გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310018002487941
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №------------------

საქმე №3/3560-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - შპს „მ----–----ი“

წარმომადგენელი - გ--------–---–------

 

მოპასუხე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ლ-–-----------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №-------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,მ----–----ის’’ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 26 თებერვალს გ-----------–-ამ №----- განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და განმარტა, რომ კლინიკა ,,მ----–----ში’’ მკურნალობის დროს არასწორად იქნა მითითებული კოდი და ზედმეტად გადაახდევინეს თანხა 134 ლარის ოდენობით. შესაბამისად, პაციენტმა მოითხოვა თანხის უკან დაბრუნება.

 

3.1.2. გ-----------–-ას 2018 წლის 26 თებერვლის №----- განცხადება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 27 მარტის №------- მიმართვით განსახილველად გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს.

 

3.1.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 მაისის №-------- მოხსენებითი ბარათის თანახმად ირკვევა, რომ გ-----------–-ას პერიოდულად უტარდებოდა ქიმიო/ჰორმონოთერაპიის კურსი შპს ,,მ----–----ში’’, დიაგნოზი: სწორი ნაწლავის, ანუსის და ანუსური არხის სუპერპოზიციური დაზიანება (ავთვისებიანი სიმსივნე) ICD C21.8, ხელოვნური კოდი chem0002/1. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,მ----–----ის’’ მიერ წარდგენილი ტარიფი ქიმიო/ჰორმონოთერაპიის კურსზე არის 250 ლარი, საიდანაც ხელოვნური კოდი chem0002/1-ის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება 152.4 ლარი, ხოლო დარჩენილი 97.6 ლარის თანაგადახდა უწევს პაციენტს. 2017 წლის სექტემბერს და 2018 წლის იანვრის თვეებში შპს ,,მ----–----ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ნაცვლად ხელოვნური კოდი chem0002/1-ისა არასწორად დაფიქსირდა ხელოვნური კოდი chem0001/1, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება 89 ლარით, ხოლო დარჩენილი 161 ლარის თანაგადახდა უწევს პაციენტს. შესაბამისად, მიმწოდებელმა პაციენტს, ორჯერ - ნაცვლად 97.6 ლარისა, გადაახდევინა 161 ლარი (სხვაობა 63.4 ლარი), რაც იმას ნიშნავს, რომ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში გადაახდევინა განსაზღვრულ თანხაზე მეტი.

 

3.1.4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №-------- გადაწყვეტილებით პროგრამის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (152.4 X 2 =304.8) სამმაგი ოდენობით, ანუ 914.4 ლარი. ამავე გადაწვეტილებით მიმწოდებელს დაევალა უზრუნველყოს პაციენტისათვის გადახდილი თანხის (63.4 X 2) 126.8 ლარის უკან დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გ-----------–-ას 2018 წლის 26 თებერვლის №----- განცხადება (ს.ფ. 66);

- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 27 მარტის №------- მიმართვა (ს.ფ. 65);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 მაისის №-------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 64);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №-------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,მ----–----ის’’ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ’’ (ს.ფ. 62-63)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მ----–----ის’’ მიერ აღძრული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კანონი ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის - კერძოდ ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამ კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მოთხოვნის, ანუ დავის საგნის განსაზღვრა წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და პრინციპული ხასიათის მოთხოვნას, გამომდინარე იქიდანაც, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ მოსარჩელეს აქვს უფლება განსაზღვროს სარჩელის საგანი, შეცვალოს, გაზარდოს, შეამციროს იგი და ა.შ.

 

საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, "საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ" საქართველოს კანონისა და "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში პირდაპირი მოქმედებს, ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების დაცვის ევროპული კონვენცია წარმოადგენს. კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრისას საქმის სამართლიანი და საჯარო განხილვის უფლება აქვს გონივრულ ვადაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ, რომელიც შექმნილია კანონის საფუძველზე.

 

სამართლიანი და თანასწორუფლებიანი საზოგადოების არსებობის მთავარი წინაპირობაა, რომ ყველას ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს მის საარსებო გარემოზე, ჯანმრთელობასა და სოციალურ სტატუსზე. თავად სოციალურ უფლებებში მოიაზრება უფლება ჯანმრთელობის დაცვაზე, რაც უპირველესად სამედიცინო მომსახურების მიღების უფლებას მოიცავს. ზოგადად ჯანმრთელობის უფლება, როგორც ერთ-ერთი უმნიშველოვანესი უფლება ადმიანის უფლებათა შორის, მოხსენიებულია რამდენიმე საერთაშორისო დოკუმენეტში (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლი და ბავშვთა უფლებების კონვენციის 24-ე, მუხლი). ევროპის სოციალური ქარტიის მე-11 (ჯანმრთელობის დაცვის უფლება) და მე-13 მუხლები (სოციალური და სამედიცინო დახმარების მიღების უფლება) ექსკლუზიურად ამ უფლებას ეხება და განმარტავს, რომ „სოციალური და სამედიცინო დახმარების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად, მონაწილე მხარეები ღებულობენ ვალდებულებას, ნებისმიერმა პიროვნებამ, რომელსაც არ გააჩნია ადექვარტური რესურსები, ან არ შეუძლია მოიპოვოს ეს რესურსები საკუთარი მცდელობის, ან სხვა წყაროების შედეგად, განსაკუთრებით სოციალური დაზღვევის სფეროდან, უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადექვატური დახმარებით, ხოლო ავადმყოფობის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი დახმარება. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ამგვარმა დახმარებამ არ გამოიწვიოს პოლიტიკური ან სოციალური უფლებების შემცირება იმ პირებისათვის, ვინც დახმარებას იღებს. უზრუნველყოფილი იქნას, რომ ყველას შეეძლოს მიიღოს ასეთი რჩევა და ინდივიდუალური დახმარება სათანადო სახელმწიფო, ან კერძო სამსახურებიდან, რათა ლიკვდირებული ან შემსუბუქებული იყოს პირადი ან ოჯახის მოთხოვნილებები.’’ ამ მნიშვნელოვანმა უფლება ასახვა პოვა ასევე საქართველოს კოსნტიტუციაში, რომლის 37-ე მუხლი ადგენს, რომ ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით. კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №-------- გადაწყვეტილება ,,საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს ,,მ----–----ის’’ საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.3. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის მიხედვით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის (შემდგომში – პროგრამა) მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. ამავე დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებებს წარმოადგენენ: ა) პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება; ბ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – რეგულირების სააგენტო), ხოლო მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

 

,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემთხვევის (განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული კოდირების შესაბამისად) შესახებ შეტყობინება გააკეთოს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 24 საათისა, განმახორციელებლის მიერ განსაზღვრული სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით. ამავე დადგენილების მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა. დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად კი, იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ან რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 26 თებერვალს გ-----------–-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს და მოითხოვა კლინიკა „მ----–----ში“ მკურნალობის დროს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, ხოლო აღნიშნული განცხადება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსის მიმართვით განსახილველად გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსს.

 

საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 07 მაისის №-------- მოხსენებითი ბარათით ასევე ირკვევა, რომ გ-----------–-ას პერიოდულად უტარდებოდა ქიმიო/ჰორმონოთერაპიის კურსი შპს ,,მ----–----ში’’, დიაგნოზი: სწორი ნაწლავის, ანუსის და ანუსური არხის სუპერპოზიციური დაზიანება (ავთვისებიანი სიმსივნე) ICD C21.8, ხელოვნური კოდი chem0002/1. მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ შპს ,,მ----–----ის’’ მიერ წარდგენილი ტარიფი ქიმიო/ჰორმონოთერაპიის კურსზე არის 250 ლარი, საიდანაც ხელოვნური კოდი chem0002/1-ის შემთხვევაში სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება 152.4 ლარი, ხოლო დარჩენილი 97.6 ლარის თანაგადახდა უწევს პაციენტს. 2017 წლის სექტემბერს და 2018 წლის იანვრის თვეებში შპს ,,მ----–----ის’’ მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ნაცვლად ხელოვნური კოდი chem0002/1-ისა არასწორად დაფიქსირდა ხელოვნური კოდი chem0001/1, რომელიც სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება 89 ლარით, ხოლო დარჩენილი 161 ლარის თანაგადახდა უწევს პაციენტს. შესაბამისად, მიმწოდებელმა პაციენტს, ორჯერ - ნაცვლად 97.6 ლარისა, გადაახდევინა 161 ლარი (სხვაობა 63.4 ლარი), რაც იმას ნიშნავს, რომ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში გადაახდევინა განსაზღვრულ თანხაზე მეტი.

 

შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №-------- გადაწყვეტილებით პროგრამის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (152.4 X 2 =304.8) სამმაგი ოდენობით, ანუ 914.4 ლარი. ამავე გადაწვეტილებით მიმწოდებელს დაევალა უზრუნველყოს პაციენტისათვის გადახდილი თანხის (63.4 X 2) 126.8 ლარის უკან დაბრუნება.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ქიმიო-თერაპევტის მიერ შეცდომით იქნა მინიჭებული ხელოვნური კოდი chem0001/1 ნაცვლად chem0002/1 ხელოვნური კოდისა, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება არა კლინიკას, არამედ ექიმს, რომელმაც შეცდომით განახორციელა კოდის მინიჭება. მოსარჩელე ასევე უთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ არასწორად გამოიყენა პროგრამის მე-19 მუხლის მე-13 პუნქტი და უნდა გამოეყენებინა მითითებული მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ მიმწოდებელი შემთხვევის შესახებ შეტყობინებისას დააფიქსირებს არასწორ მონაცემებს და არ აღმოფხვრის ამ ხარვეზს შემთხვევის დასრულებამდე, პროგრამის განმახორციელებლის მიერ თითოეული შემთხვევისათვის დაეკისრება ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოცემულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელს, შესაბამისად ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოადგენ სამედიცინო დაწესებულება, სწორედ იგი და არა რომელიმე კონკრეტული პირი/ექიმი იღებს ვალდებულებას მომსახურება და ინფორმაციის მიწოდება განახორციელოს პროგრამით განსაზღვრული პირობებით. შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებს ინდივიდუალურად ფიზიკური პირის პასუხისმგებლობაზე და ამ საფუძვლით კლინიკისათვის დაკისრებული სანქციის გაუქმებაზე.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს, მოსარჩელის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სააგენტოს გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გამოეყენებინა მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი და არა ამავე მუხლის მე-13 პუნქტი, რადგან, გარდა იმისა, რომ მიმწოდებლის მიერ არასწორად იქნა გადაცემული შემთხვევის კოდი, მან პროგრამის მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი, რაც გამოვლენილი იქნა პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის ეტაპზე და იმ პირობებში, როდესაც სახეზე იყო ორი ორივე სახის დარღვევა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სწორად გამოიყენა დადგენილების მე-19 მუხლის მე-13 პუნქტი, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ კონტროლის ან რევიზიისას გამოვლინდება, რომ მიმწოდებელმა პროგრამული მომსახურებისათვის მოსარგებლეს გადაახდევინა მოსარგებლის მიერ პროგრამით განსაზღვრულ ასანაზღაურებელ თანხაზე მეტი, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას განმახორციელებლის მიერ ამ შემთხვევისათვის პროგრამით ანაზღაურებული თანხის სამმაგი ოდენობის სახით.

 

ამდენად, სასამართლო იზიარებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიციას მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 08 მაისის №-------- გადაწყვეტილებით სწორად მოხდა შპს ,,მ----–----ი-“სთვის საჯარიმო სანქციის დაკისრება, რის გამოც არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ----–----ი“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს ,,მ----–----ის’’ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,მ----–----ის“-ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,მ----–----ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 100 (ასი) ლარი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი