გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160310018002622166
№3/116-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - თამთა როყვა
მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - ზვიად მარგიანი
მოპასუხე - ნ----- ბ-----–-–---–ი პ/ნ 2---------- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - უკანონოდ მიღებული თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე - ნ----- ბ-----–-–---–ს (პ/ნ 2----------) დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის - 100 ლარის უკან დაბრუნება თვეში 20%-ის დაფარვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ .
მოსარჩელის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილებისათვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 20 სექტემბრის N04/59186 წერილით ცნობილი გახდა იმ ოჯახების შესახებ, რომელთა წევრებსაც შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უფიქსირდებათ გარკვეული შემოსავალი და არ აცნობეს სააგენტოს, ცენტრალიზებულად შეუწყდათ რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში.
მოპასუხე - ნ----- ბ-----–-–---–ს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის, 2017 წლის 18 დეკემბერს N04-14-05/3917 და 2018 წლის 27 თებერვალს N04-14-05/626 გაეგზავნა შეტყობინების წერელები ფინანსური დავალიანების 100 ლარის ოდენობით არსებობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების შესახებ, ვინაიდან ზედმეტად დაერიცხა საარსებო შემწეობა 100 (ასი) ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს დაეკისროს ზედმეტად დარიცხული 100 ლარის უკან დაბრუნების ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ნ----- ბ-----–-–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ნ----- ბ-----–-–---–ი 2017 წლის მარტიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- განცხადება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
- 2017 წლის 23 მარტის N1144 სოციალური დახმარების დანიშვნის ფორმა. გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
3.1.2. მოპასუხე ნ----- ბ-----–-–---–ის, სსიპ შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ უცნობებია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილებისათვის .
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახნა-განმარტება;
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 20 სექტემბერის N04/59186 წერილი;
3.1.3. 2017 წლის 18 დეკემბერს და 2018 წლის 27 თებერვალს სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების მიერ მოპასუხე ნ----- ბ-----–-–---–ს გაეგზავნა წერილი ზედმეტად მიღებული თანხის - 100 ლარის უკან დაბრუნების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2017 წლის 18 დეკემბერის წერილი N04-14-05/3917
– სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების 2018 წლის 27 თებერვალის წერილი N04-14-05/626
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.მოცემულ საქმეზე საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის მასალების შესწავლის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი; საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილება; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 ივნისის დადგენილება N155;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,ე“ პუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო ამ კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ფულადი სოციალური დახმარების ადმინისტრირებას;
6.2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციას, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს, ხოლო ამავე ბრძანების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით, საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
6.3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მონაცემთა ბაზის კორექტირება ხდება ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლის - ლეგალური შემოსავლის მიღების შემთხვევაში. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანების მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: ა) ერთი თვის ვადაში აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მომხდარი ცვლილებები; საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-10 მუხლის მეორე პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია: დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ ეკონომიკურის მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ----- ბ-----–-–---–ს დაერიცხა სხვა სახის ლეგალური შემოსავალი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, ერთი თვის ვადაში არ აცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონულ განყოფილებას
6.4. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების პირველი მუხლის თანახამად, ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ღატაკი ოჯახების სოციალური დახმარების ოდენობას, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესსა და ძირითად პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების კომპეტენტურ ორგანოსა და პროგრამის ფარგლებში სოციალური დახმარების გაცემის ძირითად პრინციპებს, ასევე რეინტეგრაციის შემწეობისა და შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა (შემდგომში – დევნილთა), ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების პროცედურებს. ამავე დადგენილების მეორე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში_ საარსებო შემწეობა), რომლის მიზანია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება ან/და მისი პრევენცია.
ასევე, ამავე დადგენილების მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საარსებო შემწეობის ოდენობა ერთსულიანი ოჯახისათვის არის 60 (სამოცი) ლარი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ორ და მეტსულიანი ოჯახების შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთსულიანი ოჯახისათვის დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობას მეორე და ოჯახის ყოველ მომდევნო თითოეულ წევრზე ემატება 48 ლარი.
6.5. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს: ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას; ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას; გ) სტატისტიკის წარმოებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააგენტო უფლებამოსილია, სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად); არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის დაქვითვის (უკან დაბრუნების) ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
6.6. საქართველოს მთავრობის სოციალური დახმარების შესახებ 2006 წლის 28 ივლისის N145-ე დადგენილების მე-11 მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, ზედმეტად დარიცხული საარსებო შემწეობის დაქვითვა (უკან დაბრუნება) შესაძლებელია სააგენტოს გადაწყვეტილებით ოჯახისათვის დანიშნული საარსებო შემწეობიდან.
განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების
2017 წლის 18 დეკემბერს N04-14-05/3917 და 2018 წლის 27 თებერვალს N04-14-05/626 წერილებით მოპასუხე ნ----- ბ-----–-–---–ს კანონით დადგენილი წესით ორჯერ გაეგზავნა ინფორმაცია ფინანსური დავალიანების 100 ლარის ოდენობით არსებობისა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდევინების შესახებ,თუმცა შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა მოპასუხე მხარესგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო განცხადება საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
7.პროცესის ხარჯები
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1 ნაწილით სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-12, მე-13, 34-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლნისის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე ნ----- ბ-----–-–---–ს (პ/ნ 2----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა თვეში 20%-ის დაფარვით; ;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანს ქ. №113) მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე