გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.01.2019
საქმის ნომერი
611210018002597620
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #611210018002597620

#2/358-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.12.2018 წ. ქ. მარნეული

შესავალი ნაწილი

მ--------–-- მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე მანანა მესხიშვილი

სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე, ეკა ნავერიანი

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელში მოპასუხე) - ი-----–- ხ---–--–--ე

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ--- ა------–---–-

მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - ქ--------- დ---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი - მ------- ხ----–---ი

დავის საგანი - შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (სარჩელში), ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ი-----–- ხ---–--–--ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ--------- დ---–ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვან შვილთან - 2013 წლის 25 ივნისს დაბადებულ ლ---- ხ---–--–--ესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა.

 

2.1. ქ--------- დ---–მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ი-----–- ხ---–--–--ისათვის 300 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.

მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

ქ--------- დ---–ი და ი-----–- ხ---–--–--ე 2012 წლის 22 სექტემბრიდან ცხოვრობდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების დროს მათ შეეძინათ ერთი შვილი - 2013 წლის 25 ივნისს დაბადებული ლ---- ხ---–--–--ე. 2015 წლის 26 სექტემბერს ქ. დ---–მა სს ,,თ---------------" აიღო იპოთეკური სესხი 17 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეორე დღეს - დამატებით 4400 ლარის ოდენობით და ქ. მ--------––-, რ---------–-- ქ. #3-ში შეიძინა ბინა #26, სადაც ცხოვრობდა მოპასუხესთან და შვილთან ერთად 2016 წლის 28 სექტემბრამდე, როდესაც ისინი ფაქტობრივად დაშორდნენ, 2017 წლის 22 ნოემბერს კი განქორწინდნენ. დაშორების შემდეგ შვილზე ზრუნავს მხოლოდ დედა. ი. ხ---–--–--ის მშობლებს 2018 წლის მაისამდე მიჰყავდათ ბავშვი და საღამოს აბრუნებდნენ, მას შემდეგ კი ბავშვისთვის აღარ მოუკითხვათ და ფაქტობრივი დაშორების შემდეგ არავითარ დახმარებას არ უწევენ. მოსარჩელე მუშაობს სს ,,ლ-------------–-" მიკრო დაკრედიტების ექსპერტად და იღებს ხელფას, რაც არ ჰყოფნის შვილის აღზდასა და საბანკო კრედიტს, რაც შეადგენს 46027 ლარს. მოპასუხე კი მუშაობს ორ ადგილზე და ხელზე ჯამურად იღებს 1000 ლარზე მეტს. მას სარჩენი არავინ ჰყავს და შეუძლია შვილისათვის ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა. ბავშვი დადის სოფ. თ--------- საბავშვო ბაგა-ბაღში. ამასთან, მისი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე საჭირო გახდა დამატებით ძიძის დაქირავება, რისთვისაც ის იხდის 150 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ქ--------- დ---–მა ნაწილობრივ ცნო ი. ხ---–--–--ის სარჩელი.

 

2.2. შეგებებულ სარჩელში მოპასუხე ი-----–- ხ---–--–--ემ ნაწილობრივ ცნო შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ სესხი ორივემ ერთად აიღო, ხოლო განქორწინების შემდეგ ბინა დარჩა ქ. დ---–ს, რის გამოც ის არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. ის ზრუნავს შვილზე და თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე თანახმაა ალიმენტის სახით გადაიხადოს 150 ლარი.

 

2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეები მორიგდნენ ძირითადი სასარჩელო მოთხოვნის - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნაზე და ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. ამასთან, არსებითი განხილვის დროს ი. ხ---–--–--ემ ცნო სარჩელი 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ქ--------- დ---–ი და ი-----–- ხ---–--–--ე 2012 წლის 22 სექტემბრიდან 2017 წლის 22 ნოემბრამდე იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ისინი ფაქტობრივად დაშორდნენ 2018 წლის 2016 წლის 28 სექტემბერ.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5, 45);

- განქორწინების მოწმობა (ს. ფ. 18).

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში - 2013 წლის 25 ივნისს მათ შეეძინა შვილი - ლ---- ხ---–--–--ე, რომელიც მხარეთა დაშორების შემდეგ ცხოვრობს დედასთან ერთად. ის დადის ს. თ--------- საბავშვო ბაგა-ბაღში, ხოლო ბაღის შემდეგ მასზე გარკვეული დროის განმავლობაში ზრუნავს ძიძა, ვისაც ქ. დ---–ი უხდის 150 ლარს.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 3, 5, 45, 47, 2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:23:19-13:24:33 სთ.);

- დაბადების მოწმობა (ს. ფ. 61);

- ბაგა-ბაღების გაერთიანების 2018 წლის 13 ივნისის ცნობა (ს. ფ. 62).

 

3.1.3. ქ--------- დ---–ი მუშაობს სს ,,ლ--------------"-ს ქვემო ქართლის ფილიალში კრედიტ-ოფიცრის თანამდებობაზე და მისი თვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1125 ლარს. ამასთან, მან 2017 წლის 3 ნოემბრიდან 2018 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდში რამდენჯერმე აიღო ბონუსი, კერძოდ, თითეულ შემთხვევაში - 133,89 ლარის, 93,62 ლარის, 216,05 ლარის, 206,48 ლარის და 353 ლარის ოდენობით.

მტკიცებულება:

- სს ,,ლ--------------"-ს 2018 წლის 13 სექტემბრის ცნობა (ს. ფ. 67);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს. ფ. 209-213).

 

3.1.4. 2015 წლის 28 სექტემბერს ქ--------- დ---–მა შეიძინა ქ. მ--------––-, რ---------–-- ქ. #3-ში მდებარე ბინა #26, რომელზეც დღეის მდგომარეობით ი. ხ---–--–--ე პრეტენზიას არ აცხადებს. აღნიშნული უძრავი ქონების შესაძენად 2015 წლის 26 სექტემბერს ერთის მხრივ სს ,,თ------------" და მეორეს მხრივ ქ--------- დ---–მა და ი-----–- ხ---–--–--ემ დადეს იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის სახით მიიღეს 17 500 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტი უნდა დაიფაროს 2030 წლის პირველ ოქტომბერს, ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 192,47 აშშ დოლარს, ხოლო მინიმალური ოდენობა - 181,01 აშშ დოლარს.

სადავო არ არის ის გარემოება, რომ საბანკო კრედიტს ფარავს ქ. დ---–ი.

მტკიცებულება:

- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 69-70);

- შეთანხმება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ს. ფ. 71);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს. ფ. 72-76);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (ს. ფ. 45, 47, 2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი 12:44:03-12:45:13 ს.თ.).

 

3.1.5. ი-----–- ხ---–--–--ე მუშაობს ქ. მ--------–-- კულტურის სახლში ლიტერატურული საღამოების ორგანიზატორის პოზიციაზე, სადაც მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 750 ლარს, ასევე ქ. მ--------–-- #5 ს--------------–-ში სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად, სადაც მისი ხელფასი შეადგენს 431,44 ლარს.

მტკიცებულება:

- ა(ა)იპ მ--------–-- მუნიციპალიტეტის კულტურის, საკლუბო, საბიბილიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების 2018 წლის 5 სექტემბრის ცნობა (ს. ფ. 216);

- სსიპ ქალაქ მ--------–-- #5 ს--------------–-ს ცნობა (ს. ფ. 215).

 

3.1.6. ი-----–- დ---–ი გადის მკურნალობას დიაგნოზით ,,ეპილეფსია", რისთვისაც საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას. მისი მკურნალობა პერიოდულად ფინანსდებოდა სახელმწიფო პროგრამებით.

მტკიცებულება:

- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს. ფ. 162, 175);

- კომპიუტერული ტომოგრაფია (ს. ფ. 165);

- დასკვნა თავის ტვინის გამოკვლევის შესახებ (ს. ფ. 166);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 12:47:25-12:47:45; 13:20:34-13:21:20; 13:31:37-13:23:04 სთ.).

 

3.1.7. ი-----–- დ---–ი ცნობს სარჩელს 250 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში.

მტკიცებულება:

- მხარის ახნა-განმარტება (2018 წლის 24 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:27:05-13:28:24 ს.თ.).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელივანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ--------- დ---–ის შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ი-----–- ხ---–--–--ეს შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით უნდა დეკისროს 250 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებითა და ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. საქართველოს სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციის” მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.

საქართველოს სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, შესაძლებლობის ფარგლებში ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ამგვარი პირობები მოიცავს როგორც შვილის სრულფასოვანი კვებით, ჰიგიენით, დასვენებით უზრუნველყოფას, ისე მის განათლებას და ა.შ. თუმცა თანხის ოდენობა იმგვარად უნდა განისაზღვროს, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში.

კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლო ითვალისწინებს, რომ როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე დასაქმებულები არიან და მათი შემოსავალი დაახლოებით თანაბარია, ამასთან, ორივე მათგანს ყოველდღიურ, მიმდინარე ხარჯებთან ერთად აქვს დამატებით ხარჯი, როგორც არის საბანკო კრედიტი და მკურნალობა, ამასთან, საბანკო კრედიტი მიმართულია იმ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასის დასაფარად, რომელიც ირიცხება შეგებებული სარჩელის ავტორის საკუთრებაში. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ბავშვი კვირის განმავლობაში გარკვეულ პერიოდს გაატარებს მამასთან, რომელიც ვალდებულია ამ დროს იზრუნოს შვილზე და სათანადოდ უზრუნველყოს ის. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მშობლებისა და შვილის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, 2013 წლის 25 ივნისს დაბადებული ლ---- ხ---–--–--ის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი იქნება 250 ლარის ოდენობით ალიმენტი, რომლის გადახდაც მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სასამართლოში შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხისათვის 300 ლარის დაკისრებას, თუმცა მოთხოვნა დაკმაყოფილდა 250 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, დაკმაყოფილებული სარჩელის ფასი შეადგენს (250X2X12) 3000 ლარს, რომლის 3%-ია 90 ლარი, რაც საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა განახევრდეს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე 150 ლარის, ხოლო მთავარ სხდომაზე 250 ლარის ნაწილში ცნო სარჩელი, რაც საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის შესაბამისად, 150 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სრულად გათავისუფლების, ხოლო დარჩენილი 100 ლარის ნაწილში - განახევრების საფუძველია. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს (100X12/100X3/2/2) 9 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ქ--------- დ---–ის შეგებებული სარჩელი ი-----–- ხ---–--–--ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ი-----–- ხ---–--–--ეს ქ--------- დ---–ის სასარგებლოდ შვილის - 2013 წელის 25 ივნისს დაბადებული ლ---- ხ---–--–--ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით დაეკისროს 250 ლარის გადახდა 2018 წლის 21 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

3. ი-----–- ხ---–--–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 9 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, მ--------–-- მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მანანა მესხიშვილი