გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 17.12.2018
საქმის ნომერი
330310018002554344
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/4583-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელე - ზ----------–---–ი

 

მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - მა-–-----–---–---ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული მორალური ზიანის სახით 1 000 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის N3--------- განჩინებით ზ----------–---–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 28 აპრილის განჩინება. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 02 თებერვლის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორს - ზ----------–---–ს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2015 წლის 02 ნოემბერს საქმეზე N3---------- გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის გზავნილით კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის N3---------- განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი რეაგირების მიზნით გაეგზავნა აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 08 სექტემბრის N3--------- განჩინება (ს.ფ. 72-80);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნოემბრის N3---------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 81-82);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 02 ნოემბრის გზავნილი (ს.ფ. 71).

 

3.1.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ----------–---–ს გაუგზავნა 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინებით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N3---------- სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მას ეკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, აღსრულების საფასური 20 ლარი.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინების ბოლო, მე-5 ფურცელზე დატანილია საქართველოს ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, თარიღით - 18.11.2015, ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე დატანილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის N-- პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, თარიღით - 20.11.2015 და რეგისტრაციის ნომრით - 1------. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ საფოსტო გზავნილის შიგთავსი - დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთათვის.

 

საქართველოს ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ ზ----------–---–ისთვის განკუთვნილი გზავნილი გაიგზავნა ქსნის N-- დაწესებულებაში, რომელიც 2015 წლის 20 ნოემბერს ჩაიბარა ორგანიზაციის კანცელარიის საქმის მწარმოებელმა მა----------ემ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 16-20);

- საქართველოს ფოსტის გზავნილი (ს.ფ. 99).

 

3.1.3. 2015 წლის 5 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს ,,სა---------–------------ს“ შორის დაიდო N1--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი: ,,2.1. ხელშეკრულების საგანია შემსრულებლის მიერ დამკვეთისათვის ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით საფოსტო/საკურიერო მომსახურების გაწევა ქვეყნის შიგნით, აგრეთვე საფოსტო მომსახურების გაწევისათვის დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის ღირებულების გადახდა თანდართული ტარიფების შესაბამისად: 2.1.1. ქვეყნის შიგნით საფოსტო მომსახურება (რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია და ამანათები) - დანართი N1; 2.1.2. ჰიბრიდული ფოსტით მომსახურება (ელექტრონული საშუალებით მიღებული გზავნილები) - დანართი N2; 2.1.3. საფელდეგერო (გრიფით საიდუმლო გზავნილი - საიდუმლო, სრულიად საიდუმლო, განსაკუთებული მნიშვნელობის) მომსახურება - დანართი N3“. ხელშეკრულების 1.17 პუნქტით განმარტებულია ჰიბრიდული ხელშეკრულების ცნება, კერძოდ - იგი არის ელექტრონული ფორმით მიღებული გზავნილების ადრესატზე ჩაბარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 05 იანვრის N1--- ხეშეკრულება დანართით (ს.ფ. 110-118).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-20, 42-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 413-ე, 992-ე, 1005-ე მუხლები, პატიმრობის კოდექსი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია. აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მითითებული მუხლით დაცული მიმოწერის ხელშეუხებლობა უზრუნველყოფს, გამოირიცხოს ადამიანის კერძო სფეროში სხვა პირთა, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობა. აღნიშნული მუხლით დაცული უფლება ვრცელდება ნებისმიერ პირზე და აქედან გამომდინარე მითითებული უფლებები უზრუნველყოფილია ყველა პირისათვის მისი მოქალაქეობრივი თუ სოციალური სტატუსისა და მდგომარეობის მიუხედავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ზემოაღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს. ამასთან, ქმედება, რომელმაც პირს ზიანი მიაყენა, უნდა გამომდინარეობდეს პირის სამსახურეობრივი მოვალეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედებაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზიანსა და პირის ქმედებას შორის უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც სავარაუდო კავშირი საკმარის ობიექტურ საფუძვლად ვერ გამოდგება სამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის. ამდენად, უნდა დადგინდეს შემდეგი საფუძვლების ერთობლივი არსებობა: ა) მართლსაწინააღმდეგო ქმედება; ბ) შედეგი-ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) პირის ბრალეულობა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობისას უნდა გამოიხატოს განზრახვაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი ეფუძნება მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტს, რაც გამოწვეულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მართლსაწინააღმდეგო ქმედებებით, რომელიც გამოიხატა მის მიმართ არსებული მიმოწერის კონფიდენციალობის დარღვევაში.

 

კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა ზ----------–---–ს გაუგზავნა 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. შეტყობინებით ადრესატს ეცნობა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო NA-------- სააღსრულებო საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული N3---------- სააღსრულებო ფურცელი იძულებით აღსრულების შესახებ. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მას ეკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე, აღსრულების საფასური 20 ლარი.

 

თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2015 წლის 16 ნოემბრის NA-------- შეტყობინების ბოლო, მე-5 ფურცელზე დატანილია საქართველოს ფოსტის მცხეთის ფილიალის ბეჭედი, თარიღით - 18.11.2015, ხოლო შეტყობინების პირველ გვერდზე დატანილია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის N-- პენიტენციური დაწესებულების კანცელარიის ბეჭედი, თარიღით - 20.11.2015 და რეგისტრაციის ნომრით - 1------. ეს გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ საფოსტო გზავნილის შიგთავსი - დოკუმენტი ხელმისაწვდომი გახდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთათვის.

 

საქართველოს ფოსტის გზავნილით დასტურდება, რომ ზ----------–---–ისთვის განკუთვნილი გზავნილი გაიგზავნა ქსნის N-- დაწესებულებაში, რომელიც 2015 წლის 20 ნოემბერს ჩაიბარა ორგანიზაციის კანცელარიის საქმის მწარმოებელმა მა----------ემ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და შპს ,,სა---------–------------ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანზე, სადაც ჰიბრიდული ფოსტით მომსახურებასთან ერთად გათვალისწინებული იყო ქვეყნის შიგნით საფოსტო მომსახურება (რეგისტრირებული წერილობითი კორესპონდენცია და ამანათები) და საფელდეგერო (გრიფით საიდუმლო გზავნილი - საიდუმლო, სრულიად საიდუმლო, განსაკუთრებული მნიშვნელობის) მომსახურება. ამდენად, ხელშეკრულების პირობები მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა შესაძლებლობას, შეერჩია მომსახურების ისეთი სახე, რომელიც არ გამოიწვევდა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით დაცული მიმოწერის თავისუფლების უფლების დარღვევას. მოპასუხე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეტყობინების გაგზავნისათვის შეარჩია გზავნილის იმგვარი ფორმა, რამაც გამოიწვია დაცული სფეროს დარღვევა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრისათვის კორესპონდენციის გაგზავნისას ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გაეთვალისწინებინა „პატიმრობის კოდექსით“ დადგენილი კორესპონდენციის მიღების წესი და გზავნილის ადრესატამდე მისვლა უნდა უზრუნველეყო იმგვარად, რომ მის შინაარსზე წვდომა არ უნდა ჰქონოდათ მესამე პირებს. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ კორესპონდენციის თავისუფლების დაცვის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოკლებული იქნებოდა ფაქტობრივ და სამართლებრივ შესაძლებლობას, გასცნობოდა მსჯავრდებულისთვის განკუთვნილ წერილს. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების გამო განხორციელდა მოსარჩელის დაცულ უფლებაში ჩარევა.

 

როგორც უკვე აღინიშნა, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიმოწერის თავისუფლების უფლებაში ჩარევა აღარ საჭიროებს შემდგომ კვლევას, აუცილებელი იყო თუ არა იგი დემოკრატიულ საზოგადოებაში ან/და ჩარევა ემსახურებოდა თუ არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, ვინაიდან ასეთი ჩარევა არ იყო კანონით გათვალისწინებული და შესაბამისად, იგი ვერ იქნება გამართლებული რაიმე საფუძვლით. თუმცა, აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში არც დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობა იკვეთება და არც რომელიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევა იმისათვის, რომ გამართლებული ყოფილიყო მიმოწერის თავისუფლების უფლებაში ჩარევა.

 

პატიმრობის კოდექსის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის კორესპონდენციას ამოწმებს ადმინისტრაცია, გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები ამ კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია). პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით). ადმინისტრაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზ--ალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზ--ალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. ადმინისტრაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს ეკრძალება, შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით).

 

ამდენად, ცალსახაა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან გამოგზავნილი კორესპონდენციის გახსნის შედეგად, რასაც ადასტურებს წერილის პირველ და ბოლო ფურცლებზე არსებული შტამპები, მასზე თარიღის მითითებით, ხელყოფილ იქნა მოსარჩელის მიმოწერის თავისუფლება.

 

6.2. სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით - „პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება“. მითითებული მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალისა თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად.

 

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო აღიარებს, რომ პატიმრების მიმოწერაზე კონტროლის ზოგიერთი ღონისძიება წინააღმდეგობაში არ მოდის კონვენციასთან, მაგრამ ჩარევა არ უნდა სცდებოდეს დასახული კანონიერი მიზნის ფარგლებს. პატიმართა მიმოწერის კონტროლთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიება არ არის შეუსაბამო კონვენციასთან, თუმცა პატიმარსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის არსებული კორესპონდენციის გახსნა წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შეუსაბამობას, თუნდაც რომ იგი ციხის ადმინისტრაციის მიერ არ ყოფილიყო წაკითხული.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Campbell v.the United Kingdom მთავრობამ განაცხადა, რომ პატიმრის საჩივარი, რომელშიც განმცხადებელი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვას ასაჩივრებდა, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მან ვერ დაამტკიცა, რომ რომელიმე კონკრეტული წერილი გახსნილი იყო. თუმცაღა, სასამართლომ დაადგინა, რომ ამ საქმეში ადგილი ჰქონდა შეზღუდვას კონვენციის მიზნებისათვის, ვინაიდან არსებული ციხის რეჟიმი იძლეოდა წერილების გახნისა და წაკითხვის საშუალებას, პირობა, რომელზეც სპეციალურად იქნა გამახვილებული განმცხადებლისა და მისი ადვოკატის ყურადღება. ასეთ გარემოებებში განმცხადებელს შეეძლო თავი გამოეცხადებინა მე-8 მუხლის ჭრილში მისი მიმოწერის პატივისცემის უფლების შეზღუდვის მსხვერპლად.

 

ამდენად, სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით - მიმოწერის პატივისცემის უფლებასა და მის პირად ცხოვრებაში ჩარევით ხელყოფილ იქნა მისი პირადი არაქონებრივი უფლებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია მხოლოდ კანონით ზ--სტად განსაზღვრულ შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება. მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა დელიქტი, რომელსაც მოჰყვა ისეთი მორალური ზიანი, რომლის დადგომის შემთხვევაში კანონმდებლობა ითვალისწინებს მის ანაზღაურებას.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება კონკრეტულ შემთხვევაში დაკავშირებულია არაქონებრივ უფლებათა დარღვევასთან. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. (იხ. სუს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.2015წ. №ბს-661-646 (2კ-14) გადაწყვეტილება).

 

ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული არაქონებრივი სიკეთის შელახვით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენაციისთვის ფაქტის კონსტატაციასთან ერთად უნდა მოხდეს მისი მატერიალური ანაზღაურებაც, თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხი, დაზარალებულის განცდების სიღრმე, მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მხრიდან აღნიშნული უფლების ხელყოფას არ მოჰყოლია რაიმე მატერიალური ზიანი და არც მატერალური ზიანის მიყენების განზრახვას ჰქონია ადგილი. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია. რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ნეგატიური განცდების შემსუბუქება და დადებითი ემოციების გამოწვევა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურება სასამართლოს მიერ ფულადი ფორმით განისაზღვრება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად. მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვა მიმოწერის უფლების დარღვევისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 100 (ასი) ლარი, რომლის ანაზღაურება უნდა დაეკისროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზ----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ზ----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის სახით - 1 000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

 

3. სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე