გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.02.2019
საქმის ნომერი
330310018002608407
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3/5510-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე

სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი

მოსარჩელე - მ------ გ---–--ე

წარმომადგენელი - ნ---- გ--------ე

მოპასუხე - საქართველოს ეროვნული ბანკი

წარმომადგენლები: მ----- ღ-----------, თ------------–---–ი

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების დეპარტამენტი

წარმომადგენელი - ო----- ჯ-----–--ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (დაზუსტდა მოთხოვნა, იხ. 2018 წლის 16 ნოემბრის სხდომის ოქმი)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 23 ივლისის N--- განკარგულება ი/მ მ------ გ---–--ის ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის სრული დაცვით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, არ არსებობს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. მესამე პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას და ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილით აცნობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებს, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

აღნიშნული წერილი 2018 წლის 22 მარტს ჩაიბარა მ----- გ---–--ემ (-------------

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 21 მარტის N-------- წერილი (ს.ფ. 49);

- ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ 50).

 

4.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის №--- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N----- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის N------ ბრძანების საფუძველზე:

1) დაევალათ, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეამოწმონ ამ განკარგულების დანართში მითითებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების/ფილიალების მიერ, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლით და ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის N----- ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.

 

2) შემოწმების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისიდან 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულება (ს.ფ. 41);

 

4.1.3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 20 ივნისის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ შემოწმდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - ი/მ მ------ გ---–--ე. შემოწმებას დაესწრო მოლარე ნ---- ბ------ და გაირკვა, რომ ერთ კამერაზე ღამის საათებში ვერ ხდებოდა ადამიანის იდენტიფიკაცია.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 20 ივნისის ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმების შესახებ აქტი (ს.ფ. 43);

 

4.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 23 ივლისის №--- განკარგულებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის, ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის 25/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 ივნისის N------ ბრძანების საფუძველზე:

 

ი/მ მ----- გ---–--ის ვალუტის გადამცვლელ პუნქტს, ვიდეომეთვალყურეობის სისტემის განხორციელებული ჩანაწერის მიხედვით ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების შეუძლებლობის გამო, შემოწმების შედეგად, დაეკისრა ფულადი ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 23 ივლისის №--- განკარგულება (ს.ფ. 47);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------ გ---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი; საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“; „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანება; საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიული-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №25/04 ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის და ვალუტის გადამცვლელი პუნქტისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 23 ივლისის N--- განკარგულება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონთან, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი არის საქართველოს ცენტრალური ბანკი, ბანკთა ბანკი, საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი. იგი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ამ ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს. მას უფლება აქვს, დამოუკიდებლად დადოს ხელშეკრულებები, დამოუკიდებლად შეიძინოს უძრავი და მოძრავი ქონება და ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ, დამოუკიდებლად შეასრულოს მისთვის დაკისრებული ფუნქციები.

 

მითითებული ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური რისკების შემცირებას. ამავე ორგანული კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. მე-3 პუნქტის თანახმად კი, საზედამხედველო ფუნქციების შესასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს შესაბამისი დადგენილებები და ბრძანებები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და სანქციები.

 

ამავე ნორმატიული აქტის 482 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკი საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, მინიმალური მოთხოვნების დადგენის, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების გზით. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ეროვნული ბანკის მიერ საგადახდო სისტემის ოპერატორისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და მისი გაუქმების წესები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები, მათ შორის, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი, განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

 

ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობას ზედამხედველობს მისი რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების, შემოწმების, წერილობითი მითითებების გაცემის, მოთხოვნებისა და სანქციების დაწესების გზით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ეროვნული ბანკის მიერ მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესები, ფულადი ჯარიმის ოდენობა და დაკისრების წესი განისაზღვრება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით.

 

7.3. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის“ (სადავო აქტის გამოცემისას მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ადგილზე შემოწმებას ახორციელებს ეროვნული ბანკი. შესამოწმებლად მივლინებულმა ეროვნული ბანკის თანამშრომელმა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის თანამშრომელს უნდა წარუდგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და ეროვნული ბანკის მიერ გაცემული სამსახურებრივი მოწმობა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 29 მაისის N--- განკარგულების საფუძველზე განხორციელდა მოსარჩელის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის შემოწმება. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილით აცნობა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებს, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესი“ განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მათი საქმიანობის რეგულირების საკითხებს.

 

აღნიშნული წესის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრებსა და ტექნიკურ მახასიათებლებს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების მიხედვით დამონტაჟება, მაშინ დაინტერესებული მეწარმე სუბიექტი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის მიზნით, ვალდებულია, წარმოადგინოს ცნობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გარეპერიმეტრის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესის მოთხოვნებისაგან განსხვავებული განლაგებით დამონტაჟების თაობაზე. მე-71 პუნქტის თანახმად, ვიდეოჩაწერის შედეგად მიღებული ელექტრონული ინფორმაცია, შესაბამისი ჩანაწერებით ინახება და მისი ამოღება ხორციელდება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარეპერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით გათვალისწინებული ვადითა და წესით.

 

ამავე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გათიშვის ან/და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანების გამო ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვერ უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამართულ მუშაობას, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დაზიანება უნდა აღმოფხვრას გონივრულ ვადებში. ხოლო, მე-14 პუნქტი კი ვალუტის გადამცვლელ პუნქტს ვალდებულებას აკისრებს საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში იქონიოს ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად დამონტაჟებული დაცვის საგანგაშო ღილაკი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს N1143 ბრძანებით დამტკიცებული ,,აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესი’’ განსაზღვრავს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან, მათ დამონტაჟება-ექსპლოატაციასთან და კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვადეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები/ მახასიათებლები:

ა) კამერის გარჩევადობა: 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA);

ბ) მგრძნობელობა: 0 ლუქსი აქტიური განათების შემთხვევაში (0.1 აქტიური განათების გარეშე);

გ) დაფარვის ზონა: შესაძლებელი უნდა იყოს აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების შენობის ძირითადი და სათადარიგო შესასვლელების 20-მეტრიანი რადიუსის ფართობის თვალთვალი;

დ) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელი (2048X1536 QXGA), არანაკლებ 5 კადრი წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას;

ე) სერტიფიკატი : აპარატურას უნდა გააჩნდეს ISO სერტიფიკატი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პარამეტრები, ტექნიკური მახასიათებლები, განეკუთვნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობებს და ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონის 50-ე მუხლის საფუძველზე კი მათი დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი საზედამხედველო საქმიანობა.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, რომ შემოწმების პროცესში გამოვლენილ იქნა ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა. კერძოდ, შემოწმების აქტში მითითებულია, რომ ერთ კამერაზე ღამის საათებში ვერ ხდება ადამიანის იდენტიფიკაცია. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ნათლად ადასტურებს ასევე მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა. თუმცა, მოსარჩელის პოზიციის თანახმად არ იქნა განმარტებული რა კონკრეტულ ტექნიკურ მახასიათებლებს და ხარვეზებს ჰქონდა ადგილი და ასევე, შემოწმების აქტი ხელმოწერილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მსჯელობას და განმარტავს, რომ შემოწმების აქტს ხელს აწერს მოლარე - ნ---- ბ------, როგორც უფლებამოსილი პირი. შესაბამისად, მოსარჩელის წარმომადგენლის ამგვარი განმარტება მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, იგი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის, ასევე სხვა ნორმატიული აქტების დებულებების მოთხოვნებს და ამგვარი მსჯელობა არ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის სადავო აქტის ბათილობის კანონიერ საფუძვლად. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ეროვნული ბანკის არასაბანკო დაწესებულებების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 21 მარტს N-------- წერილზე, რომლითაც ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ხელმძღვანელებისათვის ცნობილი იყო, რომ ვიდეო მეთვალყურეობის სისტემა 2018 წლის პირველ მაისამდე შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N27/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის’’ მე-2 მუხლის მე-6, მე-7, მე-71, მე-8 და მე-9 პუნქტების მოთხოვნებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული ბანკი გამოიყენებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებს.

 

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანების მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებითა და წერილობითი მითითებებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტი დაჯარიმდება. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ სარეგისტრაციო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამდენად, სასამართლო მითითებულ გარემოებებს მიიჩნევს ზემოაღნიშნული წესებით დადგენილ მოთხოვნების არსებით დარღვევად, დარღვეულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაციის პირობები და ამასთან, საგულისხმოა ის, რომ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, მოსარჩელის მხრიდან საწინააღმდეგო გარემოება არ დადასტურებულა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ხოლო მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის წარდგენისას მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, მოსარჩელე არ თავისუფლდება ვალდებულებისაგან, კონკრეტული მტკიცებულების მითითებისა და წარდგენის გზით დაადასტუროს ის გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ანუ დაასაბუთოს თავისი სარჩელი. ამასთან, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

 

ამდენად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში არსებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ერთ კამერაზე ღამის საათებში ვერ ხდებოდა ადამიანის იდენტიფიკაცია, რის გამოც მას დაეკისრა კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის N25/04 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის’’ მე-5 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვალუტის გადამცვლელ პუნქტს სარეგისტრაციო პირობების დარღვევის გამო დაეკისრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

7.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებული საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტის 2018 წლის 23 ივლისის N--- განკარგულება მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, რის გამოც, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოს ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟიც.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მ------ გ---–--ეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ------ გ---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მ------ გ---–--ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ოქროპირიძე