გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210017001877280
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9445-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

28.09.2018 წ. ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

 

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

მოსარჩელე: ა------------ე;

ი-------------–---–ი.

წარმომადგენელი: ლ----------------–ი

 

მოპასუხე: შპს "ნ-----ა"

წარმომადგენელი: რ---------------–ი

 

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ნ-----ასთვის“, მოსარჩელე ა------------ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 1000 ლარის ოდენობით;

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ნ-----ასთვის“, მოსარჩელე ი-------------–---–ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების გადახდის დაკისრება 1000 ლარის ოდენობით;

 

(იხ. სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება, ს.ფ. 81);

 

მოსარჩელეების განმარტებით, მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ წლების განმავლობაში, 2016 წლამდე; ისინი აწარმოებდნენ სადურგლო სამუშაოებს და ყოველთვიურად იღებდნენ ხელფასს, 800 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, რომელსაც მოპასუხე მოსარჩელეებს უხდიდა ნაღდი ანგარიშსწორებით. სხვასთან ერთად, შპს ,,ნ-----ა“ ასრულებდა შპს ,,ს---–----------ში“ დაკვეთებს, კერძოდ, აშენებდა საცხოვრებელ სახლებს დ------------ში. სულ მოსარჩელეებმა მონაწილეობა მიიღეს 4 კორპუსის მშენებლობაში დ-----------ის ტერიტორიაზე. ამდენად, შპს ,,ს---–----------ში“ იყო დამკვეთი ორგანიზაცია, შემსრულებელი იყო შპს ,,ნ-----ა“, ხოლო მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იყვნენ მოპასუხესთან და ასრულებდნენ სამუშაოს მოპასუხის სასარგებლოდ. მოსარჩელეებს, მოპასუხესთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებამდე, საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ გ------------–---–თან (მოპასუხე კომპანიის დირექტორი და 100 %-იანი წილის მფლობელი), მას ქ. თბილისში, ო--------–-ში მდებარე მის კერძო საცხოვრებელ სახლში აუშენეს ღობე და სათავსოები, ხოლო გ-------–---ში არსებულ მის სახლს დააშენეს მეორე სართული. ამის შემდეგ, როგორც კარგ ხელოსნებსა და შემსრულებლებს, გ------------–---–მა შესთავაზა მუშაობის დაწყება მის კუთვნილ კომპანია შპს ,,ნ-----აში“ და შეესრულებინათ სადურგლო სამუშაოები, აქედან დაიწყო მათი შრომითი ურთიერთობა შპს ,,ნ-----ასთან“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს ,,ნ-----ამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელეები არ იყვნენ დასაქმებულები შპს ,,ნ-----აში“ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, არამედ დაკვეთით ასრულებდნენ გარკვეულ სამშენებლო თუ სამონტაჟო სამუშაოებს და იღებდნენ გასამრჯელოს. მოსარჩელეებმა სამუშაოები შეასრულეს კომპანიისთვის _ ,,ს---–----------ში“. შესაბამისად, გასამრჯელო უნდა მიეღოთ უშუალოდ ამ კომპანიისგან. შპს ,,ნ-----ას“ ფუნქცია იყო მხოლოდ მოსარჩელეების დაკავშირება კომპანიასთან _ ,,ს---–----------ში“. ამასთან, მოსარჩელეები და მოპასუხე შეთანხმებულები იყვნენ, რომ შპს ,,ს---–----------ში“ აანაზღაურებდა მოსარჩელეების წინაშე არსებულ დავალიანებას, ამდენად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეები _ ა------------ე და ი-------------–---–ი, რამდენიმე წლის განმავლობაში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე შპს „ნ-----ასთან“, რომელიც სამშენებლო საქმიანობას ახორციელებდა. ამ კომპანიაში დასაქმებამდე, მოსარჩელეებმა, როგორც ხელოსნებმა კომპანიის დამფუძნებელ და დირექტორ გ------------–---–ის კუთვნილ, თბილისსა და სოფელ გ-------–---ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩაატარეს სარემონტო სამუშაოები, რომელიც მოიწონა გ------------–---–მა, რის საფუძველზეც შესთავაზა მათ თავის კომპანიაში მუშაობა. მოპასუხე შპს „ნ-----ას“ რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მოსარჩელეები მასთან არ იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში (ან თუნდაც ნარდობით ურთიერთობაში) არ მიუთითებია და შესაბამისად, არ წარმოუდგენია (იხ. მოსარჩელეების ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ს.ფ. 92-105, აუდიოჩანაწერი, ს.ფ. 151; საქმის მასალები);

 

3.2.2. ბოლო პერიოდში, მოსარჩელეები თავიანთ შრომით მოვალეობას _ სადურგლო სამუშაოების შესრულებას ახორციელებდნენ ქ. თბილისში, დ------------ში მდებარე ე.წ. ბ---------ის დასახლებაში. ამ ტერიტორიაზე, მათ სადურგლო სამუშაოები შეასრულეს 4 ბლოკის _ კორპუსის მშენებლობისას (იხ. მოსარჩელეების ახსნა-განმარტება);

 

3.2.3. მოპასუხე შპს ,,ნ-----ა“, შპს „ს---–----------შისთან“ გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ახორციელებდა ორსართულიანი დუპლექსის ტიპის საცხოვრებელი ბინების მშენებლობას, შპს „ს---–----------შის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. სწორედ ამ საცხოვრებელი ბინების (4 ბლოკის _ კორპუსის) მშენებლობაზე მუშაობდნენ მოსარჩელეები, როგორც შპს „ნ-----ას“ დასაქმებულები (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.4. მოპასუხე შპს „ნ-----ა“, როგორც წესი, დროულად და სრულად უხდიდა ხელფასს მოსარჩელეებს, მაგრამ 2016 წელს, მას, შესრულებული სამუშაოებისათვის, გადასახდელი დარჩა თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ, 1000 ლარი (ხელზე ასაღები). მოპასუხე შპს „ნ-----ამ“ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოსარჩელეებისთვის გადასახდელი თანხის გადახდა ეთხოვა, მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი შპს „ს---–----------შისათვის“; 2016 წლის 28 მარტს, შპს „ნ-----ამ“ მიმართა შპს „ს---–----------შის“ დირექტორ ზ-----------ეს შემდეგი შინაარსის წერილით: „ გთხოვთ ჩვენი დავალიანება 2000 ლარის ოდენობით ა------------ის და ი-------------–---–ის მიმართ, აუნაზღაუროთ აღნიშნულ პირებს, შემდგომში ჩვენი ანგარიშიდან ჩამოწერით...“. შპს „ს---–----------შიმ“ შპს „ნ-----ას“ თხოვნა არ გაითვალისწინა და ამ უკანასკნელის ვალდებუკლება არ შეასრულა _ სახელფასო დავალიანება მოსარჩელეების მიმართ არ გადაიხადა (იხ. წერილი, ს.ფ. 13; მოსარჩელეების ახსნა-განმარტება);

 

3.2.5. შპს „ნ-----ას“ მოსარჩელებისთვის დღემდე არ გადაუხდია კუთვნილი შრომის ანაზღაურება (რაც შეადგენს თითოეულის სასარგებლოდ 1000 ლარს), რითაც არღვევს მათ შრომით უფლებებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, მოპასუხე შპს ,,ნ-----ას“, მოსარჩელეების _ ა------------ისა და ი-------------–---–ის მიმართ გადასახდელი აქვს სახელფასო დავალიანება, მათი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მიიჩნიეს რა თავიანთი შრომითი უფლებები დარღვეულად, აღნიშნული უფლებების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართეს სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს შრომის კოდექსის 2013 წლის 04 ივლისიდან მოქმედი რედაქციით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სშკ-ის 31.1. მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1. მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულებით ერთი მხარე, დასაქმებული (მოსარჩელე) იღებს ვალდებულებას, შეასრულოს სამუშაო კვალიფიკაციის, თანამდებობისა და დაკისრებული მოვალეობის გათვალისწინებით, შრომის ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.

 

ამავე კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე მხარეს მოსარჩელეები _ ა------------ის და ი-------------–---–ის მიმართ, მათ მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. სასამართლომ დაადგინა, რომ თითოეული მოსარჩელის მიმართ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 1000 ლარი (ხელზე ასაღები);

 

სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თავისი ქმედებებით, უგულებელყო დასაქმებული პირების უფლებები და ქონებრივი ინტერესები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოსარჩელეებს უნდა მოეთხოვათ კომპანიისგან _ შპს ,,ს---–----------ში“, თუმცა იმის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეები დასაქმებულები იყვნენ შპს ,,ს---–----------ში“ და არა _ შპს ,,ნ-----აში“, _ მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხე შესაგებელში განმარტავს, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შესაბამისი სამუშაოების ნაწილს აანაზღაურებდა კომპანია შპს „ს---–----------ში“, რადგანაც ეს სამუშაოები საბოლოოდ განკუთვნილი იყო შპს კომპანიისათვის „ს---–----------ში“. ამგვარად, მოპასუხემ, ფაქტობრივად დააკავშირა შპს „ს---–----------ში“ და მოსარჩელეები (იხ. შესაგებელი, ს.ფ. 38). სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ მან, განსახილველ შემთხვევაში, შუამავლის როლი შეასრულა (იხ. მოპასუხის ახსნა-განმარტება). მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია აღნიშნული განმარტების შესაბამისი მტკიცებულებანი, შესაბამისად, სასამართლომ ის არ გაიზიარა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102.1. მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო 102.3. მუხლის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელეების _ ა------------ის და ი-------------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილება.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე "ნ-----ას", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ა------------ის და ი-------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. დაეკისროს შპს "ნ-----ას", ა------------ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით;

 

1.2. დაეკისროს შპს "ნ-----ას", ი-------------–---–ის სასარგებლოდ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

 

2. დაეკისროს შპს "ნ-----ას", სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ასმათ კოხრეიძე