გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32675-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირინა ზარქუა
სხდომის მდივანი თამარ მიქავა
მოსარჩელე - ქ---------------–-–---–ი
წარმომადგენელი - ე-–---------–-–---–ი
მოპასუხე - ვ-–-------------–-------–---–ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ვ-–-------------–-------–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, მ-----------–-------–---–ის (დაბადებული 2----–-–--------------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 200 (ორასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 08 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;
ქ---------------–-–---–ს და ვ-–-------------–-------–---–ს ქორწინების განმავლობაში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი მ-----------–-------–---–ი. ბოლო რამდენიმე წელია, ქ---------------–-–---–ს და ვ-–-------------–-------–---–ს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი მ-----------–-------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ქ---------------–-–---–თან. მოსარჩელე მხარე შეძლებისდაგვარად, თავისი სახსრებით ახდენს შვილის რჩენა-აღზრდას, მაგრამ მხოლოდ დედის მხრიდან ბავშვის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობა არ არის საკმარისი და არასრულწლოვნის მამა ვალდებულია, მონაწილეობას იღებდეს ბავშვის აღზრდის პროცესში. ვ-–-------------–-------–---–ი ქ---------------–-–---–თან ფაქტობრივი განქორწინების შემოდგომ, არ მონაწილეობს არასრულწლოვანი შვილის - მ-----------–-------–---–ის რჩენაში, არც მატერიალურად და არც სხვა რაიმე სახით. როგორც მოსარჩელისათვის არის ცნობილი, ვ-–-------------–-------–---–ი არის დასაქმებული და აქვს ფინანსური შესაძლებლობა, მატერიალურად დაეხმაროს თავის შვილს. მოპასუხის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.
(სარჩელი, 2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ-–-------------–-------–---–ი არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხე განქორწინების შემდეგ გაემგზავრა თურქეთის სახელმწიფოში სამუშაოდ და სისტემატიურად აგზავნიდა თვეში საშუალოდ 150-200 აშშ დოლარის ოდენობით თანხას, შესაბამისად, სარჩელში მითითებული გარემოება, თითქოს მოპასუხე არ იღებდა მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდაში, არ შეესაბამება სინამდვილეს. მოპასუხე ამ ეტაპზე არის უმუშევარი, პერიოდულად არის დასაქმებული მუშად და არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რის გამოც, ამ ეტაპზე, იგი ვერ შეძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ---------------–-–---–ს და ვ-–-------------–-------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი, მ-----------–-------–---–ი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 17);
3.1.2. მხარეები 2011 წლის სექტემბრის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი მ-----------–-------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, ქ---------------–-–---–თან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოსარჩელე ქ---------------–-–---–ს 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის ნოემბრის პერიოდისათვის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსაველბის სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 08 ოქტომბერის გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 21);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს გაცემული ცნობა N------------ (ს.ფ. 46);
3.2.2. მოსარჩელე ქ---------------–-–---–ი არ არის დასაქმებული. არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი იღებდა სოციალურ დახმარებას და ნათესავის მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფდა ბავშვის აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნას;
მოსარჩელე ქ---------------–-–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირით, მისამართზე ქ. თბილისი, მ---–--------------------------–---–------------ ქირავნობის ღირებულება მხარეთა მიერ განისაზღვრა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას ქირის თანხას უხდიან მისი ნათესავები. ამ ეტაპზე, მოსარჩელეს სოციალური სტატუსი შეჩერებული აქვს, რის გამოც ვერ იღებს სოციალურ დახმარებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საცხოვრებელი ბინის ქირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-20).
3.2.3. მ-----------–-------–---–ი კვირაში სამი დღე მეცადინეობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა-----------------–-----------------------------–-–------–-- რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა-----------------–----------------------------–--–------ის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს გაცემული ცნობა N174 (ს.ფ. 24).
- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა-----------------–-----------------------------–-–------თან 2018 წლის 04 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23).
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, ვ-–-------------–-------–---–ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული აქვს შემოსავლები. კერძოდ, მისი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის მაისის თვეში - 178.85 ლარს, ივნისის თვეში - 210.35 ლარს, აგვისტოს თვეში - 250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 225 ლარს და 2018 წლის ოქტომბრის თვეში - ჯამში 300 ლარს;
გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში ვ-–-------------–-------–---–ს სხვა სახის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 46-47);
3.2.5. მოპასუხე ვ-–-------------–-------–---–ი გარკვეული პერიოდი მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა შემდეგ, დოკუმენტის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საქართველოში. მოპასუხეს აქვს ხელობა, პერიოდულად დასაქმებულია მუშის პოზიციაზე და აქვს მინიმალური ანაზღაურება, რასაც სტაბილური ხასიათი არ გააჩნია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2018 წლის 17 დეკემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელე ქ---------------–-–---–მა ალიმენტის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული მ-----------–-------–---–ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი მ-----------–-------–---–ი ცხოვრობს დედასთან - ქ---------------–-–---–თან და ძირითადად იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მხარეები 2011 წლის სექტემბრის თვის ბოლოდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ---------------–-–---–ი არ არის დასაქმებული. არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის შესაბამისად, მოსარჩელე ქ---------------–-–---–ს 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის ნოემბრის პერიოდისათვის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება. მოსარჩელე იღებდა სოციალურ დახმარებას და ნათესავის მიერ გაწეული ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფდა ბავშვის აღზრდისათვის ნორმალური პირობების შექმნას. ქ---------------–-–---–ი არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მისამართზე ქ. თბილისი, მ---–--------------------------–---–------------ ქირავნობის ღირებულება მხარეთა მიერ განისაზღვრა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარით. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას ქირის თანხას უხდიან მისი ნათესავები. ამ ეტაპზე, მოსარჩელეს სოციალური სტატუსი შეჩერებული აქვს, რის გამოც ვერ იღებს სოციალურ დახმარებას. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, მ-----------–-------–---–ი კვირაში სამი დღე მეცადინეობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა-----------------–-----------------------------–-–------–-- რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 70 (სამოცდაათი) ლარს.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების სისტემაზე დაყრდნობით, 2018 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით, ვ-–-------------–-------–---–ს 2017 წლის იანვრიდან დღემდე მიღებული აქვს შემოსავლები, კერძოდ, მისი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის მაისის თვეში - 178.85 ლარს, ივნისის თვეში - 210.35 ლარს, აგვისტოს თვეში - 250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 225 ლარს და 2018 წლის ოქტომბრის თვეში - ჯამში 300 ლარს. გადასახადების ადმინისტრირების სისტემაში ვ-–-------------–-------–---–ს სხვა სახის შემოსავლის მიღება არ უფიქსირდება.
მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხე დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. განსახილველ შემთხვევაში, სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას მოპასუხის დასაქმებისა და შემოსავლის მიღების თაობაზე. დადგენილია, რომ მოპასუხე ვ-–-------------–-------–---–ი გარკვეული პერიოდი მუშაობდა თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა შემდეგ, დოკუმენტის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო საქართველოში. მოპასუხე აქვს ხელობა, პერიოდულად დასაქმებულია მუშის პოზიციაზე და აქვს მინიმალური ანაზღაურება, რასაც სტაბილური ხასიათი არ გააჩნია.
არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ამასთან, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. თუმცა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მხარის მიერ სხვადასხვა წყაროებიდან (არარეგულარული სამუშაოდან) შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის, სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ქ---------------–-–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე ვ-–-------------–-------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ---------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. დაეკისროს ვ-–-------------–-------–---–ს (---------------- არასრულწლოვანი შვილის - მ-----------–-------–---–ის (დაბადებული 2----–-–--------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 08 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ვ-–-------------–-------–---–ს (---------------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 54 (ორმოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირინა ზარქუა