განაჩენი

სისხლის სამართლის 30.11.2018
საქმის ნომერი
330100118002543883
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 30 ნოემბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - მ-------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - დ------------------------–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------, დაბადებული 1----–-–----------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–----------------–------------ში, მცხოვრები: თბ--–---------------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ლ-------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2017 წლის 9 მარტიდან 2018 წლის 3 ივნისამდე პერიოდში, დ----------–-–---–ი თავის ყოფილ მეუღლეს - ნ-------------–---–ს, სისტემატურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, ასევე სისტემატურად ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ-------------–---–ს ყოველ ჯერზე უჩნდებოდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ---–--–-------------------------------------ში, დ----------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ-------------–---–ს, რაც დაზარალებულმა, დ----------–-–---–ის წარსულიდან გამომდინარე, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამათლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

2.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად დადასტურდა განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ:

 

2.3. დაზარალებულმა ნ-------------–---–მა განმარტა, რომ 2012 წელს დაქორწინდა დ----------–-–---–ზე. ოთხწლიანი თანაცხოვრებისას, ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით მეუღლემ დაიწყო სისტემატური სმა, იყო უმუშევარი, გაღიზიანებული და ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა. დ----------–-–---–ი იყო გაწონასწორებული ადამიანი, თუმცა სიმთვრალეში იყო ფიცხი და ძალადობდა მასზე, რისთვისაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოიხადა სასჯელი. დ----------–-–---–ის გათავისუფლების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, კიდევ ერთხელ ეცადათ თანაცხოვრება, თუმცა ამ დროისთვის მას უკვე ყავდა სხვა მეგობარი მამაკაცი - ჰ--–----------ი, რაც იცოდა დ----------–-–---–მა და არ იყო წინააღმდეგი. დ----------–-–---–ი მოითხოვდა მისგან, რომ მეტი სარგებელი ენახათ ჰ--–----------ისგან, რის გამოც მოუვიდათ კონფლიქტი და დ----------–-–---–მა ცემა იგი. მან გამოიძახა პატრული, რომელმაც გასცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა პატრულისთვის არ უთქვამს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რამდენიმე დღეში ის და დ----------–-–---–ი განქორწინდნენ, თუმცა ყოფილი მეუღლე ცხოვრობდა მის მიერ ნაქირავებ ბინაში მათ საერთო შვილებთან ერთად. მოგვიანებით მას მოუვიდა კონფლიქტი ჰ--–----------თან და შვილებთან და დ----------–-–---–თან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში, რომელიც მდებარეობდა თ---–--–----------------------ზე, თუმცა მალევე შეურიგდა ჰ--–----------ს, მათ ერთად იქირავეს ბინა და აპირებდნენ ურთიერთობისთვის სერიოზული სახის მიცემას. დ----------–-–---–მა გაიგო ამის შესახებ და იყო წინააღმდეგი. 2018 წლის 2 ივნისს დაახლოებით 21-22 საათზე, ყოფილმა მეუღლემ, რომელიც იყო ნასვამი, მოსთხოვა არ გადასულიყო ჰ--–----------თან, რადგან სურდა მასთან დარჩენილიყო და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, ემუქრებოდა დანის დემონსტრირებით, რომელიც იყო გასაშლელი, ყავისფერი ტარით, ვერცხლისფერპირიანი. ყოფილი მეუღლის გამომეტყველება და საუბრის მანერა აფიქრებინებდა, რომ მუქარა იყო რეალური. ამასთან, წარსულში უკვე ჰქონდა ადგილი მის მიმართ მეუღლის მხრიდან ცემის და მუქარის ფაქტებს. კამათს ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი ნ-----–-------–-–---–ი, რომელიც ყველაფერს ხედავდა. იგი დაელოდა, სანამ დ----------–-–---–ს ჩაეძინა და მაშინვე წავიდა ჰ--–----------თან, სადაც ერთობლივად გადაწყვიტეს, სანამ ყოფილი მეუღლე უფრო სერიოზულ ზიანს მიაყენებდა, მიემართა პოლიციისთვის. დაახლოებით ღამის 11-12 საათზე მან მიმართა პოლიციას. იგი პლიციელებთან ერთად მივიდა დ----------–-–---–ის სახლში, რა დროსაც დ-----ი შინ არ დახვდათ და მოგვიანებით დაბრუნდა და დააკავეს. მისი ვარაუდით, ყოფილი მეუღლე უსმენდა მის სატელეფონო საუბრებს და მისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მან პოლიციას მიმართა, რის გამოც თავიდან მოიშორა დანა, რომლითაც ემუქრებოდა.

 

2.4. მოწმე ი--------------ემ განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ნ-------------–---–ის დედა, რომელიც იყო ქორწინებაში დ----------–-–---–თან. მის ქალიშვილს და დ----------–-–---–ს ჰყავთ ორი საერთო შვილი. მეუღლეებს თავდაპირველად ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა მოგვიანებით ურთიერთობა გაუფუჭდათ, რადგან დ-----ი დარჩა უმუშევარი და დაიწყო სმა, რა დროსაც ხდებოდა აგრესიული. მას არაერთხელ უნახავს მისი ქალიშვილი, რომელსაც ეტყობოდა ძალადობის კვალი, მათ შორის სილურჯეები სახეზე და მაჯებზე. მას არაერთხელ მიუმართავს პატრულისთვის, რადგან ყოველი კონფლიქტის დროს შიშობდა, რომ სიძე მოუკლავდა ქალიშვილს, რადგან სიძე მუდმივად ემუქრებოდა მის ქალიშვილს სიცოცხლის მოსპობით. ოჯახში ძალადობის მოწმე ხშირად ხდებოდა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი - ნ-----–-------–-–---–ი, რომელსაც დასჭირდა ფსიქოლოგიური დახმარება, რათა მდგომარეობას გამკლავებოდა. დ----------–-–---–ი ხშირად იმუქრებოდა როგორც მეუღლის, ასევე საკუთარი სიცოცხლის ხელყოფით. დ----------–-–---–მა, მისი და არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით დანის გამოყენებით ცადა თვითმკვლელობა. მისი ქალიშვილი მაქსიმალურად ცდილობდა დ----------–-–---–ი ციხეში არ მოხვედრილიყო, ხშირად არ აძლევდა ჩვენებებს პოლიციას, რადგან დ-----ი არის კარგი მამა და თან ეშინოდა მისი, რადგან იგი ყოველთვის იმეორებდა, რომ არ მისცემდა ნ----ს სხვა მამაკაცთან ცხოვრების საშუალებას. ემუქრებოდა, რომ არ გაახარებდა. მის ქალიშვილს უყვარდა დ-----ი, თუმცა ეშინოდა მასთან მარტო დარჩენის, რადგან ნასვამი იყო არაადეკვატური. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 2018 წლის მარტის თვეში მისი ქალიშვილი და სიძე შერიგდნენ, თუმცა მალევე აერიათ ისევ ურთიერთობა და ყველაფერი ძველებურად გაგრძელდა. ერთ დილით დაურეკა ნ----ს მეგობარმა, უთხრა, რომ კვლავ იჩხუბეს და პატრული გამოეძახა. როდესაც ქალიშვილთან მივიდა, ნ----მ არაფერი უთხრა, თუმცა წამოსვლის შემდეგ, მალევე დაურეკა ნ----მ და სთხოვა პატრული გამოეძახა. დ-----ს უნდოდა, რომ ნ----ს მასთან ცხოვრება გაეგრძელებინა, რასაც მოყვა კონფლიქტი მათ შორის. დ----- ცდილობდა ნ----ს მე-11 სართულიდან გადაგდებას, რასაც შეესწო მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ-----–--. ამ ფაქტის გამო დ-----ს მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი და მათ შეწყვიტეს ერთად ცხოვრება. ივნისის დასაწყისში იგი იყო ს------ში, რა დროსაც მას დაურეკა დ-----მ და უთხრა, რომ მისმა ქლიშვილმა მიმართა პოლიციას, იგი დაიჭირეს და ნ-----–--სთვის მიეხედა. ქალიშვილმა უამბო მას, რომ დ----- იყო ნასვამი, რა დროსაც იჩხუბეს. დ----- დანას უტრიალებდა თვალწინ, ემუქრებოდა ყელს გამოგჭრი, თუ ჩემგან წახვალო. მერე, დ-----ს ჩაეძინა, რითაც ისარგებლა ნ----მ და მიმართა პოლიციას. ნ-----–--მ მას უთხრა, რომ მამა დედას ეჩხუბა, პოლიცია მივიდა და მამას ხელები შეუკრეს.

 

2.5. მოწმე ჟ--–-------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ნ-------------–---–ის გამზრდელი მამიდა. დ----------–-–---–თან ქორწინების შემდეგ იგი ხშირად სტუმრობდა მათ ოჯახს და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მან დაახლოებით ერთი წლის წინ გაიგო, რომ ნ---- და დ----- გაშორდნენ. დ----- იყო დაკავებული ნ----ს ცემის ფაქტზე. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. მოგვიანებით, პოლიციელებისგან გაიგო, რომ დაკავების დღეს დ----- ნ----ს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. დაკავების დღეს იგი დაახლოებით 22:00 საათამდე იყო ნ----სთან და დ-----სთან ერთად და იმ დღეს კონფლიქტი არ მოსვლიათ, თუმცა მათი ურთიერთობა გაციებული მოეჩვენა. დ----- ნასვამი არ ყოფილა. მას წარსულში რამდენჯერმე ყავს ნანახი ნასვამი დ-----, რომელსაც ცუდი სიმთვრალე არ ჰქონია. დ----- იყო კარგი მამა.

 

2.6. მოწმე მ--------------–---–მა განმარტა, რომ იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა დ----------–-–---–ის ოჯახში ძიძად. ნ-------------–---–ი მუშაობდა, თუმცა სად, მისთვის უცნობია. მისი მუშაობის პერიოდში ნ----ს და დ-----ს შორის ჩხუბს და დაძაბულობას არ შესწრებია. 2018 წლის 2 ივნისს, დ----- ხ-------–---–ის დაკავების დღეს, იგი დ-----ს ოჯახში არ ყოფილა, თუმცა იყო რამდენიმე დღით ადრე. სახლში იყვნენ ნ-------------–---–ი და დ----------–-–---–ი, მათი ქალიშვილი და ახლობელი ქალბატონი.

 

2.7. მოწმე ლ-–--------ამ (გამომძიებელი) განმარტა, რომ ნ-------------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმად მისი ყოფილი მეუღლე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, დაიწყო გამოძიება, დაიკითხა დაზარალებული, რომელიც აცხადებდა, რომ მეუღლის მუქარა აღიქვა რეალურად, გადაწყდა დ----------–-–---–ის დაკავება. დაკავების შემდეგ, ასევე გაიჩხრიკა დ----------–-–---–ის ბინა, რა დროსაც არაფერი კანონსაწინაარმდეგო ამოღებული არ ყოფილა. გამოძიებამ ასევე გადაამოწმა ბრალდებულის ვერსია, რომლის თანახმად ნ-------------–---–ის იმჟამინდელი მეუღლე ჰ--–----------ა სექსუალურად ძალადობდა, არასრულწლოვანს აღმმოუჩინეს ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა ბრალდებულის ვერსია, არ დადასტურდა, თუმცა ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ შესაძლებელი იყო ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა გამოწვეული ყოფილიყო ხშირი ოჯახური კონფლიქტებით. მან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი ნ-------------–---–ის მონაწილეობით, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა იმ ადგილებზე, სადაც მას დანის დემონსტრირებით ემუქრებოდა ყოფილი მეუღლე. დაკავებისას ბრალდებული იყო ადეკვატური და იგი ალკოჰოლურ თრობაზე არ შეუმოწმებიათ.

 

2.8. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით (03.06.2018), დ----------–-–---–ი დაკავებული იქნა 2018 წლის 3 ივნისს 06:10 საათზე, თ---–--–----------------------------------ში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში, ყოფილი მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით.

 

2.9. N------ შემაკავებელი ორდერის (09.04.2017) თანახმად, 2017 წლის 9 აპრილს, მოძალადე დ----------–-–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის ნ-------------–---–ის დასაცავად, რომლის განცხადებით მისმა მეუღლემ დ----------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერ და ფიზიკური შეურაცხყოფა.

 

2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით (09.04.2017) დამტკიცდა N------ შემაკავებელი ორდერი დ----------–-–---–ის მიმართ, რომელსაც აეკრძალა ნ-------------–---–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ნ-------------–---–ი იმყოფება 1 თვის ვადით.

 

2.11. N------ შემაკავებელი ორდერის (03.06.2018) თანახმად, 2018 წლის 3 ივნისს მოძალადე დ----------–-–---–ის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი მსხვერპლის ნ-------------–---–ის დასაცავად, რომლის განცხადებით მისი ყოფილი მეუღლე დ----------–-–---–ი დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. შემაკავებელი ორდერის ოქმით, მოძალადემ მსხვერპლს მოსთხოვა მასთან მუდმივად საცხოვრებლად დარჩენა და როდესაც მისგან უარი მიიღო, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დანის მუქარით უთხრა, რომ ყელს გამოჭრიდა და გამოასალმებდა სიცოცხლეს.

 

2.12. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (11.07.2018) მიხედვით, 2018 წლის 11 ივლისს 10:55-11:20 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც, ნ-------------–---–მა, თ---–--–----------------------------------ში მიუთითა მისაღებ ოთახში განთავსებულ დივანზე და განმარტა, რომ 2018 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 19:00 საათზე, დ----------–-–---–ი და ის ერთად ისხდნენ დივანზე და საუბრობდნენ, რა დროსაც დ----------–-–---–მა მოსთხოვა მასთან დარჩენა, რაზეც მისივე თქმით, უთხრა უარი. აღნიშნულზე დ----------–-–---–მა ჯერ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, შარვლის ჯიბიდან ამოიღო გასაშლელი დანა, რომლის დემონსტრირებით, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, დანას უტრიალებდა თვალწინ და ეუბნებოდა, რომ თუ არ დარჩებოდა, ამ დანით ყელს გამოჭრიდა, რაც მან რეალურად აღიქვა და შეეშინდა მისი, რათა მართლა არ მოესპო მისთვის სიცოცხლე, რის გამოც არ შეეწინააღმდეგა მას და გადაწყვიტა დარჩენა, სანამ გამოპარვის შესაძლებლობა არ მიეცემოდა. მოგვაინებით დ----- გ--–-–---–ს ჩაეძინა იმავე დივანზე, რითაც მან ისარგელა და გამოიპარა ბინიდან.

 

2.13. სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული გარემოებების არარელევანტურია, რის გამოც, სასამართლო მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.14. ბრალდებულ დ----------–-–---–ის პოზიციით (განმარტა საბოლოო სიტყვაში), 2018 წლის 2 ივნისს მას ნ-------------–---–თან კონფლიქტი არ მოსვლია. მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნ-------------–---–ის მეგობარ მამაკაცს ჰ--–----------ს ჰქონდა შეხება ნარკოტიკების რეალიზაციასთან, რაზეც იგი ესაუბრა ყოფილ მეუღლეს, რამაც განაპირობა სწორედ მისი თავიდან მოშორება. სინამდვილეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ მას აქვს ცუდი სიმთვრალე.

 

2.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო მიმოიხილავს მხარეთა საკვანძო არგუმენტებს და განმმარტავსმ, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.

 

2.16.პირველ რიგში, სასამართლო გააანალიზებს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებს და დასძენს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:

 

2.17. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ----------–-–---–ი და ნ-------------–---–ი იყვნენ მეუღლეები და მათ ჰყავთ ორი საერთო შვილი.

 

2.18. მხარეებს ასევე არ გაუხდიათ სადავოდ და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ყოფილ მეუღლეებს ჰქონდათ კონფლიქტური ურთიერთობა.

 

2.19. ასევე, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2018 წლის 2 ივნისს, დ----------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-------------–---–ს. შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.20. სასამართლო სრულად იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებას, რომ იმ საკითხზე, ჩნდება თუ არა პრობლემა, როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულება არ დასტურდება საქმის სხვა მასალებით, უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მტკიცებულება სავსებით დამაჯერებელია და არ არსებობს საფრთხე, რომ იგი არასანდოა, გამამყარებელი მტკიცებულებების საჭიროება, შესაბამისად ნაკლებია. (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bykov v. Russia, №4378/02; 10/03/2009; § 90). სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური დანაშაული ლატენტურ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება და უმეტეს შემთხვევებში, ამ დანაშაულის თვითმხილველები არიან მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული. ამდენად, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რამდენად მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენება ოჯახური ძალადობის საქმეებში, რომლის უგულვებელყოფა, მისი სამართლებრივი ფასის გაუთვალისწინებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა არითმეტიკული დაჯამებით, იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრულობა და ამ ტიპის დანაშაულების წახალისება.

 

2.21. ამდენად, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად (დაზარალებულმა თავად დაადასტურა დ----------–-–---–ის მიმართ კეთილგანწყობა), დანაშაულის ხასიათის (ლატენტური დანაშაული) და შემთხვევის ადგილის (დახურული სივრცე) გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. სასამართლო ასევე გულდასმით დააკვირდა და შეაფასა დაზარალებულის ქცევა სასამართლოში ჩვენების მიცემისას და განმარტავს, რომ როგორც პირდაპირი, ასევე ჯვარედინი დაკითხვისას იგი იყო თანმიმდევრული, ცალსახად და დამაჯერებლად აღწერდა დანაშაულის დეტალებს, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო ამ ჩვენებას აფასებს როგორც მყარს და სანდოს.

 

2.22. სასამართლო, იხსენებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2). თუმცა აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს. (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 36.).

 

2.23. ამდენად, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ მიუხედავად მოცემულობისა, როდესაც არსებობს დანაშაულის მხოლოდ ორი თვითმხილველი - დაზარალებული და ბრალდებული, დაზარალებულის ჩვენება მისთვის დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარასთან დაკავშირებით, სრულ თანხვედრაშია მისი დედის - ი--------------ის ჩვენებასთან, რომელმაც დაადასტურა, რომ ქალიშვილის გადმოცემით იცოდა, რომ დ----------–-–---–ი სწორედ დანის დემონსტრირებით დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით. ასევე საყურადღებოა ი--------------ის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მეუღლეთა კონფლიქტს შეესწრო მათი არასრულწლოვანი ქალიშვილი ნ-----–-------–-–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ მამა დედას ეჩხუბა, რის შემდეგ იგი დააკავეს პოლიციელებმა. სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია დ----------–-–---–ის დამოკიდებულება მოწმე ი--------------ისადმი, რომელიც არათუ ეჭვქვეშ აყენებს მოწმე ი--------------ის ჩვენებას, არამედ იმ ხარისხით ენდობა მას, რომ სთხოვს სწორედ მან აიღოს პასუხისმგებლობა მის ქალიშვილზე - ნ-----–-------–-–---–ზე, რომლის ბედი, მისი განცხადებით, მას აღელვებს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ 2018 წლის 2 ივნისს ნ-------------–---–ზე განხორციელებული მუქარის ფაქტი ასევე დადასტუირებულია შემაკავებელი ორდერით, რომელიც გაიცა მოძალადის - დ----------–-–---–ის მიმართ, მსხვერპლის - ნ-------------–---–ის დასაცავად. და ბოლოს, ის გარემოება, რომ დ----------–-–---–ის მიერ ყოფილ მეუღლეზე ძალადობა არ იყო იშვიათი გამონაკლისი, ასევე დადასტურებულია 2017 წლის 9 აპრილს სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლითაც დამტკიცდა დ----------–-–---–ის მიმართ, ნ---------–-–---–ის დასაცავად გაცემული კიდევ ერთი შემაკავებელი ორდერი.

 

2.24. რაც შეეხება მუქარის რეალურობას, სასამართლოს სურს მიუთითოს, რომ თავად დანის დემონსტრირების ფაქტი, მაშინ როდესაც დაზარალებული წარსულშიც არაერთხელ გამხდარა ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის სამიზნე და ბრალდებული არაერთხელ დამუქრებია მას, რომ ყელს გამოჭრიდა და სხვა მამაკაცის გვერდით არ გაახარებდა, ცალსახად მიუთითებს ამ ქმედების სიცოცხლისათვის სახიფათო ხასიათზე. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს მოწმე ი--------------ის ჩვენებას, რომელმაც ასევე დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ყოველი კონფლიქტის დროს, მას ეშინოდა რომ სიძე მოუკლავდა ქალიშვილს. ამასთან, ერთი შემთხვევა, რომელიც ამ მოწმემ გაიხსენა, რა დროსაც ბრალდებულმა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, დანის გამოყენებით ცადა თვითმკვლელობა, რაც ერთის მხრივ მეტყველებს ბრალდებულის გაუწონასწორებელ ხასიათზე, ასევე დანით მანიპულირების ჩვევაზე და მეორეს მხრივ იმ ფაქტზე, რომ მუქარა, რომელსაც დ----------–-–---–ი ახორციელებდა ნ-------------–---–ზე სიცოცხლისათვის სახიფათოდ აღიქვამდა არა მარტო დაზარალებული, არამედ ასეთად აღიქმებოდა ობიექტურად გარშემომყოფთათვისაც.

 

2.25. დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, რაც ნიშნავს, რომ იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ამასთან, დასკვნით სიტყვაში სასამართლოს შესთავაზა მისეული ვერსია მოვლენების განვითარებისა, სადაც განმარტა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი ყოფილი მეუღლის მეგობარი მამაკაცი ჰ--–----------ა დაკავშირებული იყო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, რაზეც იგი დაელაპარაკა ნ-------------–---–ს, რომელმაც გადაწყვიტა მისი თავიდან მოშორება, რათა ჰ--–----------ასთან გაეგრძელებინა ურთიერთობა. სასამართლოს სურს გაიხსენოს ბრალდებულის საუბარი მოწმე ი--------------ესთან (ყოფილ სიდედრთან) ამ უკანასკნელის დაკითხვისას, რა დროსაც იგი უმტკიცებდა მოწმეს, რომ მისი დაკავების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ჰ--–----------ა ძალადობდა მის არასრულწლოვან ქალიშვილზე, რაც მან გაიგო, აპირებდა პოლიციაში გაცხადებას და სწორედ ამიტომ მოიშორეს იგი თავიდან. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მეტად არასარწმუნოა ბრალდებულის ორივე განცხადება მისთვის დანაშაულის დაბრალების შესაძლო მოტივებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტებს ბრალდებულის სიმთვრალესთან დაკავშირებით, სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ ბრალდებულის მიერ სწორედ სიმთვრალეში მომეტებული აგრესიული ქცევა დაადასტურეს სასამართლოში დაკითხულმა მისმა ყოფილმა მეუღლემ და ყოფილმა სიდედრმა. რაც შეეხება, ამ ჩვენებების საპირწონედ დაზარალებულის მამიდის ჟ--–-------------–---–ის და ძიძის - მ--------------–---–ის ჩვენებების განხილვას, სასამართლო მიუთითებს, რომ არც ყოფილი მეუღლის მამიდა და არც ძიძა, მუდმივად არ ცხოვრობდნენ ბრალდებულთან, ამდენად გაუჭირდებოდათ მის სიმთვრალეში გამოვლელნილ ხასიათზე დაბეჯითებით მსჯელობა. რაც შეეხება შემთხვევის დღეს 2018 წლის 2 ივნისს ბრალდებულის სიმთვრალე/სიფხიზლეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ----------–-–---–ს ბრალი არ ედებოდა სიმთვრალეში დანაშაულის ჩადენაში და ამდენად, სასამართლოს ამ გარემოებაზე სიღრმისეულად მსჯელობა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

2.26. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია მუქარა, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი ასევე არის ყოფილი მეუღლე.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დ----------–-–---–ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ-------------–---–ს, რაც დაზარალებულმა, აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

3.5. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----------–-–---–ს პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოკვლევით, არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც რელევანტურია განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გარემოებებთან, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ----------–-–---–ს, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.5. სასამართლო ითვალისწინებს დ----------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, დანაშაულის მოტივს და მიზანს - სურდა ყოფილ მეუღლესთან თანაცხოვრების გაგრძელება და ამ ხერხით ოჯახის თითქოსდა შენარჩუნება, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს - დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, რომელიც მიუხედავად მის მიერ ნ-------------–---–ზე განხორციელებული ძალადობისა, დაზარალებულის და დაზარალებულის დედის მხრიდან ხასიათდება, როგორც კარგი ადამიანი და მზრუნველი მამა, ასევე მის ეკონომიკურ მდგომარეობას, არის უმუშევარი, არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, ასევე ბრალდებულის კანონისმიერ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ დ----------–-–---–ის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, მიაჩნია, რომ მინიმუმთან მიახლოვებული სასჯელის გამოყენებით, სავსებით შესაძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა - სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება და დ----------–-–---–ის რესოციალიზაცია.

 

6. ნივთმტკიცებათა ბედის გადაწყვეტა:

 

6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: დ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით.

 

2. დ----------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 3 ივნისიდან.

 

3. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დ----------–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე