გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010310017002019903
საქმე №3-552/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 ივნისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე
სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე
მოსარჩელე - ჯუ----- ოქ----------ე
წარმომადგენელი - თე---- კა---ე
მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი
წარმომადგენელი - მა---- ღუ---------, ლ--–- შე–------–-
დავის საგანი – ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჯუ----- ოქ----------ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, რომლითაც მოითხოვა:
,,ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №1623669) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულების ბათილად ცნობა.
1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:
ჯუ----- ოქ----------ე 2004 წლიდან არის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რეგ. №1623669) და კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 მარტის №2------ განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დაიწყო ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება, რომელმაც მოიცვა 2014 წლის 1 ივლისიდან, 2017 წლის 27 მარტამდე პერიოდი.
აღნიშნული შემოწმების შედეგად ეროვნული ბანკის - შემმოწმებლის შეფასებით დადგინდა, რომ ჯუ----- ოქ----------ის ვალუტის გადამცველი პუნქტის მუშაობის დროს დარღვეული იყო კანონმდებლობის მოთხოვნები, კერძოდ, ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამნსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნების შეუსრულებლობა. ჯუ----- ოქ----------ეს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე, 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო ფულადი ჯარიმის სართო თანხამ შეადგინა 10 600 ლარი.
ჯარიმის თანხის დაკისრებას და მიღებულ განკარგულებას არ ეთანხმება ჯუ----- ოქ----------ე, რამდენადაც მიაჩნია, რომ მას თავისი საქმიანობის პერიოდში არასოდეს დაურღვევია კანონის მოთხოვნა, იგი კეთილსინდისიერად და კანონმდებლობის სრული დაცვით ასრულებს სამუშაოს და მიღებული შემოსავლით არჩენს ოჯახს.
შემოწმების მასალებიდან ირკვევა, რომ ჯუ----- ოქ----------ეს არ განუხორციელებია ისეთი ოპერაცია, რომლის გარიგების თანხაც 3000 ლარს აღემატებოდა, შესაბამისად ის არ იყო ვალდებული, მოეხდინა კლიენტის იდენტიფიკაცია, შესაბამისად არც შეუნახია დოკუმენტაცია.
შემმოწმებლის მიერ დაფიქსირებული დარღვევის 53 შემთხვევა არის მხოლოდ და მხოლოდ ვარაუდზე დაყრდნობით გაერთიანებული, რათა შეგნებულად მიეყენებინათ ზიანი ჯუ----- ოქ----------ისთვის. შესაბამისად, დაჯარიმების შესახებ განკარგულება უკანონოდ ლახავს მოსარჩელის უფლებებს და იგი მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით.
მაშინ, როცა ჯუ----- ოქ----------ის წლიური შემოსავალის მაქსიმუმი 5 000 ლარსაც კი არ აღწევს, აღნიშნული თანხით დაჯარიმება გამოიწვევს მის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩაგდებას და საქმიანობის შეწყვტას, ვინაიდან გადახდა შეუძლებელია და მას არ გააჩნია გადახდის საშუალება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯუ----- ოქ----------ე იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი დარღვეული უფლებების აღდგენა, რამდენადაც არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარის, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლის მიერ წერილობითი შესაგებლითა და ზეპირი განმარტებით სარჩელი არ იქნა ცნობილი, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, არ არსებობს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჯუ----- ოქ----------ე 2004 წლიდან არის ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირებული აქვს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რეგისტრაციის №1623669).
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 23 მარტის №2----- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მე-6 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტირების განყოფილების წამყვან სპეციალისტს და ამავე განყოფილების მთავარ სპეციალიტს დაევალათ შეემოწმებინათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №2---- ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცველილი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ მოთხოვნების შესრულება. შემოწმების პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის 1-ლი ივლისიდან, 2017 წლის 27 მარტამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 23 მარტის №2----- განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №1623669) 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტში დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები:
1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამნსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი, რისთვისაც საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ეროვული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე, თითოეული დარღვევის ფაქტის გამო დაეკისრა ფულადი ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტი და მითითებული ნორმების საფუძველზე, თითოეული დარღვევის ფაქტის გამო ჯუ----- ოქ----------ეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულებით დაეკისრა ფულადი ჯარიმა, 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი.
აღნიშნული შემოწმების შედეგად, ჯუ----- ოქ----------ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით, 10 600 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტი;
- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რაც მნიშვნელობის მქონეა დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ჯუ----- ოქ----------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
_ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
_ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
_ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესი“;
_ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“.
_ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
_ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
_ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული - საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია.
ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.
ამავე კანონის 48-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ფულის მიმოქცევის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ერონული ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის რეგულირება მათი რეგისტრაციის, შემოწმების და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დადგენის გზით. საზედამხედველო ფუნქციების განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები, ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები და დააწესოს შესაბამისი სანქციები.
სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ე (რეგისტრაციის №1623669) აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს მონიტორინგის განმახორციელებელ პირს, ხოლო „მონიტორინგის“ განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, მონიტორინგი არის ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლითაც დადგინდა საზედამხედველო ორგანოების ვალდებულება - უზრუნველყონ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა).
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №1623669) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობის 53 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი.
ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №1623669) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილი „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის 53 ფაქტის გამო ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №0------) ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა დარღვევის თითოეულ ფაქტზე 100 (ასი) ლარის ოდენობით, საერთო თანხით 5 300 (ხუთი ათას სამასი) ლარი.
ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №1623669) ვალუტის გადამცვლელი პუნქტს დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით 10 600 (ათი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით.
6.3. სასამართლო მიუთითებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე, რომლითაც კანონმდებელი დეტალურად ითვალისწინებს მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულებებს გარიგების და მასში მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ე“, „ვ“, „თ1“, „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა) ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება მესამე პირის სასარგებლოდ იდება) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე თუ:
ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3 000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) კლიენტს სურს განახორციელოს ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვა, რომლის თანხა აღემატება 1 500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში);
გ) ჩნდება ეჭვი კლიენტის არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტეში ან შესაბამისობაში;
დ) გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ სადავო ოპერაციების, რომელთა განხორციელების შუალედი მხოლოდ რამოდენიმე წამია, თანხების ოდენობა აღემატება 3 000 ლარიან ზღვარს, რაც ზემოაღნიშნული საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის საფუძველზე კლიენტის იდენტიფიკაციის წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სადავო ოპერაციებთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეკისრებოდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პირის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია და მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადასამოწმებლად სანდო და დამოუკიდებელი წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის (დოკუმენტების) საფუძველზე, როდესაც: ა) გარიგების (ოპერაციის) თანხა აღემატება 3000 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ჩნდება ეჭვი არსებული კლიენტების საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტესა და/ან შესაბამისობაში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი პირს ეკისრება კლიენტის იდენტიფიკაციის ვალდებულება, ამ მიზნით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურის დაცვას. მონიტორინგის განმახორციელებელი პირი მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ოპერაციის მიმართ იყენებს იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის გამარტივებული პროცედურებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია სწორედ ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებით დადგენილი კლიენტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული პროცედურები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულების მე-2 პუნქტის და 2017 წლის 21 აპრილის №3----- შემოწმების აქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ ასევე, დარღვეულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი, დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნები. კერძოდ, მონიტორინგის განმახორციელებელი პირის - ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის მიერ არ არის აღრიცხული ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი. ამასთან, ხსენებული ინფორმაცია არ არის აღრიცხული სათანადო წესით.
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს/შეინახოს გარიგების შესახებ ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც (რომლებიც) შეეხება:
ა) გარიგების (ოპერაციის) შინაარსს;
ბ) გარიგების დადების თარიღსა და ადგილს, აგრეთვე გარიგების თანხის ოდენობას და ვალუტას, რომელშიც გარიგება უნდა შესრულდეს;
გ) გარიგების მონაწილე პირის (მათ შორის, კლიენტის) იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილ ამ კანონით განსაზღვრულ ინფორმაციას (დოკუმენტებს);
დ) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება გარიგება;
ე) იმ პირის იდენტიფიკაციისათვის საჭირო ინფორმაციას (დოკუმენტებს), რომელიც მესამე ან სხვა პირის დავალებით დებს ან ასრულებს გარიგებას.
სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციის შესახებ:
ა) ოპერაციის შინაარსი და შესრულების თარიღი;
ბ) შესაბამისი თანხები და ვალუტის სახეობები, რომლებშიც შესრულდა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია (ვალუტის თითოეული სახეობის მიხედვით);
გ) ვალუტის გაცვლითი კურსი (თუ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციას სრულდება რამდენიმე ვალუტაში, ვალუტის გაცვლითი კურსი უნდა დაფიქსირდეს ვალუტის სახეობების მიხედვით); დ) ოპერაციის შესრულების მიზანი და/ან საფუძველი.
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს აღრიცხული და შენახული ელექტრონული ან დოკუმენტური ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები დეტალურად განსაზღვრავენ პირის იდენტიფიკაციის აუცილებელ პროცედურებს და მისი განხორციელების საშუალებებს, ასევე ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
მოცემულ შემთხვევაში დასტურდება, რომ ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის მხრიდან ადგილი აქვს იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს.
6.4. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა: ბ) იდენტიფიკაციის დადგენილი წესის დაუცველად თანხის გადაცვლის განხორციელების ფაქტის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე; ვ) მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენა გამოიწვევს დაჯარიმებას 100 (ასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის (რეგისტრაციის №1623669) მიმართებაში, სახეზეა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დარღვევის არსებობა.
შესაბამისად, წარმოიშვა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულების გამოცემის და ინდ. მეწარმე ჯუ----- ოქ----------ის დაჯარიმების საფუძველი.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, რამდენადაც გასაჩივრებული, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2017 წლის 24 აპრილის №3----კ განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;
მოსარჩელე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.ჯუ----- ოქ----------ის სარჩელი, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის განჩინებით გამოყენებული უზუნველყოფის ღონსიძიება, რომლის თანახმად შეჩერდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 24 აპრილის N3----კ განკარგულების მოქმედება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.
მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე