გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.01.2019
საქმის ნომერი
210310118002445084
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210310118002445084

საქმე №3/42-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23 იანვარი, 2019 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი ნათია გოჩიტაშვილი

მოსარჩელე – ლა----------–---–ი

მოპასუხეები – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

წარმომადგენელი – ლა------------–---–ი

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 დაევალოს მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, მოსარჩელის ლა----------–---–ის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე 10 წლის მოქმედების ვადით.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

მოსარჩელემ სასამართლოზე თავის მოთხოვნა იმით ახსნა, რომ მას სურვილი არა აქვს მიიღოს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე პირადობის მოწმობა, რადგან ეს ეწინააღმდეგება მის რელიგიურ შეხედულებებს. გარდა ამისა მიუთითა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა არასწორად განმარტა ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები, მისი ქმედებები ეწინაარმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მოპასუხემ უსაფუძვლოდ უთხრა მას უარი ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და ამავე სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ ლა----------–---–მა 2018 წლის 19 მარტს N61745 განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და მოითხოვა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 30 მარტის N48/106097 წერილი (ს.ფ. 28–29).

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის N44/350/გ გადაწყვეტილებით ლა----------–---–ს 2018 წლის 23 მაისის N2500118002583 განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვდა ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი და მე-10 პუნქტების თანახმად განემარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდა ლა----------–---–ის განცხადება და უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ლაგოდეხის რაიონული განყოფილების 2018 წლის 05 ივნისის N44/350/გ გადაწყვეტილება (ს.ფ. 70–71).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალური მოქმედების (რეალაქტის) განხორციელებით, ან ასეთი მოქმედების განუხორციელებლობით დაინტერესებული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის სამართლებრივ საშუალებას, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, მოქმედების განხორციელების (რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი), ან მოქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების მოთხოვნით. ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციული აქტის გამოცემას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ლა----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნის მიზანია მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისათვის, მოსარჩელის სახელზე ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის დავალება 10 წლის ვადით, რაზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ლაგოდეხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 05 ივნისის N44/350/გ გადაწყვეტილებით.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს.

 

ამავე კანონის მე-7 მუხლი ადგენს ნორმატიულ აქტთა ურთიერთმიმართებას, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში მითითებული უნდა იყოს, რომელი საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად იქნა მიღებული (გამოცემული) იგი.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის მიხედვით, საქართველოს მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს მინისტრის ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობა 2011 წლის ივლისიდან შემოვიდა და მათი სავალდებულო მოქმედების ძალა კანონითა და კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ მიღებულია საკანონმდებლო აქტის - ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ამოქმედების შემდეგ და მის შესასრულებლად, რაც დადასტურებულია აქტის პრეამბულაში. მოცემულ შემთხვევაში, კანონქვემდებარე აქტი ავსებს იმ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია იერარქიულად ზემდგომი, დროში წინმსწრები საკანონმდებლო აქტით. კანონქვემდებარე აქტის შესაბამისი ნორმა (მოსარჩელის მითითებით წესის 25-ე მუხლი) წინააღმდეგობაში არ მოდის საკანონმდებლო აქტის ნორმებთან და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანების გამოცემა გამოწვეული იყო შესაბამისი ურთიერთობის მოწესრიგების მიზნებიდან გამომდინარე. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას მოპასუხის მიერ კანონის არასწორი განმარტებას შესახებ და მიიჩნევს, რომ კანონი და მის შესასრულებლად გამოცემული ბრძანება არ მოდის ურთიერთწინააღმდეგობაში, არამედ ავსებს და აკონკრეტებს ცალკეულ დებულებებს და სადავო ურთიერთობაც განხილული იქნება მითითებულ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით.

 

6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, ემიგრაციისა და იმიგრაციის, ქვეყანაში შემოსვლისა და გასვლის, საქართველოში სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დროებით ან მუდმივად ყოფნის შესახებ.

 

,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ამავე ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის სამართლებრივი კავშირი.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს, რომ მოქალაქისა და სახელმწიფოს სამართლებრივი კავშირი, განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, ეს კავშირი ამ ფაქტორების კომპლექსური ნაზავია და არის ორი სუბიექტის - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი სუვერენის, ძალაუფლების მპყრობელისა და მოქალაქის, როგორც ,,სახალხო სუვერენიტეტის“ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროს ურთიერთობა. აღნიშნული ურთიერთობა შედგება პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური და ზნეობრივ უფლებებით და რაც მთავარია, ამ სუბიექტებს შორის, უფლებების გარდა, არსებობს ურთიერთვალდებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, ამ ორი სუბიექტის – მოქალაქის (მოსარჩელე) და სახელმწიფოს (მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო) შორის წარმოქმნილი პრობლემის არსის გაანალიზება-გარკვევა და შესაბამისად, წინამდებარე დავის საგნის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების დებულებების განმარტება მოხდეს თითოეული მხარის როგორც უფლებების, ისე ვალდებულებების ჭრილში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანისა და მოქალაქის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების შესაბამისად ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, გარანტირებული აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება. ამ უფლებათა შეზღუდვა შეიძლება მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი სახელმწიფო – უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის, დანაშაულის თავიდან აცილების ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.

 

ამავე კანონის მე-3 თავით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურების წესი. მითითებული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, რომელიც ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს (12.1 მუხლი).

 

ამავე საკანონმდებლო აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ორგვერდიანია, იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში – აგრეთვე აფხაზურ ენაზე. ამავე ნორმის მე-10 პუნქტით კი დადგენილია, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მაისს ლა----------–---–მა განცხადებით (რეგისტრაციის N2500118002583-03) მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სიღნაღის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე.

 

საქმეზე დადგენილია და აღნიშნულს მხარეებიც არ ხდიან სადავოდ, რომ განსახილველ შემთხვევაში ლა----------–---–ის მხრიდან ადგილი არ აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 25–ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

სააგენტოს 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით ლა----------–---–ს განემარტა, რომ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა, ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი“ და ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემას გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ კანონი მას აძლევს საშუალებას მიიღოს ელექტრონული პირადობის მოწმობა მაშინ, როდესაც კანონქვემდებარე აქტი ამის ვალდებულებას შეიცავს, რის გამოც მიიჩნევს, რომ კანონის მოქმედების პირობებში, მასზე არ უნდა გავრცელდეს პირადობის ელექტრონული მოწმობის აღების ვალდებულება, რამეთუ მოსარჩელე მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებას უკავშირებს ნების გამოვლენას, ხოლო ,,ნებას“ უკავშირებს არა ქმედების განხორციელების სურვილს გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში პირადობის მოწმობის ასაღებად, არამედ ნების გამოვლენას სახელმწიფოს მიერ ალტერნატიული შემოთავაზებიდან პირადობის მოწმობისა და ელექტრონულ პირადობის მოწმობას შორის არჩევანის გაკეთების თვალსაზრისით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ პირველი მუხლის თანახმად, ეს წესი არეგულირებს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის (შემდგომში – რეგისტრაცია) და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (შემდგომში – პასპორტი), საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტის (შემდგომში – სამგზავრო პასპორტი) და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის (შემდგომში – სამგზავრო დოკუმენტი) გაცემის საკითხებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული წესის მესამე თავით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის წესი, რომლის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტია პირადობის მოწმობა.

 

ამავე წესის 25-ე მუხლით განსაზღვრულია პირადობის (ბინადრობის) მოწმობის სახეები, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლებამოსილმა ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შეიძლება გასცენ მხოლოდ ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის შემცველობით (პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა). პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე შეიძლება გასცენ შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით; ბ) სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის; გ) თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); დ) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ასევე მშობელი/მშვილებელი); ე) თუ პირი, რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

 

ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მიერ კანონის ასეთი სახით განმარტებას და მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის N98 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის“ 35-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევებში.

 

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, რომლებიც უფლებამოსილი იქნებიან გასცენ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. აღნიშნული ტერიტორიული სამსახურების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა შესაძლებელი იქნება, თუ ობიექტურ მიზეზთა გამო შეუძლებელია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ობიექტური, კანონით დადგენილი კონკრეტული მიზეზების ჩამონათვალს, რომელიც იძლევა შესაძლებლობას დროებითი მოქმედების (6 თვის ვადით) ძალის მქონე არაელექტრონული პირადობის მოწმობა იქნეს აღებული, მოცემულია წესის 25-ე მუხლში. მითითებული მუხლი ადგენს იმ საგამონაკლისო შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეს ფიზიკური, ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების, ბუნებრივი მოვლენებისა თუ სხვა, ამავე მუხლში მითითებული გარემოების გამო, არ შესწევს უნარი მიიღოს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა. ობიექტური გარემოება არ მოიცავს პირის სუბიექტურ განწყობას და სურვილს, არამედ, იგი დამყარებულია კონკრეტულ გარემოებებზე. ამასთან, ამავე წესის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტი განმარტავს, რომ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირადობის მოწმობა სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფროსის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცემა არა უმეტეს 6 თვემდე ვადით. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევების გათვალისწინების აუცილებლობა გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებიდან, რომ მისი მოქალაქე არ დარჩეს სამართლებრივი ურთიერთობის მიღმა მისგან დამოუკიდებელი ან მისი ნების საწინააღმდეგოდ შექმნილი ვითარების გამო. იმ დროს, როდესაც, მოსარჩელე ავთანდილ ვაზაგაშვილი ითხოვდა არაელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემას, სახეზე არ იყო ზემოაღნიშნული წესის 25-ე მუხლით დადგენილი ობიექტური გარემოება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას განმცხადებელზე გაეცა პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე. სხვა შემთხვევებს, რომლებიც იძლევიან იმის დაშვების უფლებას, რომ გაცემული იქნეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა, მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. ამდენად, ქვეყანაში მოქმედი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს მხოლოდ ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის გაცემის სავალდებულოობას იმ გამონაკლისების გთვალისწინებით, რაც თავად ამავე ნორმებში არის მითითებული.

 

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ საკანონმდებლო რეგულაციით, სავალდებულო სახით დაადგინა ელექტრონული პირადობის მოწმობის არსებობა, თუმცა გონივრული მიდგომის შედეგად განსაზღვრა, მოქალაქეების მიერ მათი აღებისა და გამოყენების დრო. იმ პირების მიმართ, რომლებსაც 2011 წლისათვის ჯერ კიდევ ჰქონდათ ძალაში მყოფი პირადობის მოწმობა, დაწესდა მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ელექტრონული პირადობის მოწმობის აღების სავალდებულოობა. შესაბამისად, მოსარჩელეს, რომლის პირადობის მოწმობას მოქმედების ვადა გაუვიდა, შესასრულებლად სავალდებულოდ განისაზღვრა ინფორმაციის მატარებლის შემცველობის პირადობის მოწმობის აღება. კანონმა არ გაითვალისწინა პირის სუბიექტური სურვილის პირობებში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რამეთუ სახელმწიფო გარკვეული სახის რეგულაციების მიღებისას, ითვალისწინებს კაცობრიობის განვითარების ეტაპზე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენების უპირატესობასა და აუცილებლობას, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობის სასარგებლოდ. სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისათვის შემოთავაზებული პირადობის ელექტრონული მოწმობა წარმოადგენს მაღალტექნოლოგიურ დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფოსა და მოქალაქის საერთო სამართლებრივი მიზნების გაერთიანების შედეგად არის მიღებული, რათა დაცული იქნეს მოქალაქეთა ინტერესები მათი პირადი დოკუმენტაციის გაყალბებისა და ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების თვალსაზრისით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონის განმარტებისას, მართლმსაჯულება ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და სურვილს, თუნდაც მისი არგუმენტაცია დასაბუთებულობის მაღალი ხარისხის მქონეს წარმოადგენდეს. მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს კანონმდებლობიდან და უნდა იყოს ლეგიტიმური. მოთხოვნა კანონიერია, თუ მსგავსი მდგომარეობა ასახულია კანონში, ხოლო მოთხოვნა ლეგიტიმურია, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს არღვევს კანონში ასახულ და განმტკიცებულ დებულებებს, რომლის გამოც ილახება მოქალაქის უფლება და ინტერესი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ გამომდინარეობს კანონის განმარტებიდან, რაც ნიშნავს, რომ ვერ იქნება გაზიარებული არგუმენტაცია მისი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვისა და დარღვევის თაობაზე. მოსარჩელის ინტერესი მხოლოდ მაშინ არის დაცვის ღირსი, როდესაც ეს ინტერესი პატივსადებია და შესაბამისად, კანონით არის დაცული. ხოლო ინტერესი, რომელიც სცილდება კანონით დადგენილ წესებს, ვერ იქნება სასამართლოს მსჯელობის საგანი. დავის გადაწყვეტის მიზნით გამოსაყენებელი ნორმატიული აქტების დებულებების გათვალისწინებით, არ იკვეთება დასაბუთებული წინაპირობა იმისა, რომ სასამართლომ უნდა დაავალდებულოს ადმინისტრაციული ორგანო მოსარჩელეზე გასცეს არაელექტრონული პირადობის მოწმობა. აღნიშნული ქმედების განხორციელების დავალდებულება წინააღმდეგობაში მოდის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისთვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებასთან, მატერიალურ სამართალთან და კანონის მიზნებთან.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის Nბს-389-389(კ-18) განჩინებაზე, სადაც, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,უფლებისა თუ ხელშესახები კანონიერი ინტერესის მოსალოდნელი შელახვა უნდა იყოს არა ჰიპოთეტური, არამედ, რეალური. თავის მხრივ, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მხარის არააბსტრაქტული, კონკრეტული მითითებების გარეშე დაადგინოს სუბიექტურ შეხედულებებთან დაკავშირებული უფლების დარღვევა“.

 

7.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების დავალების, კერძოდ, მოსარჩელის სახელზე გასცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე 10 წლის ვადით, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე მიღებული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის დროებითი განჩინება ძალას კარგავს მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.2 1. ლა----------–---–ის სარჩელი, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის გაცემის დავალების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. სიღნაღი, ც. დადიანის ქ. #15) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე