განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100118002537825
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 21 ნოემბერი, 2018 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - ლალი ფაჩულია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ---------–--ა

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ-----------–--------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული დ--–-----------------------–-–----–--ნში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–--------------------------------------ში;

 

ბრალდებული - გ---------------------------ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ-----------------------–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრები თ---–--–-----–----------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ი------------–--ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზარტული თამაშობებია - თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება სათამაშო აპარატის, ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათი მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ანდა აზარტულ კლუბში. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოითხოვს ნებართვას, ხოლო „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონიერ მე-7 მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს - წელიწადში 50 000 ლარიდან ერთი მილიონი ლარის ჩათვლით“. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის N 277 დადგენილების „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თბილისის ტერიტორიაზე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს ერთ მილიონ ლარს.

 

კანონდარღვევით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქმედმა გ-----------–---–მა გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და კანონმდებლობით დადგენილი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვების გარეშე, განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დასახელებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისათვის განზრახ აერიდებინა თავი, ამ მიზნით მან 2018 წლის მაისში, თბილისში, დ------------------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა აზარტული თამაშობებისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული სათამაშო აპარატი, რის შედეგადაც იგი ყოველდღიურად იღებდა შემოსავალს. გ-----------–---–მა განზრახ აარიდა რა თავი სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის მოწყობისათვის ნებართვების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოსაკრებლის გადახდას და ეწეოდა რა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

კანონდარღვევით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მოქმედმა გ--------------ემ გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციისა და კანონმდებლობით დადგენილი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვების გარეშე განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დასახელებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისათვის განზრახ აერიდებინა თავი. ამ მიზნით 2018 წლის მაისში თბილისში, მეტროსადგურ დ-------სთან, ტ------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა აზარტული თამაშობებისათვის განკუთვნილი ორი ერთეული სათამაშო აპარატი, რის შედეგადაც იგი ყოველდღიურად იღებდა შემოსავალს. გ--------------ემ განზრახ აარიდა რა თავი სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის მოწყობისათვის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოსაკრებლის გადახდას და ეწეოდა რა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების გ-----------–---–ის და გ--------------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

სასამართლოს დასკვნა გ-----------–---–ის და გ--------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულების აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - ზ---------------ის, გ---------------ის, გ---–-----------–--ის, ნ----------------–---–ის, ზ-------------–---–ის, თ------------–-------ის გამოკითხვის ოქმების, ამოღების ოქმის, დათვალიერების ოქმების, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. მეწარმეთა შესახებ“ კანონი სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევს მართლზომიერ და არაერთჯერად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო რეგისტრაციას, რამდენადაც რეგისტრაციას სავალდებულო მნიშვნელობა აქვს, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ზუსტად განსაზღვრავს რეგისტრაციის პირობებს. რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებას, საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 24 მაისს მიიღო კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“. მასში განსაზღვრულია ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის სახეები და ლიცენზირების გაცემაზე უფლებამოსილი პირები. ისეთი სახის სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელზედაც სავალდებულოა ლიცენზია, წარმოიშობა ნებართვის მიღების მომენტიდან და შეწყდება მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.

 

განსახილველი დანაშაულის ობიექტია ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე სახელმწიფო ფინანსური ინტერესები, რადგან იგი ვერ ღებულობს მეწარმეთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის გადასახადს, ასევე სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს.

 

ობიექტური მხრივ დანაშაული შესაძლებელია შემდეგ ფორმებში გამოიხატოს: სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე; სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის და ლიცენზიის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით.

 

მეწარმის სტატუსის შეძენა ხდება რეგისტრაციის შემდეგ, ასეთი მოქმედება სამოქალაქო კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნაა, ამ მომენტიდან სამეწარმეო საქმიანობა იძენს კანონიერ ხასიათს, ამდენად უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობა ან საერთოდ რეგისტრაციის გარეშე, ან კიდევ რეგისტრაციამდე განხორციელებული საქმიანობა. მეწარმეს შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რაც აკრძალული არ არის კანონით, მაგრამ არსებობს გამონაკლისიც, კერძოდ საქმიანობის ზოგიერთი სახე საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, ასეთ შემთხვევაში სამეწარმეო საქმიანობა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის ან ლიცენზიის მიღების შემდეგ. ლიცენზიებით ნებადართული საქმიანობის სახეებს განსაზღვრავს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ და სხვა, ხოლო რაც შეეხება დანაშაულის მესამე ფორმას სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზირების პირობების დარღვევით სახეზეა მაშინ როცა მაგალითად განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ნებართვის ან ლიცენზირების მქონე პირი ეწევა სხვა სახის ლიცენზირებად საქმიანობას.

 

დანაშაული დამთავრებულად ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მომენტიდან

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-----------–---–მა და გ--------------ემ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული .

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ-----------–---–ის და გ--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მათი მხრიდან დანაშაულის ნებაყოფლობითი აღიარება, გ--------------ეს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო გ-----------–---–ი არის ნასამართლევი, მან დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ გ-----------–---–ისა და გ--------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის და მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით მათ უნდა დაენიშნოთ ძირითადი სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - გ--------------ეს - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო გ-----------–---–ს ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით, ხოლო გამომდინარე იქიდან რომ გ-----------–---–ი არის ნასამართლევი, იგი იმყოფება გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) დღის ვადით და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) დღის ვადით და ჯარიმა 5500 (ხუთიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.გ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე გ--------------ეს უსასყიდლოდ ჩამოერთვას სათამაშო აპარატები და ფულადი თანხა 157,20 ლარის ოდენობით.

 

3.გ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5500 (ხუთიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 აგვისტოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) დღის ვადით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) დღის ვადით და ჯარიმა 5500 (ხუთიათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე გ-----------–---–ს უსასყიდლოდ ჩამოერთვას სათამაშო აპარატი და ფულადი თანხა 262 ლარის ოდენობით.

 

6. სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

7. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე