გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.11.2018
საქმის ნომერი
330310117002143476
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7124-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26.09. 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი მანანა გოგიბედაშვილი, ბეჟან ნემსაძე

 

მოსარჩელე სს ,,თ--–---“

წარმომადგენელი კა--------------–---–ი

 

მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია

წარმომადგენელი ირ---–------------–--ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის №---- გადაწყვეტილება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს,,----–--მა’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2016 წლის 11 მაისს გაუგზავნა მის მიერ შემუშავებული ელ.ენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტი დანართებით და ითხოვა აღნიშნული ხელშეკრულების პროექტის განხილვა და შეთანხმება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის 19 მაისის N------------ წერილით განუმარტა სს ,,----–--ს’’, რომ წარდგენილი პროექტები (განსაკუთრებით პირგასამტეხლოს დაკისრების და პერსონალური ინფორმაციის მოძიება/გავრცელების ნაწილში) შეიცავდა წესებთან შეუსაბამო ვალდებულებებს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, ერთის მხრივ, სამართლებრივი ურთიერთობები განაწილების ლიზენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს სრულად არის რეგულირებული კომისიის ნორმატიული აქტით, ხოლო, მეორეს მხრივ, არც ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონი და არც კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებს ე.წ. ,,სტანდარტული პირობების ხელშეკრულების’’ კომისიაში წარმოდგენისა და შეთანხმების ვალდებულებას, იმ მოტივით, რომ სს ,,თ--–---ს’’ მიერ კომისიაში წარდგენილი ,,ელექტროენერგიის ნასყიდობის სტანდარტული პირობების, ,,ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების’’ და ,,ელექტროენეტგიის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობების’’ შეთანხმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, კომისიამ წარდგენილი პროექტების მსჯელობასა და მათი შეთანხმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი თქვა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სს,,----–--მა’’ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას 2016 წლის 11 მაისის N-------- წერილი, დანართი 12 ფურცლად (სფ.37-49)

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2016 წლის 19 მაისის N------------ წერილი (სფ.50-52)

 

3.1.2. შპს ,---------------მა’’ 2017 წლის 1 მაისს N-- წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომლითაც აცნობა, რომ მოცემული საწარმო წლების განმავლობაში მოიხმარდა სს ,,თ--–---დან’’ მოწოდებულ ელექტროენერგიას. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში სს ,,----–--მა’’ წარადგინა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, მისი დამატებითი პირობები დანართების სახით და ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს ეთხოვა განმარტება, თუ რამდენად შეესაბამებოდა სს ,,თ--–---ს’’ მიერ მისთვის შეთავაზებული ელექტროენერგიის მიწოდების პირობები და ხელმოსაწერად წარდგენილი დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

 

2017 წლის 21 ივლისის N------------ წერილით, მოპასუხემ შპს ,------------------ გენერალურ დირექტორს, ამ უკანასკნელის განცხადების (რომელიც ეხებოდა შპს ,------------------ და სს ,,----–--ს’’ შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედ კანონდებლობასთან შესაბამოსობის დადგენას) პასუხად აცნობა, რომ ხელშეკრულება, ასევე მისი დანართები არ შეესაბამება, ხოლო ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონს, ასევე სემეკის N20 დადგენილებით დამტკიცებულ წესებს, კერძოდ, ხელშეკრულების 3.2 და 8.3. პუნქტები, დანართები N3 და N4. მოპასუხემ განმცხადებელს განუმარტა, რომ მას უფლება ჰქონდა გაესაჩივრებინა კომისიაში ის მუხლები ან/და დანართები, რომლებიც ეწინააღმდეგება წესების მოთხოვნებს და კომისია განიხილავდა შპს ,,ტ-------------ს’’ მოთხოვნას თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-შპს ,,ტ-------------ს’’ 2017 წლის 1 მაისის N-- წერილი

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 21 ივლისის N------------ წერილი (სფ.55-57)

 

3.1.3. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2017 წლის 15 მაისის N6---------- წერილით სს ,,----–--ს’’ ეცნობა, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შესული იყო შპს ,,ტ-------------ს’’ განცხადება, რომელიც ეხება სს ,,----–--სა’’ და შპს ,---------------ს’’ შორის გაფორმებულ ,,ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებას’’ და მის დანართებს. აღნიშნული წერილით, სს ,,----–--ს’’ ეთხოვა 5 სამუშაო დღის ვადაში ეცნობებინა, რა ფორმით მოხდა ხელშეკრულების შეთავაზება შპს ,,ტ-------------სათვის’’ ზეპირად თუ წერილობით და წერილობითი შეთავაზების შემთხვევაში მიეწოდებინა აღნიშნული მტკიცებულება.

 

სს ,,----–--ს’’ ასევე ეთხოვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია მოხდა თუ არა კომისიის შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2017 წლის 15 მაისის N6---------- წერილი (სფ.20)

 

3.1.4. 2017 წლის 15 მაისის N6---------- წერილის პასუხად სს ,,თ--–---ს’’ გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აცნობა, რომ შპს ,,ტ-------------’’ 2009 წლიდან წარმოადგენს სს ,,თ--–---ს'' მომხმარებელს და კომპანიის მონაცემთა ბაზაში მინიჭებული აქვს სააბონენტო ნომერი აბ. N3------ და აბ. N4------. 2017 წლის 10 მარტს, სს ,,----–--სა’’ და შპს ,---------------ს’’ შორის გაფორმებულ იქნა ხელშეკრულება ელექტროენერგიის ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) განხორციელდა მომხმარებლებისათვის, მისივე იურიდიულ მისამართზე, ხელშეკრულების წერილობითი პროექტის გადაცემის გზით.

 

რაც შეეხება სს ,,თ--–---ს’’ მხრიდან, ხელშეკრულების პროექტის შემუშავებისას, მარეგულირებელი კომისიის წერილში მითითებული რეკომენდაციების გათვალისწინების საკითხს, ეცნობა შემდეგი: სს ,,----–--მა’’ სემეკის 2016 წლის 19 მაისის N1-------------- წერილში მითითებული რეკომენდაციის გათვალისწინებით, განახორციელა შესაბამისი ცვლილებები ,,ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებაში’’, რაც გამოიხატა იმაში, რომ შეთანხმების სტანდარტული პირობებიდან ამოღებული იქნა შესაბამისი პუნქტები, რომლებიც შეეხებოდა მომხმარებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების და მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს. შეთანხმების მითითებული მუხლები ასახულ იქნა ხელშეკრულების დანართებში, რომლებიც არ წარმოადგენდა ძირითადი შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და მათი ძალაში შესვლის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული დანართების მხარეთა მიერ ხელმოწერა.

 

მოპასუხეს ასევე ეცნობა, რომ სემეკის მიწოდებისა და მოხმარების წესები პირდაპირ არ კრძალავს მხარეთა შორის შეთანხმებაში პირგასამტეხლოს ასახვის შესაძლებლობას. თავის მხრივ, განაწილების ლიცენზიატი არ ახორციელებს პირგასამტეხლოს თაობაზე თანხის მომხმარებლის ბარათზე დარიცხვის და შესაბამისად მისთვის გაგზავნილ ქვითარში ასახვას, რაც გამორიცხავს სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის N20 დადგენილებით გათვალისწინებული მიწოდებისა და მოხმარების წესების დარღვევას.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სს ,,თ--–---ს’’ გენერალური დირექტორის 2017 წლის 23 მაისის N0------- წერილი (სფ. 35-36)

 

3.1.5. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N6---------- წერილით სს ,,თ--–---ს’’ გენერალურ დირექტორს ლიცენზიატის მხრიდან კომისიის დადგენილებებისა და მოთხოვნების, ასევე ლიცენზიის პირობების დარღვევის კუთხით საკითხის უფრო დეტალური მოკვლევის მიზნით დაევალა 10 სამუშაო დღის ვადაში კომისიაში 2016 წლის მაისის შემდგომ მომხმარებლებთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმების, გაფორმებული ხელშეკრულებების რაოდენობის მითითებით წარდგენა. მოთხოვნისამებრ 2017 წლის 17 აგვისტოს სს ,,თ--–---ს’’ მიერ წარდგენილ იქნა 2017 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით სს ,,----–--სა’’ და კომერციულ მომხმარებლებს შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებები 714 ოდენობით.

 

2017 წლის 14 სექტემბერის სხდომის დღის წესრიგში შეტანილ იქნა საკითხი სს ,,თ--–---ს’’ მიერ მომხმარებელთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების თაობაზე’’.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 10 აგვისტოს N6---------- წერილი (ს.ფ.58)

-სს ,,თ--–---ს’’ გენერალური დირექტორის 2017 წლის 17 აგვისტოს N0------- წერილი, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმები (სფ.59-72)

-2017 წლის 6 სექტემბრის N2--- მოხსენებითი ბარათი

 

3.1.6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის N6--- გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ სს ,,თ--–---ს’’ მიერ არასაყოფაცხოვრებო კატეგორიის მომხმარებლებისათვის ხელმოსაწერად შეთავაზებული ხელშეკრულება არ შეესაბამება ,,ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს, რის გამოც აღნიშნული ქმედება მიჩნეულ იქნა სალიცენზიო პირობების დარღვევად და შესაბამისად, სს ,,----–--ს’’ დაეკისრა კანონით გათვალისწინებული სანქცია, ხოლო დარღვეული სალიცენზიო პირობის გამოსასწორებლად მას განესაზღვრა გონივრული ვადა.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის N6--- გადაწყვეტილება (სფ. 86-95)

 

3.1.7. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმების 8.1 პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით (მათ შორის სტანდარტული პირობებით (დანართი N2) დადგენილი წესით; 8.3. პუნქტით მყიდველი პასუხისმგებელია გამყიდველისათვის გამანაწილებელ ქსელზე მისი მიერთების სიმძლავრის გაზრდის შესახებ არადროულ შეტყობინებაზე, თუ აღნიშნულმა გამოიწვია ქსელში დატვირთვის ცვლილება და შექმნა უსაფრთხოების დარღვევისა და ავარიების წარმოქმნის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მყიდველს მიყენებული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება; 12.3 გამყიდველის სათავო ოფისში და მომსახურების ცენტრში თვალსაჩინო ადგილზე (მათ შორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე) გამოქვეყნებული წესებსა და (დანართი N1) და სტანდარტულ პირობებში (დანართი N2) განხორციელებული ცვლილება/დამატება ითვლება მყიდველის ოფიციალურ შეტყობინებად.

 

N4 დანართის მე-6 პუნქტით მყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი მაქსიმალური სიმძლავრის გადაჭარბების შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს დაარიცხოს პირგასამტეხლო: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს-მიერთების იმ პაკეტის საერთო ღირებულების 10% ოდენობით, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგია. საყოფაცხოვრებო მომხმარებელს-100 ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმები (სფ.59-72)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონი, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესები’’, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 14 სექტემბრის N6--- გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სამართალურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზნებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში უზრუნველყოფილ იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ხოლო, მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეროვნული მარეგულირებელი ორგანო წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო, დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს ამ კანონითა და შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – დადგენილებას. კომისიის დადგენილებით მტკიცდება: ა) კომისიის დებულება; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დებულება; გ) სადავო საკითხების განხილვის პროცედურული წესები; დ) რეგულირების საფასურის ოდენობა და გაანგარიშების წესი; ე) ლიცენზირების წესები; ვ) „მიწოდებისა და მოხმარების წესები“; ზ) ტარიფების მეთოდოლოგია; თ) ტარიფები (მათ შორის, ზღვრული); ი) ნორმატიული დანაკარგების ოდენობა და გაანგარიშების წესი; კ) ქსელის წესები; ლ) „მომსახურების ხარისხის წესები“; მ) „ინვესტიციების შეფასების წესი“; ნ) „ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის წესი“. აღნიშნული კანონის მე-2 მუხლის ჰ3 ქვეპუნქტის თანახმად, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“ არის დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს და, მეორე მხრივ, საცალო მომხმარებელს შორის ურთიერთობებს ელექტროენერგიის განაწილების ქსელის მეშვეობით ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს, აგრეთვე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდების, მიწოდებული ელექტროენერგიის გაქვითვის ან/და ჭარბი ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურების წესს.

 

ამდენად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არის სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური უფლებამოსილების მქონე საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი კოლეგიური მართვის ადმინისტრაციული ორგანო.

 

6.3. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცდა “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”. აღნიშნული წესების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები არეგულირებს ურთიერთობებს, ერთი მხრივ, განაწილების ლიცენზიატს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურსა და, მეორე მხრივ, მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

მოცემული წესების მეორე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი პარამეტრების ელექტროენერგიით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო მომარაგება კანონმდებლობის, ლიცენზიის პირობების, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. მე-5 პუნქტის თანახმად, განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რამდენადაც წესები პირდაპირ არ კრძალავს დამატებით რეგულაციებს, იგი უფლებამოსილია იმოქმედოს სხვა რეგულაციებითაც. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ წესებში დადგენილი პირობების შესაბამისი ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადება მოცემული წესების იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს. კერძოდ, აღნიშნული მოიცავს მოსარჩელის ვალდებულებას იმოქმედოს წესებით დადგენილი ელექტროენერგიის ღირებულების და მომსახურების დარიცხვისა და გადახდის ზოგადი ნორმებით (წესების მუხ.9), წესებით განსაზღვრული თანხის დარიცხვა/დარიცხული თანხის ამოღების უზრუნველყოფის მექანიზმებით (წესების მუხ.10), განსხვავებული კატეგორიის მომხმარებლისათვის ამავე წესებით დადგენილი განსხვავებული რეგულაციებით (მუხ. 30). მართალია უჩვეულოა აღნიშნული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულების ბუნებისათვის, რამდენადაც იზღუდება გარკვეულწილად ,,ხელშეკრულების თავისუფლების’’ პრინციპი, თუმცა მნიშვნელოვანია ახსნილ იქნეს მოცემული სფეროს რეგულაციის თავისებურებანი, რაც განაპირობებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობასთან შესაბამისობას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა 2016 წლის 21 იანვრის Nბს-682-668 (კ-14) განჩინებაში მიუთითებს შემდეგს; ,,ენერგეტიკის დარგი ბუნებრივ მონოპოლიას წარმოადგენს, ამ სფეროში დიდია მონოპოლიური საქმიანობის და კაბალური პირობების თავს მოხვევის, კონკურენციის შეზღუდვის, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის საშიშროების საფრთხე. აღნიშნული განაპირობებს რეგულირების და შესაბამისად კომისიის უფლებამოსილების სფეროს გაფართოებას და მის გავრცელებას ფასწარმოქმნის, ტარიფების, მომხმარებლის ხარისხის სფეროზე, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი და მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვა. დამოუკიდებელი ორგანოს შექმნით ენერგეტიკული დარგი თავს იზღვევს პოლიტიკური ჩარევისგან, სხვადასხვაგვარი ზეწოლებისაგან. დამოუკიდებელი ორგანო მოწოდებულია შექმნას შესაბამისი გარემო ინვესტორების მოზიდვისათვის, ენერგიის კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებისათვის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის. ... ევროპის პარლამენტისა და საბჭოს =2009/73/EC დირექტივა (13.07.09წ.) ხაზს უსვამს მარეგულირებელი ორგანოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას მმართველობის ეფექტურობისათვის (29-30), მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილებას მოახდინოს დავების შესაბამისი და დასაბუთებული გამოკვლევა და დარეგულირება (34). მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოების დამცველის სამსახური (კომისიის 06.03.14წ. №6 დადგენილებით დამტკიცებული კომისიის დებულების 7.6 მუხ...’’

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველის მიერ ვალდებულების აღების აუცილებლობას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ წესებში მოცემული პირობები წარმოადგენს ელექტროენერგიის ნასყიდობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ხოლო მე-4 პუნქტი ადგენს, რომ განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად). მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, ასეთი ხელშეკრულების მომხმარებელთან გაფორმების (შეთანხმების) შემთხვევაში, უნდა შეესაბამებოდეს ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. განაწილების ლიცენზიატს უფლება არ აქვს, მომხარებელთან გააფორმოს ისეთი სახის ხელშეკრულება ან/და დადოს მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა ეწინააღმდეგება ამ წესებსა და მოქმედ კანონმდებლობას.

 

ამდენად, სასამართლო თვლის, რომ სს ,,თ--–---’’ მომხმარებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობისას არ უნდა გასცდეს ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტის ფარგლებს, იმოქმედოს მისი პირობების შესაბამისად, ხოლო კომისია უფლებამოსილია შეამოწმოს მის მიერ განსაზღვრული ნორმების მოთხოვნების შესრულება ლიცენზიატის მიერ, რამდენადაც კომისია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისობას მის მიერ დადგენილ ნორმებთან ამოწმებს იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის და კონტროლის კომპეტენციიდან გამომდინარე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01. 2016 წ.,Nბს-682-668 (კ-14) გადაწყვეტილება).

 

როგორც საქმეში წარმოდგენილ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმების N4 დანართის მე-6 პუნქტით ირკვევა, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი მაქსიმალური სიმძლავრის გადაჭარბების შემთხვევაში, გამყიდველს უფლება აქვს დაარიცხოს პირგასამტეხლო: არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს-მიერთების იმ პაკეტის საერთო ღირებულების 10% ოდენობით, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ფაქტობრივად მოხმარებული ელექტროენერგია. საყოფაცხოვრებო მომხმარებელს-100 ლარის ოდენობით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებულ “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” 27-ე მუხლით დადგენილ რეგულაციებზე, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის საკითხებს. ამ მუხლის პირველი პუნქტი მომხმარებელს აკისრებს ვალდებულებას განაწილების ლიცენზიატს წინასწარ აცნობოს მის მიერ გამანაწილებელ ქსელზე მისაერთებელი სიმძლავრის გაზრდის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, მიმართოს განაწილების ლიცენზიატს „საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების სიმძლავრის გაზრდის შესახებ“ განაცხადით (განაცხადის სტანდარტულ ფორმას გადაწყვეტილებით ამტკიცებს კომისია). აღნიშნული განაცხადის ფორმა ასევე გამოიყენება, როდესაც ადგილი აქვს მომხმარებლის მიერ უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე გადასვლის (შეცვლის) მოთხოვნას. მოცემული მუხლი ადგენს მხარეთა ვალდებულებებს, განსაზღვრავს სიმძლავრის გაზრდის საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესსა და დარიცხვის პროცედურებს.

 

ამავე წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ადგენს განაწილების ლიცენზიატის უფლებამოსილებას კანონმდებლობისა და ამ წესებში მოცემული ნორმების დაცვით, შეწყვიტოს მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება, თუ მომხმარებლის მიერ გადახდილი არ არის მოხმარებული ელექტროენერგიის ან/და გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების, სიმძლავრის გაზრდის, დარიცხული დეპოზიტის ან/და ამ წესებით გათვალისწინებული სხვა სახის საფასური.

 

ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს მომხმარებლისაგან ტექნიკური პირობებით განსაზღვრული სიმძლავრის გადაჭარბებისათვის საფასურის გადახდა, თუმცა მოცემული წესები მას არ ანიჭებს პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლებამოსილებას. ამ ვალდებულების მყიდველისათვის დაკისრებით კი ნასყიდობის ხელშეკრულების მოცემული პირობა პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ წესებთან, რამდენადაც სასამართლო, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განაწილების ქსელის მეშვეობით მომსახურების გაწევისა და ელექტროენერგიით მომარაგების დროს განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომხმარებელს შორის არსებული ყველა (მათ შორის სახელშეკრულებო) ურთიერთობები ექცევა ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ რეგულაციის ქვეშ, ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები’’ არის მისით გათვალისწინებულ სუბიექტებს შორის არსებული ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და ძირითადი იურიდიული დოკუმენტი, შესაბამისად კომპანიას უფლება არ ჰქონდა მომხმარებელთან გაეფორმებინა ისეთი სახეს ხელშეკრულება ან/და დაედო მასთან ისეთი სახის გარიგება, რომლის შინაარსი ან/და პირობა წესებთან შეუსაბამო ვალდებულებებს შეიცავდა.

 

6.4. ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმების 8.1 პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით (მათ შორის სტანდარტული პირობებით (დანართი N2) დადგენილი წესით. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დაამტკიცა რა “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები”, ამავე წესებით მოაწესრიგა განაწილების ქსელის მეშვეობით მომსახურების გაწევისა და ელექტროენერგიით მომარაგების დროს განაწილების ლიცენზიატსა და საცალო მომხმარებელს შორის ზიანის დადგომის შემთხვევები და მხარეთა პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც, როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხის, მომხმარებელთა და ლიცენზიის მფლობელთა ინტერესების დაბალანსების კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციის ფარგლებში ექცევა. მოცემულმა წესებმა აღრიცხვის კვანძის დაზიანების შემთხვევაში განაწილების ლიცენზიატის მიანიჭა უფლებამოსილია მოსთხოვოს მომხმარებელს ზიანის ანაზღაურება, თუ დამტკიცდება, რომ აღრიცხვის კვანძის დაზიანება გამოწვეულია ამ მომხმარებლის ქმედებით; მომხმარებელი ასევე პასუხისმგებელია აღრიცხვის კვანძის, ასევე მისი შემადგენელი მრიცხველების, ელექტროდანადგარების და სხვა სახის მოწყობილობების შენახვაზე, როდესაც აღრიცხვის კვანძი მოწყობილია მომხმარებლის მფლობელობაში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე.

 

წესების მე-8 მუხლმა ასევე დეტალურად მოაწესრიგა ელექტროენერგიის უკანონო მოხმარების საკითხები, ელექტროენერგიის უკანონოდ მომხმარებელის ვალდებულებები, ზიანის ანაზღაურების საფუძვლები, შესაბამისად, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპიური ფორმების 8.1 პუნქტის საფუძველზე ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის წესებისაგან განსხვავებული პირობების დადგენა წინააღმდეგობაში მოდის კომისიის ზემოაღნიშნულ მითითებებსა და მოთხოვნებთან.

 

6.5. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,ტ-------------ს’’ განცხადება ადმინისტრაციული ორგანოსაგან კონსულტაციის/განმარტების მიღებას ისახავდა მიზნად და არ შეიცავდა მოთხოვნას რაიმე უფლების მოპოვების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესახებ. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აქტის გამოცემასთან დაკავშირებით.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის N23 დადგენილებით დამტკიცებული ,,ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში საქმიანობის კონტროლისა და ლიცენზირების წესების’’ N2 დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ლიცენზიატი ვალდებულია, სალიცენზიო პირობებიდან გამომდინარე და ამ პირობების შესრულების მიზნით, საქმიანობა წარმართოს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, მის შესაბამისად გამოცემული სამართლებრივი აქტების, მათ შორის, კომისიის მიერ მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამავე მუხლის მეორე პუნქტი ადგენს, რომ ლიცენზიატი ვალდებულია, დაიცვას «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის VI თავით გათვალისწინებული მოთხოვნები და პირობები, ასევე აღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტები, მათ შორის ლიცენზირების წესები და სალიცენზიო პირობები. მათი დარღვევა გამოიწვევს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

 

ამავე წესების მე-9 მუხლის თანახმად, ლიცენზიატის მიერ ლიცენზიის პირობების დარღვევა, მათ შორის კომისიის გადაწყვეტილებისა თუ დადგენილების, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა მოთხოვნების შეუსრულებლობა, იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას ჯარიმის სახით, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. ლიცენზიატს კომისიის მიერ უნდა განესაზღვროს გონივრული ვადა დარღვევის აღმოსაფხვრელად.

 

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჯარიმის ოდენობა განისაზღვრება კანონით. ლიცენზიის გამცემი განსაზღვრავს გონივრულ ვადას სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილებისათვის და დაადგენს იმ პირობებს, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921-ე მუხლი ადგენს პასუხისმგებლობას კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის, კერძოდ, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის, ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის, აგრეთვე სასმელი წყლის მიმწოდებლის მიერ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

 

ამდენად, წარმოდგენილი ნორმების ანალიზი ადასტურებს, რომ კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია შესაბამისი პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესით. იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე რეაგირების ვალდებულებას აკისრებს კომისიას, იგი წარმოადგენს არაუფლებამოსილ, არამედ ვალდებულ პირს კანონით მისთვის დაკისრებული ფუნქციის ფარგლებში გამოავლინოს სამართალდარღვევა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება.

 

6.6 სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გარემოებების გამაბათილებელი მტკიცებულება სარჩელის ავტორს სასამართლო სხდომაზე არ წარმოუდგენია. ამდენად, მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მხრიდან დარღვეულია საჯარო სხდომის მოწვევის პროცედურა, ვინაიდან ზეპირი განხილვა გაიმართა შეტყობინებიდან მე-4 დღეს, ვერ გახდება განსახილველ შემთხვევაში ჯარიმის გაუქმების საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ სახეზეა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ჩადენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, გათვალისწინებული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921-ე მუხლის პირველი ნაწილით, იგი ბრალეულია მის ჩადენაში და ექვემდებარებოდა პასუხისმგებლობას.

 

6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მეორე ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონიერია, მისი გამოცემისას ადგილი არ ჰქონია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 100 ლარის ოდენობით, ამდენად, 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,თ--–---ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი