გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 03.12.2018
საქმის ნომერი
330310117002194655
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
03.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/8045-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

03 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელეები - შპს ,,მ-----–---’’

წარმომადგენელი- თი-----------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს მთავრობა

წარმომადგენელი -გი--------–--–--ე

მესამე პირი-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი-ბე------------ა

მესამე პირი-სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენლები-ლ-–------------, ან-----–-----–---

დავის საგანი - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ გაუქმების შესახებ

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №486 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ.ა’’ ქვეპუნქტი;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტი;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების N1 დანართის 23-ე მუხლის მე-41 მუხლის შემდეგი ჩანაწერი: 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 ივნისამდე.

მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია 7 თვის ვადაში ხელახლა დაარეგისტრიროს 2014 წლის 1 აპრილამდე უკვე დარეგისტრირებული მოსარგებლეები, მაშინ როდესაც მოსარგებლეების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით (არამკაცრი თახმობის ფორმის გამოყენებით) უკვე განხორციელებული აქვს. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც კაპიტალურ მეთოდი გამორიცხავს მათი სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის აუცილებლობას. მოსარჩელის მოსაზრებით შეუძლებელია 7 თვის ვადაში აღნიშნულმა ბენეფიციარებმა თავად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ასევე შეუძლებლად მიაჩნია მოსარჩელეს 7 თვის ვადაში აღნიშნული ბენეფიციარების საცხოვრებელი ადგილი მიხედვით მოძიებაც, ვინაიდან რაოდენობა საკმაოდ მაღალია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებისათვის შეუძლებელი იქნება თითოეული მათგანის მოძიება. აღნიშნული გამოიწვევს 2018 წლის 1 აპრილისათვის ყველა მოსარგებლის ავტომატურად ჩახსნას სამედიცინო დაწესებულებებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ დაწესებულება ვეღარ მიღებს დაფინანსებას კაპიტაციური მეთოდით იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც დარეგისტრირებული ჰყავდა მანამდე მოქმედი კანონის სრული დაცვით. შედეგად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მომართვას ბენეფიციარი სამედიცინო დაწესებულებას, მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის ფაქტიური ხარჯი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე 1,07 და 1,97 ლარი. ხოლო დაწესებულებას აღარ ეყოლება სხვა ბენეფიციარები, რომელთა კაპიტაციის თანხამ უნდა დააბალანსოს გაწეული ხარჯი. აღნიშნული გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულებების ზარალს, ვინაიდან მხოლოდ იმ მოსარგებლეებზე მიიღებს კაპიტალის თანხას, ვისაც მომსახურებას გაუწევს. ცვლილებების განხორციელებამდე მოსარგებლეების რეგისტრაცია განხორციელებულია კანონმდებლობის სრული დაცვით. ხოლო განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ნორმას მიეცა უკუძალა, რომელიც აუარესებს სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობას და სერიოზული ფინანსური ზიანის მიყენების საფრთხეს უქმნის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა სარჩელს მხარი არ დაუჭირა და განმარტეს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხის მოსაზრებები ასევე გაიზიარეს მესამე პირებმა, რომლებმაც განმარტეს, რომ სახეზე არ იყო სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

3. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შპს ,,მ-----–---’’ წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებულია 2011 წლის 23 აგვისტოდან. შპს ,,მ-----–---’’ 2013 წლიდან მონაწილეობს ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებით გათვალისწინებული გეგმიური ამბულატორიული მომსახურების პროგრამაში და ახორციელებს პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისის მიწოდებას ოზურგეთის, ლანჩხუთის ჩოხატაურის, კასპის და თბილისის სამედიცინო ცენტრის საშუალებით.

 

2014 წლის 13 მარტს „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად დანართი N1-ის 23-ე მუხლს დაემატა მე-41 მუხლი, რომლის თანახმად 2014 წლის 1 აპრილიდან შპს ,,მ-----–---’’ გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლის რეგისტრაციას ახორციელებს სპეციალური მკაცრი აღრიცხვის ფორმის საშუალებით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა).

2014 წლის 01 აპრილამდე მოსარგებლეების რეგისტრაცია ხორციელდებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლს 26 თებერვლის N04-69/ო ბრძანებით გათვალისწინებული წესით და ფორმით.

მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,მ-----–---ს’’ ჯამში მოსარგებლედ დარეგისტრირებული ჰყავს 90771.00 ბენეფიციარი, აქედან 2014 წლის 1 აპრილის მკაცრი აღრიცხვის ფორმის გარეშე დარეგისტრირებულია 41153.00.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 170-171)

-მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში 2017 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილებები, კერძოდ, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №486 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ პუნქტის ,,თ.ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, 41 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 აპრილამდე. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლო გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.“

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №486 დადგენილება

 

3.3. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის N180 დადგენილებით კვლავ გახორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში და აღნიშნული დადგენილების დანართი N1 -ის 23-ე მუხლის მე-41 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა ამ დანართის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმასა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულდეს 2018 წლის 1 ივნისამდე. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლოდ გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.

 

ამდენად, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილებით 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია გაგრძელდა 2018 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 ივნისამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილება.

3.4. ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით დადგენილების მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებით: ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მეორე ტალღის პრიორიტეტად განისაზღვრა სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხარჯთეფექტიანობა (ოპტიმალური ფასწარმოქმნა), მათ შორის შერჩევითი კონტრაქტირების მეშვეობით. დასახული ამოცანების განხორციელება მოითხოვს პროგრამის ადმინისტრირების შემდგომ სრულყოფასა და ეფექტიანობას ამაღლებას. პროგრამის განხორციელების პროცესის ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული რესურსისა და დროის რაციონალურად გამოყენების მიზნით ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა დაზუსტება მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ბენეფიციართა რეგისტრაციის ვადის. კერძოდ, პროექტით 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაციის დასრულების ვადა 2018 წლის 1 აპრილამდე განისაზღვრა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო,მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და საქმეში დაცული მტკიცებულებების განხილვის შედეგად, მიიჩნევს, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ''ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონი, ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონი, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება,6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონმდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება, ისევე როგორც მოცემულ დადგენილებაში განხორციელებული ,,ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №486 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ.ა’’ ქვეპუნქტი და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №180 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ.ა’’ ქვეპუნქტი წარმოადგენენ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო როგორც ინდივიდუალურ, ისე ნორმატიულ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვისას აფასებს მხოლოდ აქტის კანონიერების საკითხს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებაზე. ამგვარი სასამართლო კონტროლი გულისხმობს იმის შემოწმებას, სადავო ნორმატიული აქტი შეესაბამება თუ არა მოქმედ კანონმდებლობასა და იმ საკანონმდებლო აქტს, რომლის შესასრულებლადაც გამოცემულია იგი. სასამართლო ასევე ამოწმებს დაცულია თუ არა სადავო ნორმატიული აქტის გამოცემის პროცედურა.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს განსაზღვრავს ''ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

ამდენად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ საკანონმდებლო აქტთან, რომლის შესასრულებლადაც მოხდა მისი გამოცემა.

 

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა თანდართული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“; „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიზანია: ა) საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით; ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 მუხლი ადგენს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებს, ესენია; ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსების და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; დ) ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შესაბამისობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიასთან და მისი მართვადობის უზრუნველყოფა; ე) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პაციენტის, აგრეთვე ამა თუ იმ დაავადებით შეპყრობილი პირის დისკრიმინაციისაგან დაცვა სამედიცინო დახმარების გაწევისას; ვ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამედიცინო ეთიკის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების დამკვიდრება; ზ)მოსახლეობის სრული ინფორმირება სამედიცინო დახმარების ყველა არსებული ფორმისა და მისი მიღების შესაძლებლობის შესახებ; თ) ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა; ი) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების მოცულობასა და ხარისხზე; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ლ) სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ექიმთა სერტიფიცირების, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზირებისა და სამედიცინო დაწესებულებაზე ნებართვის გაცემისათვის; მ) სახელმწიფოს, საზოგადოების, თიოთოეული მოქალაქის მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს დაცვაში; ნ) სამედიცინო მომსახურების სფეროში საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მრავალფეროვნება და თანაბარუფლებიანი არსებობა; ო) მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე ქმედებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გატარება; პ) სახელმწიფოს მიერ პროგრამული და მიზნობრივ-პროგრამული წესით ჯანმრთელობის დაცვის დაფინანსება; სახელმწიფო სექტორის ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების თვითანაზღაურების და თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად საფინანსო, სამეურნეო, სახელშეკრულებო ურთიერთობებისა და მართვის სისტემის ავტონომია კანოგნდებლობით დადგენილი წესით; ჟ) არსებული რესურსების შესაბამისად სახელმწიფოს მიერ სამედიცინო-ბიოლოგიური და ჯანმრთელობის დაცვის კვლევათა დაფინანსება, ამ მიზნით კერძო სექტორიდან სახსრების მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნა; რ) პროფესიული გაერთიანებების, აგრეთვე, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა ჯანმრთელობის დაცვის თანამედროვე, ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში კონსულტაციების, სამეცნიერო და პროფესიული განხილვების, სათანადო პროექტების შემუშავების, პაციენტის უფლებების დაცვაში მონაწილეობის გზით.

 

სასამართლო ეთანხმება მოპასუხის პოზიციას იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობის დაცვა და მასზე ხელმისაწვდომობა ის საჯარო უპირობოდ ლეგიტიმური მიზანია, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს აღნიშნული მიმართულებით. სწორედ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მიზნები განამტკიცებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, რომ ჯანდაცვა იყოს ხელმისაწვდომი და ამავდროულად იგი ვალდებულია ამ მიმართულებით განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.

 

„საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ამავე დადგენილების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვაუჩერით დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში აღებული პასუხისმგებლობის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიმწოდებელი ვალდებულია, 2 თვით ადრე აცნობოს განმახორციელებელს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტას ადგილი აქვს მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზით, ან არსებობს ახალ ან არსებულ მიმწოდებელსა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს ამ მიმწოდებელი დაწესებულების ვალდებულებას, უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა.

 

ამდენად, მოცემული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ ერთის მხრივ, მოსარჩელე მხარე პროგრამაში მონაწილეობს თავისი სურვილით, მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია აკონტროლოს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მიმდინარეობა და სტანდარტი, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო თავად აფინანსებს ჯანდაცვის სერვისებს და განკარგავს ფინანსურ სახსრებს. სასამართლო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ვალდებულია შექმნას მექანიზმები ბიუჯეტის ხარჯვის მაქსიმალურად ხარჯეფექტიანობისათვის. მოცემულ შემთხვევაში განმარტებითი ბარათის თანახმად, დადგენილების მომზადება განპირობებულ იქნა შემდეგი გარემოებით: ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის’’ მეორე ტალღის პრიორიტეტად განისაზღვრა სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხარჯთეფექტიანობა (ოპტიმალური ფასწარმოქმნა), მათ შორის შერჩევითი კონტრაქტირების მეშვეობით. დასახული ამოცანების განხორციელება მოითხოვს პროგრამის ადმინისტრირების შემდგომ სრულყოფასა და ეფექტიანობას ამაღლებას. პროგრამის განხორციელების პროცესის ოპტიმიზაციის, ადმინისტრაციული რესურსისა და დროის რაციონალურად გამოყენების მიზნით ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ბენეფიციართა რეგისტრაციის ვადის დაზუსტება. კერძოდ, პროექტით 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაცია უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 1 აპრილამდე. აღნიშნული ცვლილება განხორციელდა 2017 წლის 30 ოქტომბერს, თუმცა შემდგომი ცვლილებებით მოსარჩელეს ხელახალი რეგისტრაციის დასრულებისათვის გაუგრძელდა ვადა 2018 წლის 1 ივნისამდე.

 

სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სადავო ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ განსაზღვრული ვადა 7 (შვიდი თვე) არ არის გონივრული, ხოლო სამედიცინო დაწესებულების მიერ ბენეფიციართა მოუძიებლობა გამოიწვევს მოსარგებლეთა ავტომატურად ჩახსნას სამედიცინო დაწესებულებებიდან, რის გამოც სამედიცინო დაწესებულება ვეღარ მიიღებს დაფინანსებას კაპიტაციური მეთოდით იმ ბენეფიციარზე, რომლებიც დარეგისტრირებული იყო მანამდე, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს დაწესებულებისათვის.

 

,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კანონის მიზანია, განსაზღვროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების (ბლანკების, ბილეთების ან სხვა საბუთების) სახეები, უზრუნველყოს მათი შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება. ამავე კანონის მეორე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მკაცრი აღრიცხვის ფორმა არის განსაზღვრული შინაარსის, ფორმისა და ზომის ბლანკი, ბილეთი ან საბუთი, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა სფეროში საქმიანობასთან (საქონლის მიწოდება, სამუშაოს შესრულება, მომსახურების გაწევა და სხვა) დაკავშირებული ანგარიშსწორების, ანგარიშგების, იურიდიული ან სხვა ფაქტის დაფიქსირებისათვის, რომელსაც შეიმუშავებს ერთი ან რამდენიმე სამართალსუბიექტი დარგობრივი ნიშნით და რომელიც შემოღებულია სამოქმედოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ დაადგინა და დაასაბუთა ადმნინისტრირების პროცესში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის გამოყენების აუცილებლობა, რაც გაამართლა იმ გარემოებით, რომ იგი შეამცირებს რისკებს, როგორიცაა მოსარგებლის დუბლირება, არასწორი მონაცემების ასახვა/გადასწორება/შეცვლა, თავად დოკუმენტის დუბლირება, ვინაიდან მკაცრი აღრიცხვის ფორმის დოკუმენტი არის ინდივიდუალური -უნიკალური და იძლევა მისი სისწორის /დაცვის მაღალ გარანტიას. 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაციის დავალება სწორედ ზემოაღნიშნულ მიზნებს ემსახურება და ის წინააღმდეგობაში არ მოდის სადავო სამართლაურთიერთობის მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებთან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოსარჩელის მიერ სადავო გამხდარი ნორმები მიღებულია საქართველოს კონსტიტუციისა და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და მასში დასმული ამოცანების შესასრულებლად. ამასთან, იგი სრულ შესაბამისობაშია მოცემული დადგენილების სხვა დებულებებთან, რომლებიც აწესრიგებენ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით ახალი მოსარგებლეების რეგისტრაციის აუცილებლობას, ძველი რეგისტრაციების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხებს.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტის კანონიერების შემოწმებისას ასევე უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მისი მომზადებისა და გამოცემის წესი. ''ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3 თავი ადგენს ნორმატიული აქტის მომზადებისა და მიღების (გამოცემის) ზოგადი წესს, ასევე ნორმატიული აქტის სტრუქტურას. აღნიშნული გარემოება მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ამასთან, მოსარჩელე მხარე ნორმატიული აქტის კონკრეტული დებულების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ამგვარი შეზღუდვა უკვე დასრულებულ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელდეს, რაც სასამართლოს მოსაზრებით ვერ გახდება მისი გაუქმების საფუძველი. მოსარჩელე გასაჩივრებული ნორმის კანონსაწინააღმდეგო ბუნებაზე მიუთითებს, ვინაიდან იგი არ უნდა გავრცელდეს მანამდე არსებულ ურთიერთობაზე, სასამართლო ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს და მიუთითებს სადავო ცვლილების განხორციელებამდე ამ მუხლის რედაქციაზე, რომელიც ჩამოყალიბდა ასევე დადგენილებაში 2014 წლის 13 მარტს განხორციელებული N228 ცვლილებებით, კერძოდ ამ ცვლილების თანახმად მე-41 მუხლის რედაქცია ასეთია: 2014 წლის 1 აპრილიდან პროგრამაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებებმა 21-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გეგმური ამბულატორიული მომსახურებისათვის ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია უნდა განახორციელონ სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), რომლის ფორმას და გამოყენების წესს ამტკიცებს სამინისტრო, ხოლო 2014 წლის 1 აპრილამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაციის ვადებს განსაზღვრავს განმახორციელებელი სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, მოსარგებლის თანხმობის ფორმის ბეჭდვას, ტირაჟირებას, აღრიცხვასა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის უსასყიდლო გადაცემას უზრუნველყოფს განმახორციელებელი.

 

ამდენად, სადავო ცვლილებების განხორციელებამდე წარმოდგენილი დებულება ახალი მოსარგებლეების რეგისტრაციას დაწესებულებებს ავალდებულებდა სპეციალური სააღრიცხვო (მკაცრი აღრიცხვის) დოკუმენტით (მოსარგებლის თანხმობის ფორმა), ამასთანავე, ამ ცვლილების განხორციელებამდე დარეგისტრირებული მოსარგებლეების მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტით ხელახალი რეგისტრაციის აუცილებლობას მოცემული ნორმავე ადგენდა, თუმცა დადგენილების მოცემულმა დანაწესმა ხელახალი რეგისტრაციისათვის ვადის დადგენა გადადო სამომავლო ცვლილებების პირობებში. დადგენილებაში განხორციელებულმა სადავო ცვლილებამ სამედიცინო დაწესებულებას განუსაზღვრა 5 თვე ამ საკითხის მოსაწესრიგებლად, რაც შემდგომში კიდევ გააგრძელა და მათ აღნიშნული ვალდებულების შესრულებისათვის მიეცათ საბოლოოდ შვიდი თვე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, 2014 წლის 13 მარტს განხორციელებული N228 ცვლილებებით ჯერ კიდევ 2014 წელს მოსარჩელისათვის უკვე ცნობილია, რომ დადგენილებით მოწესრიგდებოდა ძველი რეგისტრაციების მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გარკვეული ვადის დაწესების საკითხები. ამ გარემოების გათვალისწინებით სრულიად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება როგორც ვადის დადგენის არაგონივრულობაზე, ასევე მანამდე არსებულ ურთიერთობაზე სადავო დებულებების გავრცელების შესახებ.

 

6.5. სასამართლო მოიხმობს საკასაციო სასამართლოს მიერ ბს-622-610(კ-12) საქმეზე გაკეთებულ განმარტებას:

 

''საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსათვის სამართლებრივი ნორმების გამოცემა, ადმინისტრაციული ნორმაშემოქმედების უფლებამოსილების მინიჭება არის ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დელეგირებული სამართალშემოქმედების, კანონმდებლობის დეკონცენტრაციის, მისი დივერისიფიკაციის გამოვლინებაა. დელეგირებული ნორმაშემოქმედების სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი აზრი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგულირების ამოცანების შესრულებაში ჩართული იქნეს აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური შესაძლებლობანი და მისი სპეციალიზებული პროფესიული ცოდნა, დელეგირების არსი ადმინისტრაციული ორგანოების სპეციალური ცოდნის და კომპეტენციის გამოყენებაში მდგომარეობს..''

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გასაჩივრებული ბრძანების კონკრეტული დებულების, ისევე როგორც ბრძანების გამოცემა შეესაბამება იერარქიულად მაღლამდგომი ნორმატიული აქტის მიზანს. რაც შეეხება სადავო ნორმის მიღების მიზანშეწონილობას, აღნიშნული საკითხის შემოწმება სცილდება სასამართლო კომპეტენციის ფარგლებს. კონკრეტული ნორმატიული აქტის (მისი ნაწილის) მიზანშეწონილობის განსაზღვრა სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებაა და სასამართლო მის შეფასებას ვერ მოახდენს.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. განსახილველ შემთხვევაში ადგილი არა აქვს მითითებული ნორმის მოთხოვნათა დარღვევას, გასაჩივრებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ დამატებით იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე მხარის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი