გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.12.2018
საქმის ნომერი
010210017002080390
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017002080390

საქმე №2-3477/17წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს მისო ,,ბ------–ი’’

წარმომადგენელი - ბ-------------------------–----–-–---–ი

მოპასუხე - ნ----------------ე

წარმომადგენელი - კ-----------------ე

დავის საგანი - სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრება. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 6005 აშშ დოლარის გადახდა, რომელშიც შედის სესხის ძირი დავალიანება - 4305 აშშ დოლარის ოდენობით, დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 1243 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 457 აშშ დოლარის ოდენობით.

1.2. ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის - 4305 აშშ დოლარის 3%-ის - 129,15 აშშ დოლარის გადახდა 20. 04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.3. ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,07%-ის, ანუ 3 აშშ დოლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.4. თანხების ამოღება მოხდეს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ნ----------------ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ბათუმი, გ------------ის ქN3-ში (საკადასტრო კოდი №05.25.02.019) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხე ნ----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვლებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 25 აპრილს შპს მისო ”ბ------–ს” და ნ----------------ეს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო ”ბ------–მა” მოპასუხეს ასესხა 5000 აშშ დოლარი, 3% სარგებლით. პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება;

 

3.1.2. ნ----------------ის მიერ ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით 2014 წლის 25 აპრილს იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე ნ----------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, გ------------ის ქN3-ში (საკადასტრო კოდი №05.25.02.019).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს მისო ”ბ------–ს” და ნ----------------ეს შორის 2014 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, როგორც სესხის გადახდის წესზე, ასევე საპროცენტო სარგებელზე, ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე და გადახდის ვადაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა 18 თვით. მსესხებელს სესხის დაფარვა უნდა ეწარმოებინა სესხზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად 2016 წლის 16 აგვისტომდე, რომელშიც შედიოდა როგორც ძირითადი თანხა, ასევე საპროცენტო სარგებელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- მხარის ახსნა-განმარტება;

- საჯარო რეესტრის ამონაწერი.

- იპოთეკის ხელშეკრულება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებელ ნ----------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და მის მიერ შეთანხმებულ ვადაში სრულად არ ყოფილა დაფარული სესხის ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი.

 

2017 წლის 20 აპრილის მდგომარეობით ნ----------------ეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 4305 აშშ დოლარი. სესხის გატანის დღიდან 20.04.2017წ-მდე პროგრამულად დარიცხული და გადაუხდელი საპროცენტო სარგებელი 1243 აშშ დოლარი, სესხის გატანის დღიდან 20.04.2017წ-მდე პროგრამულად დარიცხული და გადაუხდელი პირგასამტეხლო- 457 აშშ დოლარის ოდენობით. სულ მოპასუხის დავალიანება სარჩელის შემოტანის დროისათვის შეადგენს 6005 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება.

- სასესხო ამონაწერი.

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ: ნ----------------ეს დაეკისროს შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ 6005 აშშ დოლარის გადახდა; ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4305 აშშ დოლარის 3%-ის - 129,15 აშშ დოლარის გადახდა 20.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სარჩელის შემოტანიდან, ანუ 2017 წლის 11 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირი თანხის 4305 აშშ დოლარის 0,07%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3 აშშ დოლარს. ზ/აღნიშნული თანხის ნებაყოფილობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღების მიზნით განხორცილდეს ქ. ბათუმში, გ------------ის ქN3-ში (ს/კ N05.25.02.019) მდებარე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარავად, დარჩენილი დავალიანების ნაწილში აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხე ნ----------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვლებლივ აღსასრულებლად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 403-ე, 404-ე, 411-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2014 წლის 25 აპრილს გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს მისო ”ბ------–მა” მოპასუხეს ასესხა 5000 აშშ დოლარი 3% სარგებლით. პირგასამტეხლო განისაზღვრა სესხის ძირი თანხის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მხარები შეთანხმდნენ, როგორც სესხის გადახდის მეთოდებზე, ასევე სესხით სარგებლობის ვადაზე, საპროცენტო სარგებელზე და პირგასამტეხლოზე. ასევე შეთანხმდნენ სესხის უზრუნველყოფის საშუალებაზე.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევდა საფუძველს მოსარჩელეს მოეთხოვა თანხის დაბრუნება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403 მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404 მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაცია.

 

6.6. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1004 ლარის ოდენობით, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული იქნა ხარჯი 250 ლარის ოდენობით.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1004 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 267-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება დასაშვებია მხოლოდ მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ. სამოქალაქო-სამართლებრივი, აღსასრულებელი მოთხოვნების იძულებითი აღსრულება იწყება კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლისა და სასამართლო გადაწყვეტილების სააღსრულებო ბიუროში წარდგენით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით;

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ არის გათვალისწინებული დავის არსებობის შემთხვევაში პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს; ნაწილობრივ.

 

1.1. ნ----------------ეს დაეკისროს შპს მისო “ბ------–ის სასარგებლოდ 6005 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 4305 აშშ დოლარის 3%-ის - 129,15 აშშ დოლარის გადახდა 20.04.2017 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

1.3. ნ----------------ეს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ------–ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირი თანხის 4305 აშშ დოლარის 0,07%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 3 აშშ დოლარს, სარჩელის შემოტანიდან, ანუ 2017 წლის 11 სექტემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.

1.4. ზ/აღნიშნული თანხის ნებაყოფილობით გადაუხდელობის შემთხვევაში თანხის ამოღების მიზნით განხორცილდეს ქ. ბათუმში, გ------------ის ქN3-ში (ს/კ N05.25.02.019) მდებარე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებითი რეალიზაცია.

1.5. მოპასუხე ნ----------------ეს დაეკისროს შპს მისო „ბ------–ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1004 ლარის ოდენობით და იურიდიული მომსახურებისათვს გაწეული ხარჯის ანაზღაურება 250 ლარის ოდენობით.

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებივ აღსასრულებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე