გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.12.2018
საქმის ნომერი
330210017001771864
კატეგორია
დავის ტიპი
საავტორო და მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებული დავები
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1953-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ასმათ კოხრეიძე

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

მოსარჩელე: ბ--–------------------

(B--------------------)

წარმომადგენელი: გ-------------------ი;

პ---–-------------ი;

მ-----------–---–ი.

მოპასუხე: ს-------------–-----------------------------------------------------

(P--------------------------------------------------------------)

წარმომადგენელი: გ--------–---–ი

დავის საგანი: სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასაქონლო ნიშნის - ”З--------------”-ის (საერთაშორისო რეგისტრაციის რეგისტრაციის №-------- რეგისტრაციის თარიღი: 11.02.2011) რეგისტრაციის გაუქმება მოპასუხის მიერ ნიშნის გამოუყენებლობის გამო;

 

მოსარჩელის განმარტებით, საქპატენტის 29.09.16 N---- ბრძანებით და მასთან თანდართული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელეს საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს "---- (საერთაშორისო რეგისტრაციის N------, განაცხადის საიდენტიფიკაციო N-------) უარი ეთქვა დაცვის მინიჭებაზე (რეგისტრაციაზე) საქართველოს ტერიტორიაზე განცხადებული საქონლის ჩამონათვლის ნაწილის მიმართ, კერძოდ ნიცის საერთაშორისო კლასიფიკაციის 30-ე კლასის განცხადებული საქონლის ჩამონათვალის მიმართ. უარის თქმის საფუძველი გახდა ის, რომ საქპატენტის აზრით, მასარჩელეს ნიშანი აღრევამდე მსგავსია მოპასუხის ნიშანთან ”З--------------” (საერთაშორისო რეგისტრაცია N-------, რეგ. თარიღი 11.02.2011), რომელიც დაცულია (რეგისტრირებულია) საქართველოში, ასევე 30-ე კლასის საქონლისათვის. მოსარჩელე დაინტერესებულია, შეწყდეს მოპასუხის აღნიშნული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედება, რადგან საქპატენტმა დაუპირისპირა მოპასუხის ნიშანი მოსარჩელის ნიშანს 30-ე კლასში და შესაბამისად, მოპასუხის ნიშანი ხელს უშლის მოსარჩელის ნიშან "-----ს რეგისტრაციას საქართველოში, განცხადებული 30-ე კლასის საქონლის ჩამონათვლის მიმართ. სასაქონლო ნიშნების შესახებ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, "სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება". თანახმად მოპასუხის საიტისა h--------------------, ის ბრენდით ”З------- აწარმოებს მხოლოდ ხრაშუნა ორცხობილას (ხრაშუნა ნამცხვარს). მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან ვერ მოძებნა მოპასუხის საიტზე პროდუქცია, რომელსაც ის აწარმოებს ორენოვანი სასაქონლო ნიშნით ”З--------------” (კირილიცაზე და ლათინური ასოებით). იმის დასადგენად, იყიდებოდა თუ არა ნიშნით ”З--------------” ნიშანდებული 30-ე კლასის პროდუქცია საქართველოში, მოსარჩელემ მოიძია საქართველოში მოქმედი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების ვებსაიტები. სამწუხაროდ, ბევრ ასეთ ვებსაიტზე საერთოდ არ არის ნაჩვენები პროდუქცია, რომელიც იყიდება სუპერმარკეტებში. გუდვილის სუპერმარკეტის საიტზე (http://goodwilldelivery.ge), სმარტის სუპერმარკეტის საიტზე (http://smart.ge) და ფუდმარტის სუპერმარკეტის ფეისბუქ გვერდზე (https://www.facebook.com/foodmart.ge) ნაჩვენებია 30-ე კლასის პროდუქცია, მათ შორის ორცხობილა (ნამცხვარი), რომელიც იყიდება ამ მაღაზიებში, და ამ პროდუქციას შორის ”З--------------” არ არის. მოსარჩელე, აღნიშნულის საფუძველზე მიიჩნევს, რომ ”З--------------”-ის პროდუქცია საქართველოში არ იყიდება და შესაბამისად, ნიშანი ”З--------------” არ გამოიყენება საქართველოს ტერიტორიაზე. ნიშნის ”З--------------” რეგისტრაციის თარიღიდან (11.02.2011) გასულია თითქმის 6 წელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა ბ--–-------------------სათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

მოპასუხის განმარტებით, სადავო სასაქონლო ნიშანი N------- ”З--------------” გამოიყენებოდა საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე, საქონლისათვის 30-ე კლასიდან. მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სადავო და მოპასუხის კუთვნილი სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა საქართველოში 30-ე კლასის საქონლის მიმართ. აღნიშნული მტკიცება ეფუძნება მხოლოდ მოსარჩელის ვარაუდს. მოპასუხე საქონელს, მონიშნულს სადავო სასაქონლო ნიშნით, ყიდის აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქონლის შეტანა ხდება ფიზიკური პირების მეშვეობით, რომლებიც რეალიზაციას ახდენენ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ობიექტების მეშვეობით. ცნობილია ამ მოქალაქეების ვინაობა და ასევე, სოხუმში მდებარე კომპანიის დასახელება_ "ტ--------------- ო----------", რომელიც ახდენს პროდუქციის რეალიზაციას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არსებობს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტის 2016 წლის 29 სექტემბრის N---- ბრძანებით, ბ--–------------------ (B--------------------)-ს მიენიჭა დაცვა აღნიშნული კომპანიის საერთაშორისო სასაქონლო ნიშანს I------- (საიდენტიფიკაციო N-------) საქონლისა და მომსახურების განცხადებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, სახელდობრ, ბრძანებას თანდართული ექსპერტიზის თანახმად, დაცვა საერთაშორისო ნიშანს მიენიჭა 29-ე და 31-ე კლასებში შემავალი საქონლისა და/ან მომსახურების მიმართ, ხოლო დაცვაზე უარი ეთქვა 30-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სიტყვიერი ნიშანი ”ЗОО” ჟღერადობით მსგავსია მადრიდის შეთანხმების ოქმით და საქართველოში დაცული კომპანიის P---------------------------------------------------------------ს კუთვნილი სასაქონლო ნიშნისა ”З--------------”, 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვლისათვის. დაპირისპირებული ნიშანი ”З--------------” (შესრულებული კირილიცაზე და ლათინური ანბანით) მთლიანად მოიცავს სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ლათინური ანბანით შესრულებულ ნიშანს ”ZOO”, რაც ნიშნებს შორის აღრევისა და შესაბამისად, მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას ქმნის 30-ე კლასის საქონლის მსგავსი ჩამონათვილისათვის. ზემოთქმული კი წარმოადგენს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნიშნის დაცვაზე ნაწილობრივი უარის თქმის საფუძველს (იხ. ბრძანება, ტომი 1, ს.ფ. 14; ექსპერტიზის დასკვნა, ს.ფ. 15; მოსარჩელის ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 29-43; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტომი 2, ს.ფ. 45);

 

3.2.2. ,,ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმის“ მიხედვით, საქართველოში დაცულია სასაქონლო ნიშანი ”З--------------”, მისი მონაცემებია: წარდგენის თარიღი: 2---------; საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1------- საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი: 2011-02-11; მფლობელი: P--------------------------------------------------------------; მისამართი: v--------------------------------- საქონლის კლასი: 30; ძალაშია და მოქმედების ვადაა 2021-02-11 (იხ. ცნობა საქპატენტიდან, ტომი 1, ს.ფ. 60; მხარეთა ახსნა-განმარტება; სასამართლოს სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 29-43; აუდიოჩანაწერი, დისკი, ტომი 2, ს.ფ. 45);

 

3.2.3. მოპასუხე კომპანიას, მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნით - ”З--------------” ნიშანდებული რაიმე საქონლის/პროდუქციის, მათ შორის 30-ე კლასში შემავალი საქონლის ჩამონათვალის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და მისი საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზაცია დღეის მდგომარეობით არ განუხორციელებია. მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ მას საქართველოს საბაჟოების გავლით, მისი კუთვნილი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული, მის მიერ წარმოებული რაიმე საქონლის/პროდუქციის შემოტანა არ განუხორციელებია (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტება; ამონაბეჭდი სუპერმარკეტების ვებგვერდებიდან და ფეისბუკიდან,ტ. 1, ს.ფ. 16-59; სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილი, ტ. 2, ს.ფ. 3);

 

3.2.4. მოპასუხე ფაბრიკა სასაქონლო ნიშან ”З--------ით აწარმოებს 30-ე კლასში შემავალ პროდუქციას _ ხრაშუნა ორცხობილას, რომელიც წარმოდგენს რძის გემოს ორცხობილას შაქრის და ცხიმის დაბალი შემცველობით (იხ. ამონაბეჭდი მოპასუხის ვებგვერდიდან, ტ. 1, ს.ფ. 61-65; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.5. 2013 წლის 4 მარტს, მოპასუხე ს-------------–------------------- ,,ხ--------------------------------“ და შპს ,,ს-------------–- - ო----------ს“ (რომელიც რეგისტრირებულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ სოხუმში) შორის დაიდო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანია საკონდიტრო ნაწარმი, ნაწარმოები სსს ,,ხ-----------------------------ის“ მიერ. ხელშეკრულებაში მითითებული არ არის საკონდიტრო ნაწარმის კონკრეტული სახეობა (იხ. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ტომი 1, ს.ფ. 237-248; მოპასუხის ახსნა-განამრტება);

 

3.2.6. შპს ,,ს-------------–- - ო----------ი“ არ არის რეგისტრირებული საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, შესაბამისად, აღნიშნული კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მეწარმე სუბიექტად არ ითვლება. მოპასუხის განმარტებით, სასაქონლო ნიშნით _ ”З--------------” ნიშანდებული პროდუქცია იყიდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქონლის შემოტანა ხდება ფიზიკური პირების მეშვეობით, პროდუქციის საცალო რეალიზაცია ხორციელდება აფხაზეთში და დასახელებული კომპანია ,,ტ--------------- ო----------ი“ (ს-------------–- - ო----------ი) რეგისტრირებულია საქართველოში. თუმცა, მოპასუხეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, გარდა მითითებული შპს-ს დირექტორის წერილისა, რომელიც ადასტურებს მოპასუხის პროდუქციის აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალიზაციას. ასევე არ არის მტკიცებულებები იმისა, რომ მითითებული იურიდიული პირი ნამდვილად რეგისტრირებულია საქართველოში (იხ. წერილი სააგენტოდან, ტ. 2, ს.ფ. 15; შპს-ს დირექტორის წერილი, ტ. 1; მოსარჩელის ახსნა-განმარტება);

 

3.2.7. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საავტომობილო გადაზიდვის დეკლარაციების თანახმად, სსს "ხ-----------------------------ა" უგზავნიდა საკონდიტრო ნაწარმს შპს ,,ს-------------– - ო----------ს“, მათ შორის, ნამცხვარ _ ”---------ს აღნიშნული პროდუქციის უკრაინის სახელმწიფო საბაჟოების გავლა დადასტურებულია, თუმცა არცერთი მტკიცებულებით არ მტკიცდება, რომ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით სადავო პროდუქციით დატვირთულმა ავტოტრანსპორტმა გაიარა თუ არა საქართველოს სახელმწიფო საბაჟო, ან თუნდაც საბაჟოს გვერდის ავლით, რაიმე სხვა გზით, შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე, უშუალოდ სადავო საქონელი და რომ იგი იყიდებოდა სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე. საქმეში არ არის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე აღნიშნული საქონლის შემოტანის და მისი რეალიზაციის ფაქტიც. საყურადღებოა, რომ შპს ,,ს-------------–- - ო----------ის“ მომსახურე ბანკი მდებარეობს არა საქართველოს ტერიტორიაზე, თუნდაც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სოჭში. წარმოდგენილი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების თანახმად, ამ ბანკის სახელწოდებაა "მოსკოვის ბანკის სოჭის ფილიალი" (იხ. დეკლარაციები, ანგარიშფაქტურები, ტ. 1, ს.ფ. 257-302; ხელშეკრულება; მხარეთა ახსნა-განმარტება);

 

3.2.8. არ დადგინდა მოპასუხე კომპანიის მიერ სასაქონლო ნიშნის _ ”З--------------”-ის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, უწყვეტად 5 წლის (და მეტის ხნის) განმავლობაში (იხ. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოებები).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, მოპასუხე კომპანია უწყვეტად ხუთი წლის (და მეტი ხნით) განმავლობაში არ იყენებდა სადავო სასაქონლო ნიშანს საქართველოს ტერიტორიაზე, სარჩელი, როგორც საფუძვლიანი და დასაბუთებული, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, ინტელექტუალური საკუთრების უფლება ხელშეუვალია. ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებს (სხვა ობიექტებთან ერთად) მიეკუთვნება სასაქონლო და მომსახურების ნიშნები, საფირმო სახელწოდებები და სხვა კომერციული აღნიშვნები.

 

”სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას აუქმებს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში, არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება; ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ სასაქონლო ნიშნის გამოუყენებლობა მისი ნებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გარემოებებით არის განპირობებული. ასეთ გარემოებებად ჩაითვლება, მაგალითად, სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელთან დაკავშირებით დაწესებული იმპორტის შეზღუდვები ან ხელისუფლების მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ სასაქონლო ნიშანი არ გამოიყენებოდა უწყვეტად 5 წლის განმავლობაში იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში, ასევე არ არსებობდა გარემოებები, რომლის გამოც ნებისგან დამოუკიდებლად მას ეშლებოდა ხელი ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენებაში.

 

მიუხედავად იმისა, რომ არ დადგინდა არც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სადავო სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის შეტანა და რეალიზაცია, სასამართლო მიუთითებს, რომ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა: ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „მეწარმეთა შესახებ“, „მუზეუმების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ დაასაბუთა სარჩელის საფუძვლიანობა, მოპასუხე მხარემ კი ვერ დაასაბუთა შესაგებელში მითითებული პოზიციის საფუძვლიანობა, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაამტკიცებდნენ მის მიერ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რამაც განაპირობა ბ--–-------------------ს სარჩელის დაკმაყოფილება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 71).

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ბ--–-------------------ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს საქართველოში დაცული, ს-------------–------------------- "ხ-----------------------------ის" კუთვნილი, სასაქონლო ნიშან "З--------------"-ის (რომლის მონაცემებია: წარდგენის თარიღი - 2---------; საერთაშორისო რეგისტრაციის ნომერი: 1------- საერთაშორისო რეგისტრაციის თარიღი: 2011-02-11; საქონლის კლასები: 30) რეგისტრაცია.

 

2. დაეკისროს ს-------------–------------------- "ხ-----------------------------ას", ბ--–-------------------ს სასარგებლოდ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ასმათ კოხრეიძე