დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-390(კ-20) 16 დეკემბერი, 2020 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ინდმეწარმე ნ. ჯ-ე).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 28 მარტს ინდმეწარმე ნ. ჯ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ.
მოსარჩელემ საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულების, ინდივიდუალური მეწარმის ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ჯარიმის - 5000 ლარის დაკისრების თაობაზე ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით ინდმეწარმე ნ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულება ინდივიდუალური მეწარმის ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ჯარიმის - 5000 ლარის დაკისრების თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 25 იანვრის №42-1კ განკარგულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს დაევალათ შეემოწმებინათ ინდმეწარმე ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ 2018 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვა, მათ შორის: ა) ორგანიზაციაში დანერგილი შიდა კონტროლი (შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ან/და ინსტრუქციები/წესები); ბ) იურიდიული პირების, რისკის მიხედვით კლასიფიკაციის და რისკის შესაბამიის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესი; გ) არარეზიდენტი ფიზიკური პირების იდენტიფიკაციის პროცესი; დ) საეჭვო გარიგებების იდენტიფიცირების საკითხი; ე) ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კუთხით ორგანიზაციის მიერ დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობა; ვ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელთა კვალიფიკცაცია და კვალიფიკაციის ასამაღლებლად პუნქტის მიერ გატარებული ზომები. შემოწმების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 30 იანვრიდან 2019 წლის 23 თებერვლამდე პერიოდი.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილ იქნა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კერძოდ, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა ინსტრუქციის შემუშავება, რის გამოც ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჯ-ის (რეგისტრაციის №...) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ სასამართლოში წარადგინა ინდივიდუალური მეწარმის ნ. ჯ-ის მიერ 2019 წლის 18 თებერვალს შემუშავებული უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდმეწარმე ნ. ჯ-ეს შემოწმების მომენტისათვის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო სათანადო დოკუმენტი (ინსტრუქცია/წესი) არ გააჩნდა, რაზეც მხარეებიც არ დავობენ. თუმცა, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 18 თებერვალს ინდმეწარმე ნ. ჯ-ის მიერ შემუშავებულ იქნა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქცია, რაც მოსარჩელე მხარემ სასამართლოშიც წარადგინა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ინდმეწარმე ნ. ჯ-ის მიერ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა თავისი შინაარსით წარმოადგენდა სამართალდარღვევას, რომელიც ექცეოდა როგორც სახდელის დაკისრებისათვის გამოსაყენებელი სპეციალური ნორმატიული აქტის რეგულაციის სფეროში, ასევე მასზე ვრცელდებოდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ძირითადი პრინციპები, რაც სხვაგვარად დარეგულირებული არ იყო სპეციალური კანონმდებლობით.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 230-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ამოცანები იყო: ყოველი საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მათი გადაწყვეტა კანომდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით გამოტანილი დადგენილების აღსრულების უზრუნველყოფა, აგრეთვე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენა, სამართალდარღვევათა თავიდან აცილება, მოქალაქეთა აღზრდა კანონის დაცვის სულისკვეთებით, კანონიერების განმტკიცება.
შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული და აღმზრდელობითი ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, სასამართლო ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა არსებული სიტუაციის თავისებურება, გადაცდომის ხასიათი და სახდელის შეფარდების პროცესში ეხელმძღვანელა თანაზომიერების პრინციპით, რაც გამოიხატებოდა კანონით დაცულ ინტერესებს შორის ბალანსის დადგენაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სამართალდამრღვევად მიჩნეულ პირს გათავისებული ჰქონდა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ამასთან, ის ხარვეზი, რაც საფუძვლად დაედო პირის სამართალდამრღვევად ცნობასა და სახდელის დაკისრებას, მხარემ აღმოფხვრა. ამდენად, ინდმეწარმე ნ. ჯ-ის სავალუტო ჯიხურისათვის სახდელის - ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ეროვნული ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შედეგობრივი თვალსაზრისით სცილდება კონკრეტული დავის ფარგლებს და სასამართლოების მიერ ანალოგიური პაქტიკის დანერგვა გამოიწვევს არამხოლოდ პოლიტიკა/პროცედურების შემოწმების კუთხით საზედამხედველო მიდგომების შესუსტებას, არამედ მთლიანად ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის კუთხით ეროვნული ბანკის ზედამხედველობის შესუსტებას, ვინაიდან ასეთი პრაქტიკით ფინანსურ ინსტიტუტებს ექნებათ შესაძლებლობა მომსახურების დროს არ დააიდენტიფიცირონ კლიენტები, არ გადაამოწმონ სანქცირებულ და ტერორისტთა სიებში, საეჭვო გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში არ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, არ გაატარონ კლიენტის რისკის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები კანონმდებლობით მოთხოვნილ ვადებში და ყველა ეს ქმედება ერთიანად განახორციელონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი შემოწმების აქტით აღმოაჩენს ასეთი ტიპის დარღვევების არსებობას და გამოიყენებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს, რაც ეწინააღმდეგება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის არსს/ამოცანას - ფინანსურმა ინსტიტუტმა მოახდინოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების „პრევენცია“ და არა პოსტფაქტუმ ღონისძიებების გატარება ზედამხედველი ორგანოს სანქციის თავიდან აცილების მიზნით.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და არასწორად მიიჩნია, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ექცევა როგორც სპეციალური ნორმატიული აქტის რეგულაციის სფეროში, ასევე მასზე ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ,,პრინციპები".
კასატორმა აღნიშნა, რომ ინდმეწარმე ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევა - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ცალსახად ექცევა სპეციალური კანონმდებლობით რეგულირებად სფეროში, რომლის ერთადერთი და იმპერატიული მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ამასთან, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის კანონმდებლობის დარღვევა, თავისი შინაარსითა და სავარაუდო შედეგით, განეკუთვნება საკმაოდ სერიოზულ დარღვევას.
შესაბამისად, კასატორის მითითებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე შეღავათს ჩადენილი დარღვევის გათავისებისა თუ დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემდეგ მისი აღმოფხვრის შემთხვევაში.
კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლი, ასევე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის“ მე-4 მუხლი, რომლებითაც რეგლამენტირებულია მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ვალდებულება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით შიდა კონტროლის განხორცილებასთან დაკავშირებით, ასევე უპირობო ვალდებულება შიდა კონტროლის განხორციელების პროცედურისა და წესის განსაზღვრის მიზნით შიდა ინსტრუქციის შემუშავებასთან მიმართებით.
კასატორის აღნიშვნით, ინდმეწარმე ნ. ჯ-ის სასამართლოში წარდგენილი 2019 წლის 18 თებერვალს შედგენილი შიდა ინსტრუქცია არ ადასტურებს, რომ ეს დოკუმენტი ამ პერიოდშია შედგენილი, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ნ. ჯ-ეს მისთვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი აქტის გამოცემამდე და არც შემდგომ პერიოდში არ წარუდგენია საქართველოს ეროვნულ ბანკში, რის გამოც ეროვნული ბანკი მოკლებულია შესაძლებლობას შეაფასოს ამ დოკუმენტის ადეკვატურობა/კანონშესაბამისობა.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა საქმეში არსებულ ერთ-ერთ ძირითად მტკიცებულებაზე - მოსარჩელის 2019 წლის 1 თებერვალს შედგენილ წერილობით განცხადებაზე, რომლითაც აღიარებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის დარღვევებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველი დავის საგანს ინდივიდუალური მეწარმის ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ჯარიმის - 5000 ლარის დაკისრების კანონიერების შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს, როგორც საქართველოს ცენტრალურ ბანკს, ბანკთა ბანკს, საქართველოს მთავრობის ბანკირს და ფისკალურ აგენტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის,ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-3 ნაწილით, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით. ფულადი ჯარიმის თანხა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართება, ხოლო მე-4 ნაწილით, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ვალუტის გადამცვლელი პუნქტისაგან მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) თავის მიერ დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცდა დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“, რომელიც არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების – ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს.
მითითებული ,,დებულების“ მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების თანდართული წესი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
აღნიშნული „წესის“ 5. „ჟ“ მუხლის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება, თუ: ჟ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ან/და ადმინისტრატორი, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებას, ასევე პროცედურებისა და წესების მიღებას ან/და დაცვას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 18 მარტის №155-1კ განკარგულებით ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჯ-ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმებით გამოვლენილ იქნა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მე-4 მუხლის მოთხოვნის შეუსრულებლობა, კერძოდ, ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის შიდა ინსტრუქციის შემუშავება, რის გამოც ინდივიდუალური მეწარმე ნ. ჯ-ის (რეგისტრაციის №...) ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა (მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ქმედება) წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ამასთან, დავის სამართლებრივ ბუნებას ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული სახდელის (სანქცია) შეფარდების უფლებამოსილება, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა მოწესრიგებულია საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით (საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თბერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის დაკისრებისა და აღსრულების წესი“; საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულება „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ ).
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი გადაცდომა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მოცემულ საქმეში ინდმეწარმე ნ. ჯ-ის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა მოხმარების დოკუმენტზე - ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შიდა დებულება/ინსტრუქციაზე", რომელიც დათარიღებულია 2019 წლის 18 თებერვლით. ასევე, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ინდმეწარმე ნ. ჯ-ის ახსნა-განმარტებაზე, რომ აღნიშნული დოკუმენტი შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა შემმოწმებლებისათვის, რაზედაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვერ იქნა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი. საგულისხმოა ასევე ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შიდა მოხმარების დებულება/ინსტრუქცია არ საჭიროებდა რეგისტრაციას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ინდმეწარმე ნ. ჯ-ის სასამართლოში წარდგენილი 2019 წლის 18 თებერვალს შედგენილი შიდა ინსტრუქცია არ ადასტურებდა ამ დოკუმენტის იმ დროისათვის შედგენის ფაქტს, ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ნ. ჯ-ეს ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი აქტის გამოცემამდე და არც შემდგომ პერიოდში არ წარუდგენია საქართველოს ეროვნულ ბანკში, რის გამოც ეროვნული ბანკი მოკლებული იყო შესაძლებლობას შეეფასებინა დოკუმენტის კანონშესაბამისობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდმეწარმე ნ. ჯ-ის (ს/კ ..., რეგისტრაციის №...) შემოწმების აქტი დათარიღებულია 2019 წლის მარტით (№130-1კ 11.03.2019), ფულის გათეთრების და ინსპექტირების და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისადმი - დათარიღებულია 2019 წლის 11 მარტით, ხოლო სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №155-1კ განკარგულება „ინდმეწარმე ნ. ჯ-ის (რეგისტრაციის №...) ვალუტის გადამცვლელი პუნქტისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე“ - დათარიღებულია 2019 წლის 18 მარტით.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2019 წლის 18 მარტის სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე, აგრეთვე 2019 წლის მარტით დათარიღებული შემოწმების აქტისა და 2019 წლის 11 მარტის მოხსენებითი ბარათის შედგენის მომენტისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ინდმეწარმე ნ. ჯ-ის მიერ უზრუნველყოფილი და შემუშავებული იყო შიდა ინსტრუქცია - ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის, რაც მატერიალური სახით წარედგინათ შემმოწმებლებს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა.
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. ქადაგიძე
ნ. სხირტლაძე