გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.12.2018
საქმის ნომერი
080210018002541796
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002541796

#2/2351-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.12.2018 წ. ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - სს „დ-------------------–-------------------------„წარმომადგენელი - ვ----–--–-----ა;

მოპასუხე - ს--------------ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ს--------------ას მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 15570 ლარის გადახდა.

 

1.1. მოპასუხე ს--------------ას მოსარჩელე სს „დ-------------------–-------------------------„-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 06 ოქტომბერს მზღვეველის სს „დ-------------------–-------------------------„-ს მიერ, დამზღვევზე გაცემული იქნა სადაზღვევო პოლისი #M---------, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა ა/მანქანა IN----------- სახელმწიფო ნომერი S------. 2016 წლის 01 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანა. მხარეთა ახსნა-განმარტებით, ასევე საჯარიმო ქვითრის მიხედვით სამართალდამრღვევად, ანუ შემთხვევაზე პასუხიმგებელ პირად მიჩნეული იქნა მოპასუხე ს--------------ა. სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის, სადაზღვევო ანაზღაურებათათა კომიტეტის და ინვოისის თანახმად, ავტომანქანის აღდგენის საერთო ღირებულებამ შეადგინა 15570 ლარი. 2016 წლის 01 მარტს, მზღვეველის სს „დ-------------------–-------------------------„-ს მიერ მითითებული თანხა 15570 ლარი სრულად იქნა ანაზღაურებული. მოსარჩელის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მოპასუხის მიერ არ იქნა ანაზღაურებული თანხა.(იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე ს--------------ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ მუშობს და თანხის გადახდის საშუალება არ გააჩნია. ასევე განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომობილი, სამართალდამრღვევად ცნობილი იქნა, მაგრამ ის დაზიანება რაც მითითებული იქნა სს „დ-------------------–-------------------------„-ს მიერ შედგენილი ავტოექსპერტის აქტში არასწორია, რადგან მანქანას ასეთი დაზიანება არ მიუღია. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 01 თებერვალს, ხოლო ავტოექსპერტიზა ჩატარდა 2016 წლის 24 ივნისს. შემთხვევის შემდეგ ავტომანქანა გადაადგილდებოდა და ის დაზიანება რაც ექსპერტს აქვს დასკვნაში მითითებული არ გააჩნდა. მხოლოდ კარები ჰქონდა დაზიანებული. ა/მანქანის დათვალიერებაში მას მონაწილეობა არ მიუღია და არც არავის უცნობებია რა სახის დაზიანება მიადგა მოძრავ ნივთს. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 06 ოქტომბერს მზღვეველის სს „დ-------------------–-------------------------„-ს მიერ, დამზღვევზე შპს ს----------ზე გაცემული იქნა სადაზღვევო პოლისი #M---------, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა ა/მანქანა IN----------- სახელმწიფო ნომერი S------; დაზღვევა მოიცავდა ავტოსაგზაო შემთხვევას, სტიქიური უბედურებებს, ხანძარს, მეხის დაცემა და სხვა. სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრა 65 000 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სახმელეთო საშუალებათა დაზღვევა #M---------;

 

3.1.2. 2016 წლის 01 თებერვალს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა IN----------- სახელმწიფო ნომერი S------.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი.

- საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;

 

3.1.3. ს--------------ამ ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია მანევრირების წესები, რასაც მოჰყვა შეჯახება და ს--------------ა დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, 250 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

-ს--------------ას ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის (IN----------- სახელმწიფო ნომერი S------) მიყენებულმა ზიანმა შპს „--------------------- აქტის თანახმად შეადგინა 15570 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ავტოექსპერტიზას აქტი;

-სადაზღვევო ანაზღაურებათა კომიტეტის ოქმი.

 

3.2.2. 2016 წლის 01 მარტის #2-- საგადახდო დავალების თანახმად, მზღვეველმა შპს ს----------ს გადაურიცხა 15570 ლარი;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-საგადახდო დავალება #2--;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დაწესებულია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის სს „დ-------------------–-------------------------„-ს მიერ შპს „ს---------„-ისათვის ასანაზღაურებელი თანხას. მოპასუხე მხარის მტკიცებით ავტომანქანას ასეთი დაზიანება არ მიუღია. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2016 წლის 01 თებერვალს, ხოლო ავტოექსპერტიზა ჩატარდა 2016 წლის 24 ივნისს. შემთხვევის შემდეგ ავტომანქანა გადაადგილდებოდა და ის დაზიანება რაც ექსპერტს აქვს დასკვნაში მითითებული არ გააჩნდა. მხოლოდ კარები ჰქონდა დაზიანებული.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტებს და განმარტავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია შპს „ავტოექსპერტიზის“ ხარჯთაღრიცხვა, სადაზღვევო ანაზღარებათა კომიტეტის და 2016 წლის 01 მარტის საგადახდო დავალება. შპს „--------------------“ ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, დეტალების ჩამონათვალისა და შესასრულებელი სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს 15570 ლარს. სადაზღვევო ანაზღარებათა კომიტეტის ოქმის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება 15570 ლარი; ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 01 მარტის #2-- საგადახდო დავალების თანახმად, მზღვეველმა შპს ს----------ს გადაურიცხა 15570 ლარი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს დ-------------------–-------------------------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 832-ე, 992-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1. მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 832.1. მუხლი განსაზღვრავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას მესამე პირისაგან, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს,მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.

 

ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი, როგორც კონკრეტული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში, ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან.(იხ. სუსგ №ას-380-364-2016, 22.06.2016).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

დადგენილია, რომ შპს „ს---------„-ს მიადგა ზიანი; სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ სე---------------მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა და შპს ს----------ის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანება; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ს--------------ას მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, შპს „ს---------„-ს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სე---------------ს მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, რომლის აღსადგენად საჭიროა 15570 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შპს „ავტოექსპერტიზა„-ს მიერ გაცემული აქტით, სადაც დეტალურად არის გაანგარიშებული დაზიანებული ნაწილების რაოდენობა და ფასი. ასევე უდავოა, რომ მიყენებული ზიანი - 15570 ლარი, მოსარჩელემ 2016 წლის 01 მარტს აუნაზღაურა დამზღვევს.

 

მოცემულ შემთხვევაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო კომპანიის მიერ უკვე განხორციელებულია, რის შემდგომაც სადაზღვევო კომპანიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება ზიანის ანაზღაურების მიზნით გადახდილი თანხის სუბროგაციის წესით ამოღებისა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს დ-------------------–-------------------------ას წინაშე მოპასუხე ს--------------ა წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს, რომელსაც უნდა დაეკისროს 15570 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ს--------------ამ სარჩელი არ ცნო. მოსარჩლის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 467,10 ლარის ოდენობით. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 467,10 ლარის გადახდა.

 

მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 50 ლარის გადახდა (სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი).

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს დ-------------------–-------------------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ს--------------ას - სს დ-------------------–-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს 15 570 (თხუთმეტიათას ხუთას სამოცდაათი) ლარის გადახდა.

 

3. ს--------------ას - სს დ-------------------–-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 467,10 (ოთხას სამოცდაშვიდი ლარი და 10 თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. ს--------------ას - სს დ-------------------–-------------------------ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მოსამსახურების ხარჯის 50 (ორმოცდაათი) ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე