გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/2259-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე
სხდომის მდივანი ეკა დარჩიაშვილი
მოსარჩელე - ი/მ ნ-------------------ე
წარმომადგენელი - გ------–--ე
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენლები - მ------------------ი, ა-–------------------ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 18 მარტის №------ განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ჯარიმის - 5000 ლარის დაკისრების თაობაზე;
მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის - საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა არ ცნეს სარჩელი. მხარი დაუჭირეს საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 იანვრის №42-1კ განკარგულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალათ შეემოწმებინათ ი/მ ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ ინავრამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, მათ შორის: ა) ორგანიზაციაში დანერგილი შიდა კონტროლი (შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები); ბ) იურიდიული პირების, რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამიის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის პროცესი; დ) საეჭვო გარიგებების იდენტიფიცირების საკითხი; ე) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობა; ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელთა კვალიფიკცაცია და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პუნქტის მიერ გატარებული ზომები; შემოწმების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 იანვრის №42-1კ განკარგულება (ს.ფ. 60-61);
3.2. ი/მ ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმების შესახებ აქტი მიხედვით ორგანიზაციაში არსებული პროგრამა ვერ უზრუნველყოფდა ML/TF რისკების შემცირებას.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- შემოწმების აქტი (ს.ფ. 112-115).
3.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №------ განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმე ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო (ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა ინსტრუქციის შემუშავება) ი.მ. ნ-------------------ის (რეგისტრაციის №-------) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №------ განკარგულება (ს.ფ. 58-59).
3.4. ინდივიდუალურმა მეწარმემ ნ-------------------ემ 2019 წლის 18 თებერვალს შეადგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძალოს შიდა დებულება/ინსტრუქცია.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დებულება/ინსტრუქცია (ს.ფ. 11-42).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულება;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
ამავე ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-3 პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება.
6.3. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა. ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ამავე კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირები არიან კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები; ამავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია (შიდა კონტროლის წესი) და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი შესრულების მიზნით. შიდა ინსტრუქციით უნდა დადგინდეს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის (მისი ფილიალისა და წარმომადგენლობის) შიგნით კლიენტისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის იდენტიფიკაციის, ინფორმაციის ანალიზის, საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესები და პროცედურები ამ კანონისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტის მოთხოვნათა დაცვით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, აგრეთვე უნდა განისაზღვროს საეჭვო გარიგების გამოვლენისა და ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გაგზავნისათვის, ამ კანონის 10 3 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებისა და შესრულებისათვის პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული და მისი უფლება-მოვალეობანი. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უფლება აქვს, განსაზღვროს იმ პრინციპების ჩამონათვალი, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შიდა ინსტრუქცია, აგრეთვე გამოითხოვოს და განიხილოს შიდა ინსტრუქცია, მონიტორინგის განმახორციელებელ პირს მიუთითოს ამ ინსტრუქციის ნორმატიულ აქტებთან შეუსაბამობის შესახებ და მოსთხოვოს მისი შესწორება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების საფუძველზე ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა შეიმუშაოს შიდა ინსტრუქცია. მონიტორინგის განხორციელების შიდა ინსტრუქციით უნდა განისაზღვროს: ა) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის წესი (მათ შორის, გაძლიერებული და გამარტივებული იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურები), აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი; ბ) მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის, სისტემატიზაციის და შენახვის წესი; დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი; ე) კლიენტთან საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგის განხორციელების წესი და პირობები; ვ) მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ფუნქციები, უფლება–მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ვ1) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების შესრულების წესი და პროცედურა; ვ2) გარიგების აღსრულების შეჩერების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითების მიღების დადასტურებასა და შესრულებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის/თანამშრომლების უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა; ზ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სხვა თანამშრომლების ფუნქციები, უფლებები და პასუხისმგებლობა მონიტორინგის პროცესის განხორციელებასთან დაკავშირებით; თ) კლიენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების დამოწმების წესი და დამოწმების უფლებამოსილების მქონე თანამშრომელი (თანამშრომლები) ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ ი/მ ნ-------------------ეს შემოწმების მომენტისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო სათანადო დოკუმენტი (ინსტრუქცია/წესი) არ გააჩნდა. აღნიშნული გარემოება უდავოდ ქმნიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მირკოსაფინანსო ორგანიზაციებვის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით სახდელის გამოყენების აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს ი/მ ნ-------------------ის მიერ შემუშავებულ იქნა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია, რაც მოსარჩელე მხარემ სასამართლოში წარმოადგინა.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ი/მ ნ-------------------ის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა თავისი შინაარსით წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომელიც ექცევა როგორც სახდელის დაკისრებისათვის გამოსაყენებელი სპეციალური ნორმატიული აქტის რეგულაციის სფეროში, ასევე მასზე ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ძირითადი პრინციპები, რაც სხვაგვარად დარეგულირებული არ არის სპეციალური კანონმდებლობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართლდარღვევის ჩამდენს. ამასთან, ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სასამართლო, ასევე, მოიხმობს ხსენებული საკანონმდებლო აქტის მე-8 მუხლს, რომელიც ადგენს, რომ არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანებია: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მათი გადაწყვეტა კანომდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში იხელმძღვანელოს თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატება კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს გათავისებული აქვს მის მიერ ჩადენილი ქმედება, ამასთან, ის ხარვეზი, რაც საფუძვლად დაედო პირის სამართალდამრღვევად ცნობასა და სახდელის დაკისრებას, სადღეისოდ გამოსწორებულია. ამდენად, ი/მ ნ-------------------ის სავალუტო ჯიხურისათვის სახდელის - ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №------ განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №------ განკარგულების მიღების საფუძვლად მიჩნეული სამართალდარღვევის ფაქტი დღეისათვის აღმოფხვრილია. შესაბამისად, სახეზეა ადინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი/მ ნ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 18 მარტის №------ განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ნ-------------------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ჯარიმის - 5000 ლარის დაკისრების თაობაზე;
3. მოპასუხეს - საქართველოს ეროვნული ბანკს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის მოსარჩელის - ნ-------------------ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა).
მოსამართლე ნინო ბუაჩიძე