განაჩენი

სისხლის სამართლის 13.12.2018
საქმის ნომერი
330100118002691229
თარიღი
13.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----–-----------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---------–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–----------–------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა----------------------.

 

ადვოკატი - ო-–----------ე;

 

თარჯიმანი - მ----------–----ე;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

გ---------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისში, ა-----------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის შუალედში, გ---------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------------–---–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი დაახლოებით ათჯერ დაარტყა თავის, კისრისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. გ---------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ---------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გ---------–---–მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები თავისი და დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

2.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

2.4. დაზარალებულ თ------------–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აპრილიდან ის და მისი ძველი მეზობელი გ---------–---–ი ერთად გადავიდნენ ქირით საცხოვრებლად ქ. თბილისში, ა-----------------------ში, სადაც ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას, რაც გამოიხატებოდა ბინის ქირის გახდაში, კომუნალური გადასახადების გადახდასა და საკვების ყიდვაში. თ------------–---–სა და გ---------–---–ს ჰქონდათ ნორმალური, დედა-შვილური ურთიერთობა. 2018 წლის 3 სექტემბერს, დილის დაახლოებით 2:00 საათიდან 3:00 საათამდე პერიოდში, თ------------–---–ი იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც სახლში მივიდა გ---------–---–ი მეზობელ ფ--------------თან ერთად. ისინი ამ დროს ნასვამები იყვნენ. გ---------–---–მა თ------------–---–ს უთხრა, რომ ამდგარიყო, რადგან მასთან სალაპარაკო ჰქონდა, რაზეც თ------------–---–მა უარი უთხრა. ამის გამო გ---------–---–მა თ------------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ აგინა, ფეხზე წამოაყენა და მუშტი დაახლოებით ათჯერ დაარტყა თავის, კისრისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფ--------------ს არ უცდია გ---------–---–ის დამშვიდება და გაშველება. თ------------–---–ი გამოვიდა სახლიდან და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელმაც აღმოუჩინა დახმარება, თუმცა თ------------–---–ს ექიმებისთვის არ უთქვამს დაზიანებათა გამომწვევი რეალური მიზეზები, რადგან გ----------–---–ი შეეცოდა, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. მოგვიანებით თ------------–---–ს შეეშინდა გ---------–---–ის მიერ კიდევ ერთხელ ცემის და მის წინააღმდეგ განცხადებით მიმართა პოლიციას.

 

2.5. ბრალდებულმა გ---------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა, რომ თ------------–---–ი არის მისი ყოფილი მეზობელი, რომელთანაც ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა. როდესაც თ------------–---–ს სოფლიდან ჩამოჰქონდა პროდუქტები გასაყიდად, ხშირად, მის ოჯახშიც რჩებოდა და დედამისთან მეგობრობდა. შემდეგ გ---------–---–ს დედა გარდაეცვალა, ხოლო თვითონ გაასამართლეს და სასჯელი პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა. გათავისუფლების შემდეგ გ---------–---–ს დაუკავშირდა თ-------------–---–ი და შეხვდა. ისინი შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ ერთად ექირავებინათ ბინა, სადაც გადავიდოდნენ საცხოვრებლად. თანაცხოვრების პერიოდში მათ კონფლიქტი არ მოსვლიათ, მაგრამ შემთხვევამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თ------------–---–ი სიტყვიერად იწვევდა გ---------–---–ს, რაც გამოიხატებოდა წყევლასა და პირად შეურაცხყოფებში, რის გამოც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. ამ ვითარებაში გ---------–---–ი გამოვიდა წყობილებიდან და თ------------–---–ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის შემდეგაც თავადვე წამოაყენა. დარტყმის შედეგად თ------------–---–ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ბრალდებულმა მას სველი ცხვირსახოცი მიაწოდა და ეზოში გაიყვანა სკამზე დასაჯდომად. ხელის დარტყმის ფაქტს არ შესწრებია მეზობელი ფ--------------ი, მან კონფლიქტის დაწყებისთანავე დატოვა ბინა.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

 

2.7. 2018 წლის 3 სექტემბრის #2------ განცხადების მიხედვით დასტურდება, რომ თ------------–---–მა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------- განყოფილების უფროსს მიმართა და მოახსენა, რომ იგი ქ. თბილისში, კ. ა-----------------------ში ცხოვრობს გ---------–---–თან ერთად, რომელმაც 2018 წლის 3 სექტემბერს გვიან ღამის საათებში მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა (ტომი I, ს.ფ. 2).

 

2.8. #2------ შეტყობინების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, 07:25 საათზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის საფუძველზე თ------------–---–ი გადაყვანილ იქნა რეფერალურ ჰოსპიტალში (ტომი I, ს.ფ. 3-4).

 

2.9. 2018 წლის 3 სექტემბრის #0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მოქალაქე თ------------–---–მა მიმართა პოლიციას, რომელსაც განუცხადა, რომ მასთან ერთად მცხოვრებმა მეგობრის შვილმა - გ---------–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა (ტომი I, ს.ფ. 5).

 

2.10. თ------------–---–ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათით და თანდართული სამედიცინო დოკუმენტაციით დასტურდება, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს თ------------–---–ს გაეწია სამედიცინო დახმარება, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, გულისრევას და თავბრუსხვევას. პაციენტ თ------------–---–ის გადმოცემით, სახლში ყოფნისას მას ახლობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელმაც თავში ურტყა მუშტები. თ------------–---–ს დაუდგინდა: ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები; თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრამვა და ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა. იგი კლინიკაში მიყვანილი იქნა ,,112“-ის მიერ (ტომი I, ს.ფ. 64-85).

 

2.11. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, გ---------–---–ის მიერ თ------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.14. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.15. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.16. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ---------–---–ი და თ------------–---–ი ცხოვრობდნენ ერთად და მუდმივად ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

2.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ თ------------–---–ის სამედიცინო ისტორიით, რომელიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, უტყუარად არის დადგენილი, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს თ------------–---–ს გაეწია სამედიცინო დახმარება, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, გულისრევას და თავბრუსხვევას. პაციენტ თ------------–---–ის გადმოცემით, სახლში ყოფნისას მას ახლობელმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელმაც თავში ურტყა მუშტები. თ------------–---–ს დაუდგინდა: ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები; თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრამვა და ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა. იგი კლინიკაში მიყვანილი იქნა ,,112“-ის მიერ (ტომი I, ს.ფ. 64-85).

 

2.18. გ---------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია დაზარალებულ თ------------–---–ისა და თავად გ---------–---–ის ჩვენებებით, აგრეთვე თ------------–---–ის განცხადებით, შეტყობინების ოქმით და შემაკავებელი ორდერით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს. თ------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 3 სექტემბერს დილის საათებში გ---------–---–მა მას დაახლოებით 10-ჯერ ჩაარტყა მუშტი სახის არეში. ფიზიკური ძალადობის ფაქტი ასევე დაადასტურა გ---------–---–მაც, თუმცა აღნიშნა, რომ მან თ------------–---–ს მხოლოდ ერთხელ ჩაარტყა ხელი სახის არეში. სასამართლო გ---------–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი უარყოფს თ------------–---–ის მიმართ არაერთხელ დარტყმის ფაქტს, ვერ გაიზიარებს, რადგან საქმეში არსებული თ------------–---–ის სამედიცინო ისტორიით დასტურდება, რომ აღნიშნული შემთხვევის შედეგად თ------------–---–მა მიიღო ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები, თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრამვა და ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა, აღნიშნული დაზიანებები კი მიუთითებს, რომ გ---------–---–მა თ------------–---–ს არაერთხელ დაარტყა სახის არეში.

 

2.19. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 3 სექტემბერს, ქ. თბილისში, ა-----------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში, დაახლოებით 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის შუალედში, გ---------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ------------–---–ს, კერძოდ, მარჯვენა ხელის მუშტი დაახლოებით ათჯერ დაარტყა თავის, კისრისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.20. თ------------–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის თავზე და სახეზე (ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები; თავის სხვა ნაწილების ზედაპირული ტრამვა და ტუჩისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა) არსებული დაზიანებები, რაც უტყუარად არის დადასტურებული თ------------–---–ის სამედიცინო ისტორიის დოკუმენტაციით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მასალებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული თ------------–---–ი შემთხვევის შემდეგ უჩიოდა თავის ტკივილს, გულისრევას და თავბრუსხვევას. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------------–---–ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

2.21. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.22. დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდებულმა გ---------–---–მა ფაქტობრივად აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის მინიმალური ზომის განსაზღვრა.

 

2.23. სასამართლო მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.7. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ---------–---–მა თ------------–---–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მარჯვენა ხელის მუშტი დაახლოებით ათჯერ დაარტყა თავის, კისრისა და მუცლის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც გ---------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. გ---------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ იგი ფაქტობრივად აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების ჭრილში განხილულ უნდა იქნეს მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს გ---------–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს გ---------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა თ------------–---–ზე, რომელთან ერთადაც ეწეოდა საერთო საოჯახო მეურნეობას, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება გ---------–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

ამასთანავე სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ბრალდებული გ---------–---–ი გასამართლებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სკკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც შეადგენდა თავისუფლების აღკვეთას 1(ერთი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და გ---------–---–ს საბოლოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის და 6(ექვსი) თვის ვადით, საიდანაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ვადა 3(სამი) წელი თ/აღკვეთა ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭოს 20---–-–------------- გადაწყვეტილებით, გ---------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 5(ხუთი) თვითა და 1(ერთი) დღით ადრე და იგი გათავისუფლდა პატიმრობიდან, შესაბამისად მას სასამართლო განუსაზღვრავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ---------–---–ის მიმართ გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 1(ერთი) წლის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 10(ათი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და გ---------–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის და 10(ათი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 5 სექტემბრიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე