გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/6----17
(საქმე № 3-----------------)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.09.2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე-ივანე აღნიაშვილი
სხდომის მდივნები-გვანცა ჩალიგავა, ნინო გუგავა,მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ს--–--------–-ძე
მოპასუხე -შპს ,,ტ--–--------------''
(მოპასუხე საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა)
დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკსირი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს - შპს ,,ტ--–--------------''-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ ხელშეკრულებით ნაკსირი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის - 450 000 ლარის დაკისრება (იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 1-12).
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - შპს ,,ტ--–--------------'' საქმის განხილვასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომებზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2010 წლის 16 ნოემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 04 ივლისს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ა-–----''-ს დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. რეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, ძ---–-------–---ს რაიონი, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დირექტორი მ--------------–---–ი (55 %-იანი წილის მფლობელი). ამონაწერის მიხედვით საზოგადოების პარტნიორებად ასევე მითითებულნი არიან გ-------------------–-ძე (15%), თ-------------ე (15%) და ნ-----–-----------ე (15%).
2015 წლის 24 აგვისტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2007 წლის 04 ივლისს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტ--–--------------''-ის დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 2--------. რეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, ძ---–-------–---ს რაიონი, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დირექტორი ა-–-------------------–---. ამონაწერის მიხედვით საზოგადოების პარტნიორებად მითითებულნი არიან მ--------------–---–ი (25 %) გ-------------------–-ძე (5%), თ-------------ე (5%) ნ-----–-----------ე (5%) და შპს ,,შ-----'' (ს/კ 4--------; 60 %-იანი წილის მფლობელი).
2017 წლის 10 ნოემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ 2012 წლის 11 ივნისისს მოხდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ტ--–--------------''-ის დარეგისტრირება და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------. რეგისტრირებული სუბიექტის იურიდიულ მისამართად მიეთითა თბილისი, ძ---–-------–---ს რაიონი, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23, ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად დირექტორი ნ--------------–---–- (75%-იანი წილის მფლობელი) და პროკურისტი გ-------------- (25 %-იანი წილის მფლობელი) .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. http:public.reestri.gov.ge).
3.1.2. 2009 წლის 27 ნოემბერს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ შპს ,,ა-–----''-ს (მყიდველი) შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო პირობადადებულ საკუთრებაში ქ. თბილისში, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23-ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 234,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართით 442,53 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N 0---------------). ქონების საპრივატიზაციო ღირებულებამ სიმბოლურად შეადგინა 01 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.
ხელშეკრულებაში განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და განსაკუთრებული პირობები, რომლის მიხედვით მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველეყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი წლის განმავლობაში გადაცემულ შენობაში სატელევიზიო მაუწყებლობის ფუქნციონირება (2.1. პუქნტის ,,ბ'' ქვეპუნქტი), ნაკისრი ვალდებულებების დაცვა და მათ შესრულებაზე 06 თვეში ერთხელ გამყიდველისათვის ინფორმაციის წარდგენა. ხელშეკრულების 4.2.1. პუნქტის მიხედვით დადგინდა, რომ საპრივატიზებო ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 4.2.2. პუნქტით მიხედვით - მყიდველის მიერ ხელშეკრულების 2.1. პუნქტის ,,ბ'' ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს გადასცემდა დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას და მისცემდა მყიდველს დამატებით ვადას დარღვევის გამოსასწორებლად და ამასთან მყიდველს დააკისრებდა პირგასამტეხლოს 200 (ორასი) ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობები დადასტურებულია/ხელმოწერილია უფლებამოსილი პირების მიერ და დამოწმებული იქნა სანოტარო წესით N090797243.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.11.2009 წ. ხელშეკრულება (ს.ფ. 13-19).
3.1.3. 2012 წლის 12 თებერვალს შედგა შპს ,,ა-–----''-ს პარტნიორთა კრება, რომელზედაც განხილულ იქნა საზოგადოების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების შეტანა - სახელწოდების შეცვლა. კრების ოქმის თანახმად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შპს ,,ა-–----''-ს შეეცვალა სახელწოდება და მის საფირმო სახელწოდებად განისაზღვრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,, ტ--–--------------""-ი. შესაბამისი მონაცემები აისახა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.02.2012 წ. პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 40-42).
- 29.02.2012 წ. ამონაწერი (ს.ფ. 46-47).
3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2016 წლის 26 იანვარს მიღებულ იქნა განკარგულება # A----------------, რომლის მიხედვით მოვალე შპს ,,ტ--–--------------''-ის (ს/ნ 2--------) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23, საკადასტრო კოდი N 0----------------ს შემძენი 20.01.2016 წ. გამართულ იძულებით აუქციონზე გახდა შპს ,,ტ--–--------------'' (ს/ნ 4--------).
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 აპრილის ამონაწერის მიხედვით უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისის, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23, საკადასტრო კოდი 0---------------, დაზუსტებული ფართობი 234,00 კვ.მ. (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი N1, საერთო ფართით 442,53 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ტ--–--------------'', რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2016 წლის 26 იანვრის განკარგულება # A---------------- (ამავე უძრავი ქონების მესაკუთრედ 30.11.2015 წ. ამონაწერის თანახმად ფიქსირდება შპს ,,ტ--–--------------'', რომლის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად მითითებულია 07.12.2009 წ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N-------, 08.01.2010 წ. წერილი N----- და 27.11.2009 წ. ნასყიდობის ხელშეკრულებას N----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2016 წ. განკარგულება # A---------------- (ს.ფ. 22).
- 25.04.2016 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 23-24).
- 30.11.2015 წ. საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 25-27).
3.1.5. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ივნისის N-------- წერილით შპს,,ტ--–--------------''-ს ეცნობა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 29.05.2015 წ. N--------- წერილით (სააგენტოში რეგისტრირებულია 01.06.2015 წ. N---------) წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს ,,ტ--–--------------''-ს 2015 წლის 06 მარტიდან დროებით შეჩერებული აქვს მაუწყებლობა. მასვე მიეთითა მხარეთა შორის 2009 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე და ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო გადაცემულ ქონებაში სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყება/აღდგენა და ამავე ვადაში ხელშეკრულების 2.1. პუქნტის ,,ბ'' ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო 4.2.2. მუხლის შესაბაბამისად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 200 (ორასი) ლარის ოდენობით, (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) გადახდა.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 იანვრის N------ წერილით შპს,,ტ--–--------------''-ს 07.12.2015 წ. N 07.12.1--- წერილის პასუხად ეცნობა, რომ 27.11.2009 წ. ხელშეკრულების 2.1.,,გ'' პუქნტით გათვალისიწნებული, ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში გადაცემულ შენობაში სატელევიზიო მაუწყებლობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, სააგენტოს 13.10.2015 წ. N-------- წერილით წარდგენილ დოკუმენტაციაზე დამატებით მოთხოვნილ იქნა შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში ,,საწარმოებისათის აუდიტორული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო აუდიტორიული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუხსის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2012 წლის 05 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ/ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა. (მსგავსი შინაარსის მქონე შეტყობინებები განმეორებით იქნა გაგზავნილი წერილის ადრესატთან 05.04.2016 წ. N--------- და 12.07.2016 წ. N--------- მიმართვებით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.06.2015 წ. მიმართვა N-------- (ს.ფ. 28-29).
- 04.01.2016 წ. მიმართვა N------ (ს.ფ. 30)
- 05.04.2016 წ. მიმართვა N-------- (ს.ფ. 31-32).
- 12.07.2016 წ. მიმართვა N-------- (ს.ფ. 33-34).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს - შპს ,,ტ--–--------------’’-ს , სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 450 000 ლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.
საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.
კონვენციის ეს ნორმა რეგლამეტირებულია ასევე საქართველოს კონსტიტუციაში, რომლის 42-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ყოველი პირის უნდა განსაჯოს იმ მხოლოდ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი ასახულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ'' საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში. ,,სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც ... წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას ...'' (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 10.11.2009წ. გადაწყვეტილება N 1/3/421,422 საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'' II, 1). სასამართლო განმარტავს, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე უპირველესად გულისხმობს პირის მიერ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებების სასამართლო წესით გასაჩივრებასა და უფლების სასამართლო წესით წესით დაცვის შესაძლებლობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ,,მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 05.11.2013 წ. გადაწყვეტილება N 3/1/531 საქეზე ,,ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ'', II, 3). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს უყალიბდება რწმენა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტი (ისევე როგორც ეროვნული კანონმდებლობა), სასამართლოსადმი მიმართვის წინაპირობად სწორედაც რომ უშვებს გარკვეული ვალდებულებების დაწესების შესაძლებლობას.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ)ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ)აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2009 წლის 27 ნოემბერს ერთის მხრივ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (გამყიდველი) და მეორეს მხრივ შპს ,,ა-–----''-ს (მყიდველი) შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით გამყიდველმა მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე გადასცა, ხოლო მყიდველმა მიიღო პირობადადებულ საკუთრებაში ქ. თბილისში, ძ----------–-–---–--ის ქ. N 23-ში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 234,00 კვ.მ. არასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართით 442,53 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N 0---------------). საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 29.05.2015 წ. N 01/841-15 წერილით (სააგენტოში რეგისტრირებულია N--------- 01.06.2015 წ.) წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს ,,ტ--–--------------''-ს 2015 წლის 06 მარტიდან დროებით შეჩერებული აქვს მაუწყებლობა, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 16 ივნისის N-------- წერილით შპს ,,ტ--–--------------''-ს მიეთითა მხარეთა შორის 2009 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე და ეთხოვა წერილის ჩაბარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყო გადაცემულ ქონებაში სატელევიზიო მაუწყებლობის დაწყება/აღდგენა და ამავე ვადაში ხელშეკრულების 2.1. პუქნტის ,,ბ'' ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო 4.2.2. მუხლის შესაბაბამისად გათვალისწინებული, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს თანხის- 200 (ორასი) ლარის ოდენობით გადახდა. ამის შემდგომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 04 იანვრის N------ წერილით შპს,,ტ--–--------------''-ს ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის განმავლობაში გადაცემულ შენობაში სატელევიზიო მაუწყებლობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, სააგენტოს 13.10.2015 წ. N-------- წერილით წარდგენილ დოკუმენტაციაზე დამატებით მოთხოვნილ იქნა შეტყობინების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობის 2012 წლის5 სექტემბრის N360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ/ერთი საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული აუდიტორული/საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა (მსგავსი შინაარსის მქონე შეტყობინებები განმეორებით იქნა გაგზავნილი წერილის ადრესატთან 05.04.2016 წ. N--------- და 12.07.2016 წ. N--------- მიმართვებით), რომელიც ჩაბარდა წერილის ადრესატს, თუმცა საქემში არსებული მასალების მიხედვით, სარჩელის შემოტანის დროისათვისაც კი მას არანანაირ დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია არ მიუწოდებია მოსარჩელე მხარისათვის, რითიც დარღვეულ იქნა 27.11.2009 წ. პირობადადებული ხელშეკრულების პირობები.
6.3. სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს, რომელიც განმარტავას, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენე მხარეები და დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები,საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ, რომელსაც წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო კიდევ ერთხელ მოიხმობს და მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. . . . .
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. საქმე ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების(დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 2009 წლის 27 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები და განსაკუთრებული პირობები, რომლის მიხედვით მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა უზრუნველეყო ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი წლის განმავლობაში გადაცემულ შენობაში სატელევიზიო მაუწყებლობის ფუქნციონირება (2.1. პუქნტის ,,ბ'' ქვეპუნქტი), ნაკისრი ვალდებულებების დაცვა და მათ შესრულებაზე 06 თვეში ერთხელ გამყიდველისათვის ინფორმაციის წარდგენა. ხელშეკრულების 4.2.1. პუქნტის მხიედვით დადგინდა, რომ საპრივატიზებო ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო 4.2.2. პუნქტით მიხედვით - მყიდველის მიერ ხელშეკრულების 2.1. პუქნტის ,,ბ'' ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი მყიდველს გადასცემს დარღვევის ხასიათის აღმწერ წერილობით შეტყობინებას და მისცემს მყიდველს დამატებით ვადას დარღვევის გამოსასწორებლად და ამასთან მყიდველს დააკისრებს პირგასამტეხლოს 200 (ორასი) ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული პირობა/ვალდებულება განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ხალშეკრულებაში მონაწილე სუბიექტის მიერ და საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება (მოსაზრება) არც ადმინისტრაციული ორგანოში და არც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ წარუდგენია.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სასამართლო აქვე მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლს, რომლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის თავისებურება ის არის, რომ იგი მთლიანად შესრულებაზეა ორიენტირებული, მთავარია ვალდებულების შესრულება და არა პასუხისმგებლობა მისი შეუსრულებლობისთვის, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისათვის, მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და, შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი იძლევა პასუხს კითხვაზე, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის რღვევა. შესაბამისად, 361-ე მუხლი აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება (316.I), არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა (316.II). ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თუ არ არსებობს ვალდებულება, მაშინ არც შესრულება იქნება სახეზე. ყოველი მოქმედება არ იწვევს ვალდებულების შესრულებას და, შესაბამისად, ვალდებულების შესრულების სამართლებრივი შედეგის დადგომას (427). ვალდებულების შესრულება ნიშნავს იმ მოქმედების შესრულებას (ან მოქმედებისაგან თავის შეკავებას), რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს აქვს (კრედიტორის მოთხოვნის რელატიური ბუნება). სწორედ ასეთი მოქმედება (ან მოქმედებისაგან თავის შეკავება) წარმოადგენს ვალდებულების ობიექტს
მითითებული ნორმა შეიცავს ისეთ დებულებას, რომლის მიხედვითაც, შესრულება ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას ქმნის (361.I), თუ არ არსებობს ვალდებულება, არც შესრულებას ექნება ადგილი. ვალდებულების გარეშე შესრულებული კი, უკან დაბრუნებას ექვემდებარება (976). ამდენად, მართალია, ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს, თუმცა, მხოლოდ შესრულება რომელიმე კონკრეტული ვალდებულების ინდიკატორად ვერ მიიჩნევა. ამდენად, შესრულება, მართალია, ვალდებულების არსებობას ნიშნავს, თუმცა, მხოლოდ შესრულებით კონკრეტული ვალდებულების არსებობა არ დასტურდება. ამიტომ, შემსრულებელმა უნდა ამტკიცოს, თუ რა სამართალურთიერთობის ფარგლებში განახორციელა მან ეს შესრულება და, კონკრეტულად, რომელი ვალდებულება შეასრულა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსრულებელი, მხოლოდ შესრულებით, კონკრეტული სამართალურთიერთობის მტკიცების გარეშე, საპასუხო ვალდებულების შესრულებას ვერ მოითხოვს. თუ შემსრულებელი ვერ დაადასტურებს კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას, იგი განხორციელებული შესრულების უკან გამოთხოვის უფლებას ინარჩუნებს (976), გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მიმღები არ დაადასტურებს, რომ მან შესრულება სხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მიიღო.
ვალდებულების ჯეროვნად შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს. ვალდებულების ჯეროვანი შესრულება გულისხმობს მოვალის მიერ იმ მოთხოვნათა (მოქმედებათა) განუხრელად დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია თვით შესრულების საგანთან. ამდენად, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ყველა იმ ობიექტურ ფაქტორთა ერთობლიობაა, რაც ვალდებულების კანონისმიერი, თუ სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად შესრულების დროს უნდა იყოს დაცული. ჯეროვანი შესრულება მოიცავს ყველა იმ მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს მოვალეობა, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება.
როგორც უკვე აღინიშნა სახელშეკრულებო ურთიერთობებში მნიშვნელოვანია ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება, ეს პრინციპი კერძო სამართლის უნივერსალური შეფასებითი კატეგორიაა და თანამედროვე სამართლებრივი წესრიგისათვის დამახასიათებელია კეთილსინდისიერების პრინციპის აღიარება. ამ პრინციპით კონკრეტდება ინდივიდის მოქმედების თავისუფლების ფარგლები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შესაბამისი სამართლებრივი ურთიერთობიდან ან ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმიდან პირდაპირ არ გამომდინარეობს. კეთილსინდისიერი ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში ზოგადად მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ვალდებულების დათქმულ დროს შესრულება კანონისმიერი პირობაა. ვალდებულების შესრულების დროდ ითვლება განსაზღვრული მომენტის დადგომა, როცა ვალდებულება უნდა შესრულდეს. როგორც წესი, ვადა დადგენილია მოვალის ინტერესებისათვის. აღნიშნული უფლების შეზღუდვა მხოლოდ კრედიტორის ლეგიტიმური ინტერესის არსებობის შემთხვევაშია დასაშვები. კრედიტორი უფლებამოსილი არ არის ვადაზე ადრე მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალეს ყოველთვის შეუძლია ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულება. გამონაკლისს კრედიტორის პატივსადები ინტერესი წარმოადგენს. ვალდებულების შესრულების ადგილი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. შესაბამისად, ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასადგენად, ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა თუ არა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა მოვალის მხრიდან შესრულების ვადაგადაცილებას, ან კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ვადის დარღვევას.
სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (8.III). უფლება-მოვალეობა კეთილსინდისიერად განხორციელებულად ითვლება იქამდე, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება, შესაბამისად, არსებობს კეთილსინდისიერი ქცევის პრეზუმფცია.კრედიტორი, უფლებამოსილია, ვალდებულების ძალით, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედებისაგან თავის შეკავება (316.I), ხოლო კანონის ძალით — თავისი უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერება (316.II). ამდენად, მხარეებს ეკისრებათ, არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულება, არამედ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში ისე მოქცევა, რომ პატივი სცენ ერთმანეთის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ამდენად, ვალდებულების კეთილსინდისიერი შესრულება გულისხმობს არამხოლოდ კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას, არამედ ყველა იმ დამატებითი უფლება-მოვალეობების განუხრელად დაცვას, რაც ვალდებულების შინაარსიდან პირდაპირ არ მომდინარეობს, თუმცა, კეთილსინდისიერი ქცევის სტანდარტის გათვალისწინებით, იგულისხმება. აღნიშნული სტანდარტი კი სხვა არაფერია, თუ არა მეორე მხრის უფლებებისა და ინტერესების იმ ფარგლებში პატივისცემა, რა ფარგლებშიც კონტრაჰენტს მისი უფლებისა და მოვალეობების პატივსცემის გონივრული მოლოდინი ჰქონდა. გონივრულ მოლოდინს მიღმა სტანდარტი კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევად არ განიხილება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ირკვევა, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს ,,ტ--–--------------’’-ს არაერთხელ ეცნობა, მხარეთა შორის 27.11.2009 წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შეუსრულებლობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ; მოპასუხის მიერ თანხის გადახდა არ მომხდარა და არც ნაკსირი ვალდებულებები არ შესრულებულა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა გარემოება, როდესაც მოპასუხე - შპს ,,ტ--–--------------’’-ს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 450 000 (ოთხასორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევბის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს, ხოლო იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე- სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რის გამოც სახეზეა მოპასუხე- შპს ,,ტ--–--------------’’-ისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეს - ტ--–--------------’’-ს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ 27.11.2009 წ. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დაეკისროს 450 000 (ოთხასორმოცდაათი ათასი) ლარის გადახდა
3. მოპასუხეს - ტ--–--------------’’-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ივანე აღნიაშვილი