გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2741777-2/859-18წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 იანვარი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე
მოსარჩელე - მა--------–----–---–ი;
წარმომადგენელი - მა---------–-–---–ი
მოპასუხე - ტარ---–---–----–---–ი;
დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება მა--------–----–---–სა და ტარ---–---–----–---–ს შორის.
1.2. მოპასუხე ტარ---–---–----–---–ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილების ნი-----–----–---–ის (დაბ.2---------წ), მე-----–----–---–-ს (დაბ.1---------წ) და სა-----–----–---–-ს (დაბ.1--------0წ) სარჩენად ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150-150-150 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით:
1----–-–---------------- მა--------–----–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ტარ---–---–----–---–თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვიდი შვილი, ამჟამად სამნი არიან მცირეწლოვნები ნი-----–----–---–ი დაბადებული 2---------წ, მე-----–----–---–- დაბადებული 1--------- წელს და სა-----–----–---–- დაბადებული 1--------0 წელს.
გამომდინარე იქიდან, რომ მოპასუხე მოსარჩელე სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას უკვე შემდგომში შეუძლებელი აღმოჩნდა თანაცხოვრება, 2016 წლის გაზაფხულზე ფაქტობრივად შეწყდა ქორწინება და ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე.
მოსარჩელე მა--------–----–---–ი არის სოციალურად დაუცველი, უჭირს მარტო ბავშვების რჩენა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ არის უმუშევარი და არ აქვს არანაირი შემოსავალი. მას როგორც შეუძლია და რისი საშუალებაც გააჩნია იმის მიხედვით ეხმარება შვილებს. მოპასუხე თანახმაა შეწყდეს რეგისტრირებული ქორწინება. თუ სასამართლო მაინც გადაწყვეტს რომ მოპასუხეს დააკისროს ალიმენტის გადახდა, თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 50-50-50 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მა--------–----–---–ი და ტარ---–---–----–---–ი 1----–-–---------------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ქორწინების მოწმობა N 1---------- (იხ.ს.ფ.20);
3.1.2. მა--------–----–---–ს და ტარ---–---–----–---–ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვიდი შვილი, მათ შორის 2---------წ დაბადებული ნი-----–----–---–ი, 1---------წელს დაბადებული მე-----–----–---–-ს და 1--------0წელს დაბადებული სა-----–----–---–-.
სასამართლო დაეყრდნო მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობები (იხ.ს.ფ.17-19) ;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.3. 2016 წლის გაზაფხულიდან მა--------–----–---–ი და ტარ---–---–----–---–ი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. მცირეწლოვანი ბავშვები ნი-----–----–---–ი, 1---------წელს დაბადებული მე-----–----–---–-ს და 1--------0წელს დაბადებული სა-----–----–---–- ცხოვრობენ დედასთან - მა--------–----–---–თან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ტარ---–---–----–---–ს სტაბილური შემოსავალი ყოველთვიური ხელფასის სახით არ გააჩნია;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1187-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები, ,,ბავშვთა უფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება: განქორწინებით.
ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახი არის ქორწინებაზე, ურთიერთგაგებაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული პირთა თავისუფალი და ნებაყოფლობითი თანაცხოვრება. ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მა--------–----–---–სა და ტარ---–---–----–---–ს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია 2016 წლის გაზაფხულიდან და მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათ შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1187-ე მუხლის თანახმად, მშობლებისა და შვილების ურთიერთუფლება-მოვალეობებს საფუძვლად უდევს შვილების წარმოშობა, რაც დადასტურებულია კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლით კი არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები შეთანხმებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში №14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ,,ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. თანხის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იგი არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და მიმართული უნდა იყოს ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებისკენ. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, საჭიროებისას მკურნალობით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა. შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.
მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას ყურადღება უნდა იქნეს გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას ამ ვალდებულებათა გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვნის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ ნი-----–----–---–ი, მე-----–----–---–- და სა-----–----–---–- უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას აუცილებელია არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის დადგენილი მინიმალური საჭიროებების გათვალისწინება. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან სარჩელის განხილვის ადგილას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფინანსურად, რაც არ არის საკმარისი მათი ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისად ესაჭიროება სათანადო მზრუნველობა. სასამართლო ასევე იზიარებს მოპასუხე მხარის მდგომარეობას, რომ იგი არის უმუშევარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ნი-----–----–---–ის, მე-----–----–---–-ს და სა-----–----–---–-ს ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასაკის, განვითარების, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, მათ რჩენაზე მყოფი პირებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის შეფასების გათვალისწინებით, მოპასუხის მხრიდან არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თვეში 80 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 30 ნოემბრიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თვეში 80 ლარის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარე განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც ტარ---–---–----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 122 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე მა--------–----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შეწყდეს ქორწინება მა--------–----–---–სა (--------------- და ტარ---–---–----–---–ს (პ/ნ0----------) შორის და გაუქმდეს სსგს ადიგენის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 1----–-–-------------- ჩანაწერი მ-------------------- და ტარ---–---–----–---–ს შორის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, სააქტო ჩანაწერის N1----------.
3. ტარ---–---–----–---–ს (პ/ნ0----------) დაეკისროს მა--------–----–---–ის სასარგებლოდ სარჩო (ალიმენტი) 2----–-–---------------- დაბადებულ ნი-----–----–---–ის რჩენისათვის ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, ნი-----–----–---–ის სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 ნოემბრიდან.
3.1.ტარ---–---–----–---–ს (პ/ნ0----------) დაეკისროს მა--------–----–---–ის სასარგებლოდ სარჩო (ალიმენტი) 2----–-–----------------- დაბადებულ სა-----–----–---–-ს (--------------- რჩენისათვის ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, სა-----–----–---–-ს სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 ნოემბრიდან.
3.2.ტარ---–---–----–---–ს (პ/ნ0----------) დაეკისროს მა--------–----–---–ის სასარგებლოდ სარჩო (ალიმენტი) 2----–-–---------–--- დაბადებულ მე-----–----–---–-ს (პ-------------- რჩენისათვის ყოველთვიურად 80 ლარის ოდენობით, მე-----–----–---–-ს სრულწლოვანებამდე, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 30 ნოემბრიდან.
4. მოპასუხე ტარ---–---–----–---–ს (პ/ნ0----------) სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 122 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის ქ.N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე