გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.01.2019
საქმის ნომერი
180310718002468493
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3/173-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18.01. 2019 წელი ქ. მცხეთა

 

შესავალი ნაწილი

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი - ნინო ჯანხოთელი

 

მოსარჩელე - შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;

წარმომადგენლები - ი-------–---–--------------------

მოპასუხე - შპს „უტასი“;

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა და მოტივები:

 

1.1. 2018 წლის 28 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტმა მოპასუხე შპს „უტასის“ მიმართ და ითხოვა: შპს „უტასს“ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 1. დაცვის მომსახურების დავალიანების - 465,21 ლარის გადახდა; 2. სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით საქმე განსჯადობის წესით გადმოგზავნილ იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, შპს „უტასსა“ (შემდგომში „დამკვეთი“)და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსრულებელი“) შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა #1----- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ხელშეკრულების 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო „დამკვეთის ობიექტის სავალუტოს დაცვა, მდებარე დაბა გუდაური, მაღაზია „სმარტის“ მიმდებარე ტერიტორია“. ზემოთაღნიშნული ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 100.00 ლარი დ.ღ.გ-ს ჩათვლით. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა ხელშეკრულების პირობების დარღვევით გამოწვეული დარღვევისათვის მომსახურების საფასურის - 465.21 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე შპს „უტასი“ რომელიც სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სარჩელი განიხილა გამოუცხადებელი მხარის დასწრების გარეშე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე. (იხ. 2018 წლის 25 დეკემბრის განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ და 2019 წლის 18 იანვრის სასამართლოს სხდომი ოქმი)

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. შპს „უტასსა“ (შემდგომში „დამკვეთი“) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „შემსრულებელი“) შორის 2016 წლის 25 ნოემბერს გაფორმდა #1----- ხელშეკრულება დაცვის მომსახურების შესახებ,მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 25 ნოემბრის N1----- ხელშეკრულება;

 

3.2. ხელშეკრულების მიხედვით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი 1.1. და 1.2. პუნქტების თანახმად იღებდა ვალდებულებას უზრუნველეყო „დამკვეთის ობიექტის სავალუტოს დაცვა, მდებარე დაბა გუდაური, მაღაზია „სმარტის“ მიმდებარე ტერიტორია“.

 

მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 25 ნოემბრის N1----- ხელშეკრულება;

 

3.3. ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო ყოველ საანგარიშო თვეში გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 100.00 ლარი დ.ღ.გ-ს ჩათვლით.

 

მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მხარის ახსნა-განმარტება;

- 2016 წლის 25 ნოემბრის N1----- ხელშეკრულება;

 

3.4. მოპასუხემ არ გადაიხადა ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პუნქტებით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების თანხა: 2017 წლის დეკემბრის თვის - 98.54 ლარი, 2018 წლის იანვრის თვის - 100.00 ლარი, 2018 წლის თებერვლის თვის - 100.00 ლარი, 2018 წლის მარტის თვის - 100,00 ლარი, 2018 წლის 21 აპრილი - 66.67 ლარი; ჯამში - 465.21 ლარი.

 

მტკიცებულება რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ცნობა დავალიანების თაობაზე;

- თანხის ბრუნვის ბარათები;

 

სამოტივაციო ნაწილი;

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმის მასალების შესწავლის, საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 251-ე მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტი, 65-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა. ამავე კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. 3. დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის (ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია) შესაბამისად ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების თანახმად „შემსრულებელს“ უნდა უზრუნველყო „დამკვეთის“ ობიექტის დაცვა, ობიექტზე დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის მეშვეობით, ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით. რაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ იქნა შესრულებული ჯეროვნად. ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების თანახმად „დამკვეთი“ ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების საფასური თვეში 100 ლარი, რაც მან ჯეროვნად არ შეასრულა და გადაუხდელმა თანხამ შედგინა ჯამურად 465.21 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12-ე მე-13-ე, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „უტასს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 465.21 (ოთხას სამოცდახუთი ლარი და ოცდაერთი თეთრი) ლარის გადახდა;

 

3. შპს „უტასს“ დაეკისროს მოსარჩელის შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპატამენტის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს (თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, მცხეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე