გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210117002042208
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/20863-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი

მოსარჩელე - შ------–-------

წარმომადგენელები - გ---–------------------------------------–-

მოპასუხე - ე-–-----------

წარმომადგენელები - გ--------–----–---–----–--------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე - ე-–-----------ს მოსარჩელე შ------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ავანსად ჩარიცხული თანხიდან - 95000 ლარის დაბრუნება.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტემენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N----- ბრძანების შესაბამისად, შპს ,--–----------- წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით კომპანიას გადასახდელად დაეკისრა 20053.57 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადი - 19853.28 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 183.83 ლარი, ქონების გადასახადი 16.13 ლარი და მიწის გადასახადი 0.33 ლარი.

 

2015 წლის 22 დეკემბრის ბრძანება N----- საფუძველზე კომპანიას ასევე წარედგინა 2015 წლის 22 დეკემბრის N------- საგადასახადო მოთხოვნა და გადასახდელად დაეკისრა 755852.28 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი - 703851 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 48284.97 ლარი და ქონების გადასახადი - 2706.14 ლარი.

 

მთლიანობაში ზემოაღნიშნული ორი საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად მოთხოვნილ იქნა 775905.85 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 372792 ლარი, ჯარიმა - 189356 ლარი და საურავი - 213757.85 ლარი. მოპასუხე ე-–----------- მოსარჩელეს დაპირდა აღნიშნული თანხის 50%-ით შემცირებას, რის თაობაზეც მხარეებს შორის 2016 წლის 20 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულება N20.010.1---, რომლის 1.1 პუნქტის შესაბამისად მოპასუხეს უნდა ეწარმოებინა მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე კომპანიის კანონიერი ინტერესების დაცვა, კერძოდ ევალებოდა დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. სადავო თანხას კი წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ორი ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნების საფუძველზე დარიცხული - 775905.85 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი - 372792 ლარი, ჯარიმა - 189356 ლარი და საურავი - 213757.85 ლარი.

 

მომსახურების ღირებულება შეადგენდა 125000 ლარს, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საიდანაც საშემოსავლო გადასახადის დაკავებას და ბიუჯეტის ანგარიშსწორებას მოახდენდა მოსარჩელე.

 

ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე კომპანიას ავანსად უნდა ჩაერიცხა 100000 ლარი ხელშეკრულების დადებიდან ორი დღის ვადაში. შესრულებულ სამუშაოზე, თუ სადავო თანხას 775905.85 ლარს მოპასუხე შეამცირებდა 50%-ით მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი, არაუგვიანეს ორი დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს უკან უნდა დაებრუნებინა ავანსად ჩარიცხული თანხიდან 95000 ლარი, ხოლო 5000 ლარი უნდა დაეტოვებინა გაწეული მომსახურებისათვის.

 

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე უფლებამოსილი იყო ვადაზეადრე შეეწყვიტა ხელშეკრულება.

მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე და დათქმულ ვადაში მოპასუხისათვის ჩარიცხულ იქნა ავანსად 100000 ლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, საქმის მიმდინარეობის შესახებ ე-–----------- მოთხოვნის მიუხედავად საქმის კურსში არ აყენებდა კომპანიას. ვინაიდან მოპასუხემ იცოდა, რომ ვერ შეამცირებდა თანხას 50%-ით, მის მიერ შეტანილ საჩივრებზე მიღებულ უარს შეუთანხმებლად ისევ ასაჩივრებდა და ამასობაში იზრდებოდა საურავები. მოსარჩელე იძულებული გახდა ვადაზე ადრე შეეწყვიტა მოპასუხისათვის უფლება-მოვალეობები, რაზედაც ეცნობა წერილით, შემდგომ კი რწმუნებულების გაუქმების სანოტარო აქტით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო თანხის დაკისრებას 95000 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ ე-–-----------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო თანხა წარმოადგენს მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებას. ამასთან რწმუნებულება გაუქმდა მას შემდეგ, რაც მის მიერ შეტანილი საჩივარი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს შეუმცირდა საგადასახადო დავალიანება 470158.54 ლარით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 19 ნოემბერის N 4---- ბრძანების საფუძველზე, შ------–--------ს წარედგინა 19.11.2015 წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 203937.69 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი 182324.71 ლარი (ძირი თანხა 79450 ლარი, ჯარიმა - 39725 ლარი, საურავი 63149.71 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 21522.86 ლარი (ძირი თანხა 10144 ლარი, ჯარიმა 4759 ლარი, საურავი 6619.86 ლარი), მიწის გადასახადი 4.03 (სულ საურავი) და ქონების გადასახადი 86 ლარი (საურავი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დეპარტამენტის N4---- ბრძანება (ს.ფ. 34);

- აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების დანართი, შ------–--------ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დასარიცხი/შესამცირებელი თანხების შესახებ (ს.ფ. 35);

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნა N------- (ს.ფ 36);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N 4---- ბრძანების საფუძველზე, შ------–--------ს წარედგინა 21.12.2015 წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 20053.57 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი 19853.28 ლარი (ძირი თანხა 8017 ლარი, ჯარიმა - 4008 ლარი, საურავი 7828.28 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 183.83 ლარი (საურავი), მიწის გადასახადი - 0.33 (საურავი) და ქონების გადასახადი 16.13 ლარი (საურავი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანება (ს.ფ. 25);

- აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების დანართი, შ------–--------ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დასარიცხი/შესამცირებელი თანხების შესახებ (ს.ფ. 26);

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნა N------- (ს.ფ 27);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.3. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 22 დეკემბრის N 4---- ბრძანების საფუძველზე, შ------–--------ს წარედგინა 22.12.2015 წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა და კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 755852.28 ლარი. მათ შორის მოგების გადასახადი - 703851 ლარი (ძირი თანხა 341968 ლარი, ჯარიმა - 170984 ლარი, საურავი 190899 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 48284.97 ლარი (ძირი თანხა - 22699 ლარი, ჯარიმა 11551 ლარი, საურავი - 14034.97 ლარი), ქონების გადასახადი 2706.14 ლარი (ძირი თანხა 1277 ლარი, ჯარიმა - 639 ლარი, საურავი - 790.14 ლარი), მიწის გადასახადი (სასოფლო) - 4.87 ლარი (საურავი) და ჯარიმები - 1005 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანება (ს.ფ. 28);

- აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების დანართი, შ------–--------ის პირადი აღრიცხვის ბარათზე დასარიცხი/შესამცირებელი თანხების შესახებ (ს.ფ. 29-30);

- შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მოთხოვნა N------- (ს.ფ 31);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.4. 2016 წლის 20 იანვარს ე-–-----------ს და შ------–--------ს შორის გაფორმდა N---------1 ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სახელმწიფოს მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე შ------–--------ის (დამკვეთის) კანონიერი ინტერესების წარმოდგენა, კერძოდ - დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, დამკვეთის სასარგებლოდ საჩივრის მომზადება და მისი პოზიციების დაცვა შესაბამის უწყებებში.

 

ხელშეკრულების თანახმად, სადავო თანხას წარმოადგენდა - 775905.85 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადის თანხა - 372792 ლარი, ჯარიმა - 189356 ლარი და საურავი - 213757.85 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- 2016 წლის 20 იანვარის N---------1 ხელშეკრულება (ს.ფ 20-23).

 

3.1.5. 2016 წლის 20 იანვარს ე-–-----------ს და შ------–--------ს შორის გაფორმებული N---------1 ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება შეადგენდა 125000 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, საიდანაც მოსარჩელე არსებული კანონმდებლობის მიხედვით მოახდენდა საშემოსავლო გადასახადის დაკავებასა და ბიუჯეტში ანგარიშსწორებას. კომპანიას მოპასუხის ანგარიშზე ავანსად უნდა ჩაერიცხა 100000 ლარი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) დღის განმავლობაში.

 

2015 წლის 25 იანვარს შ------–--------ის მიერ ე-–-----------სათვის ავანსის სახით ჩარიცხულ იქნა მომსახურების ღირებულება 100000 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 24).

- 2016 წლის 20 იანვარის N---------1 ხელშეკრულება (ს.ფ 20-23).

 

3.1.6. 2016 წლის 17 მარტს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, ჰ------------------------, როგორც შ------–--------ის დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა მინდობილ პირს _ ე-–-----------ს, მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო როგორც შ------–--------ის დირექტრისა და 100%-იანი წილის მფლობელის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში რათა დაეცვა საზოგადოების ინტერესები, ეწარმოებინა კომპანიის საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყველა ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში და აღნიშნულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად წარედგინა და გამოეთხოვა ყველა სახის დოკუმენტი, მოწმობა, ამონაწერი, სარჩელი, განცხადება, ხელი მოეწერა შესაბამისი დოკუმენტებისათვის და გადაეხადა დადგენილი გადასახადები.

 

06.12.2016 წლის სანოტარო აქტის საფუძველზე შ------–--------ის დირექტორმა გააუქმა ე-–-----------ს სახელზე გაცემული მინდობილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);

- 17.03.2016 წლის მინდობილობა (ს.ფ 43-45).

- 06.12.2016 წლის სანოტარო აქტი რწმუნებულების/მინდობილობის გაუქმების შესახებ (ს.ფ 42);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე-–-----------მ ვერ უზრუნველყო 2016 წლის 20 იანვრს მხარეებს შორის გაფორმებული N---------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, სადავო თანხის 50%-ით შემცირების გზით.

 

მხარეთა შორის 2016 წლის 20 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების თანხმად, ე-–-----------ს ვალდებულებას წარმოადგენდა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წინაშე დამკვეთის კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და მისი პოზიციების დაცვა შესაბამის უწყებებში სადავო თანხის 775905.85 ლარის შემცირების მიზნით. ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 125000 ლარით, საიდანაც დამკვეთს თავად უნდა განეხორციელებინა საშემოსავლო გადასახადის დაკავება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ხოლო შემსრულებლისათვის თანხის ჩარიცხვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) დღის ვადაში (3.1 პუნქტი). უდავო გარემოებაა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ოდენობით, მოსარჩელის მიერ ე-–-----------ს ანგარიშზე გადარიცხულ იქნა 100 000 ლარის ოდენობით თანხა ავანსის სახით.

 

მხარეთა მიერ დადებული ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღრულ იქნა რომ: „სადავო თანხის 50%-ით შემცირების შემთხვევაში მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს შესაბამისი სტრუქტურებიდან გადაწყვეტილების ჩაბარებიდან არაუგვიანეს ორი დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ავანსად ჩარიცხული თანხიდან 95000 ლარი დაექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას; 5000 ლარი საშემოსავლო გადასახადის გარეშე ჩაითვლება გაწეული მომსახურების ღირებულებად“.

 

მოპასუხისათვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან, მოსარჩელე ითხოვს 95000 ლარის დაბრუნებას, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ ე-–-----------მ ვერ შეასრულა ჯეროვნად 2016 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად სადავო თანხის _ 775905.85 ლარის 50%-ით შემცირება, რაც ამავე 3.3. პუნქტით შეთანხმებული პირობის თანახმად, შემსრულებლისათვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან _ 95000 ლარის დაბრუნების საფუძველია.

 

შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის არსებითია სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენა, შემცირდა თუ არა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სადავო თანხა _ 775905.85 ლარი 50%-ით;

 

სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების 1.2 პუნქტზე, რომლის საფუძველზეც ცალსახად დგინდება, მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგნზე: „სადავო თანხას წარმოადგენს _ 775905.85 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადის თანხა _ 372792 ლარი, ჯარიმა - 189356 ლარი და საურავი _ 213757.85; ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ უდავო გარემოებებს, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შ------–--------ის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N 4---- ბრძანების საფუძველზე, შპს ,--–----------- წარედგინა 21.12.2015 წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა 20053.57 ლარის ოდენობით, მათ შორის მოგების გადასახადი 19853.28 ლარი (ძირი თანხა 8017 ლარი, ჯარიმა - 4008 ლარი, საურავი 7828.28 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 183.83 ლარი (საურავი), მიწის გადასახადი - 0.33 (საურავი) და ქონების გადასახადი 16.13 ლარი (საურავი); ხოლო 2015 წლის 22 დეკემბრის N----- ბრძანების საფუძველზე წარედგინა 22.12.2015 წლის N------- საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც კომპანიას დამატებით გადასახდელად დაეკისრა 755852.28 ლარი, მათ შორის მოგების გადასახადი - 703851 ლარი (ძირი თანხა 341968 ლარი, ჯარიმა - 170984 ლარი, საურავი 190899 ლარი), საშემოსავლო გადასახადი 48284.97 ლარი (ძირი თანხა - 22699 ლარი, ჯარიმა 11551 ლარი, საურავი - 14034.97 ლარი), ქონების გადასახადი 2706.14 ლარი (ძირი თანხა 1277 ლარი, ჯარიმა - 639 ლარი, საურავი - 790.14 ლარი), მიწის გადასახადი (სასოფლო) - 4.87 ლარი (საურავი) და ჯარიმები - 1005 ლარი და ვინაიდან მათი ერთობლობაში შეფასების შედეგად დასტურდება, რომ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული სადავო თანხა წარმოადგენს სწორედ ზემოხსენებული, ორი _ N------- და N------- საგადასახადო მოთხოვნების შესაბამისად კომპანიაზე დამატებით დარიცხული თანხების ჯამს, არარგუმენტირებულად მიიჩნევს მოპასუხე მხარის პოზიციას, იმის თაობაზე რომ 20.01.16 წლის ხელშეკრულების მიზნებისათვის, ე-–-----------ს მიერ მიერ განხორციელებული მომსახურება კონკრეტული საგადასახადო მოთხოვნის (N-------; N-------) ფარგლებით შეზღუდული არ ყოფილა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა და მარტოოდენ მითითება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების უსაფუძვლობაზე, საკმარისი არ არის და არ შეესაბამება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, ვინაიდან, მტკიცებას ექვემდებარება როგორც სარჩელის, ასევე შესაგებლის საფუძვლები.

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული, იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასტურად, რომ გაწეული მომსახურების შედეგად სადავო თანხის შემცირება არ განხორციელებულა 50%-ით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა შ------------------ მიერ შესრულებული წერილობითი განმარტება, შ------–--------ში 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად კომპანიაზე დამატებით გადასახდელად დარიცხულ თანხებსა და ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებული დავების შედეგად შემცირებული თანხების შესახებ, დამკვეთის წერილობით შეკითხვებზე; განმარტებით დასტურდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N----- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 21.12.15წლის N------- საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის 22 დეკემბრის N----- ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული 22.1.15 წლის N------- საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მოსარჩელე კომპანიაზე დამატებით გადასახდელად დარიცხული ჯამში 775 905.85 ლარის შემცირება მოხდა: აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის N-------რძანების და მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 3 ივნისის N094-151 კორექტირებულის საგადასახადო მოთხოვნით, აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N----- ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 26 აგვისტოს N------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით და აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს N----- ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული 2016 წლის 26 აგვისტოს N------- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნით, რის შედეგადაც დამატებით გადასახდელად დარიცხული თანხა შემცირდა 326 194.70 ლარით (მათ შორის ძირი თანხა _ 142 700.5 ლარით, ჯარიმა 71 349 ლარით, საურავი 112 145.20 ლარით), რაც შეადგენს თავდაპირველად დარიცხული თანხის (775 905.85 ლარი) 42.04%-ს.

 

იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ როგორც შესაგებელში, ასევე საქმის განხილვისას დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ე-–-----------ს მიერ შეტანილი საჩივრების შედეგად, მოპასუხისათვის დარიცხული თანხები შემცირდა 470 158.54 ლარით, სასამართლოს შეფასებით აღნიშნული ასევე ვერ მიიჩნევა, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ დარიცხული სადავო თანხის 50%-ით შემცირების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, აღნიშნული თანხა წარმოადგენს, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის არა ორი _ N------- და N------- საგადასახადო მოთხოვნებით დარიცხული, არამედ ასევე 2015 წლის 19 ნოემბრის N4---- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული 19.11.2015წლის N------- საგადასახადო მოთხოვნათა ერთობლიობით კომპანიაზე დამატებით დარიცხული თანხების _ 979 843.54 ლარის, ჯამში შემცირებულ თანხას, რომლის პროცენტული შეფარდება თავდაპირველად დარიცხული თანხის 47.98%-ია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განმარტების საპირწონედ, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტირებული პოზიცია, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას განმარტებაში მითითებული დასკვნების საწინააღმდეგოდ, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და 2016 წლის 20 იანვრის მხარეებს შორის გაფორმებული N---------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სადავო თანხის 50%-ით შემცირების ფაქტის დადასტურება.

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 709-ე, 710-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც თავის თავში ძირითადად ორ კომპონენტს მოიცავს: ხელშეკრულების დადება და მისი შინაარსის განსაზღვრა. სკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. კანონის ამგვარი დათქმიდან გამომდინარე, ყოველი ნების გამომვლენი პირი, მიუხედავად გარიგების დადების მოტივისა, ამ გარიგებიდან გამომდინარე რისკებზე პასუხისმგებელი თავად ხდება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (სკ 710-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის 2016 წლის 20 იანვრის ე-–-----------სა და შ------–--------ს შორის, წერილობით გაფორმებული N---------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტი. ამ ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელე გვევლინება დამკვეთად, ხოლო მოპასუხე ე-–----------- შემსრულებლად; ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანია: სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოების წინაშე დამკვეთის კანონიერი ინტერესების წარდგენა, კერძოდ - დავის წარმოება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და სასამართლოში, დამკვეთის სასარგებლოდ საჩივრების მომზადება და მისი პოზიციების დაცვა შესაბამის უწყებებში, ხელშეკრულების ფარგლებში.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 125000 ლარით, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით _ დამკვეთს თავად უნდა განეხორციელებინა საშემოსავლო გადასახადის დაკავება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, ხოლო შემსრულებლისათვის თანხის ჩარიცხვა უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) დღის ვადაში (3.1 პუნქტი).

 

მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და ოდენობით, დამკვეთის მიერ ე-–-----------ს ანგარიშზე 100 000 ლარის ოდენობით თანხის ავანსის სახით გადარიცხვის ფაქტი; ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 17 მარტს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, შ------–--------ის დირექტორმა და 100%-იანი წილის მფლობელმა ჰ------------------------, მინდობილ პირს _ ე-–-----------ს, მიანიჭა უფლებამოსილება ყოფილიყო როგორც შ------–--------ის დირექტრისა და 100%-იანი წილის მფლობელის წარმომადგენელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველ საბჭოში, საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში რათა დაეცვა საზოგადოების ინტერესები, ეწარმოებინა კომპანიის საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყველა ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში და აღნიშნულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად წარედგინა და გამოეთხოვა ყველა სახის დოკუმენტი, მოწმობა, ამონაწერი, სარჩელი, განცხადება, ხელი მოეწერა შესაბამისი დოკუმენტებისათვის და გადაეხადა დადგენილი გადასახადები.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება კი პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან - 10000 ლარიდან, მოსარჩელე ითხოვს 95000 ლარის დაბრუნებას, იმ ფაქტობრივ გარემოებებზე აპელირებით, რომ ე-–-----------მ ვერ შეასრულა ჯეროვნად 2016 წლის 20 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, ვერ უზრუნველყო ხელშეკრულების 3.3. პუნქტის შესაბამისად სადავო თანხის _ 775905.85 ლარის 50%-ით შემცირება, რაც ამავე 3.3. პუნქტით შეთანხმებული პირობის თანახმად, შემსრულებლისათვის ავანსად ჩარიცხული თანხიდან _ 95000 ლარის დაბრუნების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია.

 

ამდენად, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის საავანსო ანგარიშსწორების წესით გადახდილი იმ თანხის დაბრუნებას, რომლის შესაბამისი მომსახურებაც მას არ მიუღია. იმგვარ ვითარებაში კი, როდესაც სადავო არ არის ავანსის თანხის მოპასუხისათვის გადარიცხვის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ მოპასუხეს ეკისრება მოთხოვნილი თანხის დაბრუნების ვალდებულების გამომრიცხველი პირობის _ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადასტურება;

 

გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სადავო გარემოება, რომ ე-–-----------მ ვერ უზრუნველყო 2016 წლის 20 იანვრის მხარეებს შორის გაფორმებული N---------1 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წარმოებული დავების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 21 დეკემბრის N----- ბრძანების და მის საფუძველზე გამოცემული N------- საგადასახადო მოთხოვნისა და 2015 წლის 22 დეკემბრის N----- ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული N------- საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე, მოსარჩელე კომპანიისათვის დამატებით დარიცხული თანხის, ჯამში _ 775905.85 ლარის 50%-ით შემცირება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ დაძლია ხელშეკრულებიდან გამომდინარე საავანსო ანგარიშსწორების გზით გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ე-–-----------ს, შპს ,,ლუკა M“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს _ 95 000 ლარის გადახდა;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე შ------–--------ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 2852 ლარის ოდენობით.

 

შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხე ე-–-----------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 2850 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2 ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ვინაიდან მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს 11.08.17 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ე-–-----------ს მოსარჩელე შპს ,,ლუკა M“-ის სასარგებლოდ დაეკისროს _ 95 000 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხე ე-–-----------ს მოსარჩელე შ------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 2850 ლარისანაზრაურება;

 

4. შ------–--------ს (--------------- სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გ---–-------------------- (---------------- მიერ 2017 წლის 08 აგვისტოს ს----------------–-“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან (2852 ლარი) - ზედმეტად გადახდილი 02 ლარი (საგადასახადო დავალება N---

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი