გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 18.12.2018
საქმის ნომერი
080310116001470702
კატეგორია
დავის ტიპი
საერთო სახელმწოფო და ადგილობრივ გადასახადებთან დაკავშირებით
თარიღი
18.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 080310116001470702

საქმე №3/1651-16 18 დეკემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - სსიპ შემოსავლების სამსახური.

წარმომადგენელი - შ------------–--–---–ი

 

მოპასუხე - შპს ,,ც-–-’’

მოპასუხე - ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ე’’

 

დავის საგანი - ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ც-–-ს’’ და ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ის’’ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებად აღიარება.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2016 წლის 09 აგვისტოს მდგომარეობით ი/მ „გ------------------–--ეს“ (ს/ნ 600010232--) ერიცხება სალდირებული საგადასახადო დავალიანება 662464,56 ლარის ოდენობით.

 

2012 წლის 19 ივნისის N038564 შეტყობინებით ი/მ "გ------------------–--ეს" ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, 2014 წლის 03 ივნისს ი/მ "გ------------------–--ეს" მიმართ გამოიცა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ N038-20 ბრძანება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, უძრავ–მოძრავი ქონება მიმდინარე პერიოდისათვის საკუთრებაში არ გააჩნია. ის არის შპს "ც-–-ს" კაპიტალში 100%–იანი წილის მფლობელი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2016 წლის 16 მაისს ი/მ "გ------------------–--ემ" დააფუძნა შპს "ც-–-" რომლის 100% წილის მფლობელი არის თავად გ------------------–--ე. აღნიშნული შპს–ს საქმიანობის სახეა აგრეთვე ჯართის რეალიზაცია. 2016 წლის 18 მაისს ი/მ "გ------------------–--ემ" თავისივე დაარსებულ შპს "ც-–-ს" გადააწერა ზედნადებით (N00238164433) 4030 ლარის ღირებულების ნაყარი ჯართი. ამის შემდეგ ი/მ "გ------------------–--ეს" ზედნადებებით საქონლის მიღება–გაცემა არ უფიქსირდება და საქონლის გადაწერის შემდეგ საქმიანობა აღარ განუხორციელებია. ხოლო, შპს "ც-–-ს" დაარსების დღიდან მიღებული აქვს 12030 ლარის ღირებულების ნაყარი ჯართი და გაწერილი აქვს 116739.1 ლარის საქონელი.

 

შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 09 აგვისტოს მდგომარეობით, შპს "ც-–-ს" აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 5674.65 ლარს. 2016 წლის 17 ივნისის N0217857 შეტყობინებით შპს "ც-–-ს" ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება, ხოლო გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადების ბრძანება არ არის გამოცემული.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ი/მ "გ------------------–--ემ", რომელსაც გააჩნია საგადასახადო დავალიანება, საქონელი გადააწერა ახლადშექმნილ საწარმოს, რომლის დირექტორს და ერთადერთ დამფუძნებელს თავად წარმოადგენს. საქონლის გადაწერის შემდეგ კი, გადამხდელს ინდ. მეწარმის საქმიანობა აღარ განუხორციელებია. ამასთან, მოსარჩელე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 19–ე მუხლის მიხედვით წარმოადგენენ ურთიერთდამოკიდებულ პირებს.

 

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ი/მ „გ------------------–--ის“ მიერ საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შემდეგ საქონლის გადაწერა ახალშექმნილ საწარმოზე, რომლის დირექტორი და ერთადერთი დამფუძნებელი არის თავად, შემდგომ კი საქმიანობის შეჩერება მიზნად ისახავდა საგადასახადო დავალიანების გადახდევინების ღონისძიებებისათვის თავის არიდებას. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ ი/მ „გ------------------–--ე“ და შპს "ც-–-" წარმოადგენენ ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებს - ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ეს’’ და შპს ,,ც-–-ს’’ სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. მოპასუხეები არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებულან, რომლებიც საქმის განხილვაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ი.მ. ,,გ------------------–--ე’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2003 წლის 4 ნოემბრიდან და მინიჭებული აქვს (ძველი საიდენტიფიკაციო ნომერი 125062947) საიდენტიფიკაციო კოდი - 600010232--. საქმიანობის სახეა აგრეთვე ჯართის რეალიზაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 41-42);

- განცხადება;

 

3.1.2. დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ის’’ ქონებაზე 2012 წლის 19 ივნისიდან №038564 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი (ს.ფ. 47);

 

3.1.3. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 03 ივნისს N038-20 ბრძანებით, ყადაღა დაედო გ------------------–--ის ქონებას (მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- N038-20 ბრძანება (ს.ფ. 49);

 

3.1.4. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის N52473 ბრძანებით დაინიშნა ი.მ. გ------------------–--ის’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით; შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა - 2008 წლის 7 იანვრიდან - 2014 წლის 15 დეკემბრამდე, წლიური საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში შემოწმდეს 2008,2009,2010,2011,2012 და 2013 წლების სანგარიშო პერიოდი;

 

დადგენილია, რომ დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის N52473 ბრძანების საფუძველზე ი.მ. გ------------------–--ის’’ სრული კამერალური შემოწმება დაიწყო 18.12.2014 წელს, 26.12.2014 წელს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი.

 

დადგენილია, რომ სიპ შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 26 დეკემბრის N54243 ბრძანებით ინდ. მეწარმე გ------------------–--ეს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა - სულ 190 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 127, ჯარიმა 63 ლარი.

 

დადგენილია, რომ 2014 წლის 26 დეკემბრის N038-5 საგადასახდო მოთხოვნის თანახმად, გ------------------–--ეს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახდი - 127, ჯარიმა 63, საურავი 48,18; სულ - 238,18 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 17.12.2014 წლის N52473 ბრძანება (იხ. ს.ფ. 89);

- საგადასახადო შემოწმების შუალდური აქტი (იხ. ს.ფ. 61-88);

- N038-5 საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ. 55);

- N54243 ბრძანება (იხ. ს.ფ. 56-57);

 

3.1.5. დადგენილია, რომ 2015 წლის 30 მარტს ი.მ. ,,გ------------------–--ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N096785, შეფარდებული სანქცია - 400 ლარი.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ი.მ. ,,გ------------------–--ეს’’, 2014 წლის 26 დეკემბერს ჩაბარდა 2014 წლის 17 დეკემბრის წერილი N21-14/96636 სსკკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ, გადამხდელმა სრულად არ წარადგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N096785 (იხ. ს.ფ. 150);

 

3.1.6. დადგენილია, რომ 2015 წლის 10 ივლისს ი.მ. ,,გ------------------–--ის’’ მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N080831, შეფარდებული სანქცია - 1000 ლარი.

 

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ი.მ. ,,გ------------------–--ემ’’, რომლის მიმართაც გამოცემულია ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება (03.06.2014წ N038-20) შეიძინა ქონება (სასაქონლო მატერიალური ფასეულობები) ისე, რომ 7 სამუშაო დღის განმავლობაში არ დააზუსტა მის მიერ წარდგენილი ქონების ნუსხა. აღნიშნულით დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნები, რაც იწვევს სანქცირებას სსკ-ის 279-ე მუხლის მე-2 ნაწილით ფულადი ჯარიმის სახით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N080831 (იხ. ს.ფ. 38)

 

3.1.7. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 4 იანვრის N476 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის N52473 ბრძანებით განსაზღვრული ი.მ. ,,გ------------------–--ის’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 3 აპრილის ჩათვლით.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 მარტის N9433 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 17 დეკემბრის N52473 ბრძანებით განსაზღვრული ი.მ. ,,გ------------------–--ის’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების ვადა გაგრძელდა 2015 წლის 5 აგვისტოს ჩათვლით.

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 8 ივლისის N24502 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება ი.მ. გ------------------–--ის’’ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების 2014 წლის 17 დეკემბრის N42473 ბრძანებაში, კერძოდ მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა - 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013 და 2014 წლების სანგარიშო პერიოდი;

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 4 ნოემბერს შედგა ი.მ. გ------------------–--ის’’ საგადასახადო შემოწმების აქტი;

 

დადგენილია, რომ სიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 13 ნოემბრის N42934 ბრძანებით ინდ. მეწარმე გ------------------–--ეს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა - სულ 641677 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 427464, ჯარიმა - 214213 ლარი.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 16 ნოემბრის N038-13 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი - 736172,6; ჯარიმა - 214213; საურავი - 12516,71; სულ - 1075542,31 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 4 იანვრის N476 ბრძანება (იხ. ს.ფ. 151);

- 2015 წლის 25 მარტის N9433 ბრძანება (იხ. ს.ფ. 152);

- N24502 ბრძანება (იხ. ს.ფ. 148);

- საგადასახადო შემოწმების აქტი (იხ. ს.ფ. 95-146);

- N42934 ბრძანება (იხ. ს.ფ. 91);

- N038-13 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 90);

 

3.1.8. დადგენილია, რომ შპს ,,ც-–-’’ რეგისტრირებულია მეწარმე სუბიექტად 2016 წლის 16 მაისიდან და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 412717742. დირექტორი - გ------------------–--ე (პ/ნ 600010232--).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 43-44);

 

3.1.9. დადგენილია, რომ ი.მ. ,,გ------------------–--ემ’’ 2016 წლის 18 მაისს №0238164433 სასაქონლო ზედნადებით 4030 ლარის ღირებულების საქონელი გადასცა შპს ,,ც-–-ს’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გადამხდელის ფაილი (ს.ფ. 45);

 

3.1.10. დადგენილია, რომ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით, შპს ,,ც-–-ს’’ ქონებაზე 2016 წლის 17 ივნისიდან №021-7858 შეტყობინებით რეგისტრირებულია საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი (ს.ფ. 46);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს სადავოდ არ გამხდარა.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებით სარჩელი წარმოადგენს პროცესუალური დაცვის ერთ-ერთ მყარ სამართლებრივ ინსტიტუტს და ის გამომდინარეობს მოსარჩელის მატერიალური უფლების უშუალო განხორციელებიდან. აღიარებითი სარჩელის დავის საგანია უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სამართლებრივი ურიერთობის არსებობის აღიარებას, კერძოდ, დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ე’’ და შპს ,,ც-–-’’ წარმოადგენენ ცრუმაგიერ პირებს.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია გადასახადის გადამხდელის განსხვავება სხვა პირისგან და ეს პირი გამოყენებულია გადასახადის გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებისთვის თავის არიდების მიზნით, ითვლება, რომ აღნიშნული პირები არიან ერთიმეორის ცრუმაგიერი პირები.

 

ამავე კოდექსის 19-ე მუხლით რეგლამენტირებულია ურთიერთდამოკიდებული პირების დეფინიცია, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ სარჩელის მიზანია დადგინდეს, რომ სხვა პირი წარმოადგენს საგადასახადო კოდექსით გადასახადის გადახდაზე ვალდებული პირის - გადამხდელის ცრუმაგიერ პირს. ასეთი აღიარება შესაძლებლობას აძლევს საგადასახადო ორგანოს გადასახადის გადამხდელის შეუსრულებელი საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენოს ცრუმაგიერი პირის მიმართ.

 

მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ 2003 წლის 4 ნოემბერს გ------------------–--ე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, რომლის საქმიანობის სახეა ჯართის რეალიზაცია. ასევე დადგენილია, რომ2016 წლის 16 მაისს ი/მ "გ------------------–--ემ" დააფუძნა შპს "ც-–-" რომლის 100% წილის მფლობელი არის თავად გ------------------–--ე. აღნიშნული შპს–ს საქმიანობის სახეა აგრეთვე, ჯართის რეალიზაცია. 2016 წლის 18 მაისს ი/მ "გ------------------–--ემ" მის მიერ დაარსებულ შპს "ც-–-ს" ზედნადებით (N00238164433) გადააწერა 4030 ლარის ღირებულების ჯართი. საქონლის გადაწერის შემდეგ კი, მას საქმიანობა აღარ განუხორციელებია და ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანაბარწილად 100 ლარის გადახდა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ის’’ მიერ შპს ,,ც-–-“-სათვის ზედნადებით გადაწერილ მოძრავ ქონებას - შავი და ფერადი ლითონების ჯართს და ნარჩენებს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს გ------------------–--ის მიერ დაფუძნებულ შპს ,,ც-–-ს’’ 100 %-იან წილს, რომლის მესაკუთრეა გ------------------–--ე.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს „ც-–-“–ს (ს/ნ 412717742) საკუთრებაში არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობებს (შავი და ფერადი ლითონების ჯართი და ნარჩენები).

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდა, არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის და 2017 წლის 1 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ’’ ქვპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მხარემ ვერ დაასაბუთა და ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომელთა გამო წინამდებარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღუსრულებლობა მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება არ დგას საფრთხის ქვეშ და მისი აღსრულება შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგაც. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. დადასტურებულად იქნეს ცნობილი, რომ ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ე’’ და შპს ,,ც-–-’’ წარმოადგენენ ერთიმეორის ცრუმაგიერ პირებს.

3. ინდ. მეწარმე ,,გ------------------–--ეს’’ და შპს ,,ც-–-ს’’თანაბარწილად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი 200122900, კოდი №300183150.

4. უარი ეთქვას სსიპ შემოსავლების სამსახურს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

6. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეს დაუყოვნებლივ აღსრულებაზე შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) მხარისათვის მისი ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი