გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.12.2018
საქმის ნომერი
330210018002488478
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
26.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17171-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 დეკემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - შპს „ას----------ი“

წარმომადგენელი - გი---------------–---–ი

მოპასუხე - შპს „თბ--–---------------ი“

წარმომადგენელი - გი---------–--–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. შემცირდეს შპს „ას----------სა“ და შპს „თბ--–---------------ს“ შორის 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული №3----- ხელშეკრულების 9.1 მუხლით ვადაგადაცილებისათვის განსაზღვრული პირგასამტეხლო და განისაზღვროს 0,01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს „თბ--–---------------ს“ მოსარჩელე შპს „ას----------ის“ სასარგებლოდ 25 667,00 ლარის გადახდა.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ შპს „ას----------სა“ და შპს „თბ--–---------------ს“ შორის 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა №3----- ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა მიეწოდებინა მოპასუხისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ძრავი სრულ კომპლექტში. მიწოდების ვადა განისაზღვრა 30 კალენდარული დღით. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების საგნის მიწოდება განხორციელდა 2018 წლის 18 იანვარს. მიწოდების ვადის გადაცილებამ შეადგინა 27 დღე.

ნასყიდობის საგნის მხარესთან ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ შემსყიდველმა მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო 26 190,00 ლარი. ვინაიდან მიმწოდებელთან და სატრანსპორტო კომპანიასთან მოსარჩელეს გააჩნდა ფინანსური ვალდებულებები, შპს „ას--------ი“ იძულებული გახდა მიემართა მოპასუხისათვის მასზედ, რომ ამ უკანასკნელს დაეკავებინა პირგასამტეხლოს თანხა და დარჩენილი ოდენობა აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის.

 

ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო შეადგენს 0,5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არაგონივრული და არათანაზომიერია. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 0,01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც მთლიანობაში შეადგენს 523,80 ლარს. ამ თანხის გარდა, დაკავებული პირგასამტეხლო უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ მიმწოდებელმა ნამდვილად, ვადის დარღვევით, 27 დღის დაგვიანებით, 2018 წლის 18 იანვარს შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელეს არა ზეპირსიტყვიერად, არამედ წერილობით 2018 წლის 23 იანვრის წერილით (№6-----------) ეცნობა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. წერილი მოსარჩელემ ჩაიბარა 2018 წლის 23 იანვარს, რაც დადასტურებულია წერილზე ხელმოწერით და ატვირთულია შესყიდვების სააგენტოს შესაბამის საიტზე. მოსარჩელე თავად უთითებს, რომ მას გააჩნდა შესასრულებელი ვალდებულება სატრანსპორტო კომპანიის წინაშე, რის გამოც მიმართა შემსყიდველს შესრულების ანაზღაურების მოთხოვნით, პირგასამტეხლოს დაკავებით. ამგვარად, მიმწოდებელმა აღიარა პირგასამტეხლოს ოდენობა.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძრავა წარმოადგენდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მომუშავე ტექნიკური საშუალებისათვის საჭირო ძრავას. ტენდერისა და მიწოდების პერიოდში შპს „თბ--–---------------ს“ ნაქირავები ჰქონდა შესაბამისი ტექნიკური საშუალება, რაშიც იხდიდა მნიშვნელოვან თანხებს. მოპასუხემ ტექნიკური საშუალების ქირის სახით გადაიხადა 2017 წლის 21 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით, 2 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, 26 220,00 ლარი, 2017 წლის 8 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით, 22 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - 13 800,00 ლარი, 2018 წლის 29 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტით - 11 040,00 ლარი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „ას----------სა“ (მიმწოდებელი) და შპს „თბ--–---------------ს“ (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 22 ნოემბერს გაფორმდა №3----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიეწოდებინა შემსყიდველისათვის კომპაქტორი ტანა G----ის ძრავი კომპლექტში (ნაწილები და აქსესუარები მათი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის).

 

შესასყიდი საქონლის ღირებულება („ხელშეკრულების ღირებულება“) განისაზღვრა 194 000,00 ლარით (დღგ-ის ჩათვლით).

 

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში (ხელშეკრულების 5.1. პუნქტი).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 47-49).

2017 წლის 22 ნოემბრის №3----- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).

 

3.1.2. 2017 წლის 22 ნოემბრის №3----- ხელშეკრულების მე-6 მუხლით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი: შესასყიდი ობიექტის მიღება გაფორმდებოდა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რაც ასევე დაადასტურებდა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (6.1. პუნქტი); მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დასტურდებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტით (6.3. პუნქტი).

 

ხელშეკრულების 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის ყოველი დაგვიანებული დღისათვის მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

2017 წლის 22 ნოემბრის №3----- ხელშეკრულება (ს.ფ. 16-22).

 

3.1.3. 2018 წლის 22 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად 2017 წლის 22 ნოემბრის №3----- ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 18 იანვარს შემსყიდველმა შპს „თბ--–---------------მა“ მიიღო და შპს „ას--------მა“ მიაწოდა და დაუმონტაჟა კომპაქტორი ტანა G----ის ძრავი კომპლექტში, სულ ღირებულებით 194 000,00 ლარი.

 

მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მიმწოდებელმა შემსყიდველს შეთანხმებული საქონელი მიაწოდა და დაუმონტაჟა 27 დღის დაგვიანებით.

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 47-49).

2018 წლის 22 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 23).

