გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
841310518002704978
საქმე N3/6-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 დეკემბერი 2018 წელი ქ. ტყიბული
ტყიბულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე.
სხდომის მდივანი ფატმან მინდიაშვილი
მოსარჩელე - ქ----- ქ------ძე;
მოპასუხეები - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური
მომსახურების ცენტრი;
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული
განყოფილება;
მოპასუხეების წარმომადგენელი - მ--- დ--–--–იშვილი;
დავის საგანი: - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა:
- ბათილად იქნას ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის N04-06/11375 მომართვა;
- ბათილად იქნას ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ქ----- ქ------ძეს 2018 წლის 18 მაისს დაუდგინდა სარეიტინგო ქულა 149530;
- დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრს მოახდინოს მოსარჩელე ქ----- ქ------ძის სოციალურ- ეკონომიური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა;
- დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის მომსახურების ცენტრს მოსარჩელე ქ----- ქ------ძეს აუნაზღაუროს 2017 წლის 01 აპრილის თვიდან შეწყვეტილი სოციალური ფულადი დახმარება ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით საარსებო შემწეობის სახით ოჯახის საბოლოო სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის შეფასებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე ქ----- ქ------ძე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, როგორც საარსებო შემწეობის მიმღები პირი. 2018 წლის 18 მაისს შევსებული იქნა ახალი დეკლარაცია და მოსარჩელე ქ----- ქ------ძის ოჯახისათვის მინიჭებულმა სარეიტინგო ქულათა რაოდენობამ შეადგინა 149530 ქულა. 2018 წლის 18 მაისს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ქ----- ქ------ძის საცხოვრებელ ადგილზე ვიზიტი და ოჯახის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის შეფასება. კერძოდ, შედგენილი იქნა ოჯახის დეკლარაცია არასწორი მონაცემებით, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის ოჯახისადმი მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭებას, აღნიშნულმა კი გამოიწვია საარსებო შემწეობის უკანონოდ შეწყვეტა. რეალურად ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, არის მარტოხელა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც აქვს მძიმე.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სარჩელზე წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვეს უარი ეთქვას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ ქ----- ქ------ძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2017 წლიდან, საიდენტიფიკაციო კოდით 050706700577. იგი 2016-2017 წლებში იღებდა საარსებო შემწეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 23);
-
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 18 მაისს განხორციელდა ტყიბულის სოციალური მომსახურეობის უფლებამოსილი პირის ვიზიტი ქ----- ქ------ძის ოჯახში სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების განხორციელების მიზნით. ოჯახის დეკლარაციის თანახმად, ქ----- ქ------ძე ფლობს: ავტოფარეხს (A7 ბლოკის 1 გრაფა), შინამეურნეობის მიერ დაკავებულია საცხოვრებელი ფართი 220კვ.მ. (A8 ბლოკი), შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საერთო საცხოვრისში ოთახის რაოდენობა შეადგენს - 9 (A9 ბლოკი); შინამეურნეობის მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ნაწილში იატაკი დაგებულია ხე/ფიცარი (A10 ბლოკის 1 გრაფა); სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფართობით 0,4ჰა (D1 და D2 ბლოკის გრაფა); ოჯახი ფლობს 1 ზრდასულ შინაურ პირუტყვს (D3 ბლოკი), ბოლო 12 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარებისათვის გადახდილი აქვს 35,60 ლარი (E1 ბლოკი),ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები: 1. ქ------ძე ქ-----, დაბადების თარიღი: 19.07.1936, ასაკი- 81; პ-------------- (B1 ბლოკი); ფიზიკური მდგომარეობა (B3 ბლოკი): სარეცელს მიჯაჭვული/ლოგინად ჩავარდნილი (B3 ბლოკი 1 გრაფა), დაუხმარებლად გადაადგილება არ შეუძლია და/ან საჭიროებს მომვლელს (B3 ბლოკი 2 გრაფა), ორსული (20 და მეტი კვირა) (B3 ბლოკი 3 გრაფა), მეძუძური დედა (ერთ წლამდე ბავშვით) (B3 ბლოკი 4 გრაფა); სიცოცხლისათვის საშიში დაავადების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბოლატორიულ მკურნალობას (B3 ბლოკი 5 გრაფა); არცერთ ზემოთჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება (B3 ბლოკი 6 გრაფა). განათლების მიღწეული დონე - საშუალო პროფესიული (C2 ბლოკი, გრაფა 4); პირადი ფულადი შემოსავალი - სახელმწიფო პენსია - 180 (C3 ბლოკი, გრაფა 3):
აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე 2018 წლის 17 ივნისს ოჯახს განესაზღვრა სარეიტინგო ქულა -10737.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოჯახის დეკლარაცია (ს.ფ. 14-19);
- ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (იხ. ს.ფ. 23);
-
3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე ქ----- ქ------ძე არის 82 წლის, მის შვილს, რომელსაც თავად უვლის, აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. კერძოდ, ე-–--- ქ------ძე დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით F20,0, მას აღენიშნება პოლიმორფული ფსიქოზური სიმპტომები, ესმის მაკომენტირებელი და იმპერატიული შინაარსის ხმები, გამოთქვამს ზემოქმედების აზრებს, აქვს შიშები, მოუსვენრობა, უძილობა. ინტერესთა სფერო შეზღუდულია, სხვისი დახმარების გარეშე ვერ უვლის საკუთარ თავს, კრიტიკა მდგომარეობის მიმართ დაქვეითებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ 28-29)
3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიმართვით დადგენილია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს ქ----- ქ------ძის მოთხოვნით, ქ----- ქ------ძის ოჯახში ვიზიტი განახორციელა სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა, ვიზიტის დროს ოჯახის დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციის შესწავლისას, კერძოდ შინამეურნეობის/ოჯახის დათვალიერებისა და გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ არსებული მდგომარეობა შეესაბამება დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებს, შესაბამისად შეივსო წერილობითი აქტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტყიბულის რაიონული განყოფილების მიმართვა.
- წერილობითი აქტი
3.1.5 იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვით ქ----- ქ------ძეს უარი ეთქვა მისი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შესწავლაზე და განემარტა, რომ მის ოჯახს შეუძლია მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს 2019 წლის 17 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვა (იხ. ს.ფ 24-25)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე არ ეთანხმება 2018 წლის 18 მაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების აგენტის მიერ შევსებული ოჯახის დეკლარაციას და მიუთითებს, რომ მისი ოჯახისათვის მინიჭებული ქულა უსამართლოა არ შეესაბამება მისი ოჯახის რეალურ სურათს, განიცდის უმძიმეს ეკონომიკურ გაჭირვებას, მისი ოჯახის გადარჩენის და არსებობის ერთადერთი საშუალება სოციალური დახმარება იქნება, არ მუშაობს ოჯახის არცერთი წევრი, სახლი რომელშიც ცხოვრობენ ამორტიზირებულია და იქ ცხოვრება საშიში და საფრთხის შემცველია, ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუსაძლისად მძიმეა, ჰყავს ერთი ძროხა რომელიც არ იწველება. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხთან - სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით იმსჯელებს სარჩელის სამართლებრივი დასაბუთების დროს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა ქ----- ქ------ძის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია; ევროპის სოციალური ქარტია; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ 2018 წლის 18 მაისს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“) საფუძველზე 2018 წლის 17 ივნისს (მომზადების თარიღი 17.06.2018) ქ----- ქ------ძის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (107370 ერთეული) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე 2018 წლის 8 ოქტომბერის იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
სასამართლო მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, სარეიტინგო ქულა არის პირობითი ერთეული, რომელიც მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელია. ხოლო, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება (კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა) ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის დახმარებით და ეს უკანასკნელნი აწვდიან სააგენტოს. ოჯახის დეკლარაციაში ფიქსირდება ოჯახის მახასიათებლების ყველა ის მნიშვნელობა, რომლებიც გამოიყენება კეთილდღეობის ინდექსის გამოსათვლელ ფორმულაში (შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსის სტრუქტურის აღწერაში მოცემული Yi,j სიდიდეები).
ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული სადავო „ოჯახის დეკლარაცია“ და მის საფუძველზე ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ასევე იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვა განხილული უნდა იქნეს როგორც ერთიანი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
შესაბამისად, სასამართლომ ასევე, უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, კერძოდ, დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას შეადგინოს ქ----- ქ------ძის ოჯახის ახალი დეკლარაცია, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებული და რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა საარსებო შემწეობის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.
სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.
აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესზე, რომელიც საქართველოში მოქმედი სოციალური დახმარების სისტემის მიზანდასახულობის, ეფექტიანობის ამაღლებისა და აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციას, აღრიცხვასა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას, განსაზღვრავს პროცესის მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების უფლებამოსილებებსა და კომპეტენციას, მის განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა ორგანიზაციულ საკითხებს.
აღნიშნული წესის პირველი მუხლის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამ წესის ამოცანაა შესაბამისი პროცესის ორგანიზება მეთოდოლოგიური და ტექნიკური ბაზისის შესაქმნელად, რომელიც გამოყენებულ იქნება სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე სოციალური დახმარების მიზანმიმართულად და ეფექტიანად განაწილებისათვის. მონაცემთა ბაზის ფორმირება წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
მითითებული წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. იმავე წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განაცხადის შეტანის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება უფლებამოსილი პირის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიისა და წესების შესაბამისად.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მსურველი ან/და რეგისტრირებული ოჯახების (შემდგომში - „ოჯახი" ან „შინამეურნეობა") კეთილდღეობის დონის შესაფასებლად გამოიყენება შინამეურნეობის კეთილდღეობის ინდექსი, რომლის სტრუქტურა განისაზღვრება ამ მეთოდოლოგიის მე-2 მუხლით. ოჯახის კეთილდღეობის ინდექსის გამოთვლა ხდება მონაცემთა საფუძველზე, რომელსაც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი აფიქსირებს სპეციალურ კითხვარში (შემდგომში - ოჯახის დეკლარაცია) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) უფლებამოსილი პირის დახმარებით და ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოები და/ან სხვა კომპეტენტური ორგანოები/დაწესებულებები აწვდიან სააგენტოს. ხოლო იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ამრიგად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციისა და შესაბამისი სარეიტინგო ქულის მინიჭების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ავალდებულებს ოჯახის დეკლარირება მოახდინოს, როგორც ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, ასევე, ამ ინფორმაციის ზემოთ აღნიშნულ საჯარო დაწესებულებებსა თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში გადამოწმების გზით.
სასამართლო ასევე, მიუთითებს „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლზე, რომლის მიხედვით, უფლებამოსილი პირი დაკისრებული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების ფარგლებში უზრუნველყოფს მაძიებლის ინტერვიუირებას, ადგენს მაძიებლის განაცხადში შეტანილ მონაცემთა სიზუსტეს, ახდენს მაძიებლის ქონებისა და ყოფითი პირობების შესწავლა-შეფასებას დადგენილი წესების შესაბამისად, ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად სააგენტოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვებას: ა) ობიექტური ინფორმაცია მიიღება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ოჯახის საცხოვრებელი პირობების ვიზუალური დათვალიერებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად; ბ) სუბიექტური ინფორმაცია გულისხმობს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ინტერვიუირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ერთობლიობას. ინტერვიუირების პროცესში შესაძლოა მონაწილეობდეს ოჯახის სხვა ინფორმირებული წევრ(ებ)იც.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა მოახდინა ქ----- ქ------ძის ოჯახის დეკლარაციის შედგენა, რაც საფუძვლად დაედო სარეიტინგო ქულის მინიჭებას, განახორციელა გამოკითხვის პროცესში ოჯახის წევრის - ქ----- ქ------ძის იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც თვით ქ----- ქ------ძე სადავოდ ხდის, კერძოდ, მოსარჩელე განმარტავს, რომ აქვს მძიმე საცხოვრებელი პირობები დაფიქსირებული შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართი არ არის 220 კვმ, ფართის დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია, მას გარდა სოციალური დახმარებისა, სხვა შემოსავალი არ აქვს, არის უკიდურესად ღატაკი.
შესაბამისად, საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ქ----- ქ------ძეს სხვა შემოსავალი გარდა სახელმწიფო გასაცემელის და მისი ოჯახის წევრის სოციალური პაკეტისა არ გააჩნია, ჰყავს ერთი მსხვილფეხა პირუტყვი რომელიც არ იწველება, საცხოვრებლის ფართის დიდი ნაწილი საცხოვრებლად გამოუსადეგარია. სასამართლოს მოსაზრებით, შევსებული დეკლარაციის შედეგად ქ----- ქ------ძის ოჯახისათვის იმ ქულათა ოდენობის განსაზღვრა, რომელიც მას ართმევს შესაძლებლობას მოიპოვოს კანონით განსაზღვრული ფულადი შემწეობა, შეუსაბამოა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებაში.
სასამართლო კვლავ მიუთითებს ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. სახელმწიფოსა და ბენეფიციარის ურთიერთობა და ამ ურთიერთობიდან წარმოშობილი შედეგი - საარსებო შემწეობა განსაკუთრებული სახის ბენეფიტს წარმოადგენს და იგი მითითებული კანონის ძირითად პრინციპს (მე-5 მუხლის ,,ა“ პუნქტი) - სოციალური დახმარების, როგორც საჭიროების შეფასებაზე დაფუძნებული სახელმწიფო მხარდაჭერის, მაგრამ არა კანონით გარანტირებული უპირობო უფლების, აღიარებას უნდა შეესაბამებოდეს, რაც ნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, ბენეფიციარის რეალურად არსებული მდგომარეობის დადგენა/შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან თითოეული გარემოების დეტალურად შესწავლა/გაანალიზებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა ბენეფიციარისათვის მიწოდებული თუ მისაწოდებელი დახმარება იყოს სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლი, როგორც საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი, უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა მოქმედებდეს კანონის ფარგლებში და მის საფუძველზე.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად არის დარღვეული მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამასთან, ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამრიგად, სასამართლო, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2018 წლის 18 მაისს შევსებული „ოჯახის დეკლარაციის“) საფუძველზე 2018 წლის 17 ივნისს (მომზადების თარიღი 17.06.2018) ქ----- ქ------ძის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის (107370 ერთეული) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება, ასევე 2018 წლის 8 ოქტომბრის იმერეთის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის მიმართვა და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებაზე აღძრული სარჩელი წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედების განხორციელების თაობაზე აღძრულ მავალდებულებელ სარჩელს, ვინაიდან ფულადი კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნა შეიძლება განხორციელდეს ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ გამოყენებით მიიღება ოჯახის სარეიტინგო ქულა.
განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება ქ----- ქ------ძის ოჯახისათვის 107370 ერთეულის ოდენობით მინიჭებული ქულათა რაოდენობის შესახებ და მოპასუხეს დაევალა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას შეადგინოს ოჯახის ახალი დეკლარაცია, არსებული რეალური ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე სასამართლო მიიჩნევს რომ სახეზე არაა ფულადი კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ----- ქ------ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
- ბათილად იქნას ცნობილი სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 ოქტომბრის N04-06/11375 მიმართვა;
- ბათილად იქნას ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელე ქ----- ქ------ძეს 2018 წლის 18 მაისს დაუდგინდა 149530 სარეიტინგო ქულა.
- დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონულ განყოფილებას მოახდინოს მოსარჩელე ქ----- ქ------ძის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასება/შესწავლა;
2. ქ----- ქ------ძის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ხარჯების გადახდისაგან.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ტყიბულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის N4).
მოსამართლე : ხელმოწერილია ციცინო კიკვაძე