გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.12.2018
საქმის ნომერი
330210018002372660
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
17.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210018002372660

საქმე N2/9248-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

 

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

 

განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე მ---------------ე

წარმომადგენლები გ-------------ე, ო-–----------ა

 

მოპასუხეები ნ-----–-------------ე, თ---------–---–---–ი

წარმომადგენელი ა-–------------ა

 

დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების ნ-----–-------------ისა და თ---------–---–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჯ-----–---–ის ქ. N3 (ს/კ 0---------------) მოსარჩელე მ---------------ის საკუთრებაში არსებული 471.42 კვ.მ-დან, პირველ სართულზე არსებული 72.97 კვ.მ.

 

(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 15.11.2018წ. და 17.12.2018წ. სხდომის ოქმები)

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი:

მოსარჩელის მითითებით, ნ-----–-------------ე მის კუთვნილ სახლში, მდებარე - ივ. ჯ-----–---–ის ქ. N3-ში ცხოვრობს და ჩაწერილია 1994 წლიდან. აღნიშნული სახლი შეძენილია მოსარჩელის ბაბუის მიხეილ ვეფხვაძის მიერ 1919 წელს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან 1928 წელს ჩამოერთვა კონკრეტული საცხოვრებელი სახლი და მასში შესახლდნენ სხვადასხვა მოქალაქეები. მოგვიანებით, მოსარჩელის ბაბუას - მიხეილ ვეფხვაძეს დაუბრუნდა სახლი საკუთრებაში, თუმცა მასში შესახლებული პირები კვლავ აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. მითითებული ქონება მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელე მ---------------ემ. დღეის მდგომარეობით ქონების ნაწილი მოპასუხეების უკანონო მფლობელობაშია. ნ-----–-------------ეს მოსარჩელის ოჯახისათვის არავითარი თანხა არ გადაუხდია და იგი უკანონოდ ფლობს სხვის კუთვნილ ქონებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ნ-----–-------------ემ და თ---------–---–---–მა წარმოადგინეს ერთობლივი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოპასუხე ნ-----–-------------ე მეუღლესთან თ--------------–---–---–თან და შვილებთან (თ---------–---–---–ი და ბ-–------–---–---–ი) ერთად ცხოვრობს სადავო ბინაში 1994 წლიდან. მოპასუხეთა მითითებით ისინი ამავე პერიოდიდან რეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ მისამართზე. ნ-----–-------------ის ოჯახის მფლობელობაშია ჯ-----–---–ის ქ. N3-ში მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე არსებული 77.32 კვ.მ, ასევე 4.55 კვ.მ სათავსო, რომელიც აშენებულია მოპასუხის ოჯახის მიერ. ამავდროულად მოპასუხის ოჯახის მიერ აგურით ამოშენებული და შელესილია ორივე მხრიდან შემინული აივანი.

 

მოპასუხის განმარტებით, 1994 წლის იანვარში მოსარჩელის დედასთან თ-----------–---–თან გააფორმა შინაურული ნასყიდობის ხელშეკრულება და ფართის სარგებლობისათვის მის მიერ გადახდილია 4 000 აშშ დოლარი. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ კონკრეტულ ფართში ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას ცხოვრობდა სხვა ოჯახი, რომელსაც ფართის გათავისუფლებისათვის დამატებით გადაუხადა 1 000 აშშ დოლარი. ნ-----–-------------ე ამავდროულად არის კონკრეტულ მისამართზე კომუნალური მომსახურების აბონენტად რეგისტრირებული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჯ-----–---–ის ქ. N3, ს/კ 0--------------- მოიცავს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 539 კვ.მ მიწის ნაკვეთს, მასზე მდებარე შენობა-ნაგებობებით - N1, N2, N3 და N4.

 

3.1.2. მითითებული უძრავი ნივთი (ს/კ 0---------------) ირიცხება მ---------------ის, ნ----–-----–---–ის, რ---------------ას და შ---------–--ის თანასაკუთრებაში, კერძოდ:

- შ---------–--ის საკუთრებაშია - საერთო ფართი 89.60 კვ.მ (სარდაფი - 31.23 კვ.მ, I სართულის - 29.37 კვ.მ, II სართულის - 29 კვ.მ);

- რ---------------ას საკუთრებაშია - ქონების 9/100 ნაწილი;

- მ---------------ის საკუთრებაშია - 471.42 კვ.მ;

- ნ----–-----–---–ის საკუთრებაშია - 16/100 ნაწილი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.3. მოსარჩელე მ---------------ის საკუთრებაში არსებული 471.42 კვ.მ ფართიდან პირველ სართულზე არსებული 77.32 კვ.მ ფართი და 4.55 კვ.მ სათავსო არის მოპასუხეების ნ-----–-------------ისა და თ---------–---–---–ის მფლობელობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- აზომვითი ნახაზები;

 

3.1.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, ნ-----–-------------ე, მისამართზე - ქ. თბილისი, ივ. ჯ-----–---–ის ქ. N3, რეგისტრირებულია1994 წლის 27 აპრილიდან. ამავე მისამართზე 1997 წლის 18 ივნისიდან რეგისტრირებულია მოპასუხის მეუღლე თ--------------–---–---–ი და მათი შვილი (მოპასუხე) თ---------–---–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო ბარათები;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სადავო მისამართზე კომუნალური მომსახურების აბონენტად წლების მანძილზე რეგისტრირებული იყო კ---------ე. ასევე, მოპასუხეთა მიერ ჩატარებულია რიგი სარემონტო სამუშაოები, რითიც გაზრდილია ქონების საბაზრო ღირებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდგე მტკიცებულებებს:

- ქვითრები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.2. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე მოპასუხე ნ-----–-------------ე მიჩნეული უნდა იქნეს სადავო საცხოვრებელი სადგომის (მდებარე - ქ. თბილისი, ჯ-----–---–ის ქ. N3 (ს/კ 0---------------), პირველ სართულზე არსებული 77.32 კვ.მ.) მოსარგებლედ, რომელსაც საცხოვრებელი სადგომი სარგებლობაში გადაეცა მითითებული კანონის წესებიდან გამომდინარე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხე ნ-----–-------------ე სადავო მისამართზე რეგისტრირებულია 1994 წლიდან, ასევე უდავოა, რომ იგი მითითებულ მისამართზე რეგისტრირებულია კომუნალური მომსახურების აბონენტად, რაც სპეციალური კანონის 5.2 მუხლის თანახმად, ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების დადების ფაქტს და ამავდროულად გამორიცხავს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებით არსებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ნივთის მფლობელობის მართლზომიერების საფუძვლით. ასევე ნ-----–-------------ის „მოსარგებლეობა“ განაპირობებს მისი ოჯახის წევრების მართლზომიერ მფლობელებად მიჩნევასაც, მათ შორის მოპასუხე თამარი ჩალაბაშვილიც, როგორც ნ-----–-------------ის შვილი მიჩნეული უნდა იქნეს ქონების მართლზომიერ მფლობელად.

 

სასამართლო მოცემულ შემთხვევაში ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას და მოპასუხეებს ვერ მიიჩნევს სადავო საცხოვრებელი სადგომის არამართლზომიერ მფლობელებად, რამეთუ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნ-----–-------------ე საცხოვრებელ სადგომს ფლობს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით და იგი ამავე კანონის მიზნებიდან გამომდინარე მიჩნეული უნდა იქნეს სადავო ქონების მოსარგებლედ, რაც ამავდროულად მოპასუხეს წარმოუშობს სპეციალური კანონით მოსარგებლისათვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს. მოპასუხეთა მხრიდან მართლზომიერი და შესაბამისად კეთილსინდისიერი მფლობელობის განხორციელებას ადასტურებს ასევე მათი მხრიდან განხორციელებული სარემონტო სამუშაოები, რასთან მიმართებითაც ქონების მესაკუთრეს თავის დროზე არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით გაექარწყლებინა მოპასუხის შედავება, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხე ნ-----–-------------ესა და მოსარჩელე მ---------------ის დედას (ქონების იმჟამინდელი მესაკუთრე) შორის საცხოვრებელი სადგომის სარგებლობის დათმობის შესახებ გარიგების დადების ფაქტს, რასაც თავის მხრივ ადასტურებს 1994 წლიდან ნ-----–-------------ის რეგისტრაცია მითითებულ მისამართზე და კომუნალური მომსახურების აბონენტად რეგისტრაცია.

 

მოსარჩელეს, როგორც სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს უფლება აქვს თავდაპირველად იდავოს სპეციალური კანონით მისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, რის განუხორციელებლობამდეც უსაფუძვლოა მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასთან მიმართებით, რამეთუ არსებულ ვითარებაში მოპასუხეებს გააჩნიათ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი მფლობელობის განსახორციელებლად.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).

 

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. მ---------------ის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელე ნივთის მესაკუთრეა, მოპასუხეები კი ნივთის მფლობელები, რომელთაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნიათ. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, უძრავი ქონების ნაწილი [მდებარე - ქ. თბილისი, ჯ-----–---–ის ქ. N3, ს/კ 0---------------) 471.42 კვ.მ.], საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მ---------------ის საკუთრებად. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს. ამასთანავე, სასამართლომ მოპასუხეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის 77.32 კვ.მ მოპასუხეების ნ-----–-------------ისა და თ---------–---–---–ის მფლობელობაშია.

 

რაც შეეხება, მფლობელობის მართლზომიერებას, კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დასტურდებოდეს აქვს თუ არა ნივთის ამჟამინდელ მფლობელებს ნივთის ფლობისათვის უკეთესი უფლება, ვიდრე მესაკუთრეს ანუ არსებობს თუ არა სკ-ს 172-ე მუხლის შემადგენლობა. დადასტურების შემთხვევაში, ბუნებრივია, ფერხდება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილება, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით. აღნიშნული საკითხის დასადგენად მნიშვნელოვანია შეფასდეს, თუ რის საფუძველზე ფლობს კონკრეტულ ნივთს მოპასუხეები.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. 159-ე მუხლის შესაბამისად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. 163.1 მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.

 

სკ-ის 162-ე მუხლი შეიცავს მართლზომიერი მფლობელის უფლებადამცავ გენერალურ დათქმას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, ხოლო თავად მართლზომიერი მფლობელობის არსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება განსხვავებული გარემოებებით დასტურდებოდეს. განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში, ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე – 164-ე მუხლები). მნიშვნელოვანია, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე - 161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი), ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის ინსტიტუტში, ასევე არსებობს განსხვავებები კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებში. მართლზომიერი ფლობის უფლება გამორიცხავს მესაკუთრის შესაძლებლობას, განახორციელოს სკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რამდენადაც საკუთრების უფლება ქონებაზე მესაკუთრეს არამართლზომიერად არ შეზღუდვია. ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ, საქმე Nას-49-44-2015, 02.04.2015წ; Nას-83-83-2018, 20.04.2018წ.).

 

ამდენად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე, კანონის ან მხარეთა შორის არსებული გარიგების თანახმად, ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეები უთითებენ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავენ, რომ ისინი მოხმობილი კანონის საფუძველზე მიჩნეული უნდა იქნენ საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეებად და შესაბამისად ქონების მართლზომიერ მფლობელებად.

 

6.3. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. კანონის მიზანია, მოაწესრიგოს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა იმ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც იცავენ, როგორც საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის, ასევე მოსარგებლის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

 

მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

კანონის 5.2 მუხლის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უდავოა, რომ ნ-----–-------------ე, სპეციალური კანონით მითითებულ პერიოდში - 1994 წლიდან რეგისტრირებულია სადავო მისამართზე, ასევე უდავოა, რომ იგი რეგისტრირებული იყო კონკრეტულ მისამართზე არსებული კომუნალური მომსახურების აბონენტად, რაც მოხმობილი კანონის მიზნებიდან გამომდინარე ადასტურებს მოპასუხის მტკიცებას საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგების დადებასთან მიმართებით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო გაექარწყლებინა მოპასუხეთა მტკიცება მათი მხრიდან მფლობელობის მართლზომიერად განხორციელებასთან მიმართებით, რაც გამორიცხავს ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნისაგან (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.). არსებულ ვითარებაში, მ---------------ემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.2 მუხლის შესაბამისად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სსსკ-ს 48.2 მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ეს წესი ვრცელდება მოპასუხეზედაც, თუ იგი ასეთ საქმეზე შეგებებულ სარჩელს აღძრავს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელეს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე, რამეთუ არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლით, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 60 ლარის ოდენობით, თანახმად სსსკ-ს 39.2 მუხლის და 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---------------ის სარჩელი ნ-----–-------------ის და თ---------–---–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მ---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 60 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე