გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - მ------------ე
წარმომადგენელი - მ------------–---–ი
მოპასუხეები - მ---------–---ე, გ----–---–-------ი
მოპასუხე გ----–---–-------ის წარმომადგენელი - ს----------------ე
მოპასუხე მ---------–---ის წარმომადგენლები - თ------–---–-----ი, ნ-----–---–-----ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მ---------–---ესა და გ----–---–-------ს მოსარჩელე მ------------ის სასარგებლოდ დაეკისროთ მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 10055,87 ლარის გადახდა;
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელეს საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, პ-----ს 2, ბინა N--. ფართით 253 კვ.მ. ამავე მისამართზე განთავსებულია მოპასუხეების უძრავი ქონებები, კერძოდ მ---------–---ის საკუთრებაშია სხვენი ფართით 93,40 კვ.მ, ხოლო გ----–---–-------ის საკუთრებაშია ასევე სხვენი, ფართით 130 კვ.მ. მოპასუხეთა ფართებიდან მოხდა წყლის ჩამოდინება, რის მიზეზიც შეიძლება იყოს სახურავის ან გამავალი წყალამრიდი მილის გაუმართაობა, ან/და რემონტის დროს გაუფრთხილებლობა, რაც ექსპერტიზამ ვერ დაადგინა. თუმცა ექსპერტის დასკვნით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, რომ ბინაში წყლის ჩამოდინება მოპასუხეთა ფართებიდან მოხდა. ზიანის აღდგენას ესაჭიროება 10055,87 ლარი, რომლის გადახდასაც მოპასუხეები არ ახორციელებენ.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა გამორიცხეს ზიანის დადგომაში მათი მონაწილეობა. მ---------–---ის განმარტებით, მის კუთვნილ ფართში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა მოსარჩელის ქონების ნაწილში წყლის ჩადინება, რამაც გამოიწვია გარკვეული მატერიალური ზიანი. მოხდა ზიანის შეფასება და მის მიერ უმოკლეს ვადაში იქნა სრულად ანაზღაურებული, რამაც შეადგინა 1500 ლარი. მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდებას. გარდა ამისა, შენობა რომელშიც მდებარეობს საცხოვრებელი სახლი, არის საკმაოდ ძველი და მის მიერ ქონების შეძენამდე შენობის სახურავი უკვე დაზიანებული იყო და ექვემდებარებოდა შეკეთებას. ამდენად, მისი ქონებიდან მოსარჩელის საკუთრების ნაწილში წყლის ჩადინება ფიზიკურად ვერ გამოიწვევდა საცხოვრებელი ბინის მთლიანი სახურავის დაზიანებას.
მოპასუხე გ----–---–-------მა შესაგებელში, ასევე სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებებით განმარტა, რომ მის მიერ სხვენის შესყიდვის შემდგომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ უკვე გაცემული ნებართვით უნდა მოეხდინა სხვენის მანსარდად გადაკეთება. მოგვიანებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაუქმდა აღნიშნული აქტი. დღეის მდგომარეობით მერიის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია და საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს. არ იყოს სწორი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში გაკეთებული განმარტება, რომ იგი აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, ვინაიდან მშენებლობის წარმოება სამართლებრივი აქტით აქვს აკრძალული. ხოლო წვიმა და ნალექი ბუნებრივი მოვლენაა, წარმოადგენს ფორს-მაჟორს და შესაბამისად, არ დასტურდება მისი ბრალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თბილისში, პ-----ს გამზირი N2-ში მდებარე ბინა N---ის, ფართობით 253,25 კვ.მ-ის მესაკუთრეა მ------------ე. ამავე მისამართზე არსებული, 92,40 კვ.მ. ფართობის სხვენი წარმოადგენს მოპასუხე მ---------–---ის, ხოლო 130 კვ.მ. ფართობის სხვენი წარმოადგენდა მოპასუხე გ----–---–-------ის საკუთრებას. მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მდებარეობს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვენის დაბლა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.1.2. მოსარჩელე მ------------ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის რამოდენიმე ოთახის ჭერი და კედლები წყლის ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების საორიენტაციო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 10055,87 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის დასკვნა.
3.1.3. მხარეთა შორის არაა სადავო, რომ მოპასუხე მ---------–---ემ მოსარჩელეს 2018 წლის აპრილის თვეში აუნაზღაურა 1500 ლარი, ამავე წლის იანვრის თვეში მისი ფართიდან წყლის ზემოქმედებით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა ერთმნიშვნელოვნად დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ზიანი მოპასუხეთა ბრალით არის გამოწვეული.
დასკვნის თანახმად, ბინა N---ის ზედა სართულზე მდებარე ფართი ნაწილობრივ განთავსებულია სხვენში და მასში მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ბინაში რამოდენიმე ადგილას აშკარაა წყლის ზემოქმედების კვალი, სახურავი ნაწილობრივ გადაკეთებულია და რამოდენიმეგან წყლის ჭურჭელია განთავსებული სახურავიდან წყლის შესაკავებლად. მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს არ არის სათანადოდ დაცული უსაფრთხოების ნორმები წყლის შესაძლო გაჟონვისგან, რაც ვიზუალურად ასევე აშკარა შესამჩნევია. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით ექსპერტის მიერ დადგენილია, რომ პ-----ს ქ. N2 ბინა N---ში წყლის ჩადინება მოხდა უშუალოდ ბინა N---ის ზედა სართულზე მდებარე ბინიდან. ზედა სართულზე მდებარე ბინის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ წყლის გაჟონვის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო რამოდენიმე სხვადასხვა მიზეზი. მათ შორის: სახურავის გაუმართაობა, ბინაში გამავალი წყალამრიდი მილის გაუმართაობა ან/და რემონტის დროს გაუფრთხილებლობა. მიმდინარე ეტაპზე ექსპერტიზა ვერ ადგენს ჩამოთვლილთაგან რომელია ზუსტი მიზეზი.
ამდენად, ექსპერტის დასკვნაში ერთდროულად საუბარია ზიანის გამომწვევ რამოდენიმე მიზეზზე, რომელიც შეიძლება ერთადაც არსებობდეს ან ცალ-ცალკე თითოეულის არსებობა იწვევდეს მოსარჩელის ბინაში წყლის ჩადინებას და ამის საფუძველზე ზიანის გამომწვევ შესაძლო ფაქტებზე დასკვნა ვარაუდის დონეზე არის გაცემული. გარდა ამისა, დასკვნით არ დგინდება, წყლის ჩადინება ხდება თუ არა ბინა N---ის ზედა სართულზე განთავსებული მთლიანი ფართიდან, მაშინ როდესაც მოსარჩელის კუთვნილი ბინის ზედა სართულზე არსებული ფართი წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ ფართს და სხვადასხვა პირს ეკუთვნის.
ასევე საგულისხმოა, რომ თუკი წყლის ჩადინება გამოწვეულია სახურავის გაუმართაობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახურავი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს და მისგან მომდინარე ზიანის ანაზღაურება ვერ დაეკისრება ამხანაგობის მხოლოდ ერთ წევრს, მიუხედავად იმისა, რომ იგი არის სახურავის ქვეშ არსებული სხვენის მესაკუთრე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც ვერ განახორციელა მოსარჩელემ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით მ------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომაროება, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: უნდა არსებობდეს: 1) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს- ზიანს და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ სახეზეა აღნიშნული ყველა პირობა.
იმის გათვალისწინებით, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დადგენისთვის გამოვლენილი უნდა იყოს ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და უარყოფითი შედეგი, უპირველესად დასადგენია, რაში გამოიხატა მოპასუხის ბრალეულობა.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საცხოვრებელი ბინის მოპასუხეთა მიერ დაზიანების ფაქტი. რაც გამორიცხავს სარჩელის საფუძვლიანობას.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 302 ლარს. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურებისა და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების ხარჯის მოპასუხეთათვის დაკისრების შესახებ.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 9 აგვისტოს და 9 ოქტომბრის განჩინებებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის გათვალისწინებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო გამოყენებული ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ------------ის სარჩელი მ---------–---ისა და გ----–---–-------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, კერძოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტი, რომლითაც მ------------ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: მოპასუხე გ----–---–-------ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, პ-----ს გამზირი N2, სხვენი, ფართი 130 კვ.მ. საკადასტრო კოდით: 0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა მოპასუხე მ---------–---ეს (პ/ნ 0----------) მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, დ------ ქუჩა N14, ბინა N9, ფართი 43.05 კვ.მ, ს/კ: N----------------------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მ------------ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით: მოპასუხე გ----–---–-------ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, პ-----ს გამზირი N2, სხვენი, ფართი 35 კვ.მ. საკადასტრო კოდით: 0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 302 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე