გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
611210018002553890
N2/298-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 ნოემბერი, 2018 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
მარნეულის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - მა-----------–---ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ეს-------–-–--ი
მოპასუხეები: არ-------------ი, აბ-----------------ი
მოპასუხეთა წარმომადგენელი - ამ------------ე
თარჯიმნები: სუსანა მარტიაშვილი, ნაილი იბრაგიმოვა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეების არ-------------ისა და აბ-----------------ისათვის მოსარჩელე მა-----------–---ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 1779 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელეს მა-------–--------------------–------------ში საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.03.16.2--, ს/კ 83.03.16.2-- და ს/კ 83.03.16.2--. მა-----------–---ი აღნიშნულ ნაკვეთებზე ყოველწლიურად ამზადებს თივას და ახდენს მის რეალიზაციას. 2017 წლის აპრილის თვის ბოლოს, მა-----------–---ი პირად საქმეზე რამდენიმე დღით იყო წასული სახლიდან. იმავე წლის 6 მაისს მას დაურეკა მისმა მეზობელმა ჯა-------------მა და შეატყობინა, რომ მის თანასოფლელებს, ძმებს აბ------- და არ-------------ებს, რომლებიც მწყემსდნენ სოფლის კუთვნილ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს და მინდობილი იყო მათზე, საქონელი რამდენჯერმე შეუშვიათ მის კუთვნილ ფართობში და სათიბი მთლიანად დაუზიანებიათ. მოსარჩელის საყვედურის პასუხად მოპასუხეებმა უთხრეს, რომ აღნიშნული მიწა იყო სოფლის საკუთრება. 2017 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 1779 ლარი. მოპასუხეებმა უარი განაცხადეს ზიანის ანაზღაურებაზე (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-15).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. მოპასუხეთა მითითებით, 2017 წლის 06 მაისს სოფლის მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს არ მწყემსდნენ და არც მათზე იყო მინდობილი. მოსარჩელეს მათი მოქმედებით არავითარი მატერიალური ზიანი არ მიდგომია, შესაბამისად, სარჩელი არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს (ს.ფ. შესაგებელი ს.ფ. 35-54).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ამ------------ემ დამატებით მიუთითა, რომ მოპასუხე არ-------------ი ორ-------------–---თან ერთად მწყემსავდა საქონელს მა-----------–---ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მეზობელ ნაკვეთზე, რომელიც ეკუთვნის თურქულ კომპანიას, აღნიშნული კომპანიის მეპატრონის თანხმობით. რაც შეეხება მოპასუხე აბ-----------------ს იგი ამ დროს იქ არ იმყოფებოდა. მოპასუხეებს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე პირუტყვი არ ყოლიათ. მა-----------–---სა და თურქული კომპანიის წარმომადგენლებს შორის შედგა შეთანხმება და მათ მა-----------–---ს გადაუხადეს თანხა (იხ. 18.10.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მა-----------–---ს საკუთრებაში აქვს მა-------–--------------------–------------ში მდებარე 20 000 კვ.მ., 15 000 კვ.მ. და 10 622 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთები (სკ 83.03.16.2--, ს/კ 83.03.16.2-- და ს/კ 83.03.16.2--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს. ფ. 14-15). ,3.1.2. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მა-----------–---ის მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ განთავსებულია ერთ-ერთი თურქული კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.18.10.2018 წლისა და 01.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებმა არ-------------მა და აბ-----------------მა მა-----------–---ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შეიყვანეს საქონელი და იქ აბალახეს, რითაც მა-----------–---მა განიცადა ზიანი 1779 ლარის ოდენობით. ზიანის ოდენობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად, მა-------–--------------------–------------ში არსებული მა-----------–---ის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში არსებული სათიბი განადგურებულია მსხვილფეხა საქონლის მიერ და ბალახეულის დაზიანების გამო ნაკვეთების მეპატრონემ განიცადა ზარალი 1779 ლარის ოდენობით.
მხარეთა ახსნა-განმარტებებზე და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მა-----------–---ს მიყენებული ზიანი აუნაზღაურა მესამე პირმა, კერძოდ, მისი ნაკვეთის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თურქულმა კომპანიის წარმომადგენელმა ჯუ-----------მ. მოსარჩელე მა-----------–---მა მოწმის დაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ მას 2017 წლის 10 მაისს თურქული კომპანიის წარმომადგენლებმა გადასცეს 2000 ლარი, თუმცა თანხის გადაცემა მოხდა მიწის ნაკვეთების გაცვლის გამო. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მა-----------–---ის აღნიშნულ განმარტებას შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს მხარეებისათვის ფაქტობრივი გარემოებების მითითებასა და მტკიცებულებების წარდგენასთან დაკავშირებით, კერძოდ, მისი 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ 2018 წლის 18 ოქტომბრის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ მა-----------–---ს თანხა გადაუხადა მის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თურქულმა კომპანიამ. ამდენად, ერთის მხრივ სადავოა, შევიდა თუ არა საქონელი მა-----------–---ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ხოლო აღნიშნულის დადასტურების შემთხვევაში ასევე სადავო გარემოებას წარმოადგენდა აუნაზღაურდა თუ არა მას მიყენებული ზიანი. მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე.
მოწმის სახით დაკითხულმა ჯახა-------------მა განმარტა, რომ მა-----------–---ის მიწის ნაკვეთზე არ-------------სა და აბ-----------------ს შეყვანილი ჰყავდათ საქონელი, რაც აცნობა მა-----------–---ს. მანამდეც ჰყავდა ისინი შემჩნეული და რამოდენიმეჯერ გააფრთხილა კიდეც, რომ მა-----------–---ის კუთვნილ ნაკვეთზე არ შეეყვანათ საქონელი, რადგან მას უნდა მოეთიბა.
მოწმის სახით დაკითხულმა ორ-------------–---მა განმარტა, რომ არიფ რზაგულიევთან ერთად მწყემსავდა საქონელს, მათ თურქული კომპანიის წარმომადგენელმა თანხმობა უთხრა, რომ კომპანიის კუთვნილ ნაკვეთზე შეეყვანათ საბალახოდ საქონელი. მათ საქონელი შეყვანილი ყავდათ იმ ადგილზე, სადაც ამჟამად თურქულ კომპანიას გაკეთებული აქვს სათბური. შემდგომ მათთან მივიდა მა-----------–---ი და უთხრა, რომ აღნიშნული ნაკვეთი იყო მისი.
მოწმის სახით დაკითხულმა ჯუ-----------მ, რომელიც არის მა-----------–---ის მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თურქული კომპანიის თანამშრომელი, განმარტა, რომ სათბურების გაკეთების მიზნით მა-------–--------------------–------------ში შეიძინეს მიწის ნაკვეთები. აღნიშნულ ნაკვეთზე ასრულებდნენ სამუშაოებს, რა დროსაც მათთან მივიდნენ მისი მეგობარი მწყემსები და მან უფლება მისცა მის კუთვნილ ნაკვეთზე საძოვრად შეეყვანათ საქონელი. რამოდენიმე დღეში მათ დაუკავშირდა მა-----------–---ი და უსაყვედურა თუ რატომ შეუშვა საქონელი მის კუთვნილ ნაკვეთზე. აღნიშნულის შემდეგ კომპანიის იურისტმა და ერთ-ერთმა თანამშრომელმა იუსტიციის სახლში გაარკვიეს, რომ ნაკვეთი წარმოადგენდა მათი კომპანიის საკუთრებას, ხოლო მა-----------–---ის ნაკვეთი მეზობლად მდებარეობდა. მისივე განმარტებით, მისთვის არ არის ცნობილი საქონელი გადავიდა თუ არა მა-----------–---ის მიწის ნაკვეთზე, თუმცა მათ მა-----------–---ს თანხა გადაუხადეს და აუნაზღაურეს ზიანი. ჯუ-----------ს განმარტებით, თანხა გადაიხადეს, რადგან ახალი ნაყიდი ჰქონდათ მიწის ნაკვეთი, არ სურდათ ვინმესთან ცუდი ურთიერთობა ჰქონოდათ და არც ის უნდოდათ, რომ მათ მეგობარ მწყემსებს პრობლემები შექმნოდათ. თანხა გამოგზავნა კომპანიის მესაკუთრემ, მა-----------–---ს გადასცეს 2017 წლის 10 მაისს, მათ ასევე გააჩნიათ მა-----------–---ის მიერ თანხის აღების დამადასტურებელი მტკიცებულება, დამოწმებული სანოტარო წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებისაგან განსხვავებით, რომლებიც თავისი შინაარსით, ფორმით ან თვისებებით წარმოადგენენ მტკიცებულებას და ამ მხრივ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიღების ობიექტურ წყაროდ მიიჩნევიან, მოწმის ჩვენება უფრო კრიტიკულად უნდა იქნეს შეფასებული. თითოეული მოწმე ინდივიდია განსხვავებული პიროვნული თვისებებით, მეხსიერებით, აღქმისა და გადმოცემის უნარით, ემოციურობით თუ ინტერესებით. ყოველივე ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ იმახსოვრებს პირი ამა თუ იმ მოვლენას და როგორ გადმოსცემს მას. გასათვალისწინებელია ასევე გარემო ფაქტორები და მოწმის პირადი ინტერესი განვითარებული მოვლენებისადმი. მართალია, მოწმე, როგორც წესი, არ არის სამართლებრივი თვალსაზრისით დაინტერესებული პირი, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მას ჰქონდეს საქმის გადაწყვეტის შედეგით სხვაგვარი დაინტერესება, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ერთ-ერთ მხარესთან მეგობრული, მტრული, ნათესაური ურთიერთობებით, სიმპათიითა და ანტიპათიით, სამსახურებრივი ურთიერთკავშირებით. ყოველივე აღნიშნული, ცხადია, თავისთავად არ განაპირობებს მოწმის ჩვენების მტკიცებულებითი მნიშვნელობის დაკარგვას, მაგრამ იძლევა მისი კრიტიკული შეფასების საფუძველს. მოწმის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა ითვალისწინებს, თუ რამდენად თანამიმდევრულად, არაორაზროვნად და დამაჯერებლად გადმოსცემს მოწმე ინფორმაციას, ხომ არ არის მისი განმარტებები წინააღმდეგობრივი, რამდენად შესაბამისობაშია სხვა მტკიცებულებებთან და ა.შ.
განსახილველ შემთხვევაში, მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ჯუ-----------მ დაადასტურა მა-----------–---ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ. სასამართლოს მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონია; მოწმის ჩვენებას ასევე ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელე მხარე, დაადასტურა თანხის მიღების ფაქტი, თუმცა არ დაეთანხმა თანხის გადაცემის მიზნობრიობას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ თანხის მიღების დადასტურების შემდეგ, მტკიცების ტვირთი გადავიდა მოსარჩელე მხარეს. მოსარჩელემ კი სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა მასსა და ჯუ-----------ს შორის რაიმე ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა, რაც გამორიცხავდა გადაცემული თანხის ზიანის ანგარიშში ჩათვლას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.18.10.2018 წლისა და 01.11.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმები);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 22-25);
- მოწმე ჯახა-------------ის ჩვენება (2018 წლის 01 ნოემბრის სხდომის ოქმი, 12:32:02-12:53:00);
- მოწმე ორ-------------–---ის ჩვენება (2018 წლის 01 ნოემბრის სხდომის ოქმი, 12:59:40-13:22:59);
- მოწმე ჯუ-----------ს ჩვენება (2018 წლის 01 ნოემბრის სხდომის ოქმი, 13:29:40-13:44:00).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე, 992-ე, 427-ე და 1003-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მა-----------–---ის მოთხოვნა არ-------------ისა და აბ-----------------ისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1003-ე მუხლის თანახმად, ცხოველის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც მისმა ცხოველმა სხვას მიაყენა. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა, ცხოველი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, დაკარგული იყო, თუ გაქცეული. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ გამოიყენება, როცა ცხოველის მფლობელმა მიიღო აუცილებელი ზომები მესამე პირთა დასაცავად.
ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამდენად, კანონმდებლობით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა როგორც საქონლის მესაკუთრისათვის, ისე იმ პირისათვის, რომლის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება საქონელი და რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ საქონლის მიერ სხვისი სამართლებრივი სიკეთისათვის ზიანის მიყენების აღკვეთა.
მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ზიანი ანაზღაურდება, თუ მოცემულია ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგი პირობები: მოსარჩელეს მიადგა ზიანი, ზიანი მიყენებულია მოპასუხის ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) ქმედებით, ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არის მიზეზობრივი კავშირი.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხეთა მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა ასევე მიიჩნია, რომ მიყენებული ზიანი მოსარჩელეს აუნაზღაურა მესამე პირმა - ჯუ-----------მ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. თავდაპირველ მოვალეს უფლება აქვს არ დაეთანხმოს მოთხოვნის მფლობელისა და მესამე პირის ამ შეთანხმებას და თვითონ გადაიხადოს ვალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს (კრედიტორს) ზიანი აუნაზღაურა მესამე პირმა, აღნიშნულიდან გამომდინარე, კრედიტორი დაეთანხმა ვალის გადაკისრებას და მიიღო შესრულებაც. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის მესამე პირის მხრიდან ანაზღაურების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591, 268-270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მა-----------–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით მარნეულის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე