განაჩენი

სისხლის სამართლის 07.12.2018
საქმის ნომერი
060100118002691529
დავის ტიპი
126
თარიღი
07.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/165-18

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

№067160918001

07 დეკემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–--–---------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პო-–------------------------------------------–-------–-–---------------------------------------------------–----------------------------------–-------------

 

ადვოკატი- რო-------------–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 1261მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 და 16 სექტემბრის ეპიზოდები).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ---–----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2018 წლის 15 სექტემბრის ეპიზოდი) ამავე დადგენილების მიხედვით, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი)

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, ხონის რაიონის სო---–----------–ი მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ---–----------------ემ, ყოფით ნიადაგზე განაწყენების გამო, მეუღლეს მა---------------ს, ოთხი წლის შვილიშვილის ანა------------------ის თანდასწრებით მარჯვენა მკლავის არეში ორჯერ დაარტყა მუშტი. პ---–----------------ის ქმედების შედეგად მა---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ხონის რაიონის სოფელ მ--------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლის ეზოში პ---–----------------ემ, ყოფით ნიადაგზე განაწყენების გამო, რკინის მასალისაგან დამზადებული იატაკის საწმენდი ჯოხის, გულმკერდისა და მარცხენა მკლავის არეში რამდენიმეჯერ დარტყმის გზით, შვილიშვილის ოთხი წლის ანა------------------ის თანდასწრებით, ძალადობა განახორციელა მეუღლეზე მა---------------ზე. პ---–----------------ის ქმედების შედეგად მა---------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა |პ---–----------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ პ---–----------------ის ახლო ნათესავებმა კერძოდ, მეუღლემ - დაზარალებულმა მა---------------მ და შვილმა- მოწმე ნ--------------ემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის , ბრალდებულ პ---–----------------ის წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე რამი-----–-----–---–-ა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 16 ოქტომბერს ხონის რაიონულ სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე. მის მიერ მოცემულ საქმეზე გამოკითხულ იქნა მა--------------- და ნ--------------ე, მის მიერვე მოხდა მ-----------------ათვის დაზარალებულად ცნობის დადგენილების გაცნობა, აგრეთვე დაზარალებულის სახით გამოკითხულ იქნა მა---------------. მისივე თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარებულ იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ამოღებულ იქნა იატაკის სწმენდი ჯოხი, რომელიც მ----------------- განმარტებით მისმა მეუღლემ პ---–----------------ემ ჩაარტყა გულმკერდისა და მკლავის არეში. ასევე მის მიერვე მ-----------------ა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ო-------------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც მა---------------მ მიუთითა ადგილი, სადაც მოხდა კონფლიქტი, კერძოდ, დაზარალებულის მითითებით ეს იყო სამზარეულო და სახლის უკან მდებარე ეზო. აღნიშნული დასურათებული იქნა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით. ასევე მის მიერვე გაიგზავნა მიმართვები სხვადასხვა ორგანიზაციებში ინფორმაციის მიღების მიზნით.

სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა–------------მ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 სექტემბერს დეტექტივ-გამომძიებელ რ--------–-----–--ლის მიერ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. რ--------–-----–--ლის მიერ დაზარალებულის სახით გამოკითხვის შემდგომ, ცნობილი გახდა, რომ პ---–----------------ე იმყოფებოდა ხონის რაიონის სოფელ მ--------ში ჩაის ფაბრიკაში, მის სამუშაო ადგილზე, მან შსს ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების უფროს ო-------------ესთან და უბნის ინსპექტორ დ-----------–---–----თან ერთად. დააკავეს პ---–----------------ე რა დროსაც განუმარტა მისი უფლებები, რის შემდეგაც იგი გადმოყვანილ იქნა შსს ხონის რაიონულ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე იგი დაუკავშირდა პ---–----------------ის დას და აცნობა, რომ იგი იყო დაკავებული სსკ-ის შესაბამისი მუხლით. ამის შემდეგ პ---–----------------ეს ალკოჰოლურ თრობაზე ალკოტესტით შემოწმებისას დაუდგინდა სიმთვრალე, რის გამოც მისი გამოკითხვა იმავე დღეს ვერ მოხერხდა და იგი გადაყვანილ იქნა შსს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ს-----–---------–-----მა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე -გამომძიებლის თანამდებობაზე .მოცემულ საქმეზე მის მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მოქალაქე მ----------------- მიმართ, რადგან იგი მიუთითებდა, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს ამ უკანასკნელმა იატაკის საწმენდი რკინის ჯოხით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისი მიმართვის საფუძველზე დაზარალებული მიყვანილ იქნა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ადგილზე ფიზიკური გასინჯვით ჩაუტარდა შესაბამის ექსპერტიზა .

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–----------------–-ილმა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მას რ--------–-----–--ლთან და მა---------------სთან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო ექსპერიმენტში. ექსპერიმენტი მიმდინარეობდა მშვიდ და წყნარ ვითარებაში , ყოველგვარიო იძულების გარეშე.

 

2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N006541418 დასკვნის მიხედვით მოქ. მა---------------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით, კერძოდ ,უჩიოდა თავის ტკივილს თავისა და მარცხენა ზედა კიდურის მიდამოში, მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე, ზედა და შუა მესამედების დონეზე, უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე წითელი-მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 9,5 X1,6 სმ -ზე. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე ფორმის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს,ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გი------------ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულის, მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა პ---–----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2018 წლის 15 და 16 სექტემბრის ეპიზოდები)

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ პ---–----------------ის პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე,საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ -დაზარალებულმა მა---------------მ და შვილმა -მოწმე ნ--------------ემ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - ბრალდებულ პ---–----------------ის წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, პ---–----------------ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ მ----------------- და მოწმე ნ--------------ის ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ პ---–----------------ის წინააღმდეგ. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად პოლიკარპე ნბარაბაძე უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ პ---–----------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. (2018 წლის 15 და 16 ეპიზოდები), უფრო მეტიც, მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, პ---–----------------ის მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად ბრალდებული პ---–----------------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 და 16 სექტემბრის ეპიზოდებში) წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პ---–----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, აგრეთვე ამავე კოდექსის 1261მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 15 და 16 სექტემბრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.

 

პ---–----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ პ---–----------------ეს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

ნივთიერი მტკიცებულება -შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული , იატაკის საწმენდი ჯოხი, რომელიც ინახება შსს ხონის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე