გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340310019002807021
საქმე #3/3-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი :
18 იანვარი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დევი დევიძე
სხდომის მდივანი - თეონა ნატროშვილი
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენა დახურულ სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით;
მოსარჩელეები: თ----რ ჯ----–--ლი („1-ლი მოსარჩელე“) და ნ-----–ა გ---–-–--ლი („მე-2 მოსარჩელე“);
წარმომადგენელი: მ-----–ი ღ---–---;
მოპასუხე: საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო;
წარმომადგენელი: ვ--–---ი გ---–--–--ლი;
მესამე პირი (დაინტერესებული პირი): ნ------------ძე;
დავის საგანი: შემაკავებელი ორდერების გაუქმება;
აღწერილობითი ნაწილი :
1. მოსარჩელეთა მოთხოვნა:
1.1. საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 14 იანვარს თ----რ ჯ----–--ლის მიმართ შედგენილი #0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება;
1.2. საქართველოს სინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ 2019 წლის 14 იანვარს თ----რ ჯ----–--ლის მიმართ შედგენილი #0----- შემაკავებელი ორდერის გაუქმება;
2. მოპასუხისა და მესამე პირის (დაინტერესებული პირის) პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოადგინა რა შესაგებელი, სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა შემაკავებელი ორდერების ძალაში დატოვებას. საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენელმა დააფიქსირა იგივე პოზიცია;
2.2. რაც შეეხება დაინტერესებულ პირს, მას შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა საქმის ზეპირი მოსმენის დროს სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებზე უარის თქმა;
3. საქმის ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტები:
3.1.1. მოსარჩელეები ცხოვრობენ სოფელ ახაშენში, არიან მეუღლეები და დაინტერესებული პირის ოჯახის წევრები (ყოფილი მეუღლის მშობლები) - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.2. დაინტერესებული პირი 2018 წლის ზაფხულიდან, დაახლოებით აგვისტოდან წამოვიდა მეუღლის ოჯახიდან თავის არასრულწლოვან შვილთან ნიკოლოზ ჯანიშვილთან ერთად, მშობლების ოჯახში, სოფელ კარდენახში, მას შემდგეგ, რაც მეუღლის უ–---ი ჯ----–--ლის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაიწყო სისხლის სამართლის გამოძიება და სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენა პატიმრობა - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.3. ბოლო პერიოდში, ვიდრე დაინტერესებული პირი წამომივოდა მეუღლის ოჯახიდან, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე მოსარჩელეები ხოვრობნენ ცალკე, მეორე შვილის ოჯახში. მოსარჩელეები მატერიალურად ეხმარებოდნენ შვილის ოჯახს - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.4. მოსარჩელეები პერიოდულად აკითხავდნენ ყოფილ რძალს და ნახულობდნენ შვილიშვილს, ასევე მიჰქონდათ მისთვის სხვადასვა ნივთები (ტანსაცმელი, სათამაშოები და სხვ.). 2018 წლის 29 ნორმბერს მოსარჩელეები მორიგ ჯერზე მივიდნენ დაინტერესებულ პირთან შვილიშვილის სანახავად რა დროსაც მოსარჩელემ განუცხადა, რომ მას არ სურდა, რომ ბებია-პაპას ენახა შვილიშვილი და ურთიერთობა ჰონოდა მასთან - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.5. 2018 წლის 29 ნოემბერს 21:15:11 საათზე მოსარჩელემ დარეკა „112“-ზე და ოპერატორს განუცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლეების მხრიდან მასზე განხორციელდა მუქარა და ზეწოლა - სასამართლო ეყრდნობა დაინტერესებული პირის ახსნა-განმარტებას და #2887619 შეტყობინებას;
3.1.6. 2018 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეები გამოცხადნენ შვილიშვილის სანახავად საბავშვო ბაღში, თუმცა იქ განუცხადეს, რომ ბავშვი იყო სახლში ავად. როდესაც მოსარჩელეები მივიდნენ დაინტერესებული პირის სახლში, დაინტერესებულმა პირმა კიდევ ერთხელ განუცხადა (იხ. ასევე პუნქტი 3.1.4), რომ არ სურდა ბავშვის მათთვის ჩვენება, რის შემდეგაც მე-2 მოსარჩელემ დაურეკა უბნის ინსპექტორს - ვ--–---ი გ---–--–--ლს და მისი კომპეტენციის ფარგლებში სთხოვა დახმარება ბავშვის ნახვის. დაინტერესებულმა პირმა პოლიციის თანამშრომელსაც კატეგორიული უარი განუცხადა. ამის შემდეგ მოსარჩელეები გაბრუნდნენ შინ - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.7. ყოფილი მეუღლის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, დაინტერესებული პირი პოლიციის მეშვეობით გამოცხადდა იმ სახლში თავისი კუთვნილი ნივთების წასაღებად. აღნიშნულ პროცედურაში ასევე მონაწილეობდა მე-2 მოსარჩელე. მათ შორის, გარკვეული ნივთების კუთვნილებასთან დაკავშირებით ვერ შედგა შეთანხმება, რის გამოც პოლიციის თანამშრომლის რჩევით მესამე პირმა გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთები დატოვა ადგილზე - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.8. 2018 წლის 29 ნოემბრის ვიზიტისას მხარეებს შორის შედგა დიალოგი, რა დროსაც მე-2 მოსარჩელემ პრეტენზია გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ნივთების წამოღების დროს, მას სახლში, კარადაში შენახული ჰქონდა 300 ლარი, რომელიც ადგილზე არ დახვდა და თვლიდა, რომ ეს თანხა დაინტერესებულმა პირმა აიღო. ეს ამ თანხასთან დაკავშირებით იყო პირველი და უკანასკნელი ხსენება. ამის შემდეგ მხარეებს აღარ უსაუბრიათ ამ საკითხზე. გარდა ამისა, მე-2 მოსარჩელემ განაცხადა, რომ დაინტერესებულ პირს ცუდი არჩევანი ჰქონდა გაკეთებული და ის სამართლებრივი გზებით ეცდებოდა შვილიშვილთან ურთიერთობის უფლების მოპოვებას. საუბრისას ნახსენები იყო მშობლის უფლების შესაძლო ჩამორთმევაც - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.9. რაც შეეხება 1-ელ მოსარჩელესთან დაინტერესებული პირის მიმართებას, მასზე საუბრისას გამოთქვამდა მადლიერებას, რომ მეუღლესთან კონფლიქტების დროს არაერთხელ უხსნია ძალადობისაგან. 29 ნოემბრის შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციისათვის მიცემულ განმარტებაში, დაინტერესებულმა პირმა აღნიშნა, რომ ძალადობას ყოფილი მამამთილისაგან ადგილი არ ჰქონია, თუმცა მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში მას არაერთხელ უთქვამს, რომ „იყვნენ [დაინტერესებული პირის და მისი ყოფილი მეუღლე] ღორები და მის კისერზე ცხოვრობდნენ“ -სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.1.10. 2018 წლის 29 ნოემბრის შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის წარმომადგენელმა - ვ. გ---–--–--ლმა გააფრთხილა მე-2 მოპასუხე, რომ არ შესულიყო კონფლიქტში დაინტერესებულ პირთან და სადავო საკითხი მოეგვარებინა კანონიერი გზით - სასამართლო ეყრდნობა მხარეთა ახსნა-განმარტებას;
3.2. სასამართლო მიერ დადგენილი სადავო ფაქტები:
3.2.1. დაინტერესებული პირს თავის ყოფილ მეუღლესთან არ ჰქონია ჯანსაღი, მშვიდობიანი ურთიერთობა, იგი ყოფილი მეუღლისაგან განიცდიდა შევიწროებას, ხშირად საქმე მიდიოდა ძალადობამდე, აღნიშნული ცნობილი იყო მოსარჩელეებისათვის. ერთი ინციდენტი ძალადობასთან დაკავშირებით ასევე განხორციელდა დაინტერესებული პირის დედის თანდასწრებით, მისი შვილთან სტუმრობის დროს. მოსარჩელეთა განმარტებით მათ სურდათ, რომ მათ შვილს და ყოფილ რძალს შეენარჩუნებინათ ოჯახი. მე-2 მოსარჩელემ ზეპირი მოსმენისას განმარტა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, შვილიშვილისათვის დედასთან და მამასთან ცხოვრება უფრო უმჯობესია, ვიდრე ისე, როგორც ეს დღეს ხდება. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახური ძალადობის დროს მოძალადე არ ისწრაფვის თავისი ქმედებების აფიშირებას, პირიქით ცდილობს და დამალვას, ხშირად ძალადობის ფატების მტკიცებულებების მოპოვება პრობლემური ხდება. ამიტომ, ბევრი რამ დამოკიდებული ხდება მხარეთა ურთიერთობის სპეციფიკაზე, სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე და მხარეთა ქცევის გაანალიზებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეების თანაცხოვრების სპეციფიკის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაინტერესებული პირის მსჯელობა უფრო სარწმუნო იყო იმასთან მიმართებით, რომ მე-2 მოსარჩელემ მას განუცხადა, რომ „ჩემი შვილი რომ გამოვა, დაწყებულ საქმეს დაამთავრებს“. ამ რწმენას სასამართლოს კიდევ უფრო უმყარებს ის გარემოება, რომ მოსარჩელეთა ადვოკატმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის, რაც სწერია 2018 წლის 29 ნოემბრის დაინტერესებული პირის გამოკითხვის ქომში, ყველაფერი სწორია (ყველაფერი ისე იყო, როგორც გამოკითხვაში წერიაო);
3.2.2. 1-ელ მოპასუხესთან დაკავშირებით კი, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაინტერესებული პირის მოსაზრებას, რომ ის დაეთანხმა თავის მეუღლეს მუქარასთან დაკავშირებით, რადგან ვერ განმარტა, თუ როგორ დაეთანხმა 1-ელი მოსარჩელემ მე-2 მოსარჩელეს. ამასთან, იმავე გამოკითხვის ოქმში დაინტერესებული პირი განმარტავს, რომ 1-ელ მოსარჩელესთან მას პრეტენზიები არ გააჩნია. იგივე პოზიცია აქვს მას დაფიქსირებული მას 2019 წლის 14 იანვრის გამოკითხვის ოქმში;
3.2.3. იმავე ოქმის თანახმად, შეურაცხყოფას და ფიზიკურ ადგილი არ ჰქონია;
სამოტივაციო ნაწილი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებისა და მტკიცებულებების შემოწმების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 14 იანვარს თ----რ ჯ----–--ლისა და ნ-----–ა გ---–-–--ლის მიმართ შედგენილი №0----- და №0----- მიმართ შემაკავებელი ორდერები;
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია („კონსტიტუცი“); „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპული კონვენცია“ („კონვენცია“); საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ („ძალადობის აღკვეთის კანონი“); საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი („სასკ“); საქართველოს სამოქალაქო კოდექსი („სსკ“); საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი („სსსკ“);
5.2. კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, (1) ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო და (2) დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება;
5.3. კონსტიტუციის მე-15 მუხლის თანახმად, (1) დამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით;
5.4. კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, (1) ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია;
5.5. კონვენციის პრეამბულის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები და სხვა ხელმომწერნი, [...]გმობენ რა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ყველა ფორმას; ასევე [...] აღიარებენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ისტორიულად ქალებსა და მამაკაცებს შორის ძალთა უთანასწორობის გამოვლენა, რამაც მიგვიყვანა მამაკაცების მხრიდან ქალების მიმართ დისკრიმინაციამდე და მათზე დომინირებამდე და ხელი შეუშალა ქალების სრული თანასწორუფლებიანობის განხორციელებას;
5.6. კონვენციის მე-ე მუხლის „ბ“ პარაგრაფის თანახმად, „ოჯახში ძალადობა“ გულისხმობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური ძალადობის ყველა აქტს, რომლებიც ხდება ოჯახში თუ შინაურ წრეში ან ყოფილ ან ამჟამინდელ მეუღლეებსა თუ პარტნიორებს შორის, მიუხედავად იმისა, დამნაშავე პირი მსხვერპლთან ერთად ერთ საცხოვრებელში ცხოვრობს თუ არა;
5.7. კონვენციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას ყველა მსხვერპლის ძალადობის შემდგომი აქტებისაგან დასაცავად;
5.8. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ თავის შესაბამისად მიღებული ზომები:
- ეფუძნებოდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის გენდერულ გაგებას და ყურადღებას ამახვილებდეს მსხვერპლის ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებაზე;
- ეფუძნებოდეს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს მსხვერპლთა, ძალადობის აქტების ჩამდენ პირებს, ბავშვებსა და ფართო სოციალური გარემოს შორის ურთიერთობას;
- მიზნად ისახავდეს მეორადი ძალადობის თავიდან აცილებას;
- მიზნად ისახავდეს ძალადობის მსხვერპლ ქალთა შესაძლებლობების გაფართოებას და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას;
- საშუალებას იძლეოდეს, სადაც ეს მიზანშეწონილია, რომ დაცვისა და მხარდაჭერის სხვადასხვა სამსახური ერთსა და იმავე შენობაში იყოს განთავსებული;
- ითვალისწინებდეს მოწყვლადი პირების, მათ შორის, მსხვერპლი ბავშვების კონკრეტულ საჭიროებებს და ხელმისაწვდომი იყოს მათთვის;
5.9. კონვენციის 50-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, (1) მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ რეაგირებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალ ყველა ფორმის ძალადობაზე მსხვერპლისთვის ადეკვატური და დაუყოვნებლივი დაცვის შეთავაზების გზით და (2) მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ პასუხისმგებელი სამართალდამცავი უწყებები სწრაფად და სათანადოდ ახორციელებდნენ ამ კონვენციის მოქმედების სფეროში შემავალი ყველა ფორმის ძალადობის პრევენციასა და მისგან დაცვას, მათ შორის, პროფილაქტიკური ოპერატიული ზომების გამოყენებას და მტკიცებულების შეგროვებას;
5.10. იმავე კონვენციის 51-ე მუხლის თანახმად, (1) მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფატალური რისკის, სიტუაციის სერიოზულობისა და ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასება ხდებოდეს ხელისუფლების ყველა შესაბამისი ორგანოს მიერ რისკის მართვისა და, აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხოებისა და დახმარების კოორდინირებულად უზრუნველყოფის მიზნით;
5.11. კონვენციის 52-ე მუხლის თანახმად, მხარეები იღებენ ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოებს მიენიჭოთ უფლებამოსილება, უშუალო საფრთხის შემთხვევაში, გასცენ ორდერი იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ჩამდენმა პირმა დატოვოს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი საკმარისი დროით და აუკრძალონ დამნაშავეს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფი პიროვნების საცხოვრებელ ადგილში შესვლა ან მათთან კონტაქტი. ამ მუხლის შესაბამისად მიღებული ზომები პრიორიტეტის სახით, მიზნად ისახავს მსხვერპლის ან რისკის ქვეშ მყოფ პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
5.12. ძალადობის აღკვეთის კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, (1) ეს კანონი განსაზღვრავს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალთა მიმართ ძალადობისათვის ან/და ოჯახში ძალადობისათვის დამახასიათებელ ქმედებათა ერთობლიობას, ძალადობის გამოვლენისა და აღკვეთის სამართლებრივ და ორგანიზაციულ საფუძვლებს, აგრეთვე მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების გარანტიებს;
5.13. იმავე კანონის მე-2 მუხლის „ა“-„ვ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობის აღიარებით მათი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობის, ოჯახური ღირებულებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ა1) ქალთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური და ეკონომიკური ხელშეუხებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნის უზრუნველყოფა; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენისათვის, აღკვეთისა და თავიდან აცილებისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნა; გ) მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; დ) მსხვერპლთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შექმნა; ე) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სხვადასხვა ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ვ) მოძალადეთა დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
5.14. იმავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით;
5.15. იმავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას;
5.16. იმავე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსხვერპლი არის ქალი, აგრეთვე ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები დაირღვა უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ან სექსუალური ძალადობით ან იძულებით და რომლებსაც მსხვერპლის სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა, სასამართლო ორგანომ ან/და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებულმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (შემდგომ − მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი);
5.17. იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის, დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას;
5.18. იმავე კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს იმ სოციალურ, ეკონომიკურ, სამართლებრივ და სხვა ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლებიც მიმართულია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და წინაპირობების თავიდან აცილებისკენ, ძალადობის აღკვეთისკენ, მოძალადის სამართლებრივი დევნისკენ, მისი დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ, მსხვერპლის რეაბილიტაციისა და ადაპტაციისკენ;
5.19. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის მექანიზმები გულისხმობს: ა) იმ ფაქტორების ანალიზს, შესწავლასა და შეფასებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მიზეზებია; ბ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოსავლენად და აღსაკვეთად ეფექტიანი სამართლებრივი მეთოდების დანერგვას; გ) შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას; დ) იმ პირთა მიმართ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ რისკჯგუფებს განეკუთვნებიან ან რომლებმაც ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა ჩაიდინეს; ე) სათანადო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვას, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების, მოვალეობების, აგრეთვე შესაბამისი დაცვის გარანტიების თაობაზე, მათ შორის, იმ უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომლებიც ოჯახის წევრთა თანასწორობასა და ურთიერთვალდებულებებს უზრუნველყოფს; ვ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მოძალადის პასუხისმგებლობის, მსხვერპლის უფლებების და ამ უფლებების დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას; ზ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლისათვის დახმარებისა და დაცვის ღონისძიებების, ხოლო მოძალადისათვის – დამოკიდებულებებისა და ქცევის კორექციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას; თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის უზრუნველსაყოფად დაინტერესებულ ინსტიტუტებთან ერთად ერთობლივი პროგრამების შექმნასა და მხარდაჭერას;
5.20. იმავე კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი;
5.21. იმავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები;
5.21.იმავე მუხლის 38 პუნქტის თანახმად, მსხვერპლმა ან მოძალადემ შემაკავებელი ორდერი შეიძლება გაასაჩივროს მისთვის ამ ორდერის გადაცემიდან/ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში;
5.22. სასკ-ის 2114 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შემაკავებელი ორდერის გაუქმების თაობაზე სარჩელს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლო მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
5.23. იმავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო სარჩელს წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გაუქმების ან ნაწილობრივ გაუქმების ან მის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ;
5.24. სსკ-ის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე;
5.25. იმავე კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან;
5.26. იმავე კოდექსის 86-ე მუხლის თანახმად, (1) გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება და (2) იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი;
5.27. იმავე კოდექსის 88-ე მუხლის თანახმად, 85–87-ე მუხლების მიხედვით იძულებად არ ჩაითვლება ისეთი მოქმედებები, რომლებიც არ ხორციელდება არც მართლსაწინააღმდეგო მიზნით და არც მართლსაწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საშუალება და მიზანი ერთმანეთს არ შეესაბამებიან.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს, ცალსახა ვალდებულება ეფექტურად, მყისიერად და ადეკვატურად ებრძოლოს მისი ქალთა მიმართ ძალადობისა ოჯახში ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას, დაიცვას მსხვერპლი მოძალადისაგან, ძალადობის შესაძლო განმეორებისაგან;
6.2. ოჯახში ძალადობის მიმართ ბრძოლის ინსტრუმენტებია სისხლის-სამართლებრივი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სამოქალაქო-სამართლებრივი. მოცემულ შემთხვევაში განხილვის საგანია ძალადობაზე რეაგირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი მექანიზმის კანონიერება, კერძოდ, რამდენად კანონშესაბამისად გამოსცა პოლიციამ მოსარჩელეების წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერები;
6.3. ოჯახში ძალადობაზე რეაგირება მაშინაა ეფექტური და ადეკვატური, თუკი ის მყისიერად განხორციელდა, ანუ დაცულია დროითი სტანდარტი, პოლიციის უფლებამოსილმა პირმა დროის მოკლე მონაკვეთი უნდა შეაფასოს რა ქმედებას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს ძალადობა და , კერძოდ, რა ფორმით გამოხატული და არიან თუა არა გამოკვეთილნი ძალადობის სუბიექტები;
6.4. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები კანონის მიზნებისათვის არიან ოჯახის წევრები, რადგან ადრე (დაინტერსებული პირის მეუღლისაგან წამოსვლამდე) ეწეოდნენ ოჯახურ მეურნეობას). სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 29 ნოემბრის ინცინდენტის დროს მე-2 მოსარჩელის მხრიდან გამოთქმული სიტყვებს „შვილი რომ გამოვა, დაწყებულ საქმეს მიიყვანს ბოლომდე“, დაინტერესებულ პირში შეეძლო მოეხდინა იმ ნეგატიური განცდების, ტანჯვის რეკონსტრუქცია, რაც უკავშირდება მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივი აქტებს, რის გამოც მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი პროცედურები, და ფორმალურად შეიცავდა ფსიქოლოგიური ძალადობის ელემენტებს. თუმცა პოლიციის, ისევე როგორც ყველა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რეაგირება უნდა იყოს გაანალიზებული მთლიანობაში. ფაქტია, რომ ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შემაკავებელი ორდერები გამოიცა დაახლოებით თვენახევრის გასვლის შემდეგ - 2019 წლის 14 იანვარს. უნდა შეფასდეს, რამდენად არსებობდა ამ ხნის გასვლის შემდეგ სამართლებრივი რეაგირების წინაპირობები. უდავო ფაქტია, რომ 29 ნოემბერს პოლიციის წარმომადგენელმა სიტყვიერად გააფრთხილა მოსარჩელეები, რომ სამართლებრივი გზებით ეცადათ შვილიშვილთან ურთიერთობის უფლების მოპოვებას და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთხელ იყვნენ მოსარჩელეები დაინტერესებულ პირთან მისულები - 19 დეკემბერს და ამ დღეს რამე გართულებას ადგილი არ ჰქონია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსარჩელეთა მხრიდან დაინტერესებულ პირთან ძალადობრივი კომუნიკაცია არ შემდგარა არც პირისპირ და არც ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
6.5. ამდენად, პოლიციის მხრიდან თვენახევრის დაგვიანებით მე-2 მოპასუხის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი არ ჯდება არც მყისიერ, არც ეფექტურ და არც ადეკვატურ კრიტერიუმებში. პოლიციელის ის სიტყვიერი გაფრთხილება აღმოჩნდა საკმაოდ რელევანტური ღონისძიება საიმისოდო, რომ ეთამაშა შემაკავებელი ფაქტორი როლი და მოეხდინა კონფლიქტის შესაძლო გამწვავების პრევენცია, რის გამოც არ არსებობდა 2019 წლის 14 იანვარს მე-2 მოსარჩელის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები;
6.6. მე-2 მოსარჩელის მხრიდან ასევე გამოითქვა მიქარა, რომ მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს იმისათვის, რომ მიეღწია შვილიშვილთან ურთიერთობისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ბებიასა და პაპას აძლევს იმის უფლებას, რომ სასამართლოს მეშვეობით მოიპოვონ შვილიშვილთან ურთიერთობის უფლება. სამოქალაქო კოდექსი ასევე ითვალისწინებს მშობლის უფლების შეზღუდვის, შეჩერებისა და ჩამორთმევის შესაძლებლობებს (მუხლები 1205-ე, 12051 და 1206-ე), შესაბამისი საფუძვლების არსებობისას. ამდენად, კანონის მიზნებიდან გამომდინარე ასეთი ტიპის „მუქარა“ ვერ შეფასდება მუქარად კლასიკური გაგებით, რამეთუ მიმართულია სამართლებრივი მექანიზმით სამართლებრივი მიზნის მიღწევისაკენ;
6.7. რაც შეეხება პირველ მოსარჩელეს, უდავოდ დადგენილია, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. კანონი მხოლოდ ძალადობის პრევენციის მიზნით მოითხოვს შემაკავებელი ორდერის შედგენას. სხდომაზე დაინტერესებულმა პირმა განაცხადა, რომ 1-ელმა მოსარჩელემ მხარი დაუჭირა მე-2 მოსარჩელეს, როცა მან ძალადობა განახორციელა, თუმცა რაში გამოიხატა ეს „მხარდაჭერა“ ვერ განმარტა. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ 1-ლი მოსარჩელის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი არ უნდა არსებობდეს;
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებით, ასევე სასკ-ის მე-12, მე-13, 2114-2115 მუხლებით, სსსკ-ის მე-8, 243-ე-244-ე, 248-ე-250-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. თ----რ ჯ----–--ლისა და ნ-----–ა გ---–-–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს 2019 წლის 14 იანვარს შედგენილი №0----- და №0----- თ----რ ჯ----–--ლისა და ნ-----–ა გ---–-–--ლის მიმართ შემაკავებელი ორდერები;
3. გადაწყვეტილება გადაეცეთ მხარეებს მიღებიდან 24 საათის განმავლობაში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. N24) მეშვეობით;
მოსამართლე: /დევი დევიძე/