გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.12.2018
საქმის ნომერი
330210018002721874
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
11.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/33135-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე სს ”თ--–---”

წარმომადგენელი ვ------------------

მოპასუხე ც---–ა კი------ე

წარმომადგენელი მამუკა კი------ე

დავის საგანი თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ც---–ა კი------ეს მოსარჩელე სს ,,თ--–---ს” სასარგებლოდ დაეკისროს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 1064.36 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის მიხედვით, სს „თ--–---“ და ც---–ა კი------ე იმყოფებიან სახელშეკრულებო ურთიერთობაში. მოსარჩელე ელექტროენერგიით ამარაგებს მოპასუხეს, რომლის შესაბამისადაც იგი ვალდებულია გადაიხადოს საფასური. #21----- აბონენტს მოსარჩელის მიმართ ელექტროენერგიის დავალიანების სახით გადასახდელი აქვს 1064.34 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 ც---–ა კი------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს. მოპასუხის განმარტებით, დავალიანება წარმოიშვა მრიცხველის დაზიანების გამო და არა ელექტროენერგიის მოხმარების შედეგად. მოთხოვნა უკანონოა, ვინაიდან შეუძლებელია 10 დღეში საყოფაცხოვრებო მოხმარების პირობებში 8769 კვტ.სთ ოდენობის ელექტროენერგიის მოხმარება. შესაბამისად, დარიცხვა გამოწვეულია მრიცხველის მექანიკური დაზიანებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავოა, რომ ქ. თბილისში, შა-------–---–ის მე-2 შესახვევი, #1--ში სს „თ--–---ს“ #21----- აბონენტად რეგისტრირებულია მოპასუხე ც---–ა კი------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ 17-25).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 28 მმაისს შედგენილი მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების დასკვნის მიხედვით, მრიცხველის ხუფაზე დარტყმულია საგანი, რომლის შედეგადაც იგი გახვრეტილია და მთვლელი მექანიზმი დაზიანებულია. მრიცხველი არ მუშაობს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შესახებ დასკვნა #097702 (ს.ფ 44 )

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქმის მასალებში მოთავსებულია აბონენტის ბრუნვის ისტორია და დასტურდება, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ელექტროენერგია ც---–ა კი------ის მიერ მოხმარებულია მრიცხველის დაზიანების აღმოჩენამდე. ამავე გარემოების გათვალისწინებით მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რომ #21----- აბონენტის დავალიანება გამოწვეულია არა ელექტროენერგიის რეალური მოხმარების არამედ მრიცხველის მექანიკური დაზიანების შედეგად. სადავო გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების #097702 აქტს, მისი შედგენის თარიღია 2018 წლის 28 მაისი რაც დამატებით მეტყველებს მოპასუხის მხრიდან სარჩელში აღნიშნული ელექტროენერგიის მოხმარების რეალობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მრიცხველის ლაბორატორიული შემოწმების შესახებ დასკვნა (ს.ფ 44 )

- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ 17-25).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს ,,თ--–---ს” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 477-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ #20-ე დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის დანაწესით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩეულია კანონის მიერ. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა.

 

იგივე დანაწესია ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 477-504-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მყიდველსა და გამყიდველს გააჩნიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477–ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა. ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. იგი დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველის ძირითადი ვალდებულებაა, მიიღოს ნაყიდი საქონელი და გამყიდველს გადაუხადოს შეთანხმებული ფასი.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ #20-ე დადგენილების მესამე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას მიაწოდოს მყიდველს ელექტროენერგია მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს მიღებული ელექტროენერგიის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.

 

ნასყიდობის ხელშეკრულებით სს ”თ--–---” (გამყიდველი) ც---–ა კი------ეს (მყიდველი) აწვდის ელექტროენერგიას ხოლო მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს მიღებული პროდუქტის ღირებულება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ც---–ა კი------ის დავალიანება სს ”თ--–---ს” მიმართ, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობიდან გამომდინარე შეადგენს 1064.34 ლარს. ელექტროენერგიის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხემ ვერ წარმოადგინა და ზემოაღწერილი მსჯელობის გათვალისწინებით ც---–ა კი------ეს სასამართლოს მიერ უნდა დაეკისროს სს ”თ--–---ს” დავალიანების ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ბაჟის სახით უნდა დაეკისროს 50 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248- 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს „თ--–---ს“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხე ც---–ა კი------ეს დაეკისროს 1064.34 ლარი.

2. მოპასუხე ც---–ა კი------ეს სს ,,თ--–---”-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე