გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210017002001134
(საქმე N2/18083-17)
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
8 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
მოსარჩელე შპს „დ----ა“
მოპასუხე თამთა თ---–--–---–ი
დავის საგანი ზიანის ანაზღაურება
სასამართლომ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს "დ----ას" სარჩელი მოპასუხე თამთა თ---–--–---–ის მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2018 წლის 19 დეკემბერს, სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხე - თამთა თ---–--–---–ის წარმომადგენელმა დ---ა მ-----–-–---–მა და იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. განმცხადებლის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში არ არის ნამსჯელი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხზე, რომელიც შეადგენს 500 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.
საქმის მასალებისა და სასარჩელო მოთხოვნის გაცნობის შედეგად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მოცემულ სამოქალაქო საქმეზე მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის მე-31 პუნქტის შესაბამისად, მსგავს შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. „დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება“.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა 2018 წლის 22 ნოემბერს და გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდა თამთა თ---–--–---–ის არც ერთი წარმომადგენელი. როგორც განმცხადებელი თამთა თ---–--–---–ის წარმომადგენელი დ---ა მ-----–-–---–ი უთითებს, ის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გაეცნო 2018 წლის 19 დეკემბერს. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა თამთა თ---–--–---–ის წარმომადგენლებს ჩაბარდათ დასაბუთებული გადაწყვეტილება ან სასამართლო მოხელის მიერ განემარტათ გამოცხადებული გადაწყვეტილების შინაარსი. ამდენად, სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მითითებას, გადაწყვეტილების ჩაბარების ვადად 2018 წლის 19 დეკემბრის მითითების თაობაზე.
აღნიშნულ თარიღამდე, განმცხადებელი ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას, წინასწარ განეჭვრიტა სარეზოლუციო ნაწილის შესაძლო ხარვეზი და სსსკ-ის 261.2-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის დაცვის საჭიროება. მას შემდეგ, რაც ის გაეცნო დასაბუთებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მოთხოვნით საქმის განმხილველ სასამართლოს მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარების დღესვე, შვიდ დღიანი ვადის დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯს. ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მოთხოვნა მის მიერ გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, სახელდობრ მოპასუხე მხარის მიერ გაღებული იქნა ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი - 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში 1195.10 ლარი (ს.ფ. 119). წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის (17075 ევროს 4% მეტია, ვიდრე მოთხოვნილი თანხა), საქმის სირთულის გათვალისწინებით სასამართლო გონივრულად მიაჩნია წარმომადგენლის დახმარებისათვის მოპასუხის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების დაკისრება. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაღებული ხარჯი 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - 1195.10 ლარი, უნდა დაეკისროს მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ .
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 261-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თამთა თ---–--–---–ის წარმომადგენლის დ---ა მ-----–-–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და მიღებული იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება;
2. მოსარჩელე შპს ,,დ----ას" მოპასუხე თამთა თ---–--–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში - 1195.10 ლარი;
3. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მხარეებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დამატებითი გადაწყვეტილების ასლი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე