გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2019
საქმის ნომერი
140310018002738160
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002738160

საქმე № 3/320-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით პაპუაშვილი

 

სხდომის მდივანი ნინო შავდათუაშვილი

 

მოსარჩელე: ც-–---- ს--–----–---–ი

წარმომადგენელი: ხ------- ყ---------–-

 

მოპასუხე: კასპის მუნიციპალიტეტი

წარმომადგენლები: ზ------ კ------ და მ------- დ------–---–-

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

დემონტაჟის დავალდებულების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ოქტომბრის № 12 დადგენილების ბათილად ცნობა.

 

სარჩელის თანახმად, ც-–---- ს--–----–---–მა (პირ. № 0----------) მშენებლობის პროექტზე თანხობის მიღებისათვის განცხადებით მიმართა კასპის მუნიციპალიტეტს სოფელ გ--------–-ში მდებარე, მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავის რეკონსტრუქციისა და მანსარდად გადაკეთებაზე; ამგვარი თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყო სამუშაოები, თუმცა უნებართვო მშენებლობის საბაბით მერიამ მიიღო დადგენილება მისი 200 ლარით დაჯარიმების შესახებ და მოსთხოვა უკვე ნაწარმოების შენობის დემონტაჟი;

 

მოსარჩელის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია საკანონმდებლო მოთხოვნები, არ გამოიკვლია საქმის გარემოებები; მშენებლობა ნაწარმოებია შეთანხმებული პროექტის შესაბამისად და უნებართვო მშენებლობას ადგილი არ ჰქონია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე კასპის მუნიციპალიტეტმა სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელემ არ წარუდგინა მერიას მასზე გაცემული მშენებლობის ნებართვა; ამავე დროს, მერიისათვის ცნობილი გახდა, რომ ც-–---- ს--–----–---–მა პროექტის დარღვევის აწარმოა მშენებლობა, რაც არღვევს მისი მეზობლის - პ----- ს--–----–---–ის უფლებებსა და ინტერესებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3. 1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეთა შორის უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში მდებარე უძრავი ქონება 2018 წლის 10 ოქტომბრიდან საკუთრების უფლებით ირიცხება ც-–---- ს--–----–---–ის სახელზე № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით;

 

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს. ფ. 17-18).

 

3.2.2. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით შეთანხმებული იქნა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში მდებარე ც-–---- ს--–----–---–ის სახელზე № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რიცხული საცხოვრებელი სახლის სახურავის რეკონსტრუქციის (მანსარდად მოწყობის) პროექტი და დადგინდა მშენებლობის ნებართვის გაცემა შეთანხმებული პროექტის შესაბამისად;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება № 2338-ს ბრძანება (ს. ფ. 14), სახურავის მანსარდად მოწყობის პროექტი (ს. ფ. 16-34).

 

3.2.3. ამ ბრძანების საფუძველზე კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ც-–---- ს--–----–---–ზე 2018 წლის 19 ოქტომბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ნოემბერი;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 19 ოქტომბრის № 52-ნებ ნებართვა.

 

3.2.4. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 18 ოქტომბერს ც-–---- ს--–----–---–ს მიეცა მითითება, რომ მის მიერ დარღვეულია ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესის და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; მას ევალება, 5 დღის ვადაში წარადგინოს მშენებლობის საწარმოებლად ამ დადგენილებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ გატარდება სანქციები საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 18 ოქტომბრის № 76 მითითება.

 

3.2.5. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 24 ოქტომბერს შედგა უნებართვო საქმიანობის დათვალიერების შესახებ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც, ხელმეორედ იქნა დათვალიერებული კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში მდებარე ც-–---- ს--–----–---–ის მშენებარე ობიექტის შემოწმება, რომლითაც დადგინდა, რომ მშენებლობა იწარმოება უნებართვოდ;

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 ოქტომბის შემოწმების აქტი.

 

3.2.6. კასპის მუნიციპალიტეტს 2018 წლის 25 ოქტომბერს განცხადებით მიმართა პ----- ს--–----–---–მა, სადაც აღნიშნა, რომ ცხოვრობს სოფელ გ--------–-ში; მისი სახლის წინ მდებარე მეზობლის სახლი იყო ერთსართულიანი; 2018 წლის სექტემბრის თვეში დაიწყეს სახლის შეკეთება და სახურავის შეკეთების ნაცვლად, ამოიყვანეს მეორე სართულის კედლები და დაადგენს მანსარდა; შენობა გადმოდგმულია არხზე, რასაც მელიორაციის სამსახური ყურადღებას არ აქცევს. მათ ჯერ მშენებლობა აწარმოეს, ხოლო შემდეგ აიღეს მშენებლობის ნებართვა; მისი სახლიდან ნახევარ მეტრში გააკეთეს ორი დიდი ფანჯარა, საიდანაც მხედველობის არეში ექცევა მისი სახლი; ამ მშენებლობით საფრთხე ემუქრება როგორც მის სახლს, ასევე ფეხით მოსიარულეებს;

 

მტკიცებულება: განცხადება.

 

3.2.7. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში უნებართვოდ ნაწარმოები მშენებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდა ც-–---- ს--–----–---–ი და დაევალა უნებართვო ნაგებობის დემონტაჟი.

 

მტკიცებულება: კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ოქტომბრის № 12 დადგენილება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც დადგენილია, რომ ც-–---- ს--–----–---–ის სახელზე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და, შესაბამისად, იურიდიული თვალსაზრისით, შეუძლებელია ეს უნებართვო მშენებლობად იქნეს მიჩნეული.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კანონის - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი”, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

საქართველოს კანონის - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-15 მუხლის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობას განეკუთვნება როგორც ობიექტის მშენებლობის, მონტაჟისა და რეკონსტრუქციის, ასევე დემონტაჟის პროცესი, ხოლო ამავე მუხლის ,,ჟ” ქვეპუნქტის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განსაზღვრული ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია.

 

დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით შეთანხმებული იქნა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გ--------–-ში მდებარე ც-–---- ს--–----–---–ის სახელზე № 6--1--4--0-- საკადასტრო კოდით რიცხული საცხოვრებელი სახლის სახურავის რეკონსტრუქციის (მანსარდად მოწყობის) პროექტი, ხოლო ამ ბრძანების საფუძველზე 2018 წლის 19 ოქტომბერს გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2019 წლის 1 ნოემბერი.

 

აქედან გამომდინარე, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოპასუხის 2018 წლის 18 ოქტომბრის მითითებასა და 24 ოქტომბრის შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოება, რომ ც-–---- ს--–----–---–ი აწარმოებს უნებართვო მშენებლობას.

 

საქართველოს კანონის - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 43-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში - გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოვლად დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია მოპასუხის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ც-–---- ს--–----–---–ის უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმების შესახებ, რამდენადაც მანამდე თვით მერიის მიერ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა.

 

ის ფაქტი, რომ ც-–---- ს--–----–---–მა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე დაიწყო მშენებლობა, საქმეზე წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით დადასტურებული არ არის.

 

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის № 57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე ქვეპუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობად ითვლება მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.

 

როგორც აღინიშნა, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2018 წლის 19 ოქტომბერს ც-–---- ს--–----–---–ზე გაიცა მშენებლობის ნებართვა სახურავის მანსარდად მოწყობისათვის, იმავე მერიის მიერ კი 2018 წლის 26 ოქტომბერს მიღებული იქნა დადგენილება ც-–---- ს--–----–---–ის უნებართვო მშენებლობისათვის დაჯარიმებისა და შენობის დემონტაჟის დავალდებულების შესახებ.

 

მშენებლობის ნებართვის არსებობა თავისთავად გამორიცხავს უნებართვო მშენებლობის წარმოებას.

 

მშენებლობის ნებართვის არსებობისას მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, ესა თუ ის სამშენებლო საქმიანობა შეფასდეს, როგორც უნებართვო მშენებლობა, თუ შენობა არსებითად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისა და სანებართვო პირობებისაგან.

 

თუკი შენობა არსებითად არ განსხვავდება შეთანხმებული პროექტისა და სანებართვო პირობებისაგან, მაშინ შესაძლებელია, დადგეს საკითხი სამშენებლო დოკუმენტაციით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ (,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 45-ე მუხლი).

 

მოცემულ შემთხვევაში, რაიმე სახის უტყუარი მტკიცებულება, რომ ც-–---- ს--–----–---–ის მიერ ნაწარმოები მშენებლობა არსებითად განსხვავდება შეთანხმებული პროექტისა და სანებართვო პირობებისაგან, წარმოდგენილი არ არის.

 

მხოლოდ 2018 წლის 24 ოქტომბრის შემოწმების აქტი ამ ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, რადგან მასში არ არის რაიმე სახის მითითება, რაში გამოიხატება მშენებლობის არსებითი შეუსაბამობა სანებართვო პირობებთან, არ არის გაცემული შესაბამისი დასკვნა, გეგმა-ნახაზი და ა. შ.

 

პ----- ს--–----–---–ის განცხადებაში მოყვანილი გარემოებები კი სცილდება ამ საქმის დავის საგანს და ცალკე მსჯელობის საკითხია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა მას; ფაქტი, რომ ც-–---- ს--–----–---–ი აწარმოებდა უნებართვო მშენებლობას, არ დასტურდება, რის გამოც სადავოდ გამხდარი აქტი უკანონო და დაუსაბუთებელია, და შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმეს თან ერთვის მოსარჩელის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის ქვითარი, თუმცა იგი არ შუამდგომლობა ხარჯის ანაზღაურების შესახებ; შესაბამისად, მოპასუხეზე ხარჯის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება ვერ მოხდება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 25-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 26 ოქტომბრის № 12 დადგენილება ც-–---- ს--–----–---–ის 200 (ორასი) ლარით დაჯარიმებისა და უნებართვო ნაგებობის დემონტაჟის დავალდებულების შესახებ ბათილად იქნეს ცნობილი;

 

2. ც-–---- ს--–----–---–ის მიერ 2018 წლის 20 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასთი) ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: დავით პაპუაშვილი