 

3.1.4. შპს „თბ--–---------------მა“ შპს „ას--------ს“ აუნაზღაურა 2017 წლის 22 ნოემბრის №3----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე აუნაზღაურა მიწოდებული საქონლისა გაწეული მონტაჟის ღირებულება, პირგასამტეხლოს 26 190,00 ლარის დაქვითვით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 47-49).

2018 წლის 06 თებერვლის №5--- საგადახდო დავალება (ს.ფ. 25).

 

3.1.5. სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძრავა წარმოადგენდა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მომუშავე ტექნიკური საშუალებისათვის საჭირო ძრავას.

 

2017 წლის 14 ნოემბერს შპს „თბ--–---------------სა“ და შპს „ჯო---------------ის“ (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №3----- ხელშეკრულება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დიდი ლილოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მუხლუხა ბულდოზერის დაქირავება, ნაგავსაყრელ პოლიგონზე მოთავსებული ნარჩენის დატკეპვნითი სამუშაოების საწარმოებლად.

 

2017 წლის 8 იანვრისა და 2018 წლის 29 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება, რომ 2017 წლის 22 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 08 იანვრის ჩათვლით შპს „თბ--–---------------მა“ 2017 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გასწია ხარჯი, შესაბამისად, 13 800,00 ლარი და 11 040,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს;

 

მოპასუხის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 47-49).

2017 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 80-84).

2017 წლის 8 იანვრისა და 2018 წლის 29 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 87-88).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2017 წლის 22 ნოემბერს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა შემსყიდველისათვის (შპს „თბ--–---------------ისთვის“) კომპაქტორის ტანა G----ის ძრავი კომპლექტის (ნაწილები და აქსესუარები მათი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის) მიწოდება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 194 000,00 ლარით.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მხარეთა უფლება-მოვალეობების გადანაწილების მიხედვით, ექვემდებარება სამოქალაქო კოდექსის 477- ე მუხლით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 22 იანვარს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიმწოდებელმა (გამყიდველმა) შემსყიდველს ასევე გაუწია მიწოდებული საქონლის დამონტაჟების მომსახურება, სკ-ის 629-ე მუხლის შესაბამისად, თუმცა ღირებულება რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული (194 000,00 ლარი) არ გაზრდილა.

 

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, მყიდველი გამყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას იმ ნივთზე, რაზეც თავად გააჩნია საკუთრების უფლება, ე.ი. ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი მდგომარეობს იმ ნივთზე საკუთრების უფლების დათმობაში, რაც უკვე მატერიალურად არსებობს, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „ას--------მა“ ვალდებულება ჯეროვნად ვერ შეასრულა და შემსყიდველს შეთანხმებული ნივთი მიაწოდა 27 დღის დაგვიანებით, რაც არ არის სადავო.

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით მხარეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენისათვის, ყოველი დაგვიანებული დღისათვის, გაითვალისწინეს მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით. შეუსრულებელი ვალდებულება განსახილველ შემთხვევაში შეადგენდა ხელშეკრულების სრულ ღირებულებას 194 000,00 ლარს; 0,5%-ის ოდენობის პირგასამტეხლო ვადის გადაცილებისათვის 27 დღეზე 26 190,00 ლარს, რაც შემსყიდველმა მიმწოდებელს დაუქვითა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ანაზღაურებისას.

მიმწოდებელმა პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა დაამყარა 420-ე მუხლზე, მიუთითა, რა პირგასამტეხლოს (0,5%) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და მოითხოვა 0,01%-მდე შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ, სუსგ საქმეზე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).

 

პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება საჭიროებს ორმხრივი ნების გამოვლენას. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების ორმხრივად გამოვლენილი ნების საფუძველზე ფულადი და იდენტიფიცირებადი თანხის ოდენობაზე წერილობითი ფორმის შეთანხმება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 9.1 პუნქტი). დადგენილია, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების დარღვევა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონომიკურ შედეგებს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას, პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება-არამართლზომიერებასთან დაკავშირებული ფაქტების შეფასების შემდეგ, შეუძლია გამოიყენოს სასამართლოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მიწოდების შეთანხმებული ვადის ხანგრძლივობის (30 კალენდარული დღე) გათვალისწინებით, ვალდებულების დარღვევის ვადა (27 დღე) ხანგრძლივად შეიძლება ჩაითვალოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევა გამოიხატა საქონლის 27 დღის დაგვიანებით მიწოდებაში. დადგენილია, რომ 2017 წლის 14 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „თბ--–---------------მა“ 22 დეკემბრიდან (იმ დროიდან, როცა შპს „ას--------ს“ უნდა მიეწოდებინა შეთანხმებული ნივთი შემსყიდველისათვის), 08 იანვრის ჩათვლით, გაწია ხარჯი დიდი ლილოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მუხლუხა ბულდოზერის დაქირავებისათვის. შესაბამისად, შპს „ას--------ის“ მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შემსყიდველმა გასწია ხარჯი (24 840,00 ლარი) დამატებით. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შემსყიდველს დროულად მიაწოდებდა შეთანხმებულ ნივთს, შპს „თბ--–---------------ს“ არ მოუწევდა დამატებითი ხარჯის გაღება და შესაბამისად, ფინანსური დანაკლისის განცდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების დარღვევის შედეგად დამდგარ ზიანთან მიმართებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემსყიდველის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების საერთო ღირებულებასთან (194 000,00 ლარი) მიმართებით არ არის შეუსაბამოდ მაღალი სკ-ის 420-ე მუხლის მიზნებისათვის. ამდენად, შპს „ას--------ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-e, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ას----------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

4. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე