გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210016001525073
N 2/850-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი”
წარმომადგენელი - ირ---–------–--ა
მოპასუხეები: რა---------–---ი, ტუ------------–---ა (არ გამოცხადნენ)
წარმომადგენელი - ოთ---------–---–ი
დავის საგანი - დავალიანების გადახდის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების რა---------–---ისა და ტუ------------–---ასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ, 83 900,03 ლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 45000 ლარი, პროცენტი - 11 342,47 ლარი, პირგასამტეხლო - 27 557,56 ლარი;
1.2. დავალიანების გადახდის მიზნით იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების რეალიზაცია: მდებარე მა-------–--------------------–----–----ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.03.06.5--, მესაკუთრე რა---------–---ი;
1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულების მიქცევა მოპასუხეთა სხვა ქონებაზე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2015 წლის 17 თებერვალს, სს ,,სა---------–--------სა“ და რა---------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც რა---------–---ს გამოეყო საკრედიტო ლიმიტი 250 000 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 2015 წლის 23 თებერვალს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 45000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით. პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
გენერალური ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რა---------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მა-------–--------------------–----–----ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.03.06.5--. იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალეთა სხვა ქონებაზე.
სს ,,სა---------–--------სა“ და რა---------–---ს შორის დადებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ტუ------------–---ასთან გაფორმებული იქნა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ტუ------------–---ამ აიღო ვალდებულება, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყო ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები.
მოპასუხეს თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ კრედიტის მოქმედების პერიოდში ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატა ხელშეკრულების გრაფიკის, ვადებისა და პირობების არაერთგზის დარღვევაში. სესხი ვადაგადაცილებაშია 2015 წლის 24 დეკემბრიდან.
დღეის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 83 900,03 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 45000 ლარი, პროცენტი - 11 342,47 ლარი, პირგასამტეხლო - 27 557,56 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხელშეკრულების პირობები არ ეთარგმნათ მათთვის გასაგებ ენაზე და არ იცოდნენ ასეთი მაღალი საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს შესახებ (იხ. შესაგებელი ს.ფ. 53-61).
2018 წლის 15 ნოემბრის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობას არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი (იხ. 15.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 17 თებერვალს, სს ,,სა---------–--------სა“ და რა---------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც რა---------–---ზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 250 000 ლარის მოცულობით, 120 თვის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი);
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17).
3.1.2. 2015 წლის 23 თებერვალს სს ,,სა---------–--------სა“ და რა---------–---ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 45000 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 16%-იანი საპროცენტო განაკვეთით, პირგასამტეხლო - 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
3.1.3. 2015 წლის 17 თებერვალს, სს ,,სა---------–--------სა“ და რა---------–---ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებისა და საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა რა---------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მა-------–--------------------–----–----ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.03.06.5--.
იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტის თანახმად, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალეთა სხვა ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-27);
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 28-29);
3.1.4. სს ,,სა---------–--------სა“ და რა---------–---ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 23 თებერვალს, ტუ------------–---ასთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდები სოლიდარულად აგებს პასუხს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ ოდენობას შეადგენს 90 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება და ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30-35).
3.1.5. მოპასუხეებს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა განეხორციელებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც არ შესრულდა. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილებით, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად, მათ თანხა არ გადაუხდიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება (ს.ფ. 36-37);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 38).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დღეის მდგომარეობით, მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 83 900,03 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 45000 ლარი, პროცენტი - 11 342,47 ლარი, პირგასამტეხლო - 27 557,56 ლარი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას იმის თაობაზე, რომ მათ არ იცოდნენ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ, რადგან არ გასცნობიან ხელშეკრულებებს ენის არ ცოდნის გამო, ხოლო ბანკმა არ უზრუნველყო მათთვის გასაგებ ენაზე ხელშეკრულებების თარგმნა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოპასუხეების რა---------–---ისა და ტუ------------–---ას განმარტებებთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს შემდეგს: პირის მიერ ამა თუ იმ ხელშეკრულების დადებისას საზოგადოდ ივარაუდება, რომ იგი გაცნობილია ხელშეკრულების შინაარსს და იცის მისი პირობები. მოცემულ შემთხვევაში, რა---------–---ისა და ტუ------------–---ას მიერ ნების გამოვლენა დადასტურებულია ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ისინი მართლაც არ გასცნობიან ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერეს ხელი, აღნიშნული წარმოადგენს მოპასუხეთა მხრიდან დაშვებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი დაიცვას. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტთან. შესაბამისად, მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდებოდა, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამებოდა მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია გაქარწყლდებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ ნება გამოვლინდა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველმა მხარემ თავად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა თუ შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეებს მათ მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენიათ. მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაგრამ მას მოსარჩელის ახსნა-განმარტებასთან ერთად უპირისპირდება და აბათილებს წერილობითი მტკიცებულებები - გენერალური და შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებები, თავდების განცხადება, თავდებობის ხელშეკრულება, რომლებზეც მოპასუხეთა მიერ შესრულებულია ხელმოწერა, ამასთან, ხელმოწერების ნამდვილობა მათ სადაოდ არ გაუხდიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 39).
- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-17).
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19);
- განცხადება და ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ (ს.ფ. 30-35).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილისა და პროცენტის მსესხებელის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება და ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი 27 557,56 ლარისა, მოპასუხეებს სს ,,სა---------–--------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 5511,51 ლარის გადახდა.
ასევე საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა დავალიანების გადახდევინების მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, მე-400, 463-465-ე, 895-ე, 867-868-ე, 115-ე, 417-ე, 420-ე, 286-ე, მე-300, 301-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში. ამდენად, მოპასუხეების მიერ სარჩელის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ცნობა, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ სს ,,სა---------–--------სა” და რა---------–---ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა)შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მიერ გათვალისწინებულ იქნა საპროცენტო სარგებელი წლიური - 16%.
განსახილველ შემთხევაში, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ხელშეკრულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პროცენტის დაკისრებას 11 342,47 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და შესაბამისად, მოვალეს უნდა დაეკისროს დარიცხული პროცენტის გადახდა 11 342,47 ლარის ოდენობით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც თავადაც აღიარებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ გადასახდელი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში 180%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელე კრედიტით გაცემულ თანხას საკრედიტო ურთიერთობის შეწყვეტამდე დარიცხულ პროცენტთან ერთად გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მოკლე ვადაში დაიბრუნებს და მისი საქმიანობიდან გამომდინარე კვლავ შეძლებს აღნიშნული თანხით შემოსავლის მიღებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხაა 83 900,03 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 45000 ლარი, პროცენტი - 11 342,47 ლარი, პირგასამტეხლო - 27 557,56 ლარი.
ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 5-ჯერ და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 5511,51 ლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე ტუ------------–---ამ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე ტუ------------–---ისათვის რა---------–---თან ერთად თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ როგორც 2015 წლის 17 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების, ასევე მის ფარგლებში დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნა უძრავ ნივთზე, ს/კ 83.03.06.5-- დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვალეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-300 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკის ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალეთა სხვა ქონებაზე.
ამდენად, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად აღსულება უნდა მიექცეს მოპასუხეების რა---------–---ისა და ტუ------------–---ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილებული იქნა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 74% (61853,98/83900,03). მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 2517 ლარი, რომლის 74% შეადგენს 1862,58 ლარს. ვინაიდან, მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომამდე მათთვის სესხის ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში (45000 ლარის ნაწილში, რომელიც შეადგენს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 73%-ს), ამ ნაწილში ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. კერძოდ, 1862,58 ლარის 73% შეადგენს 1359,68 ლარს, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხის 502,90 ლარის (1862,58-1359,68) გადახდა მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 208-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს რა---------–---სა და ტუ------------–---ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 17 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურებისა და 2015 წლის 23 თებერვლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 61 853,98 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 45000 ლარი, დარიცხული სარგებელი - 11 342,47 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 5511,51 ლარი.
3. მოპასუხეების რა---------–---ისა და ტუ------------–---ასათვის სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: მდებარე მა-------–--------------------–----–----ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 83.03.06.5--, მესაკუთრე რა---------–---ი (პ/ნ 28001062562);
4. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების რა---------–---ისა და ტუ------------–---ას საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
5. მოსარჩელე სს ,,საქარველოს ბანკს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 22 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 2517 ლარის ნაწილი - 1322,93 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,სა---------–--------ი”, ბანკის კოდი: BAGAGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2016 წლის 22 სექტემბრის №11994 საგადახდო დავალება).
6. მოპასუხეებს რა---------–---სა და ტუ------------–---ას მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 502,90 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ია ლაბაძე