გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4848-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა დარასელია
სხდომის მდივანი ნუცა კაპანაძე
მოსარჩელე თ--------------–--ე
მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
წარმომადგენელი ს--–---------–--–-–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის №1---------------- №7, №45, №46 და №96 ტესტური დავალებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი №7, №45, №46 და №96 ტესტური დავალებების დადებითად შეფასების თაობაზე (იხ. 09.10.2018წ. სასამართლოს სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ--------------–--ემ 2018 წლის 16 ივნისს მონაწილეობა მიიღო სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაში საერთო სპეციალიზაციით. თ--------------–--ემ ტესტირების შედეგად დააგროვა 71 ქულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდებისა და შერჩევის მართვის სისტემიდან (ს.ფ. 57);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის ელექტრონული წერილი (ს.ფ. 22).
3.1.2. 2018 წლის 17 ივნისს თ--------------–--ემ ტესტირების შედეგები 8 ტესტური დავალების, მათ შორის №7, №45, №46 და №96 ტესტური დავალებების შეფასების ნაწილში სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო კომისიაში გაასაჩივრა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გამოცდებისა და შერჩევის მართვის სისტემიდან (ს.ფ. 57);
- 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის სხდომის ოქმი №1 (ს.ფ. 58-61).
3.1.3. 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით (სხდომის ოქმი №1) თ--------------–--ის საჩივარი დაკმაყოფილდა 1 ტესტის შეფასების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში, მათ შორის №7, №45, №46 და №96 ტესტების შეფასების ნაწილში საპრეტენზიო განაცხადი არ დაკმაყოფილდა. თ--------------–--ის საბოლოო შედეგი განისაზღვრა 72 ქულით და მან ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი (75 ქულა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №1) (ს.ფ. 58-61);
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2018 წლის 20 ივლისის ელექტრონული წერილი (ს.ფ. 22).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--------------–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №1) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, სადავოს საკითხის მომწესრიგებელ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან
6.2. სასამართლო მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც: ა) აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა (პროკურატურის მუშაკთა) საკვალიფიკაციო გამოცდა; გ) აქვს იურისტად ან ადვოკატის სტაჟიორად მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ამავე საკანონმდებლო აქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო. ამავე ნორმის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით. ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში, ხოლო მე-10 პუნქტის შესაბამისად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში პირი იღებს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს (სერტიფიკატს).
სასამართლო ასევე მიუთითებს „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ადვოკატთა საკვალიფიკაციო კომისიის არანაკლებ ნახევარს შეადგენენ საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა სხვა გაერთიანებების (საადვოკატო ფირმა, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და ა.შ.) წარმომადგენლები.
6.3. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №7, №45, №46 და №96 ტესტური დავალებების შეფასებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მითითებული დავალებები არ პასუხობენ ტესტური დავალებისათვის დადგენილ ზოგად სტანდარტს, ვინაიდან მისი შინაარსი, დასმული შეკითხვა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხი სცდება საკითხის გააზრების გონივრულ კრიტერიუმს, ტესტური დავალების შინაარსი არ იყო სრულყოფილი და გამართული.
სასამართლო განმარტავს, რომ ტესტური დავალებების შერჩევა და შეფასება საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, თუმცა, მსგავსი კატეგორიის დავების განხილვის პროცესში, სასამართლო კონტროლი შეეხება ისეთ საკითხებს, რომელიც უკავშირდება კომისიის მხრიდან გამოსაყენებელი ნორმის გაუთვალისწინებლობას, არასწორი ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობას, შეფასების საყოველთაო მასშტაბის დარღვევას, როდესაც შეფასება ეყრდნობა საკითხის ყოველგვარ გონივრულ ზღვარს გამცდარ არასწორ გააზრებას, საგამოცდო ტესტის, მისი შინაარსობრივი წყობის, დასმული კითხვისა და მასზე სწორად მიჩნეული პასუხის აშკარა შეუსაბამობას. ხსენებული კრიტერიუმების სინთეზი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას შეაფასოს ზემოაღნიშნული ასპექტები.
სასამართლო აღნიშნავს, განურჩევლად იმისა, თუ რა სახისაა და რა მიზანს ემსახურება ტესტი, ის რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ: ინსტრუქციები და საკითხები ისე მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ სწორედ იმ ცოდნას ზომავდეს, რომლის გაზომვასაც ეს კონკრეტული ტესტი ისახავს მიზნად; მისი შედეგები უნდა ფასდებოდეს წინასწარ შედგენილი პასუხებით ან შეფასების სქემით; წინასწარ უნდა იყოს დადგენილი ქულების რაოდენობა სწორი პასუხისთვის; შეფასების მექანიზმი უნდა იყოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი, იგი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას არ უნდა იძლეოდეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოსაცდელის უფლებას წარმოადგენს – გამოცდა ჩააბაროს არაორაზროვანი, ნათლად ჩამოყალიბებული ტესტური დავალების (კითხვის) და ასევე ცალსახა, ერთმნიშვნელოვანი პასუხების არსებობის პირობებში.
განსახილველ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №7 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „დიონისემ განაცხადი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით. მხარეებთან კომუნიკაციის წარმოების პროცესში, სასამართლომ აცნობა განმცხადებელს, რომ მთავრობამ გამოთქვა სურვილი მეგობრული მორიგებისათვის მიეღწია განმცხადებელთან და შესთავაზა კონპენსაცია 10 000 ევროს ოდენობით. ევროპული სასამართლოდან ხსენებული შეტყობინების მიღების შემდგომ, განმცხადებელმა სოციალურ ქსელში (facebook) გაასაჯაროვა ხსენებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ მთავრობას სურს იგი იყიდოს 10 000 ევროდ, თუმცა იგი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ხსენებულს. საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროპულ სასამართლოს, რათა ამ უკანასკნელს უარი ეთქვა დიონისეს მიერ წარდგენილი განაცხადის განხილვაზე და განსახილველ საქმეთა სიიდან ამოერიცხა. კითხვა - გამართლებულია თუ არა საქართველოს მთავრობის მოთხოვნა?“ ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „დ“ ვარიანტი - „დიახ, რადგან კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად მეგობრულ მორიგებასთან დაკავშირებული პროცედურა კონფიდენციალურია“. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „ა“ ვარიანტი - „არა, რადგან განმცხადებელს სრული უფლება ჰქონდა საზოგადოებისათვის ეცნობებინა სტრასბურგის სასამართლოდან მიღებული წერილის შესახებ“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის სასამართლოს წერილი არ შეიცავდა მორიგების პროცედურებს, ამასთან, ტესტიდან არ დგინდებოდა მორიგების თაობაზე შეთანხმების მიღწევის ფაქტი, შესაბამისად, სწორი პასუხია „ა“.
საკვალიფიკაციო კომისიამ ზემოაღნიშნული ტესტური დავალების განმარტებისას მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის პირველ პარაგრაფზე და ამავე მუხლის მე-2 პუნქტზე და მიიჩნია, რომ დარღვეულია 39-ე მუხლით დაცული კონფიდენციალურობის პრინციპი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (მე-14 ოქმი) 39-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, სასამართლოს შეუძლია იხელმძღვანელოს დაინტერესებულ მხარეთა სურვილით უზრუნველყონ საქმის მეგობრულად გადაწყვეტა, ადამიანის უფლებათა პატივისცემის საფუძველზე, როგორც ეს დადგენილია კონვენციაში და მის ოქმებში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული საქმისწარმოება კონფიდენციალური უნდა იყოს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას სწორ პასუხად მის მიერ შემოხაზული „ა“ ვარიანტის მიჩნევის თაობაზე და განმარტავს, რომ კონვეციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის ვალდებულება მხარეს ეკისრება არა მხოლოდ საქმის მეგობრულად გადაწყვეტის (მორიგება) შემთხვევაში, არამედ აღნიშნული მიზნით საქმისწარმოების პროცედურის მიმართაც, რაც ასევე მოიცავს მხარეთა შორის მოლაპარაკების პროცედურას. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტესტური დავალებიდან ცალსახად ირკვეოდა მხარის მიერ მორიგების თაობაზე მიღებული წინადადების გასაჯაროვების ფაქტი, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ მითითებული ნორმის ცოდნა მოეთხოვებოდა მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელს, რასაც შეიცავდა სწორ პასუხად დადგენილი ,,დ“ ვარიანტი.
მოცემულ შემთხვევაში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №45 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „პირთა ჯგუფი თბილისში მოწყობილ ხალხმრავალ, მშვიდობიან მიტინგზე ხელისუფლების ქმედებებს აპროტესტებდა. მიტინგმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. ქალაქის პოლიციის სამმართველოს უფროსმა პოლიციელებს უბრძანა მიტინგის ორგანიზატორთა ლიკვიდაცია და გვამების დამარხვა. პოლიციელებმა უარი ვერ გაუბედეს უფროსს, რადგან იცოდნენ, რომ ეს სულ მცირე, მათ კარიერას შეუქმნიდა საფრთხეს. მათ ღამით, მიტინგის მსვლელობისას მოკლეს მიტინგის ორგანიზატორები და მათი გვამები ტყეში დამარხეს. დააკვალიფიცირეთ პოლიციის სამმართველოს სამმართველოს უფროსისა და რიგითი პოლიციელების მოქმედებები.“ ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „ბ“ ვარინატი - „რიგით პოლიციელთა ქმედება დაკვალიფიცირდება, როგორც ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა, ხოლო პოლიციის სამმართველოს უფროსის ქმედება - როგორც აღნიშნული დანაშაულის წამქეზებლობა“. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „გ“ - „როგორც სამმართველოს უფროსი, ისე რიგითი პოლიციელები პასუხს აგებენ ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მკვლელობისთვის.“ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიერ დაფიქსირებული პასუხი სწორია, ვინაიდან უფროსის ქმედება არ წარმოდგენდა წაქეზებას, მან გასცა კანონსაწინააღმდეგო ბრძანება, პოლიციელებმა შეასრულეს აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ბრძანება და მათ ერთობლივად, როგორც უფროსმა ისე პოლიციელებმა ჩაიდინეს ჯგუფური დანაშაული.
საკვალიფიკაციო კომისიამ სწორი პასუხის განმარტებისას იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად. კომისიამ მიიჩნია, რომ მნიშვნელობა არ ენიჭება იმას თუ რამდენი წინადადება მისცა დამყოლიებელმა დაყოლიებულს დანაშაულის ჩასადენად, მთავარია წამქეზებლის წინადადება მიიღოს ამსრულებელმა და განზრახვა სისრულეში მოიყვანოს.
სასამართლო მიუთითებს, რომ დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიება ნიშნავს სავარაუდო ამსრულებელში დანაშაულის ჩადენის გადაწყვეტილების გამოწვევას. ამასთან, დანაშაულის ჩასადენად წაქეზების ხერხი მრავალგვარია და დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე, მათ შორის სავარაუდო ამსრულებლის პიროვნებაზეც და მისდამი წამქეზებლის პირად დამოკიდებულებაზეც. განსახილველ შემთხვევაში ტესტური დავალებიდან ირკვევა, რომ პოლიციელებმა დანაშაულის ჩადენის შესახებ კონკრეტული წინადადება კონკრეტული პირების მიმართ მიიღეს სამმართველოს უფროსისაგან, ხოლო აღნიშნული პირისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მიიჩნიეს, რომ უარი წინადადების შესრულებაზე საფრთხეს შეუქმნიდა მათ კარიერას. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პოლიციელებმა მიიღეს და აღასრულეს სამმართველოს უფროსის წინადადება, ხოლო ტესტური დავალება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად არ ითვალისწინებდა საგამონაკლისო შემთხვევებს, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სწორ პასუხს სრულად შეიცავდა ტესტური დავალების „ბ“ ვარიანტი.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №46 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „ბუაძემ ქუჩაში მოქალაქეს დანა ჩაარტყა და დაჭრა. ეს ფაქტი დაინახა პოლიციელმა. იგი სასწრაფოდ მივიდა ბუაძესთან, რომელიც სისხლიანი დანით ხელში უძრავად იდგა. პოლიციელმა მას რეზინის ხელკეტი რამდენჯერმე თავში ჩაარტყა და ბორკილები დაადო. შემდეგ ასევე რეზინის ხელკეტის თავში ცემით მანქანაში ჩასვა და პოლიციაში წაიყვანა. თავში მიყენებული დაზიანებისაგან, პოლიციაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში, ბუაძე გარდაიცვალა. გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიციელი ცემისას სიკვდილის დადგომას გულგრილად ეკიდებოდა.“ კითხვა - სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული რომელი დანაშაულია ჩადენილი? ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „ბ“ - „ჩადენილია განზრაზ მკვლელობა“. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „გ“ - „ჩადენილია მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით.“ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პოლიციელის ქმედება ვერ შეფასდება როგორც გაზრახ მკვლელობა, ვინაიდან სახეზე არ არის განზრახვა, ამასთან, პოლიციელის მიზანი იყო დამნაშავე პირის შეპყრობა და მისი სამართალდამცავ ორგანოში წარდგენა, მაგრამ მან გადააცილა შეპყრობისათვის აუცილებელ ზომებს, რასაც შედეგად მოჰყვა ბუაძის გარდაცვალება.
ზემოაღნიშნულ ტესტურ დავალებასთან მიმართებით საკვალიფიკაციო კომისიამ მიიჩნია, რომ ნათლად ჩანს, რომ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე უძრავად იდგა და არავითარ წინააღმდეგობას პოლიციელის მიმართ არ გამოხატავდა. ასევე მას არ გამოუჩენია დაუმორჩილებლობა, ამიტომაც მის მიმართ ამგვარი მოქმედების განხორციელება არ იყო საჭირო. ამის მიუხედავად, პოლიციამ მას თავში ხელკეტით დაუწყო ცემა და თან გულგრილად მოეკიდა სასიკვდილო შედეგის დადგომის ფაქტს. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ აქ დამნაშავემ შეპყრობის ფარგლებს კი არ გადააცილა, ე.ი. თავდაპირველად პოლიციელი მართლზომიერ ქმედებას კი არ ახორციელებდა, არამედ თავიდანვე მისი მხრიდან სახეზე იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც მითითებული ტესტური დავალებიდან ირკვევა, დამნაშავე გაქცევას არ ცდილობდა, „უძრავად იდგა“ და ამასთან, მის მიერ პოლიციელის მიმართ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფას ან აღნიშნულის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, პოლიციელმა მას თავში ხელკეტით დაუწყო ცემა და გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პოლიციელი ცემისას სიკვდილის დადგომას გულგრილად ეკიდებოდა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას განზრახვის არარსებობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ვინაიდან დამნაშავისთვის თავში ხელკეტის ჩარტყმით პოლიციელს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას, პოლიციელის ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი. შესაბამისად, აპლიკანტის პასუხი არასწორია და სწორ პასუხს შეიცავდა ,,ბ“ ვარიანტი - „ჩადენილია განზრაზ მკვლელობა“.
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის №96 ტესტური დავალება შემდეგი შინაარსისაა: „არსებობდა საკმარისი ცნობები იმასთან დაკავშირებით, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ხელს უწყობდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში ეროვნულ-ეთნიკური შუღლის გაღვივებას. დანაშაულში მონაწილე პირების გამოვლენისა და მათ მიმართ მტკიცებულებების შეგროვების მიზნით, რაიონულმა პროკურორმა დაავალა გამომძიებელს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენების გზით მომხდარიყო ზემოხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ფარული მონაწილეობა.“
კითხვა - კანონიერია ფარული მონაწილეობა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში? ტესტური დავალების სწორ პასუხად მიჩნეულია „ა“ - „არა, ვინაიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში ფარული მონაწილეობა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავარ პროკურორთან“. აპლიკანტმა სწორ პასუხად მიიჩნია „გ“ - „დიახ, ვინაიდან არასამთავრობო ორგანიზაცია აღვივებდა ეროვნულ-ეთნიკურ შუღლს.“ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან ტესტიდან არ ირკვეოდა გამომძიებელმა მიიღო თუ არა ფარული მონაწილეობა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია აღვივებდა ეროვნულ-ეთნიკურ შუღლს, მის მიერ დაფიქსირებული პასუხი სწორია.
საკვალიფიკაციო კომისიამ სწორი პასუხის განმარტებისას იხელმძღვანელა „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით და მიუთითა, რომ აღნიშნული ნორმა ცალსახად განსაზღვრავს საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობის სავალდებულოობას. შესაბამისად, აპლიკანტის მიერ არჩეული პასუხი არ არის სრულყოფილი და ეწინააღმდეგება საკანონმდებლო რეგულაციას.
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოებს (საჯარო მოსამსახურეებს) ეკრძალებათ ფარული მონაწილეობა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში. აკრძალულია ფარული მონაწილეობა ოფიციალურად რეგისტრირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების, რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობაში, თუ ეს საქმიანობა მიზნად არ ისახავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ანდა თუ ეს ორგანიზაციები არ ეწევიან ომის ან ძალადობის პროპაგანდას, არ აღვივებენ ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობა.
აღსანიშნავია, რომ გამოცდის №96 ტესტური დავალების კითხვას წარმოადგენდა „კანონიერია ფარული მონაწილეობა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში?“, შესაბამისად, აპლიკანტს ტესტურ დავალებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეეფასებინა საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ფარული მონაწილეობის კანონიერება. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ ტესტურ დავალებასა და პასუხებს შორის აზრთა სხვადასხვაობა და ბუნდოვანება არ არსებობს, სწორედ ზემოაღნიშნული საგამონაკლისო ნორმის ცოდნა მოეთხოვებოდა მოცემულ შემთხვევაში გამოსაცდელს, რასაც სრულად შეიცავდა სწორ პასუხად დადგენილი ,,ა“ ვარიანტი.
6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22–ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას ადგილი არა აქვს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.
ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული 2018 წლის 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივნისს ჩატარებული ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგად შემოსული საჩივრების განხილვის მიზნით შექმნილი სამართლის ექსპერტთა ჯგუფის 2018 წლის 20 ივლისის №1----------------ს №7, №45, №46 და №96 ტესტური დავალებების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობისა და შესაბამისად, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ--------------–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლოს ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ნანა დარასელია