გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210017001676376
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/922-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივან ანა მეშველიანი

მოსარჩელე - სს „ი------ი“

წარმომადგენელი - გ------- გ-----ე

მოპასუხეები - დ-------- კ-----ე, გ------- გ------–--ე

წარმომადგენელი - ნ---- ყ----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე გ------- გ------–--ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 6 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 23000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის 2419 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხე გ------- გ------–--ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 23000 აშშ დოლარის 2%-ის გადახდა ყოველთვიურად 28.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.3. მოპასუხე დ-------- კ-----ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 6 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 12000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის 1262 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.4. მოპასუხე დ-------- კ-----ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 12000 აშშ დოლარის 2%-ის გადახდა ყოველთვიურად 28.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.5. მოპასუხე დ-------- კ-----ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის 105 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.6. მოპასუხე დ-------- კ-----ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1000 აშშ დოლარის 2%-ის გადახდა ყოველთვიურად 28.03.2018 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

1.7. დავალიანების ამოღების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე: თბილისი, ს-----ის ქუჩა #-- ს.კ 0----------------------, ს.კ 0----------------------, ს.კ 0----------------------, ს.კ 0---------------------- და ს.კ 0----------------01.500 რეალიზაცია.

 

მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს სს „ი------ისა“ და გ------- გ------–--ეს შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა 23000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო სესხის ვადა - 60 თვით.

 

სს „ი------ისა“ და დ-------- კ-----ეს შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა 12000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო სესხის ვადა - 60 თვით.

 

სს „ი------ისა“ და დ-------- კ-----ეს შორის 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო სესხის ვადა - 53 თვით.

 

2015 წლის 6 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნა დავალიანების ამოღება.

 

მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი, რის გამოც ერიცხებათ დავალიანება ძირი თანხისა და სარგებლის სახით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს „ი------ისა“ და გ------- გ------–--ეს შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №-----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა 23000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო სესხის ვადა - 60 თვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

სესხის ხელშეკრულება №----------- (ს.ფ. 23-25).

 

3.1.2. სს „ი------ისა“ და დ-------- კ-----ეს შორის 2015 წლის 6 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №0----------- რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა 12000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო სესხის ვადა - 60 თვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

სესხის ხელშეკრულება №----------- (ს.ფ. 17-19).

 

3.1.3. სს „ი------ისა“ და დ-------- კ-----ეს შორის 2015 წლის 11 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1----------, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხის თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 24%-ით, ხოლო სესხის ვადა - 53 თვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

სესხის ხელშეკრულება №1---------- (ს.ფ. 20-22).

 

3.1.4. 2015 წლის 6 თებერვალს სესხის ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №0----------- რომლის საფუძველზე იპოთეკით დაიტვირთა გ------- გ------–--ის და დ-------- კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები, მდებარე: თბილისი, ს-----ის ქუჩა #--, ს/კ 0----------------

 

იპოთეკის ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 102-105).

იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-33).

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 34-35).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით მოპასუხე გ------- გ------–--ის დავალიანება სს "ი------ის" მიმართ 2015 წლის 6 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირი თანხა 23000 აშშ დოლარს და საპროცენტო სარგებელი 2419 აშშ დოლარს.

 

2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით მოპასუხე დ-------- კ-----ის დავალიანება სს "ი------ის" მიმართ 2015 წლის 6 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირი თანხა 12000 აშშ დოლარს და საპროცენტო სარგებელი 1262 აშშ დოლარს.

 

2018 წლის 28 მარტის მდგომარეობით მოპასუხე დ-------- კ-----ის დავალიანება სს "ი------ის" მიმართ 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს სესხის ძირი თანხა 1000 აშშ დოლარს და საპროცენტო სარგებელი 105 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).

ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 43).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ი------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 403-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება დაებრუნებინა სესხის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ერთ შემთხვევაში 23000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 12000 და 1000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც მსესხებლებმა აითვისეს. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს გადაცემული სესხის ძირი თანხების დაბრუნება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იყო სესხით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება წლიური 24%. 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებები დაიდო 60 თვით, ხოლო 2015 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულება 53 თვით. შესაბამისად, გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით დარიცხული სარგებლის ანაზღაურება სსკ 625-ე მუხლის საფუძველზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე გ------- გ------–--ეს უნდა დაეკისროს სარგებლის სახით 2018 წლის 28 მარტამდე დარიცხული სარგებელი - 2419 აშშ დოლარი, დ-------- კ-----ეს 2015 წლის 6 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 2018 წლის 28 მარტამდე დარიცხული სარგებელი - 1262 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2015 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 105 აშშ დოლარი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2018 წლის 28 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2%-ის დაკისრების თაობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში ეს წინაპირობები სახეზეა არ გვაქვს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სამივე სესხის ხელშეკრულების მეოთხე პუნქტი განსაზღვრავს პროცენტის დარიცხვის წესს. კერძოდ, 4.1. პუნქტის თანახმად - პროცენტი იანგარიშება სესხით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად. სესხის ძირითადი თანხის ნაწილობრივი დაფარვის შემთხვევაში პროცენტის დარიცხვა სესხის მოქმედების ვადის განმავლობაში გაგრძელდება დარჩენილ ძირ თანხაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს სარგებლის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადით (60 თვე და 53 თვე) და არა აღსრულებამდე. აღნიშნული შეთანხმება არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის კვალიფიკაციის საფუძველს.

 

ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების შესაბამისი პირობებიდან და კანონიდან გამომდინარე მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ერთ შემთხვევაში, 2020 წლის 6 თებერვლამდე და მეორე შემთხვევაში, 2020 წლის 11 იანვრამდე პერიოდის განმავლობაში შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის მოპასუხეთათვის გადახდის დაკისრება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იპოთეკა შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს სამომავლო ან პირობით მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ იპოთეკის დადგენის მომენტისათვის შესაძლებელია ამ მოთხოვნის განსაზღვრა.

 

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, მოპასუხეთა კუთვნილი უძრავი ქონებების იძულებით რეალიზაციის გზით.

 

რაც შეეხება მოპასუხეთა წარმომადგენლის მითითებას მასზედ, რომ ყველა ქონების რეალიზაციის საჭიროება არ არის, ვინაიდან ქონებები ძვირადღირებულია, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება დაიყო რამოდენიმე საკადასტრო კოდად მორიგების ხელშეწყობის მიზნით, თუმცა ეს საკითხი ვერ გახდება მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ რომელიმე იპოთეკის საგანზე რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმების საფუძველი. ქონებების შეფასება და მათი რეალიზაციით მოთხოვნათა დაკმაყოფილება აღსრულების ეტაპზე გადასაწყვეტი საკითხია.

 

6.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელმა იშუამდგომლა გადაწყვეტილების განაწილვადება ერთი წლის ვადით.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა მიერ არ არის დასაბუთებული ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობები. კერძოდ, სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით არ არის დადასტურებული მოპასუხეთა ისეთი ქონებრივი მდგომარეობა, რაც განაპირობებს გადაწყვეტილების განაწილვადებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ დაუსაბუთებელი შუამდგომლობის დაკმაყოფილებით ირღვევა საპროცესო კანონმდებლობით გამყარებული თანასწორობის პრინციპი და ბალანსი მხარეთა ინტერესებს შორის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული.

 

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს "ი------ის" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე გ------- გ------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 06 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხის 23 000 აშშ დოლარისა და საპროცენტო სარგებლის 2419 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე გ------- გ------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 მარტიდან 2020 წლის 06 თებერვლამდე სესხის ძირი თანხის - 23 000 აშშ დოლარის ან დარჩენილი ძირი თანხის ყოველთვიური 2%-ის გადახდა.

 

4. მოპასუხე დ-------- კ-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 06 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 12 000 აშშ დოლარის და საპროცენტო სარგებლის 1262 აშშ დოლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე დ-------- კ-----ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 28 მარტიდან 2020 წლის 06 თებერვლამდე სესხის ძირი თანხის 12 000 აშშ დოლარის ან დარჩენილი ძირი თანხის ყოველთვიური 2%-ის გადახდა.

 

6. მოპასუხე დ-------- კ-----ეს 2015 წლის 11 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის 105 აშშ დოლარის გადახდა.

 

7. მოპასუხე დ-------- კ-----ეს 2018 წლის 28 მარტიდან 2020 წლის 11 იანვრამდე დაეკისროს სესხის ძირი თანხის 1000 აშშ დოლარის ან დარჩენილი ძირი თანხის ყოველთვიური 2% გადახდა.

 

8. დავალიანების ამოღების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე: თბილისი, ს-----ის ქუჩა #-- ს.კ 0----------------------, ს.კ 0----------------------, ს.კ 0----------------------, ს.კ 0---------------------- და ს.კ 0----------------01.500 რეალიზაცია.

 

9. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებაზე მოპასუხეებს ეთქვათ უარი.

 

10. მოპასუხეებს დ-------- კ-----ეს და გ------- გ------–--ეს სს "ი------ის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროთ 3758.5 ლარის ანაზღაურება.

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე