გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.01.2019
საქმის ნომერი
080210017001847672
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
16.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N080210017001847672

№2/631-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

10 იანვარი 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი ია დვალიშვილი

 

მოსარჩელე ზა---- ზი------ე;

წარმომადგენელი ირინე ამბროლაძე;

 

მოპასუხეები რა–---- ზვ------ე, მა---- თო------–--ლი;

 

დავის საგანი თანხის დაკისრება;

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა.

1.1. რა–---- ზვ------ეს და მა---- თო------–--ლს ზა---- ზი------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 10000 აშშ დოლარის და ყოველთვიური სარგებლის 250 ლარის გადახდა, 2015 წლის 01 ივლისიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 21 ივნისს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ხელშეკრულების საფუძველზე რა–---- ზვ------ეს, მისი მეუღლის მა---- თო------–--ლის თანდასწრებით სესხის სახით გადასცა 10000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, ყოველთვიური სარგებლის 250 ლარის დარიცხვის პირობით. აღნიშნული თანხა მოპასუხეებს სჭირდებოდათ ბიზნეს-საქმიანობისათვის. მოპასუხე რა–---- ზვ------ემ სარგებელი გადაიხადა 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით, სესხის ძირითადი თანხა კი არ დაუბრუნება.

2. მოპასუხის პოზიცია.

2.1. მოპასუხე მა---- თო------–--ლმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი არ დასწრებია რა–---- ზვ------ის მიერ სესხის აღებას და არც არაფერი იცოდა ამ გარიგების შესახებ. მოგვიანებით, მათთან სახლში მივიდა ზა---- ზი------ე, რომელიც თანხის დაბრუნებას ითხოვდა მისი მეუღლისაგან. შესაბამისად, მას არანაირი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ გააჩნია.

2.2. მოპასუხე რა–---- ზვ------ემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 9000 აშშ დოლარის ფარგლებში, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოთხოვნის საფუძველზე 1000 აშშ დოლარი ერთიანად დაუბრუნა მოსარჩელეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ რა–---- ზვ------ე და მა---- თო------–--ლი არის მეუღლეები.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს.

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ივნისს ზა---- ზი------ემ რა–---- ზვ------ეს სესხის სახით გადასცა 10000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით. წერილობით გაფორმებულ შეთანხმებაში, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ მითითებულია, რომ მხარეებს შეეძლოთ შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე იგივე ან შეცვლილი პირობებით.

მტკიცებულებები:

- 2013 წლის 21 ივნისის შეთანხმება (იხ.ს.ფ. 14);

3.2.2. დადგენილია, რომ რა–---- ზვ------ე სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს ზა---- ზი------ეს უხდიდა 2015 წლის ივნისის ჩათვლით.

მტკიცებულებები:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

3.2.3. დადგენილია, რომ შპს „ნიკო და კომპანია -2004“-ის პარტნიორები არიან რა–---- ზვ------ე და მა---- თო------–--ლი, სხვა ორ პირთან ერთად. თუმცა მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომ მა---- თო------–--ლი ესწრებოდა 2013 წლის 21 ივნისის ხელშეკრულების გაფორმებას, იცოდა რაიმე ამ გარიგების შესახებ მისი გაფორმების დროისათვის და რომ სესხის სახით მიღებული თანხა განკუთვნილი იყო სამეწარმეო მიზნების ან ოჯახის საჭიროებისათვის. ასევე რა–---- ზვ------ემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან ზა---- ზი------ეს, მისი მოთხოვნის საფუძველზე ერთიანად დაუბრუნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი 1000 აშშ დოლარი, რადგან არანაირი მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად მხარეებს მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ ახსნა-განმარტება, რომელსაც უარყოფს მეორე მხარე, არ არის საკმარისი სადავო გარემოების დასადასტურებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, მოსარჩელის და მოპასუხის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 1169-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2013 წლის 21 ივნისს ზა---- ზი------ემ რა–---- ზვ------ეს სესხის სახით გადასცა 10000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 250 ლარის ოდენობით. წერილობით გაფორმებულ შეთანხმებაში, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ მითითებულია, რომ მხარეებს შეეძლოთ შეთანხმება ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, იგივე ან შეცვლილი პირობებით. დადგენილია, რომ ახალი შეთანხმება მათ შორის არ შემდგარა, სესხის ძირითადი თანხა მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ დაუბრუნებია, ხოლო პროცენტის თანხას იხდიდა 2015 წლის ივნისის თვის ჩათვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე რა–---- ზვ------ემ ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების ნაწილში ვერ შეასრულა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მასზე 10000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

როგორც მხარეთა შეთანხმებიდან იკვეთება, სეხის ხელშეკრულება დადებული იყო ერთი წლის ვადით, ანუ 2013 წლის 21 ივნისიდან 2014 წლის 21 ივნისის ჩათვლით, მითითებულ პერიოდში მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი პროცენტის თანხა, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს ახალი შეთანხმება არ დაუდვიათ და ისინი არც იმაზე ყოფილან შეთანხმებული, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, თუკი მოპასუხე ვარ დააბრუნებდა სესხის ძირითად თანხას, პროცენტის თანხის დარიცხვა გაგრძელდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. (საქმეას-1701-1685-2011)

 

მოცემულ შეთხვევაში, სახეზე არაა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში პროცენტის დარიცხვის თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის ივნისის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხეზე პროცენტის თანხის დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6.3. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, რა–---- ზვ------ესთან ერთად მა---- თო------–--ლისათვის სესხის თანხის სოლიდარულად დაკისრების შესახებ. წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებაში მა---- თო------–--ლი საერთოდ არაა მითითებული, მას მოსარჩელისაგან არანაირი თანხა არ მიუღიათ და არც მისი გადახდის ვალდებულება უკისრია, არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ რა–---- ზვ------ემ სესხი აიღო სამეწარმეო ან ოჯახის ინტერესებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მეუღლეთა ვალის დაფარვის წესს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ამ კუთხითაც არ არსებობს ფაქტობრივი გარემოებები მა---- თო------–--ლის მიმართ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლით, მეუღლეთა საერთო ვალები მათ შორის იყოფა საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის თანაზომიერად. ამავე კოდექსის 1170-ე მუხლით, 1. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დასაფარავად გადახდევინება შეიძლება მოხდეს მისი ქონებიდან ან/და თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში. 2. აღნიშნული ვალების გამო მეუღლეთა საერთო ქონებიდან გადახდევინება შეიძლება მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ, რაც ვალდებულებით იყო მიღებული, გამოყენებულია მთელი ოჯახის საერთო ინტერესებისათვის. მოცემულ დავაში მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით, რაც უარყო მოწინააღმდეგე მხარემ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მეოთხე მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ვინაიდან, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მა---- თო------–--ლის პასუხისმგებლობა რა–---- ზვ------ის მიერ აღებულ ვალთან დაკავშირებით, მის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სარჩელი დაკმაყოფილდა რა–---- ზვ------ის მიმართ 10000 აშშ დოლარის ფარგლებში, მოპასუხემ სარჩელი ცნო 9000 აშშ დოლარის ფარგლებში, შესაბამისად, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის 3%, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით, რაც შეადგენს 77,4 ლარს;

8 სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

განსახილველ შემთხვევაში სარჩელი მა---- თო------–--ლის მიმართ არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მა---- თო------–--ლის (პ/ნ 09001007844) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი ბაღდათი ქუჩა ჭავჭავაძე N3 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 30.11.33.159 უნდა გაუქმდეს. რაც შეეხება 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას რომლითაც ყადაღა დაედო რა–---- ზვ------ის სახელზე რიცხულ შემდეგ უძრავ-მოძრავ ქონებებს: უძრავ ქონებას, მდებარე ბაღდათი ქუჩა რუსთაველი N35, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N30.11.33.149; ავტოსატრანსპორტო საშუალებებს - M---------------O 1,8 IO, სახ. ნომერი DAD101, გამოშვების წელი 1998, შასი H76W0013177 , ტექ. პასპორტი DV1899218 და SCANIA R124LA, სახ. ნომერი LCL204, გამოშვების წელი 2000, ტექ. პასპორტი DV0446847, შასი X---------------- უნდა დარჩეს ძალაში;

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზა---- ზი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. რა–---- ზვ------ეს ზა---- ზი------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10000 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. ზა---- ზი------ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. რა–---- ზვ------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 77,4 ლარის გადახდა;

3. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მა---- თო------–--ლის (პ/ნ 09001007844) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქალაქი ბაღდათი ქუჩა ჭავჭავაძე N3 მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 30.11.33.159;

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისის განჩინებით გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - დარჩეს ძალაში.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე