მარტის №2------- წერილით შპს “გ----------ს’’ ეცნობა, რომ ევალებოდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, 71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 21 მარტის №2------- წერილი - ს/ფ 66

 

4.1.3. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების მიხედვით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. დაევალათ, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეემოწმებინათ ამ განკარგულების დანართში მითითებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით და ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

2. შემოწმების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულება - ს/ფ 96-97

 

4.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №--- განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივნისს განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - შპს ,,გ----------ის’’ შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,გ----------ის’’ მიერ დარღვეული იქნა კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი მოთხოვნები: 1. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია საკომისიოს გამოყენების შესახებ; 2. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ; 3. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის შესახებ; 4. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის და ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობაზე; 5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ აკმაყოფილებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურების სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს, კერძოდ: ვიდეომეთვალყურების სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით არ იყო განთავსებული; 1 კამერაზე ხედვა შეზღუდული იყო, ვინაიდან კამერას ეფარებოდა კაბელი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 2018 წლის 25 ივნისის შემოწმების აქტი - ს/ფ 64.

 

3.1.5. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №--- განკარგულებით: შპს ,,გ----------ს’’ (ს/კ №4--------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“, „ბ.დ“ ქვეპუნქტების და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 და მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო, გაუუქმდა ვალუტის პუნქტის რეგისტრაცია სარეგისტრაციო ნომრით 0------; ძალადაკარგულად გამოცხადდა შპს ,,გ----------’’-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 28 ოქტომბრის N--- განკარგულება.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №--- განკარგულება - ს/ფ 65.

 

3.1.6. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N--- განკარგულებით შპს ,,გ----------ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს №--- განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის №--- განკარგულება - ს/ფ 79-80.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს ,,გ----------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით დამტკიცებული "აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული განკარგულებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №--- განკარგულების საფუძველზე, 2018 წლის 25 ივნისს განხორციელდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის - შპს ,,გ----------ის’’ შემოწმება. შემოწმების აქტის თანახმად, დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი მოთხოვნები: 1. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია საკომისიოს გამოყენების შესახებ; 2. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ; 3. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის შესახებ; 4. სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის და ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობაზე; 5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ აკმაყოფილებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურების სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს, კერძოდ: ვიდეომეთვალყურების სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით არ იყო განთავსებული; 1 კამერაზე ხედვა შეზღუდული იყო, ვინაიდან კამერას ეფარება კაბელი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესზე“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – პუნქტი) რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ასევე ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ფილიალის (შემდგომში – ფილიალი) საქმიანობის დაწყების/შეწყვეტის და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-7 მუხლით დადგენილია პუნქტის/ფილიალის ვალდებულებები. კერძოდ, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტების თანახმად, პუნქტი/ფილიალი ვალდებულია სალაროსთან განათავსოს შემდეგი ინფორმაცია მსხვილი (მინიმუმ 28) შრიფტით: ბ.გ) „მოითხოვეთ ქვითარი - request a receipt!“; ბ.დ) „ტრანზაქციის გაუქმება შესაძლებელია ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში, თუ ტრანზაქციის მოცულობა არ აღემატება 5000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში! – Transaction can be canceled within 30 minutes after receiving of the receipt if the transaction volume does not exceed 5000 GEL or its equivalent in foreign currency!“.

 

ამასთან, სასამართლო მიუთითებს „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, შპს ,,გ----------ს’’ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებისას სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია საკომისიოს გამოყენების შესახებ; სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ; სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის შესახებ; სალაროსთან არ იყო განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის და ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობაზე.

 

ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი შემოწმების აქტში მითითებული გარემოების გამაბათილებელი შესაბამისი მტკიცებულებები, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შპს ,,გ----------ის’’ მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „ბ.დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტს.

 

რაც შეეხება 2018 წლის 25 ივნისის შემოწმების აქტში მითითებულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების საკითხს, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 07 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებულ „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესზე“ (ძალადაკარგულია 2019 წლის 1 იანვრიდან, 28.02.2018წ. №37/04 ბრძანებით), რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს. მითითებული წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა განთავსდეს ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით და გარეპერიმეტრზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით უნდა განთავსდეს ისეთი განლაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში შემომსვლელი პირების ვიზუალურად დანახვა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე.

 

ამავე ნორმატიული აქტის მე-14 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი“ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამ წესის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია აზარტულ და სხვა მომგებიანი თამაშობების დარბაზში, სალაროსთან და შემოსასვლელებში დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა აწარმოოს მუშაობის მთელ პერიოდში, ხოლო გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სისტემით ვიდეოჩაწერა - მუდმივად. ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული მაგნიტური ლენტები (ელექტრონული ინფორმაცია), შესაბამისი ჩანაწერებით, არანაკლებ 30 დღისა უნდა ინახებოდეს სათანადოდ დაცულ ადგილზე და დასაბუთებული მოთხოვნისთანავე შესამოწმებლად უნდა წარედგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილ პირს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდიანრე, გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემით კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია ისარგებლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ან/და სხვა უფლებამოსილმა პირმა.

 

ამავე ბრძანების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს არანაკლებ 2 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა (იმ ადგილებზე, სადაც ეს შეუძლებელია – ერთი ვიდეომეთვალყურეობის სისტემა), ხოლო სათადარიგო გასასვლელების არსებობის შემთხვევაში, 1 ვიდეომეთვალყურეობის სისტემა თითო გასასვლელზე. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და სხვა უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრულ ადგილას და შერჩეული განლაგებით. დისტანციური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი ვალდებულია უზრუნველყოს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მუდმივი წვდომა გლობალურ ქსელთან.

 

მითითებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხი განეკუთვნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის პირობებს, ხოლო აღიშნული პირობების დარღვევის შემთხვევაში ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო - საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

ზემოაღნიშნულ სადავო საკითხთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ ფოტომასალაზე, რომლითაც ცალსახად ირკვევა, რომ ვალუტის გადამცვლელ პუნქტს სალაროსთან არ ჰქონდა განთავსებული ინფორმაცია საკომისიოს გამოყენების შესახებ; 2. სალაროსთან არ ჰქონდა განთავსებული ინფორმაცია საყურადღებო კურსის შესახებ; 3. სალაროსთან არ ჰქონდა განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის შესახებ; 4. სალაროსთან არ ჰქონდა განთავსებული ინფორმაცია ქვითრის მოთხოვნის და ქვითრის მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში ტრანზაქციის გაუქმების შესაძლებლობაზე; 5. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა არ აკმაყოფილებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურების სისტემის პარამეტრებსა და მახასიათებლებს, კერძოდ: ვიდეომეთვალყურების სისტემა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიგნით არ იყო განთავსებული; 1 კამერაზე ხედვა შეზღუდული იყო, ვინაიდან კამერას ეფარებოდა კაბელი. შპს ,,გ----------ის’’ მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №27/04 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-2 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში არსებულ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 21 მარტის №2------- წერილზე, რომლითაც შპს ,,გ----------ს’’ ეცნობა „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესით“ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე. ამდენად, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის არგუმენტს არაინფორმირებულობასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო მიუთითებს „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტს გააუქმოს რეგისტრაცია, თუ არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს ეროვნული ბანკის წერილობით მითითებებს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც შპს ,,გ----------ის’’ მიერ დარღვეულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, სასამართლო დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს გააჩნდა რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და გამოყენებული სანქცია თანაზომიერია იმ მიზნებთან და ღირებულებებთან, რომლის მიღწევასაც ისახავს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გადაწყვეტილების გამოტანისას საქმის გარემოებების სრულყოფილ გამოკვლევას. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, სადავო აქტი მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი, რის გამოც სარჩელი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულების ბათილად ცნობის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N--- განკარგულება შპს ,,გ----------ის’’ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს "გ----------მა" ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეროვნულ ბანკს და სასამართლოს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 15 ნოემბრის N--- განკარგულებით შპს "გ----------ის" ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილი იმ შემთხვევაში უშვებს პროცედურული დარღვევის საფუძვლით აქტის ბათილობის შესაძლებლობას, თუ სახეზეა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ჰქონია ადგილი, ვინაიდან სასამართლოს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულება კანონშესაბამისად მიაჩნია.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 აგვისტოს N--- განკარგულება და 2018 წლის 15 ნოემბრის N--- განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „გ----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი -100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ხატია არდაზიშვილი