გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.12.2018
საქმის ნომერი
330210017002127254
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
24.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

330210017002127254

საქმე # 2/27615-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24.12.2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე

სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი

მოსარჩელე მ---------–-----ე

მოსარჩელის წარმომადგენელი ტ------–-----–-–---–-,მოპასუხე ს----–-–-------------------------–-------------

მოპასუხის წარმომადგენელი მ---------------,დავის საგანი: საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-12-ში მდებარე, გ--------------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა და მოსარჩელე მ---------–-----ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს---------–-–-------------------------–-------------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების შესაბამისად, ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-12-ში მდებარე უძრავი ნივთი რეგისტრირებულია გ--------------–---–ის საკუთრებად.

ქალაქ თბილისში, ი--ის რაიონში, ს-----–---–-- დასახლების 1 ქუჩას და მასთან არსებულ სამ ჩიხს ბ---- გ----ას სახელი ეწოდა.

ქ. თბილისი, ბ---- გ----ა ქუჩა #10-12 (ყოფ. ს-----–---–--ს დასახლება #10-12) საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათება (ს.ფ. 36; ს.ფ. 98);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია (ს.ფ. 95);

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია (ს.ფ. 149);

 

3.1.2. გ--------------–---–ი გარდაიცვალა 1974 წელს.

ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გ--------------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე.

ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრის ინფორმაციის ტანახმად, რეესტრში მოიძებნა ჩანაწერი 1974 წლის 1 მარტს გარდაცვლილი გ--------------–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.

1974 წლის 25 იანვარს გ--------------–---–მა სანოტარო წესით დაადასტურა ანდერძი, რომლითაც მისი ქონება უანდერძა მის ერთადერთ შვილს - თ------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 16);

- ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ. 39);

- ინფორმაცია ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან (ს.ფ. 105);

- ანდერძი (ს.ფ. 40);

 

3.1.3. გ--------------–---–ის შვილის, თ------------–---–ის მიერ სანოტარო წესით დამოწმდა განცხადება, რომლითაც ადასტურებს, რომ მან არ მიიღო სადავო უძრავი ქონება, როგორც მამის სამკვიდროს ნაწილი, რადგან ეს ქონება გასხვისებული იყო მ---------–-----ეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თ------------–---–ის დაბადების მოწმობა (ს.ფ 147);

- განცხადება (ს.ფ. 125);

 

3.1.4. მ---------–-----ე 1986 წლიდან არის რეგისტრირებული ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-ში.

ს-----–---–-- დასახლება #1-ში, გ--------------–---–ის სახელით ნაწარმოებ საბინაო წიგნში რეგისტრირებული არიან, 1986 წელს ა-–-------------ა და 1974 წელს ა-–-------–--–---ა.

ა-–-------–--–---ა არის მ---------–-----ის დედა და ის გარდაიცვალა 2014 წელს.

ჟ--–-----–-----ე 1974 წლიდან არის რეგისტრირებული ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-ში.

სს თელასის მონაცემებით ს/დ 1 ქ #10-ში 1996 წლის მონაცემებით აბონენტად რეგისტრირებული იყო ა-–-------–--–---ა, ხოლო 2018 წლის მდგომარეობით ა-–-------------ა იგივე სააბონენტო ბარათზე, სადაც უკვე მისამართია ბ---- გ----ას ქუჩა #10.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ. 42);

- საბინაო წიგნის ასლი (ს.ფ. 17-19);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 41);

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 35);

- საინფორმაციო ბარათი (ს.ფ 151);

- სს თელასის ინფორმაცია (ს.ფ. 148);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ---------–-----ის დედამ, ჟ--–-------–-----ემ დაახლოებით 50 წლის წინ შეიძინა ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-ში, მდებარე საცხოვრებელი სადგომი გ--------------–---–ისაგან, რასაც დღემდე ფლობს მ---------–-----ე.

მ---------–-----ე არის სადავო საცხოვრებელი სადგომის მოსარგებელე.

ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომი, რაც რეგისტრირებულია გ--------------–---–ის საკუთრებად, არის უმკვიდრო

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

„საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, მე-9 მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

 

კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება არის წერილობითი საბუთი/საბუთები, რომლითაც/რომლებითაც მესაკუთრე ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის გაყიდვის ნებას და ნასყიდობის ფასის მიღებას;

 

,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილია, რომ ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეა მ---------–-----ე. მისი საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეობის უფლება დასტურდება, საცხოვრებელი სადგომის დათმობის შესახებ გარიგებით, რაც დაადასტურა მესაკუთრის მემკვიდრემ, საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაციითა და კომუნალური გადასახადების გადახდით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

 

დადგენილია, რომ გ--------------–---–ი გარდაცვლილია და მისმა ანდერძისმიერმა მემკვიდრემ არ მიიღო სადავო უძრავი ქონება.

 

6.2. ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილი ან გარდაცვლილად გამოცხადებულია და არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, მოსარგებლე უფლებამოსილია მოითხოვოს დაკავებული საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობა (საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის შესახებ სარჩელი). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარგებლეს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში პირმა საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოიპოვოს სადგომზე საკუთრების უფლება, აუცილებელია შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: 1) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობა წარმოშობილი უნდა იყოს 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე. 2) მოსარჩელე უნდა იყოს ამ კანონით გათვალისწინებული მოსარგებლე ან მისი უფლებამონაცვლე; 3) საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე უნდა იყოს გარდაცვლილი; 4) გარდაცვლილი მესაკუთრის დანაშთი ქონება უნდა აკმაყოფილებდეს უმკვიდრო ქონებად ცნობის კრიტერიუმებს.

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული წინაპირობები, რის გამოც გ--------------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი, მდებარე - ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-ში, ცნობილი უნდა იქნეს უმკვიდროდ და უსასყიდლო საკუთრებაში უნდა გადაეცეს მოსარჩელეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 268-ე, 270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ---------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. უმკვიდროდ იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა-დახასიათების მიხედვით, ქ. თბილისი, ს-----–---–-- დასახლება 1 ქუჩა 10-12-ში მდებარე, გ--------------–---–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომი და იგი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცეს მოსარჩელე მ---------–-----ეს.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანა ჩოგოვაძე